ძებნის რეზულტატი:

დღეიდან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ იმნაძემ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს. „დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება. ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის. თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ეს არის სულ სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ“, - განაცხადა იმნაძემ. ის მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების. სხვათა შორის, ამავე კვლევაში ისიც ჩანს, ვისაც პირბადე სწორად უკეთია, ის დისტანციასაც კარგად იცვას“, - განაცხადა იმნაძემ. მისივე განმარტებით, ხვალ ექნებათ მომდევნო კვირების განახლებული პროგნოზი. როგორც იმნაძე აცხადებს, მოსალოდნელია, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევა.

აშშ-ში FDA-მ ვირუსის სამკურნალოდ რემდესივირი დაამტკიცა, მას საქართველოც გამოიყენებს

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ფარმაცევტული კომპანია გილეადის შემუშავებული ანტივირუსული მედიკამენტი, რემდესივირი დაამტკიცა. რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ დამტკიცდა. "რემდესივირი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის და 12 წელზე უფროსი პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ"- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მედიკამენტის გამოყენების უფლება საქართველომაც მიიღო. ,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ "რემდესივირი", შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ "რემდესივირს", როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. რემდესივირის ეფექტურობა, საუკეთესო შემთხვევაში, შეზღუდულია, თუმცა უკეთესი ალტერნატივა ხელმისაწვდომი არაა. ამ თვის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ რემდესევირი არ ამცირებს სიკვდილიანობას, თუმცა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ წამლის გადასხმამ შეამცირა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა პაციენტების მესამედში. რემდესივირი ვირუსულ რეპლიკაციას ზღუდავს. გილეადმა ის პირველად ებოლას სამკურნალოდ შეიმუშავა. გასულ წლებში კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე ხელს უშლის SARS-ის და MERS-ის გამრავლებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა მისი გამოყენება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. გასული თვეების განმავლობაში რემდესივირი COVID-19 ის მქონე პაციენტების მკურნალობიდ სტანდარტის ნაწილი იყო. მკურნალობის სარგებელი შეზღუდულია. წამლის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სწრაფად გამოჯანმრთელებაში, მაგრამ მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება. კლინიკური გამოცდების უმეტესობაში რემდესივირს ყველაზე მძიმე პაციენტებს აძლევდნენ, რომლებისთვისაც მას დიდი სარგებელი არ მოუტანია- რადგან ის აყოვნებს ვირუსის რეპლიკაციას, ის შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს დაავადების ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება.

„შიდა შუქნიშნის“ მიხედვით, საქართველო „წითელ ზონაში“ გადავიდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, საქართველო კორონავირუსული ინფექიის გავრცელების თვალსაზრისით, „ნარინჯისფერიდან“ „წითელ ზონაში“ გადავიდა. „თუ 26 თებერვლიდან გადავთვლით, საერთო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე, იმის გამო, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებამდე სულ 1500 ინფიცირებული გვყავდა, კარგი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, ინციდენტობის მაჩვენებელი 26% გვაქვს. ჩვენი შიდა „შუქმნიშნის“ მიხედვით, „ნარინჯისფრიდან“ „წითელ ზონაში“ გადავედით – ამას გიდასტურებთ. მაგრამ მეორე მაჩვენებლით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300–ს, მაგრამ კარგი მაჩვენებელი გვაქვს ტესტირებაში – მილიონ მოსახლეზე საერთო 74 000 ტესტი, ხოლო ყოველდღიური – 9–10 ათასის ფარგლებში, რაც ამ პერიოდისთვის კარგია. მაგრამ ნუ მივეცემით პანიკას და ნურც დამშვიდებას. ვამბობთ, რომ შემთხვევების ზრდა გარკვეულ ფარგლებში გვექნება. ეს ზრდა გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკშო დაახლოებით, ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში შევალთ“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

მინსკში შშმ პირებმა ანტისამთავრობო მსვლელობა გამართეს

მინსკში შშმ პირებმა, მათ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ანტისამთავრობო მსვლელობა გამართეს. ისინი პოლიციის ძალადობას, დისიდენტების გასამართლებას აპროტესტებდნენ. შშმ პირებმა მსგავსი მსვლელობა გასულ კვირასაც გამართეს. მომიტინგეების ნაწილს ხელში ეკავა ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშები და სიმბოლოები. ქუჩაში ავტომობილის მძღოლები მხარდაჭერის ნიშნად მათ უსიგნალებდნენ. დემონსტრანტებმა ბელარუსის KGB-ს შენობაც ჩაიარეს, სადაც გაიძახდნენ - "გაათავისუფლე!" მომიტინგეებს შორის ერთერთი იყო კაცი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს აგვისტოში ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, რადგან მასთან ახლოს ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა. ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ამ მსვლელობაზე არავინ დაუკავებიათ. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი სპეცრაზმს გადასცა

ალექსანდრ ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი აიღო და ნახევარი ბელარუსის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმს გადასცა. ინფორმაცია ამის შესახებ ლუკაშენკოს პრესსამსახურთან დაკავშირებულმა Telegram-არხმა Пул первого-მ გაავრცელა. სავარაუდოდ ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი მინსკის რეზიდენციის ახლოს არსებული ნაკვეთიდან აიღო. ამ ნაკვეთზე ლუკაშენკოს არამხოლოდ კარტოფილი, არამედ საზამთროც მოჰყავს. მოსავალს როგორც წესი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იღებენ და მოსავლის აღებაში ლუკაშენკო და მისი უმცროსი შვილი ნიკოლაი მონაწილეობენ. გასულ წლებში ლუკაშენკოს მიერ აღებულ მოსავალი სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებში იგზავნებოდა. 2016 წელს ალექსანდრ ლუკაშენკო თავისი მოყვანილი სტაფილოთი ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს გაუმასპინძლდა.

რა წესები იმოქმედებს ახალ მიკროავტობუსებში

თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ს მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" იჯარით გადაეცემა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. ამასთან, აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება. ლურჯი მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. წილოსანის თქმით, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული. "შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს", - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები სატრანსპორტო დერეფნის "ლოკალური მნიშვნელობის ხაზებზე" იმოძრავებენ.

თბილისში სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა

თბილისის მერიის ცნობით, 24 ოქტომბრიდან სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და საქალაქო-საუბნო მარშრუტები ამოქმედდება. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ემატება ახალი ხაზები, ახალი ნომრებით. მერიის ცნობით, ისინი უბნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება: სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი #301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6- წუთიანი ინტერვალით; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #334 – წყნეთიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით; საუბნო მარშრუტი #401 – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით; საუბნო მარშრუტი #402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით; საუბნო მარშრუტი #404 – მეტროს სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან” უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით; საუბნო მარშრუტი #405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი; საუბნო მარშრუტი #447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი; საუბნო მარშრუტი #466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები, საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10–მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები.

თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს ცდის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს. "[გამოცდებს] ჩავატარეთ და ვატარებთ. აშშ-ს პოზიცია აბსოლუტურად არ გვაშფოთებს. თუ ჩვენ არ გამოვცდით ამ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს ხელთაა, მაშინ რა უნდა ვქნათ..? როგორც ჩანს [აშშ-ში] ბატონები განსაკუთრებით შეწუხებულნი არიან იმით, რომ ეს იარაღი რუსეთიდანაა. ჩვენ უდრეკები ვართ, ჩვენ გზას ვაგრძელებთ, როგორც ყოველთვის". - თქვა ერდოღანმა. აშშ-ში რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ თურქეთს სანქციები დაუწესოს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო. მათ მოწოდებას წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთი, შესაძლოა, S-400-ების გამოცდას გეგმავს. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეიმს ლენდფორკმა და დემოკრატმა, კრის ვან ჰოლენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს და ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. მათი მოსაზრებით, S-400-ების შესყიდვის გამო, ვაშინგტონის მიერ აშკარა ქმედებების ნაკლებობამ თურქეთის მთავრობას მეტი გამბედაობა მისცა. 2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას. დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ. სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას. აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებების გამო აქციები გაიმართა

პოლონეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად ასობით ადამიანი კონსტიტუციაში აბორტთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების გამო საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. პოლონეთის სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. მასობრივი აქცია გაიმართა ვარშავაში. აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 500-მა ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და იაროსლავ კაჩინსკის სახლისკენ დაიძრნენ. იაროსლავ კაჩინსკი ლიდერია პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობა. კაჩინსკის სახლთან დაიწყო დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციიის კორდონს შორის. პოლიციის ინფორმაციით დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპატიმრებულია 15 ადამიანი. დემონსტრანტების და პოლიციის დაპირისპირება კაჩინსკის სახლთან: უფრო პატარა აქციები გაიმართა კრაკოვში, ლოდზეში და ცეშინში. 23 სექტემბრის საღამოსთვის დაგეგმილია აქციების ახალი ტალღა. პროტესტის ორგანიზატორები დემონსტრანტებს მოუწოდებენ გაიკეთოთ ნიღბები და შეგროვდნენ 10-კაციან ჯგუფებად, რათა არ დაარღვიონ კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული შეზღუდვები. 22 სექტემბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, მსგავსი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის. ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს. პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

უკრაინამ საქართველო „წითელი“ ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

უკრაინამ საქართველო „წითელი“ ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეპიდვითარეის გათვალისწინებით „წითელი ზონის“ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად, პოლონეთი და ხორვატიაც მოხვდნენ. უკრაინის მოქალაქე, რომელიც „წითელი ზონის“ ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდება, ვალდებულია, თვითიზოლაცია გაიაროს. უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში შესვლისას ყველა უცხოელს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც კოორნავირუსის მკურნალობას ფარავს. კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი. გასული დღე–ღამის განმავლობაში იკრაინასა და საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში უკრაინაში დაავადების 7 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში – 1 759. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა. ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი დააკვირდება. „დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების, რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი დააკვირდება“,-განაცხადეს ცესკო-ში. მათი ინფორმაციით, ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. „ონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს. რაც შეეხება აჭარას, იქიდან გამომდინარე, რომ 31 ოქტომბერს იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, ამომრჩევლები იქ მიიღებენ 4 ბიულეტენს, 2-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 2-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“,-განმარტავენ ცესკოში. მათივე ინფორმაციით, ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. „ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენაზე 135 საარჩევნო უბანს“,-განაცხადეს ცესკო-ში.

“საქართველო ნატო-ს წევრი ეხლავე უნდა გახდეს” - ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე მზადაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის და ნატო-ს წევრი ახლავე უნდა გახდეს, - განაცხადა დღეს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა კიევის ფორუმზე “უსაფრთხოება 2020” სიტყვით გამოსვლისას. "მჯერა, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. უკრაინას ამისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდება: მან გზა უნდა განაგრძოს და გააძლიეროს თავისი ინტეგრაცია ალიანსში”, – განაცხადა ჰოჯესმა.

აშშ-ში კორონავირუსის 84 218 - ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 ივლისს იყო დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების 77 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით, საერთო ჯამში, 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 224 000-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით, მდგომარეობის გართულებას აანონსებს

უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვდგავართ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სახიფათო ტრაექტორიაზეა“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ბევრი სახელმწიფო შეეჯახა დაავადების მკვეთრ ზრდას, რაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემის რესურსების მალე ამოწურვას გამოიწვევს. ის მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები და აღკვეთონ სიკვდილიანობის ზრდა და სკოლების დაკეტვა.

ისრაელი და სუდანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმაზე. ამ კვირაში ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სუდანი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის სიიდან ამოეღო, შეთანხმებისთვის ნიადაგი შეამზადა. შეთანხმების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი და სუდანი გეგმავენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, თავდაპირველად სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებით. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ კიდევ, სულ მცირე, ხუთ სხვა ქვეყანას უნდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება. "გგონია, მძინარე ჯო ამ შეთანხმებას მიაღწევდა?" - ჰკითხა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ნეთანიაჰუმ მიუგო, რომ მშვიდობის მიღწევისთვის დახმარებას აშშ-ში ყველასგან აფასებს. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტისპრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. „გუშინ პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, - აცხადებს სპიხალსკი. მან ასევე განმარტა, რომ თავადაც აპირებს კარანტინში გადასვლას.

1941 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - 24 ოქტომბრის სტატისტიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამასთან, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 163-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.

"ვიმედოვნებ, ვიხილავ დროს, როცა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ ალიევმა განაცხადა იაპონურ გამოცემა Nikkei-სთან ინტერვიუში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. „რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში ვითარებას სრულად შეცვლის; ვიმედოვნებ, რომ ვიხილავ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მაგალითად, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვართ კარგი მეგობრები და კარგი მეზობლები. შეხედეთ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ ერთად. ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების ტრანსპორტირება, რკინიგზის კავშირი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, „ტანაპი“ და უამრავი სხვა. ვფიქრობ, აზერბაიჯანი პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, თურქეთთან ერთად; პირველი ან მეორე გადასახადების უმსხვილესი გადამხდელი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუაში დასავლეთისგან იყო შეთავაზებები, რომ გაზსადენი სომხეთის გავლით აშენებულიყო, რადგან ეს უმოკლესი მარშრუტი იქნებოდა. „სხვათა შორის, 90-იანი წლების შუაში, როდესაც განიხილებოდა მილსადენის მშენებლობის საკითხი, დასავლეთისგან იყო გარკვეული შემოთავაზებები, რომ ეს მილსადენები სომხეთის გავლით გასულიყო. თუმცა ამისთვის სომხეთს უნდა გაეთავისუფლებინა ეს ტერიტორიები და მაშინ გაზსადენები შესაძლოა, გასულიყო აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და თურქეთში. ეს იყო უმოკლესი მარშრუტი. თუ შეხედავთ რუკას, ნახავთ, როგორ გადის გაზსადენი, რათა სომხეთს გვერდი აუაროს. თუმცა სომხებს ეგონათ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით მილსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. ამიტომ მათ უარი თქვეს და ვფიქრობ, ახლა ისინი სერიოზულად ნანობენ. ისინი ოკუპაციის გამო ჩიხში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ალიევმა.

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სამთავრობო, „ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“ (TsNIIKhM) სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორგანიზაციას სანქციები კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო დაუწესდა. კერძოდ, უწყების ცნობით, TsNIIKhM–ის სამიზნე 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიური ობიექტი გახდა. "განსხვავებით ტიპური ციფრული შემოჭრისაგან, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახვს მონაცემების ქურდობას ან გამოსასყიდის მოთხოვნას, ეს კიბერშეტევა მიზნად ისახავდა ობიექტის ფიზიკური ზიანის მიყენებას მისი უსაფრთხოების სისტემის გამორთვით", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ევროპის ქვეყნების უმეტესობა ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ გერმანიაში კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში –42 032, იტალიაში – 19 143, ჩეხეთში – 15 252. ბოლო პერიოდში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს. საფრანგეთსა და იტალიაში დაწესებულია კომენდანტის საათიც. ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 149 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 497 000–ზე მეტი ადამიანი, 31 430 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 გარდაიცვალა.