ძებნის რეზულტატი:
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს და რომ დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, გელათის ტაძარი ზამთრის ნალექს ვერ გაუძლებს და საჭიროა ტაძრის საფუძვლიანად გადახურვა. ისინი ეჭვობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თანხებს ზოგავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე კრიტიკის პასუხად ფორმულასთან ამბობს, რომ კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების შეფასებით, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი. "დროებითი გადახურვა არის დროებითი გადახურვა. ჩვენ უარი ვთქვით ე.წ. კარვის პრინციპით გადახურვის მეთოდოლოგიაზე, რადგან ეს იქნებოდა დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა გელათის სტრუქტურაზე, რაც კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების საერთო შეფასებით არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ტაძრის სტრუქტურას დამატებითი დატვირთვა შეექმნებოდა. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა", - აცხადებს ბარამიძე.
პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა
ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში გადავიდნენ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიც. ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება. სულ ვატიკანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 27 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 15 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
1192 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - 18 ოქტომბრის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343. განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში - 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში - 37, ქვემო ქართლში - 39, გურიაში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 13 და კახეთში კი 11“, - განაცხადა ენდელაძემ.
აზერბაიჯანი: სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს
სომხეთის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ, დღეს დილიდან კი - აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 18 ოქტომბერს დღისით და ღამის განმავლობაშიც ოპერაციები აღდარა-აღდამის, ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილისა და მდინარე არაზის გასწვრივ მიმდინარეობდა. „ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.
იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება
იტალია კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი ზომების მიღების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისი თქმით, მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ, გამკაცრდება რესტორნების გახსნის დროსა და იქ დასაშვები ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები. სკოლაში ცვლილებები ძირითადად უფროსკლასელებს შეეხებათ. სწავლა შედარებით გვიან დაიწყება და მეტწილად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება. ამასთან, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება. გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდება ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განმარტა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილებაა. "დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ," - განაცხადა კონტემ. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა. კერძოდ, ქვეყანაში შაბათს კვირას კოვიდ 19-ის 10 925, კვირას კი - 11 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 414 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 500 ადამიანი დაღუპულია.
ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის და ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარის, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ვირუსის დადასტურების შემდეგ ოჯახმა ცხელ ხაზებზე დარეკვა დაიწყო, რათა მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მათ სათანადო პასუხს არ სცემენ. “თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ. ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი სჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა! 48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება. ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია? რამე რომ გაურთულდეს ვინ აგებს პასუხს? მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით”, – წერს ელენე ხოშტარია.
საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად აქციები გაიმართა
პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აქციის მონაწილეებმა სამუელ პატის ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და საფრანგეთის ჰიმნით. აქციაზე ჩანდა პლაკატები სლოგანით "მე ვარ მასწავლებელი". აქციები გაიმართა ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგში, ნანტში, მარსელსა და ბორდოში. "თქვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვყოფთ. ჩვენ საფრანგეთი ვართ" - ასე გამოეხმაურა აქციებს საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი Twitter-ზე. 47 წლის ისტორიის მასწავლებელი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის პირმა 17 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა. პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და აქამდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა ცნობილი არ იყო. დაკავებულია თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მამა და, ასევე, მოსწავლის მამის ნაცნობი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია. მასწავლებლის მიერ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებამ არაერთი მუსლიმი მშობლის რისხვა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ. 2015 წლის თავდასხმის შემდეგ "შარლი ებდოს" ოფისი საიდუმლო ადგილას გადავიდა. მას შემდეგ, რაც "შარლი ებდომ" თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემის მიმართ მუქარა განახლდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო "შარლი ებდოზე" 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს "შარლი ებდომ" ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა. 25 სექტემბერს პარიზის ცენტრალურ უბანში, "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდანაა და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე იყო სატირული გამოცემა "შარლი ებდო".
საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს. „სად გარდაიცვალნენ, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მაქვს. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით ალბათ 70, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილები“, – განაცხადა ენდელაძემ.
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 360
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა. „თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს.
ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა
ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, სათნოების სახლის 120 ბენეფიციარიდან COVID-19 უკვე დაამარცხა 70-მა ხანდაზმულმა, 7 მათგანი კი გარდაიცვალა. სათნოების სახლი მუშაობას კარანტინის რეჟიმში აგრძელებს. 19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;გორი სამების ქუჩა N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - info@idp.gov.ge“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 წლის მოზარდის აღმოჩენამ შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი
მას შემდეგ, რაც მსოფლიოში Covid-19 გაჩნდა მეცნიერები ცდილობენ, შექმნან დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა და კონკრეტული პრეპარატი. როგორც CNN იუწყება, სადღეისოდ ამ მეცნიერთა რიგებს 14 წლის მოზარდიც შეუერთდა, რომლის აღმოჩენამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს. "ცოტა ხნის წინ ტეხასის შტატის ქალაქ ფრისკოში მცხოვრებმა ანიკა ჩებროლუმ "2020 3M Young Scientist Challenge"–ში გაიმარჯვა აღმოჩენისთვის, რომელმაც შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი. კერძოდ, ანიკამ გამოიყენა სილიციუმის მეთოდი ტყვიის მოლეკულის აღმოსაჩენად, რომელსაც შეუძლია, შერჩევით დაუკავშირდეს SARS-CoV-2–ის ვირუსის ცილას", – იუწყება CNN. როგორც ანიკა აცხადებს, "თავდაპირველად მისი მიზანი იყო სილიციუმის მეთოდის გამოყენება ტყვიის ნაერთის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც შეიძლება, დაუკავშირდეს გრიპის ვირუსის ცილას". "სადღეისოდ არსებული უმძიმესი ვითარების გამო, რომელსაც Covid-19–ის პანდემია იწვევს, მე ჩემი მენტორის დახმარებით, შევცვალე მიმართულება გრიპის ვირუსიდან SARS-CoV-2–ის ვირუსისკენ", – დასძინა მან. "ანიკას სურვილი, გამოიყენოს თავისი დრო და ნიჭი, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ყველას იმედს გვაძლევს", – განუცხადა CNN–ს მეცნიერმა სინდი მოსმა, რომელიც "2020 3M Young Scientist Challenge"–ს ჟიურის წევრი იყო. როგორც 14 წლის გოგო აცხადებს, მისი შემდეგი მიზანია მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობა, რომლებიც პანდემიის კონტროლისთვის იბრძვიან. ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.
კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“, - განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას. „სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას. სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, - განაცხადა მიქელაძემ.
თურქეთის ელჩი - საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტში სწორი პოზიცია აქვს
საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტში სწორი პოზიცია აქვს, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, „საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია“. „მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს. ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს: 1. ის პრინციპულ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებს; 2. ცდილობს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. 3. სამართლიანი პოზიციაა, რომ საქართველოს არ სურს გამოაყენებინოს საკუთარი ტერიტორია შეგროვებული ფულით იარაღის შეძენისა და გაგზავნისთვის. ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი პრობლემა ერთმანეთთან. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ, აქვთ საერთო დასახლებები, ერთად ცხოვრების კულტურა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მესამე მხარეების მიერ შემოგდებული მცდარი და მახინჯი პროპაგანდა მიმდინარეობს. მთავარია, ამ პროპაგანდის გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლენა ნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის გარანტია იმისა, რომ თურქეთმა არ მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. აი, ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება. საქართველომ ასეთ პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანიმ. ელჩი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში პერმანენტული მშვიდობა სურს და ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს. „სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოშიც ცხოვრობენ და ჩვენ აქაც დავინახეთ ერთმანეთზე წაქეზების ერთგვარი პოლიტიკა. თურქეთის შეფასებით, ეს ძალზე¬ სახიფათოა - ერთია ომის და ომის იურისპრუდენციის შესაბამისად მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მეორე კი ომის გამოყენება საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, რათა აღიკვეთოს ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით კარგად იჭერს ვითარებას, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ფაქტებიც. სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკა გზას უხსნის მესამე მხარის მიერ შუღლის გაღვივების მცდელობას. ჩემი მესიჯი ასეთია: თურქეთი არის აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანა. ჩვენ საერთოენობრივი კავშირი გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის ობიექტური და მიუკერძოებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ რეგიონში გვჭირდება პერმანენტული მშვიდობა. "ჩვენში" ვგულისხმობ არა მარტო თურქეთს, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს“, - განაცხადა ინტერვიუში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.
პრემიერის თქმით, არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არსებობს
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება და ის 31 ოქტომბერს, წესების დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ილაპარაკა. "არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად, რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, წესები დავიცვათ, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება". – თქვა გახარიამ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოში სულ კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 14.1%-ითმსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37.3%-ითფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 24.9%-ითყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 5.8%-ითსპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 10.8%-ითმინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 16.9%-ითძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49.6%-ითოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29.5%-ითაზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 21%-ითსაქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი). რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).
"დღეს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან"
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან. როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება. "ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ. მან ასევე ისაუბრა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა კოვიდ სასტუმროებში, სტაციონარსა და კარანტინში მოთავსებასთან დაკავშირებითაც. „ჩვენი 226 მოქალაქე გადაიყვანეს ბინიდან კლინიკაში. კონტაქტებში დაფიქსირებული 19 ადამიანი გადაიყვანეს კარანტინიდან კლინიკაში. ასევე, ბინიდან კარანტინში გადაიყვანეს ექიმებმა 78 პაციენტი. 318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი დაახლოებით 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება", - განაცხადა ტიკარაძემ.
პესკოვი რუსეთის მოსახლეობის კლებას II მსოფლიო ომს, საბჭოთა კავშირის დაშლასა და ქალებს აბრალებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რადიო კომერსანტთან საუბარში რუსეთში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსეთის მთავრობის პროგნოზით, მოსახლეობის კლება 2030 წლამდე გაგრძელდება, 2020-2024 წლებში კი მოსახლეობა 1.2 მილიონით შემცირდება. პესკოვმა თქვა, რომ პუტინი ამ პრობლემაზე მუშაობს. მან მოსახლეობის კლების მიზეზად ორი მოვლენა დაასახელა: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლა. "რატომ მცირდება მოსახლეობა? ობიექტური მიზეზები არსებობს. ეს ორი დემოგრაფიული ხვრელის თანხვედრაა: დიდი სამამულო ომის ხვრელის და 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის ხვრელის. ეს ორი ხვრელი აჩრდილივით თან სდევს ჩვენს თანამედროვე ისტორიას. ისინი აქ თანხვდებიან და ამიტომ გვაქვს ასეთი ნეგატიური ტენდენციები". – თქვა მან. პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის მთავრობა და განსაკუთრებით კი პრეზიდენტი პუტინი ყველაზე ენერგიულ ნაბიჯებს დგამენ შობადობის გასაზრდელად, თუმცა არასახარბიელო გარემოებები არსებობს, მათ შორის პანდემია. კითხვაზე, რატომ არ გამოიღო შედეგი პუტინის მიერ 13 წლის წინ შემოღებულმა ზომებმა და რატომ იყო კლება პანდემიამდეც, პესკოვმა თქვა, რომ ზომებს შედეგები მოჰყვა: "დემოგრაფიისა და სოციოლოგიის სფეროში ნებისმიერი სპეციალისტი აგიხსნით, რომ არა ეს ზომები, მოსახლეობის კლება ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, ეს არ ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 30 მილიონამდე ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში და მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა ქალი გვყავს, ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია. სულ ესაა". – თქვა მან.
ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს
ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი განახლების პროცესშია, ოთხშაბათისთვის (21 ოქტომბერი) იქნება მზად და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდება. "ეს პროტოკოლი ხელმისაწვდომია ექიმებისთვის, ეს არაა პაციენტებისთვის გამოსაყენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებით საჯაროდ ამ პროტოკოლების გამოქვეყნებას, რადგან მერე ძალიან ხშირია თვითმკურნალობა და თვითინიციატივა, რაც კონკრეტულად ჯანმრთელობის შემთხვევაში, ხშირად დამღუპველია". – ამბობს ტიკარაძე.
აშშ-ის საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გადასცა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ ადამიანების ნაწილი, ვინც დამხმარე საშუალებები მიიღო, აგვისტოს ომის დროს დევნილია. "მოხარული ვართ, რომ ამერიკაში შშმ პირთა თვის აღსანიშნავად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გამოვყავით. ამ ადამიანებიდან ბევრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირია. იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება, რომელიც ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა გამოყო, ხელს შეუწყობს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას", - აღნიშნულია განცხადებაში.