ძებნის რეზულტატი:
სომხეთი და აზერბაიჯანი საარტილერიო და სარაკეტო იერიშების განახლების შესახებ იუწყებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში საარტილერიო და სარაკეტო იერიშების განახლების შესახებ იუწყებიან. სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდგემ სამშაბათს დილიდან ჩრდილოეთ მიმართულებით საარტილერიო იერიში დაიწყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ "ბრძოლები რამდენიმე ადგილზე, მათ შორის სადავო ტერიტორიის გარშემო არსებულ კონფლიქტის ზონაში განახლდა". ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.
28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღები დაიხურება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს. თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
გალში სკოლები დაიხურა - რა პრობლემის წინაშე დგანან მოსწავლეები
გალში, სკოლები 24 ნოემბრამდე დაიხურა. როგორც "ევროპათაიმს" ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. "სკოლები 15 ოქტომბრიდან დაიკეტა. ჯერჯერობით არანაირი დისტანციურ სწავლებაზე არ არის საუბარი, თუმცა რომც იყოს, აქ ამის რესურსი არ არის. არც შესაბამისი ტექნიკითაა მოსწავლეები აღჭურვილი და ვერც ადგილობრივი ინტერნეტი ვერ გაქაჩავს მსგავს ჩართვებს. 24-მდეა დაკეტილი, თუმცა თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდა, ალბათ კიდევ გადაიდება. მოსწავლეებს ეს სემესტრი ფაქტობრივად ეკარგებათ", - განუცხადა "ევროპათაიმს" სკოლის მასწავლებელმა. დე ფაქტო მთავრობა, სწავლების დისტანციურ მეთოდზე, ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა მშობლები, „ევროპათაიმთან“ მის სირთულეებზე საუბრობენ. „კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო სკოლები დაიკეტა. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან და ახლა იძულებითი არდადეგები აქვთ. დისტანციური სწავლება, როგორც ეს დანარჩენ საქართველოშია, აქ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. პირველი - აქ მხოლოდ რამდენიმე ბავშვს აქვს კომპიუტერი, მეორე - ძალიან ცუდად ხდება ელექტრომომარაგება, განსაკუთრებით ზამთარში, რაც ონლაინსწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მესამე - ძალიან ცუდი ინტერნეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ფაქტობრივად ვერ მოისმენენ გაკვეთილს უწყვეტად, გაუჭირდებათ შინაარსის გამოტანა, და მეოთხე, რაც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშნელოვანი პრობლემაა, ბავშვების ტექნიკასთან მიჯაჭულობა. დღეს, როცა მსოფლიო ამ გამოწვევის წინაშე დგას და ბავშვები ისედაც ტექნიკადამოკიდებულები არიან, ონლაინსწავლება, ამას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების თანატოლებთან ურთიერთბის საკითხი, მათ ჭირდებათ კლასელებთან და მეგობრებთან ელემენტარული ურთიერთობა. იმედი გვაქვს, მსოფლიო მალე გაუმკლავდება ამ პრობლემას და ჩვენც მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. ჩვენ აქ ისედაც რთულ პირობებში გვიწევს სწავლა სკოლაშიც კი“, - განუცხადა „ევროპათაიმს“ ერთ-ერთმა მშობელმა. სწავლის შეწყვეტა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგდებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ. „ერვოპათაიმს“ ერთ-ერთი მათგანი უყვება, რომ ახლა მხოლოდ მასწავლებლების გულისხმიერების იმედზე არიან, რადგან ისინი დაპირდნენ დახმარებას. „წინა წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, შიში გვაქვს რომ სწავლა შესაძლოა, ამ წელს ვერც განახლდეს. დისტანციურად სწავლა ვერ მოხერხდება ალბათ მასიურად, თუმცა მასწავლებლები გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ დამამთავრებელი კლასი ვართ და წინ დიდი გამოცდა გველოდება, შესაბამისად, წლის ჩავარდნა ჩვენთვის განსაკუთრების დიდი პრობლემაა“, - აცხადებს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე. ცნობისთვის, გალის რაიონის, ომამდელ საზღვრებში, ამ ეტაპზე 30 სკოლაა. სწავლა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს განახლდა. საწყის ეტაპზე, ვირუსის დაფიქსირების გამო, სოფელ საბერიოს სკოლა დაიკეტა. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის COVID-19 დიაგნოზი დადასტურდა 133 პირს, ამის შესახებ მედია კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით წერს. ამავე მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა სამი ადამიანი. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 150 ადამიანი სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 119-ს აქვს COVID-19 დიაგნოზი. 31 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 39 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 3036 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელდა 1267 ადამიანი. 31 პაციენტი დაიღუპა.
დონალდ ტრამპი - ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის
თუ გსურთ გახსნილი სკოლები, ეკონომიკა და უსაფრთხო, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, ხმა მე მომეცით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის მტკიცებით, მეორე ვადით არჩევა კორონავირუსის პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგებისგან ქვეყნის აღდგენისა და გაჯანსაღების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. „ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ფლორიდის უნივერსიტეტის აშშ-ის არჩევნების პროექტის თანახმად, 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი.
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 369 - აჭარაში, 295 - იმერეთში დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დადასტურდა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 372 მძიმე პაციენტია. „თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა. "სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღეიდან, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტით თვითიზოლაციაში გადავლენ
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ და გაკეთებული ექნებათ PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტებით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც ტესტი ექნებათ, ეს მოქალაქეები წავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა". – ამბობს მეზვრიშვილი. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 21 703 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის 7 ბათუმში. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს 172 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.
პაკისატანის ვიზისთვის ჭყლეტაში 10–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში პაკისატანის ვიზის მისაღებ რიგში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, ინციდენტი ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა.მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვიზების მიღება მოქალაქეებს არა საკონსულოში, არამედ სტადიონზე შეეძლოთ. ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა რამდენიმე დღის წინა განაახლა. ეს პროცესი პანდემიის გამო შვიდი თვე შეჩერებული იყო. BBC-ს ცნობით, ჭყლეტაში დაშავდნენ ქალები და ბავშვებიც. ბევრი ავღანელი პაკისტანში ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიემგზავრება. მათი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ ნაწილი კი, სამუშაოდ მიდის.
22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა. როგორც ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დარღვევის განმეორებას, რის გამოც სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. „შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-აღნიშნა ფერაძემ. მისივე ინფორმაციით, აქტიურად ხდება მონიტორინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე. კერძოდ, შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი და მათ მიმართ გაიცა გაფრთხილება.
"ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს"
ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მხარეებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე გასვლის შესახებ ხელშეკრულების მიმართ პატივისცემაა საჭირო,“- განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა. მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია, სავაჭრო შეთანხმებასა და მათი სამომავლო ურთიერთობის სხვა ასპექტებზე შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ მხარების პოზიციები დაშორებულია. ”ჩვენი მიზანია კვლავ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ახალ ნაყოფიერ ურთიერთობებს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ასეთი შეთანხმებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად ”, - აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსითზე მთავრობის ახალ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ ბრექსითზე მთავრობის ახალ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 395 ხმით 169-ის წინააღმდეგ მათ ჩააგდეს შიდა ბაზრის კანონი, რომელიც, ოპონენტების აზრით, ძირს გამოუთხრის გაერთიანებული სამეფოს რეპუტაციას. მანამდე, ამ კანონს თემთა პალატამ 340 ხმით 263 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამ კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ვაჭრობის უწყვეტად გაგრძელება და ამისათვის არეგულირებს საერთო პოლიტიკას. მთავრობა კანონპროექტს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლეგალური უსაფრთხოების ბადეს" უწოდებს. შემდეგ ეტაპზე ლორდთა პალატის წევრებმა კანონპროექტში ცვლილებები უნდა შეიტანონ და განსახილველად კვლავ თემთა პალატას დაუბრუნონ. კანონპროექტს აკრიტიკებენ ევროკავშირში, სადაც ბრექსითზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ორივე მხარე ერთმანეთს დათმობისაკენ მოუწოდებს. საქმე იმაშია, რომ ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან. ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს. კრიტიკოსების პასუხად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მთლიანობის დაცვა და განხეთქილების თავიდან აცილებაა. კანონის მიღებამ, შესაძლოა, ბრექსითის მოლაპარაკებები კიდევ უფრო შეაფერხოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ საერთაშორისო კანონების დარღვევა მიუღებელია და სამომავლო ურთიერთობაში ნდობის დაკარგვას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბორის ჯონსონი იმუქრება, რომ თუ სავაჭრო შეთანხმებას 15 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევენ, დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებიდან გავა და ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ამის შემდეგ ამოქმედდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნებთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პირობებით ითანამშრომლებს.
"საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა"
საქართველო და უკრაინა ნატო-ს უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ისინი ბევრი მიზეზით არიან მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, მათ შორის მათ მიერ ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილის გამო. ასევე, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან კონსულტაციების გამართვა და მათი მოსმენა „NATO-2030 პროცესის“ მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივანმა პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გამართა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
“მზად ვარ მძევლები ჩავანაცვლო” - ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული პირები, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს დაესხნენ თავს. ხალხის ნაწილმა ბანკიდან გამოსვლა მოახერხა, ნაწილი კი ამ დრომდე, შეიარაღებულ პირებთან ერთან, ბანკში რჩება. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. შს სამინისტრო მედიას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და არ გადასცენ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში. "ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში. ფაქტს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა, კრიმინალის ზრდას არ ნიშნავს. “მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს, საერთოდ კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას – რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ ”, – განაცხადა მან. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მზადყოფნას გამოთქვამს, მძევლები ჩაანაცვლოს. “თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]”, - აღნიშნა მან.
საქართველოს ბანკი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათი ფილიალის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს". – წერია განცხადებაში. ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა. როგორც მთავართან საუბარში ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით. "შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან. ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო
შსს ტელევიზიებისგან ლაივ სიგნალების გათიშვას ითხოვს
შსს მედიასაშუალებებს მოუწოდებს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში იმოქმედებს, – ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცადა. “ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ. ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა. როგორც მთავართან საუბარში ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით. "შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან. ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო
თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა
ზუგდიდში, თავდამსხმელმა, რომელიც დღეს საქართველოს ბანკში შეიჭრა, ტერიტორია ფულის სანაცვლოდ დატოვა, თუმცა თან სამი მძევალი გაიყოლა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ავრცელებს, რომელიც დღეს, ბოლოტმოქმედის მოთხოვნებს, პირდპირ ეთერში აჟღერებდა. “სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა. პოლიციაში გადავყავართ დაკითხვაზე”, – წერს სოციალურ ქსელში კვარაცხელია. შს სამინისტროს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. თავმდამსხმელი ბანკში დღეს, დაახლოებით, 14:00სთ-ზე შეიჭრა და 19-მდე ადამიანი დაიტოვა მძევლად, რომლებიც მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად გაათავისუფლა.
ზუგდიდის სპეცოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პარტიებსა და მედიას მოუწოდებს “დამატებითი დაძაბულობა” ხელოვნურად არ უნდა შექმნან. როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს. “მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”, – წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს, დაახლოებით 14:30 წუთზე დაიწყო. თავმდამსხმელმა 19-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად, რომლებიც ეტაპობრივად გაათავისუფლა. საღამოს კი თანხის სანაცვლო, სამ მძევალთან ერთად დატოვა ტერიტორია. ჯერ უცნობია თუ სად და რა დამატებითი პირობა წამოაყენა მან
Reuters – “ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო”
“ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების გადაწყვეტილება მიიღო”, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რომელთაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ შენგენის ზონაში შესვლა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა. “გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს მოვა სისრულეში, სანამ რომელიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას არ გაასაჩივრებს”, – იუწყება Reuters. სია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რეკომენდაციის მიუხედავად, უცხოელ ტურისტებზე შეზღუდვებს არ აწესებს. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.