ძებნის რეზულტატი:

ილია მეორე: დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ქრისტე აღდგა! ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის; და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი. ჩვენთან არს ღმერთი!“,- ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.

ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში, ქალაქ ყუმში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ორი მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული. ასევე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას, ორ სახანძრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი, ამან აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ცეცხლის ახლომდებარე ტანკერებზე გავრცელება, რასაც კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი.

აღდგომის დღეს, COVID19-ის გამო, თვითიზოლაციაში 34 185 ადამიანი იმყოფება

საქართველოში, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 34 185 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში - 24 812, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256 ადამიანი. ამასთან, 2 მაისის სტატისტიკის მიხედვით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 293 052-მდე. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა.

თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებულ ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისთან დაახლოებული პირი ქალაქ სტამბოლში დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, კოდური მეტსახელით ASIM-ით ცნობილი ავღანეთის მოქალაქე ოთხშაბათს, ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე ათაშეჰირის რაიონში დააკავეს. როგორც ცნობილია, მისი დაკავება სტამბოლის პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს განხორციელდა. არსებული ცნობებით, აღნიშნული პირი ჩართული იყო ალ-ბაღდადის მიმავლის პროცესში სირიაში, იდლიბის პროვინციაში. მედიის ცნობით, გარდა ამისა, ის მონაწილეობდა სირიასა და ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩატარებულ წვრთნებში და ტერორისტული ორგანიზაციის „ლიდერთა საბჭოს“ მუშაობაში. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ქვეყანაში ყალბი პასპორტითა და პირადობის მოწმობით შევიდა.

დღეიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ძალაშია

დღეს გადაადგილების შეზღუდვა ისევ ცხრა საათიდან ამოქმედდება. გამონაკლისი ერთჯერადად, მხოლოდ აღდგომის ღამეს დაწესდა. ისევ ძალაშია შეზღუდვები, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობას ეხება. ხვალიდან, 12 მაისის ჩათვლით ავტობუსი და მეტრო არ იმუშავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა. ტურნირის მსვლელობისას, ბასილაშვილი შესანიშნავად ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და ბოლო ორ შეხვედრაში არცერთი საკუთარი გეიმი არ წააგო. იგივე ხდებოდა შტრუფის წინააღმდეგ პირველ სეტში – ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და სამივე პირველ მოწოდებაზე, მეორე ბურთზე კი ექვსიდან ექვსი ქულა აიღო. შტრუფიც არ გამოიყურებოდა ცუდად საკუთარ გეიმებში, მაგრამ ერთი ბრეიკ-პოინტი მაინც მისცა ბასილაშვილს – ეს პირველ გეიმში მოხდა და ქართველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. სწორედ ეს ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი საწყის პარტიაში. მეორე სეტში შტრუფმა მოუმატა თამაშს, უფრო მეტად უძალიანდებოდა მეტოქეს მის მოწოდებაზე და მეექვსე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერ შეძლო მისი გამოყენება. მეორე პარტიაში ყველაზე რთული გეიმი სწორედ ეს იყო და ამის შემდეგ, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, შესაბამისად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქაც ორივე დამაჯერებლად გამოიყურებოდა თავის მოწოდებაზე. პირველი შეცდომა შტრუფმა დაუშვა – ბასილაშვილმა მეცხრე გათამაშებაში მინი-ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და 6:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ნიკამ მეორე ცდაზე შეძლო მატჩისა და ტურნირის მოგება – 6:4, 7:6 (5). მატჩი საათი და 28 წუთი გრძელდებოდა. საინტერესოა, რომ ეს არის ბასილაშვილის კარიერაში პირველი ტიტულია, რომელიც მან სეტის წაუგებლად მოიგო. მიუნხენში ტრიუმფის წყალობით, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, ოთხ პოზიციას მოიგებს და 31-ე ნომერი გახდება, რაც საშუალებას მისცემს, როლან გაროსზე განთესილებს შორის მოხვდეს.

კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს. „ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას“,- წერს კახა კუჭავა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.

კელი დეგნანი: ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები

,,ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს და პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. „შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებთ და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ. ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები. თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“,- აცხადებს კელი დეგნანი.

3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება

3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება ჟურნალისტების დაშინებისა და დევნის ფონზე მრავალ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვას ცდილობს. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება კი არ იზღუდება. მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

ენტონი ბლინკენი: უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით აკვირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანას ყურადღებით აკვირდება. „უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის ძალების რიცხვი იმაზე უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა შეჭრა განახორციელა. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცით, თუ რა განზრახვები აქვს პუტინს. უამრავი რამეა, რისი გაკეთებაც შეუძლია. ბოლო დღეების განმავლობაში, ამ ძალების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება ვიხილეთ და ვხედავთ, რომ ნაწილი გაიყვანეს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 509 ადამიანს დაუდასტურდა, 1 200 გამოჯანმრთედა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.6%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებთ და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული

„შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებთ და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში. ,,ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები. შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებთ და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ. ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები. თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“,- აცხადებს ამერიკის ელჩი. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე 1994 წლიდან, ყოველ 3 მაისს აღინიშნება.

ენტონი ბლინკენი: ჩინეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული ხდება. როგორც სახელმწიფომა მდივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პოტენციური სამხედრო დაპირისპირება ორივე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს იმ მასშტაბების ეკონომიკური და დიპლომატიური პოტენციალი, რომელიც საკმარისია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი „მსოფლიო წესრიგისთვის გამოწვევის გასაგზავნად“. აქვე, ბლინკენმა დაამატა, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მიზანი არა ჩინეთის „შეკავება“, არამედ ამ არსებული „წესრიგის შენარჩუნებაა“. „ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ოფიციალური პეკინი რეპრესიული გახდა, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად აგრესიულია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის მილოცვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად კი, ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. „დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისათვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ჩვენში კონსტიტუციითაა გარანტირებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში,“- აღნიშნულია მილოცვაში.

რა გავლენა იქონია პანდემიამ პრესის თავისუფლების ხარისხზე მსოფლიოში

„პანდემიის და მიგრანტთა კრიზისები ევროკავშირში პრესის თავისუფლების ხარისხს ასუსტებს“, - მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მედიის თავისუფლება ევროკავშირში ინტენსიური კონტროლის ქვეშ მოექცა, მათ შორის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობით, პანდემიისა და მიგრანტთა კრიზისების გაშუქების დროს. 2021 წლის მონაცემებით, ჟურნალისტიკა სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკილია 180 ქვეყნიდან 73%-ში. ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ცნობით, პანდემიის დროს ინფორმაციის თავისუფლების საფრთხეები დაფიქსირდა ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, კოსოვოში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინასა და დიდი ბრიტანეთი. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპარლამენტი იმსჯელებს პრესის მდგომარეობაზე ევროკავშირში. ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“გენერალური მდივანი კრისტოფ დელუარი ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარსადგენად მიიწვიეს. „ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო ვაქცინაა. სამწუხაროდ, მისი წარმოება და გავრცელება ძალიან ხშირად იბლოკება პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ზოგჯერ კულტურული ფაქტორებითაც კი“, - განაცხადა დელუარმა. ბოლო მოხსენებაში, რომელიც ხელს უწყობს ჟურნალისტიკის დაცვას და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ევროსაბჭო ითხოვს „რეალურ მოქმედებას ევროპაში მედიის თავისუფლებისთვის. მოხსენებაში აღწერილია გაზრდილი ფიზიკური თავდასხმების, ჟურნალისტების შევიწროების და დაშინების, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საზიანოდ მედიის ხელში ჩაგდების შესახებ. მედიის თავისუფლების პრობლემები ევროკავშირში მედიის თავისუფლების ლიდერები - ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ინდექსის სამეულში არიან, კვლავ წარმოადგენენ ევროპას, როგორც პრესის თავისუფლების სიმბოლოს. მიუხედავად ამისა, ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი (92-ე), საბერძნეთი (70-ე) და პოლონეთი (64-ეჭვქვეშ აყენებენ ბლოკის იდეალებს, პრესის თავისუფლებას და მედიის პლურალიზმის შესახებ. საბერძნეთში ჟურნალისტებს ავიწროებდნენ ან აყენებდნენ შეურაცხყოფას, რომლის საშუალებითაც პორტებსა და მიგრანტთა ბანაკებში ინტერვიუები იბლოკებოდა. წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ასანჟის საქმის წარმოებას „მკვლელობის სისტემა" უწოდა, რომელიც სწორედ „ჩვენს თვალწინ" იქმნება. რაც შეეხება გერმანიას, მისი მაჩვენებელი „კარგი კლასიფიკაციიდან“ ორი პუნქტით დაეცა და ინდექსში მე -13 ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში მედიის პლურალიზმი განიცდის „ნელ, მაგრამ სტაბილურ ეროზიას” ეკონომიკური მიზეზების გამო, განსაკუთრებით ადგილობრივი გაზეთების მხრივ. ევროსაბჭოს რეკომენდაციით, ჟურნალისტების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს საგანგენო ზომების მიღების საბაბით. მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა. კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა. „ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები“, - განაცხადა დღეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტიც არის, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით: „მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“.

კარლ ჰარცელი: ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ

ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. ელჩის განცხადებას, ევროკავშირის წარმომადგნელობა საქართველოში ავრცელებს. „დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ ‘ინფოდემიას’ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოვიდ-ექსპერიმენტი მასობრივი თავშეყრით - ლივერპულში ჩატარდა ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელსაც 5 000 ადამიანი რეგულაციების გარეშე დაესწრო

დიდ ბრიტანეთის მთავრობის ორგანიზებით, დაიწყო კოვიდ-ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც, კვირას, ლივერპულში ჩატარდა ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, რომელსაც მუსიკის 5 000 მოყვარული სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბების გარეშე დაესწრო. ეს იყო ყველაზე დიდი მუსიკალური კონცერტი ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და რეგულაციები დაწესდა. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მიზნად ისახავს, შეამოწმონ შესაძლებელია თუ არა covid-19-ის შეზღუდვების შემცირება ახალი აფეთქებების გამოწვევის გარეშე. Guardian-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მთავარი პირობა - COVID19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი იყო. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული მუსიკის მოყვარულს ღონისძიებაზე დასწრება და მთავრობის მიერ წამოწყებულ ახალ კოვიდ-ექსპერიმენტში ჩართვა სურდა, მას პარასკევს ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარედგინა. მათივე ინფორმაციით, ბილეთის მფლობელები 18 წელს ზემოთ ასაკის უნდა ყოფილივყნენ და დასასწრებად დარეგისტრირებულიყვნენ ლივერპულში. გავლენიანი ბრიტანული მედია BBC წერს, რომ PCR ტესტირების ჩატარება აუცილებელი იყო, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრეც. ასევე, კვლევის ფარგლებში, ღონისძიებაზე დამსწრეებს, განმეორებითი კოვიდტესტირება შაბათის შემდგომ (ანუ ღონისძიებამდე ტესტის ჩატარებიდან) მეხუთე დღეს უნდა ჩაიტარონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება კვლევა, თუმცა Euronews-ი წერს, რომ ექსპერიმენტის მთავარი კულმინაციური ღონისძიება 15 მაისს უემბლის სტადიონზე გაიმართება, სადაც საფეხბურთო მატჩს 21 000 ადამიანი დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მეცნიერები კვლევის ფარგლებში ასევე სწავლობენ სხვა ფაქტორებს, როგორიცაა სივრცეში ჰაერის მოძრაობის, ურთიერთქმედებისა და ვენტილაციის ხანგრძლივობა. ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ახალგაზრდები დიდხნიანი პაუზის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ რეგულაციების გარეშე ღონისძიებაზე დასწრება ,,ჩვეულებრივზე უკეთესი იყო". ,,შენ თავს ცოცხლად გრძნობ, ეს ჩვეულებრივზე უკეთესი იყო ”, - თქვა ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ. BBC-ის ინფორმაციით, კონცერტის მონაწილეების ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ერიდებოდათ ხალხში ყოფნა. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, კვლევაში მონაწილეობა და მისი წარმატებით დასრულება დაეხმარება გააცნობიერონ მალე შეძლებენ თუ არა მსგავს მუსიკალურ ფესტივალებზე თავისუფლად დასწრებას, ყველანაირი რეგულაციების გარეშე. ღონისძიების ორგანიზატორები კი ბრიტანულ მედიასთან აცხადებენ, რომ ზაფხულში დაგეგმილი ღონისძიებების უდიდესი ნაწილის ბილეთები უკვე გაყიდულია. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ უზრუნველყონ მეტი საგარანტიო პირობების მიცემა, რათა იმ შემთხვევაში თუკი ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდება და ღონისძიებების გაუქმების საკითხი დადგება, დიდი ფინანსური ზარალი არ მიადგეთ.

ვენეციის კომისიის დასკვნის ავტორი: პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა რიგი საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ საჭიროა

ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშრებით სწრაფი დასკვნა/მოსაზრებები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. ამასთან დაკავშირებით, Europe Time ვენეციის კომისიის წევრს და ამ დასკვნის ერთ-ერთ ავტორს რიჩარდ ბარეტს ესაუბრა. „ეს სენსიტიური საკითხია, რომლის მიზანიც საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების ხელშესაწყობად, საუკეთესო კანდიდატების მოზიდვა უნდა იყოს. პროცესი ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად. ცვლილებებში პროგრესი შესამჩნევია, უნდა აღინიშნოს კანდიდატების საჯარო მოსმენის დროს ყველა კანდიდატის მიმართ თანაბარი მიდგომა და ასევე პოზიტიურია ის, რომ კანდიდატები, რომლებმაც გასაუბრების დრო საუკეთესო შედეგი მიიღეს, საბოლოო ჯამში კანდიდატთა სიაში მოხვდნენ. ცვლილებების მიხედვით, მისასალმებელია, რომ გასაუბრების დროს მიღებული ქულები, კანდიდატს შეუძლია, საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს. ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა Europetime-თან საუბრისას. მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ამ მიმართულებთ მიღწეულ პროგრესსა და ნაკლოვანებებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „მთავარი მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ეფექტური და სამართლიანი პროცედურის შექმნაა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყველა კანდიდატის მიმართ პროცედურის სამართლიანად წარმართვა. ამ თვალსაზრისით არსებობს მრავალი გაუთვალისწინებელი საკითხი, რომელთა მოგვარება ჯერ კიდევ საჭიროა, მათ შორის, ცვლილებების მიხდვით საჭიროა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისადმი საჩივრით მიმართვისას, ყველა კანდიდატისთვის დანიშვნის მთლიანი პროცედურის შენარჩუნება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების უფლება არსებობდეს. შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა ასევე უნდა შეიცვალოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა (და ა.შ.) - ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ჩვეულებრივი აცილების პროცედურის დაცვა არ იქნება ადეკვატური. და ბოლოს, ამჟამინდელი ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მათ მიღებას მიმდინარე კონკურსის დროს, შეიძლება შედეგები მოჰყვეს ამ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის. მიუხედავად კონკურსის დროს განხორციელებული ცვლილებებისა, კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება, საჭირო იყოს ამ პროცესში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ან პროცესის სრული განახლებაც კი. გასაჩივრების მექანიზმთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, პროცესისადმი ნდობის გაზრდას უნდა დაეხმაროს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა. ვენეციის კომისია 29 აპრილს გამოქვეყნებულ თავის დასკვნაში მიესალმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია გაითვალისწინეს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს ერთხმად მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით“. ვენეციის კომისიას სასწრაფო დასკვნის მოსამზადებლად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 8 აპრილს მიმართა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, ის იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“ ევროკავშირმა სინანულით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი „ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო აზრის დროულად მოკითხვის, თუ ამ აზრისათვის დალოდების გარეშე“. ინტერვიუს ინგლისური ვერსია, ამ ბმულზე ნახეთ.

ევროკომისია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ

ევროკომისიის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ეს არის პირველი შემთხვევა, პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი. ამასთან, ევროკომისიაში გამოდიან რეკომენდაციით, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ამოქმედდეს მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონკრეტული სახელმწიფოებიდან მოგზაურების მიღების შეზღუდვა დროულად შეძლონ. ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.