ძებნის რეზულტატი:
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაატა იმნაძე: covid-19-ის პიკი ნოემბრის ბოლოს გვექნება
"კორონავირუსის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „TV პირველზე" დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა. „ქვეყანაში არის კორონა, რაოდენობა მზარდია და ინფიცირების რაოდენობის პიკური მაჩვენებელი ალბათ ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება; საბედნიეროდ, კარგია, რომ კორონავირუსის პიკი არ ემთხვევა ზამთრის ვირუსების დიდ რიცხვს, რომელიც ჩვეულებრივ, დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში გვაქვს ხოლმე. ეს ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 19 ოქტომბრის კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 18663 მათ შორის გამოჯანმრთელებული - 8338 მათ შორის გარდაცვლილი - 143 კარანტინის რეჟიმში - 6407 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2862 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
სამი ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, 2021 წლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბელარუსი ოპოზიციონერები ნორვეგიელმა პარლამენტარმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა. "ამ სამმა ქალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ბელარუსში ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამისთვის ისინი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებენ". – თქვა გეირ ტოსკედალმა. ტოსკედალი იმედოვნებს, რომ ტიხანოვსკაიას, კოლესნიკოვასა და ცეპკალოს წარდგენით ბრძოლა "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო არჩევნებამდე ქმნიდნენ "ქალთა ტრიუმვირატს" და ერთად ემზადებოდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და ვერონიკა ცეპკალომ ბელარუსი დატოვეს. კოლესნიკოვა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებების გაკეთებისთვის დაპატიმრებულია. სვეტლანა ტიხანოვსკაია იმავე ბრალდებით ძებნაშია გამოცხადებული. 2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.
ვარშავის ეროვნულ სტადიონზე საველე საავადმყოფო მოეწყობა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე დროებითი საველე საავადმყოფო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ქვეყანის მასშტაბით საავადმყოფოები უკვე სრულად დატვირთულია. საველე საავადმყოფოს მოწყობის პირველი სამუშაოები გასული კვირას დაიწყო. საავადმყოფოს განთავსება სტადიონის საკონფერენციო დარბაზებში იგეგმება და ის თავდაპირველად 500-მდე ინფიცირებულის მიღებას შეძლებს, თუმცა კოვიდ-საწოლების რაოდენობის გაზრდა 1000-მდეა შესაძლებელი. CNN წერს, რომ დროებითი საავადმყოფოები მოეწყობა რეგიონებშიც. პოლონეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ კვირას, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რესტორნებისთვის კი, სამუშაო საათები შემცირდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ცდილობენ, თავიდან აიცილონ მკაცრი კარანტინის დაწესება, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ სიტუაცია კრიტიკული გახდება, ეს გარდაუვალი იქნება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში კოვიდ-19-ის 175 766 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი; დაღუპულია 3 573 ადამიანი.
ლომჯარია მთავრობას მოუწოდებს, განუმარტონ საზოგადოებას, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა
შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში განუმარტონ საზოგადოებას, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. "არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებასა და კონსულტაციას. მოვუწოდებ მთავრობას და შესაბამის უწყებებს უმოკლეს ვადაში მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება. გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება", - აცხადებს ლომჯარია.
მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
პარტია „ლელოს“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხაზარაძე facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის. “ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან. გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ, დაახლოებით, 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა; აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით, გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა პრემიერობის კანდიდატი, ამბობს, რომ პარტიულ აქტივობებში დისტანციურად არის ჩართული. „საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა! ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას… ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია – უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. 31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება – გამარჯვებამდე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
"თითოეული გაუკეთებელი პირბადე ინფიცირების რაოდენობის ზრდას ნიშნავს"
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვინდა, რომ მოსახლეობას ვუთხრათ - ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან და ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო გუშინ, ამის მიუხედავად, ეს რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მოქალაქეზე. ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად 22:00 საათის შემდგომ რესტორნების და კაფე-ბარების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა კონტექსტით და სხვადასხვა მიზნებით, რაზეც შრომის ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება. ამ ნაწილში, სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი. თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ასეთი ქმედებებით სახელმწიფოს უდგას ჯიბრში, ეს ადამიანები ჯიბრში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რაზეც ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაქცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ГРУ-ს 6 ოფიცერს ჰაკერული შეტევების გამო ბრალი წარუდგინა
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ცნობით, ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ქვედანაყოფის 74455-ის 6 ოფიცერს სხვადასხვა ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზე თავდასხმის გამოც რუს ოფიცრებს ბრალი წარედგინათ, ერთერთი საქართველოცაა. "ГРУ-ს ეს ჰაკერები თავიანთ თანაშეთქმულებთან ერთად კომპიუტერებში უკანონოდ იჭრებოდნენ და ჩართულები იყვნენ თავდასხმებში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მხარდაჭერას, ძირი გამოეთხარათ, შური ეძიებინათ ან სხვაგვარად მოეხდინათ დესტაბილიზაცია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნების მიმართ. ჰაკერული თავდასხმები ასევე მიმართული იყო იმ ძალისხმევის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ ნერვული აგენტების (ნოვიჩოკის) იარაღად გამოყენების გამო. თავდასხმების კიდევ ერთი სამიზნე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო, მას შემდეგ, რაც რუსი დოპინგის გამოყენების გამო რუს სპორტსმენებს ეროვნული დროშით ასპარეზობა აუკრძალეს". – წერს იუსტიციის დეპარტამენტი. საქართველოს მიმართ რუს ჰაკერებს ბრალად ედებათ 2018 წელს ერთერთი მედია კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, ასევე 2019 წელს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა და იმავე წელსვე ქართული ვებსაიტების მიმართ ჩადენილი ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმა. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, იგულისხმება ჰაკერული თავდასხმა, რომლის დროსაც, ქართულ დომეინებზე დარეგისტირირებული ვებსაიტების დიდ ნაწილზე გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტო, წარწერით I'LL BE BACK (მე დავბრუნდები). აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჰაკერები იყენებდნენ მსოფლიოს ყველაზე გამანადგურებელ ვირუსებს, მათ შორის KillDisk-სა და Industroyer-ს, რომლებმაც გამოიწვიეს სერვისის გათიშვა უკრაინაში. ასევე იყენებდნენ NotPetya-ს, რომელიც მინიმუმ მილიარდი დოლარი დაუჯდა სამ მსხვერპლს; Olympic Destroyer-ს, რომელმაც წყობიდან გამოიყვანა ათასობით კომპიუტერი, რომელიც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა. ჰაკერებს, იური ანდრიენკოს (32 წლის), სერგეი დეტისტოვს (35 წლის), პაველ ფროლოვს (29 წლის), არტემ ოჩიჩენკოსა (27 წლის) და პეტრ პლისკინს (32 წლის) ბრალად ედებათ შეთქმულება, კომპიუტერების დაჰაკვა, კომპიუტერული თაღლითობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი იდენტობის ქურდობა და დომეინის სახელის ყალბი რეგისტრაცია. "არცერთ ქვეყანას ისე ბოროტი განზრახვითა და უპასუხისმგებლოდ არ გამოუყენებია საკუთარი კიბერ-შესაძლებლობი, როგორც რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ შექმნას უპრეცენდენტო ზიანი, რათა მოიპოვოს მცირე ტაქტიკური უპირატესობები და დაიკმაყოფილოს ზიზღი". – თქვა ჯონ კ. დემერსმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის ასისტენტმა.
მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში უმასპინძლებს, - ინფორმაციას ამის შესახებ Poltico ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰან ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.
ირლანდია კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებს
ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი ზომების ფარგლებში არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურება, ბარებსა და რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. „ყველას შინ დარჩენისკენ მოვუწოდებთ,“- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა, რომელმაც შეზღუდვის ახალი ზომები წარადგინა. მისივე თქმით, ირლანდიაში სკოლები და ბაღები კვლავ ღია დარჩება. „არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მომავალში ამ დაავადების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდნენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ახალი ზომები ხვალიდან ამოქმედდება და ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება. ცნობისათვის, ირლანდიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 993 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 852 ადამიანი დაღუპულია.
პაატა იმნაძე ბინაზე მკურნალობის მეთოდს ასახელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა. როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს. „ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხევვა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რათა ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, - განაცხადა იმნაძემ. მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ. „იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი - ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 372 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2903-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 140 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 43 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1197 გახდა. გარდაცვლილია 28 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაიცვალა 15 ადამიანი. მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებიდან, თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 7 პაციენტი. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს.
აშშ-ში, დებატების კითხვა-პასუხის ნაწილში, ოპონენტის მიკროფონი გათიშული იქნება
დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის შემდეგი დებატების დროს საპრეზიდენტო დებატების კომისიას შეეძლება, კანდიდატებს მიკროფონი გაუთიშოს. კანდიდატის მიკროფონი გაითიშება, როდესაც მისი ოპონენტი კითხვაზე პასუხს სცემს. 90-წუთიანი დებატები ექვს 15-წუთიან ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულ კანდიდატს 2 წუთი აქვს, რათა საკუთარ შენიშვნებზე ისაუბროს, კითხვას პასუხი გასცეს, რის შემდეგაც დებატები ღია ფორმატით გრძელდება. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ამ ფორმატის დაცვისთვის 2 წუთიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული იქნება მხოლოდ იმ კანდიდატის მიკროფონი, რომლისთვისაც განკუთვნილია სასაუბრო დრო. ღია დისკუსიის დროს ორივე მიკროფონი ჩართული იქნება. საპრეზიდენტო დებატების კომისია მიიჩნევს, რომ ეს ზომები კარგ ბალანსს ქმნის დებატების დროს და ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება. დონალდ ტრამპის კამპანიამ კომისიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დებატებში მონაწილეობას მიიღებდა. ჯო ბაიდენს კამპანიას დებატების წესების ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. დებატების რეგლამენტში ცვლილებები განაპირობა 30 სექტემბერს ჩატარებულმა პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა. ორივე კანდიდატი ერთდროულად ლაპარაკობდა, დონალდ ტრამპმა კი ბაიდენს სიტყვა 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა. დებატებზე ტრამპს და ბაიდენს ერთმანეთის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებიათ. ბაიდენმა პრეზიდენტს "კლოუნი" და "პუტინის ლეკვი" უწოდა და ერთ-ერთ მომენტში კი ტრამპს უთხრა, რომ "მოეკეტა". მეორე საპრეზიდენტო დებატები, რომლებიც 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. დონალდ ტრამპის COVID-19-ის დიაგნოზის გამო დებატების კომისიას სურდა დებატები ვირტუალურად ჩაეტარებინა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო დებატები 22 ოქტომბერს ჩატარდება.
სკოლები, სადაც საარჩევნო უბნები უნდა განთავსდეს, 3 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ. როგორც მან განმარტა, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. „მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,-აღნიშნა მინისტრმა.
პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. „პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.
112 განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, 112 აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული დამაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. "კორონავირუსის პანდემიამდე, ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება. როგორც მოგეხსენებათ, 112-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში,მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. 112 განაგრძობს 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს, როგორც გადაუდებელი შემთხვევის დროს, ასევე ვირუსთან დაკავშირებით. მოქალაქეებს კი, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობადა არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთმთავრობის ცხელ ხაზს - 144", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა. შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.
"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს" - კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ელჩის განცხადებით, საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო. "გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა ელჩმა.
დიდ ბრიტანეთში, კოვიდ-19-ის ვაქცინის ცდებისთვის, მოხალისეები დაინფიცირდებიან
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაზე ახალი კვლევები დააფინანსოს, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს კოვიდ 19-ით განზრახ დააინფიცირებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კვლევებში, რომლებიც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ფარმაცევტული მომსახურების კომპანია Open Orphan-ის შვილობილი კომპანია hVIVO- სა და Royal Free London NHS Foundation Trust-ის პარტნიორობით განხორციელდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 33,6 მილიონი გირვანქა სტერლინგის (43,5 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მარეგულირებლისა და ეთიკის კომიტეტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისამდე იქნება ხელმისაწვდომი. ცდებში, პირველ ეტაპზე, 18-დან 30 წლამდე ასაკის 90-მდე მოხალისე ჩაერთვება.