ძებნის რეზულტატი:
Reuters-ი: გაფრთხილების მიუხედავად, ინდოეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვები არ დააწესა
ინდოეთის მთავრობის მიერ შექმნილმა სამეცნიერო მრჩეველთა ფორუმმა ინდოეთის ოფიციალური პირები ქვეყანაში კორონავირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შესახებ მარტის დასაწყისში გააფრთხილა, - განუცხადა Reuters-ს ფორუმის მონაწილე ხუთმა მეცნიერმა. მეცნიერების თქმით, ინდოეთის მთავრობამ უგულებელყო გაფრთხილებები. როგორც ოთხმა მეცნიერმა განაცხადა, გაფრთხილების მიუხედავად, ფედერალური მთავრობა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად არ ცდილობდა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. მილიონობით, ძირითადად ნიღბიანი, ადამინი დაესწრო რელიგიურ ფესტივალებსა და პოლიტიკურ მიტინგებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და ოპოზიცურმა პარტიებმა გამართეს. ამასთანავე, ათიათასობით ფერმერი შეიკრიბა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ცვლილება გააპროტესტა. ინდოეთში Covid-19-ის შემთხვევის მაჩვენებლებმა გლობალურ მაჩვენებლებს მიაღწია, საავადმყოფოებში საწოლების, მედიკამენტების, ვენტილატორების და ჟანგბადის აპარატის მარაგები ამოიწურა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა დამანგრეველი მეორე ტალღის ფონზე, რომელიც გასულ თვეს დაიწყო. მედია წერს, რომ ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ახლა მსოფლიოს ცხელი წერტილია. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა დახმარების სურვილი და ინდოეთს AstraZeneca– ს მილიონობით ვაქცინის დოზას მიაწვდის. ჟანგბადის აპარატები კი ქვეყანას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა. .კრემატორიუმებში ადგილის არარსებობის გამო, კრემაცია სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ხდება. ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მედია: ინდოეთში საავადმყოფოებმა მკურნალობისთვის საჭირო რესურსი ამოწურეს. ათასობით ადამიანი იღუპება
სოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე (გუგუთი) ჩამოვიდა კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება", - ნათქვამია ინფორმაციაში. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აშშ-მა და NATO-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს
აშეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო, რითაც დასრულდა "სამუდამო ომი", როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-სა და NATO-ს თითქმის 20 წლის განმავლობაში მოუწიათ ავღანეთში ყოფნა. ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანა 11 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. როგორც BBC წერს, ჯარების გამოყვანის პროცესი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. "თალიბანი აცხადებს, რომ აღარ აქვთ ვალდებულება, საერთაშორისო მისიების სამხედროები მიზანში აღარ ჰყავდეთ", - წერს BBC. გასულ წელს, დონალდ ტრამპის მმართველობისას მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი საბოლოოდ 1-ელ მაისს უნდა დაეტოვებინა. გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ზოგი სამხედრო დანაყოფი 2001 წლის ტერაქტის 20-წლისთავამდე, 11 სექტემბრამდე ავღანეთში დარჩებოდა. თალიბანის სპიკერის განცხადებით, "ამ დარღვევამ თალიბანის მებრძოლებს გაუხსნა გზა, მიიღონ ყველა საპასუხო ზომა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ".
USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა. "მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia“-ს მოაწყობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა. Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო. ”Digital Day in the Life of Georgia” ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის ვებ გვერდებზე აიტვირთება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „ მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა Steller-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერები მაისში საქართველოს ეწვევიან. USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. USAID ჩართულია უშუალოდ Steller-ის და ინფლუენსერების საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ხერხია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ინფლუენსერებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, რადგან ისინი უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „ჩვენს ინფლუენსერებს მთელ მსოფლიოში აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სწორ დროს და სწორ სამიზნე აუდიოტრიას საქართველოს შესახებ მოუყვებიან ამბებს, რაც პოსტკოვიდურ რეალობაში ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.“-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი.
მამუკა ხაზარაძე: ვეცდები ნიკა მელიას ავუხსნა, ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დასალაპარაკებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ის ეცდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აუხსნას, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება და მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს. "გირაოს გადასახდელად, მელიამ ევროკავშირის ფონდი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება "ქართული ოცნებისთვის" სილის გაწნა, ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და იქ გააგრძელოს ბრძოლა,"-აღნიშნა ხაზარაძემ.
გურჯაანში სეტყვამ 150-მდე სახლის სახურავი დააზიანა
ზარალის დამთვლელი კომისიის პირველადი ინფორმაციით, გუურჯაანის რაიონში მოსულმა სეტყვამ, სოფელ კაჭრეთში 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ბოლო სამი დღეა კახეთში ცალკეული მუნიციპალიტეტები დაისეტყვა. დაზარალებულთა ინფორმაციით, სტიქიამ ზოგ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას და ბანკებში სესხების გადავადებას ითხოვს. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, სტიქიით მიყენებული ზარალის მონაცემები კიდევ შეიცვალოს. დაზარალებული მოსახლეობის თქმით, წვიმის შემთხვევაში ღამეს სახლებში ვერ გაათევენ, რადგან სახურავები ძალიან არის დაზიანებული მერიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე დაზიანებულ სახურავებს ტენტით გადაუხურავენ. 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კაჭრეთში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლიანი კულტურებიც გაანადგურა. დახოცილია შინაური ფრინველიც.
მამუკა ხაზარაძე: ნიკა მელია იაზრებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის
"ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც", - ამის შესახებ სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც ის ნიკა მელიასთან სასაუბროდ იმყოფებოდა. "ლელოს" ლიდერის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იზიარებს იმას, ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. "ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- განაცხადა ხაზარაძემ. ნიკა მელიას მონახულებამდე მამუკა ხაზარაძემ განცხადა, რომ "გირაოს გადასახდელად, მელიამ ევროკავშირის ფონდი უნდა გამოიყენოს. "ეს იქნება "ქართული ოცნებისთვის" სილის გაწნა, ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და იქ გააგრძელოს ბრძოლა,"-აღნიშნა ხაზარაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეორედ დაისეტყვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეორედ დაისეტყვა. სტიქიამ გიორგეთის თემის სოფლებში ბაღდათსა და კაკლიანში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა. მესამე დღეა კახეთი სტიქიას ებრძვის. ღამით ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ვენახები, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ძლიერი სეტყვის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე, 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თბილისიდან 59 კმ_ში, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა.
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია
წმინდა ცეცხლი საქართველოში უკვე საქართველოშია. წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 20:30 საათზე ჩამოიტანეს. ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ. მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა
დღეს, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, დემონსტრანტებმა აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართეს. რამდენიმე დღის წინ, თურქეთში პანდემიის გამო, სრული “ლოქდაუნი“ ამოქმედდა, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება. ლოქდაუნის პერიოდში აქციებზე დაკავებები განხორციელდა ქალაქ იზმირშიც. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, პროფკავშირების ნაწილს, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნებართვა ჰქონდა, ხოლო დემონსტრანტების ნაწილი უკანონოდ შეიკრიბა და „ლოქდაუნის“ ფარგლებში მოქმედი შეზღუდვები დაარღვია. "მათ ყურადღება არ მიაქციეს მოწოდებებს, რომ დაშლილიყვნენ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს", - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას ევროსასამართლოში უჩივლა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას ევროსასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ევროსასამართლომ სააკაშვილის სარჩელი -"მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - წარმოებაში მიიღო. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, საუბარია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ერთია ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე - შეწყალების საქმესთან დაკავშირებული. „ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, შესაბამისი კითხვები გადმოგზავნილია პროკურატურაში და შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებზე დაზუსტებული პასუხების გაგზავნა. მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში, ეროვნული სასამართლოების დონეზე გამოტანილია არაობიექტური განაჩენი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, არაჯეროვნად იყო საქმე შესწავლილი და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, - განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი ჩივიაშვილმა. თავად მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული. „საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის „კაპრიზებზე“ რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები, რომელსაც არაფერი კავშირი არა აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პატრონი, ახლა არის ბატონის ქვეშ, ოღონდ უპატრონოდ.მე მაქვს დაგეგმილი, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს და ამჯერად ნიკა მელიას ციხიდან დახსნას და სხვა რეპრესიების შეწყვეტას“, - განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.
ამირან გამყრელიძე: Covid პასპორტებს, მომავალ კვირას სამინისტროს წარვუდგენთ, თითქმის დასრულებულია
"ორი დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში Covid პასპორტის პირველი გატესტვა მოხდა . მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროში წარდგენის და შემდგომ Covid საბუთის მოქმედების პრინციპს უკვე საკოორდინაციო საბჭოსაც წარუდგენენ. "COVID-პასპორტზე რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს – გადატანილი აქვს თუ არა COVID-ი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება, ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90% უკვე დასრულებულია", - განუცხადა ამირან გაყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
თენგიზ ცერცვაძე: პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით Covid -19-ის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა წლის ბოლოს ველოდით, მაშინ, შესაძლებელია, პანდემია კიდევ 2-3 წელი გაგრძელებულიყო, ან უფრო მეტიც. "ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა არსებობს და თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელებმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრეს, ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება", - განუცხადა "იმედს" თენგიზ ცერცვაძემ.
ამირან გამყრელიძე: 15 000-ზე მეტი აქტიური პაციენტი გვყავს და მათი 30 % ჰოსპიტალიზირებულია
"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში15 000-ზე მეტი აქტიური პაციენტია და მათი დაახლოებით 30% არის ჰოსპიტლებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.. მისი თქმით, დაახლოებით 80 პროცენტამდე არის გაზრდილი პირბადის ტარების მაჩვენებლი, რაც სერიოზულად სანუგეშოა, "ეს ე.წ არდადეგების პერიოდი უნდა გამოვიყენოთ და ზედმიწევნით დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. კარგია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, დიდ წვეულებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი გახლავთ", - განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.
სალომე სამადაშვილი: მისასალმებელია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, საპატიმრო ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს
"მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს და პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს. "ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს ნიკა მელიას გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარებიც გაიღება. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს. მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუემნტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, რის გამოც მას საკუთარი პარტიის წევრებთან დაპირისპირება ჰქონდა.
ამირან გამყრელიძე: Astra zeneca-ს 43 ათასი დოზა საქართველოში 6 მაისს ჩამოვა, კიდევ 43 ათასი დოზა კი მაისის შუა რიცხვებში
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა საქართველოში 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს, დანარჩენი 43 ათასი კი, მაისის შუა რიცხვებში, – ამის შესახებ, საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. „ნოვავაქსთან“ უფრო წინაა მოლაპარაკებები. კონტრაქტამდე იყო მისული და „ნოვავაქსი“ ალბათ, უფრო ადრე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება „ჯონსონ ენდ ჯონსონს“, რომელიც ამერიკაში ადმინისტრირდება, იქ ისეთი პრობლემები შეიქმნა, დროებით შეაჩერეს, მაგრამ ისევ აღადგინეს და აღნიშნული ვაქცინა, ისევე როგორც „მოდერნა“ გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტრო მუშაობს ამ ორივე ვაქცინაზე. ამასთან, მოგეხსნებათ, გუშინ „მოდერნას“ ჯანმო-მ მისცა ავტორიზაცია. „ასტრაზენეკას“ რაც შეეხება, გადაიწია ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩამოსვლამ. 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს 43 000 დოზა და მაისის შუა რიცხვების განმავლობაში დანარჩენი 43 000 დოზა“, – განუცხადა პირველ არხს გამყრელიძემ.
ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია რეგულაციების დაცვით იწყება
ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია რეგულაციების დაცვით იწყება.დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეასრულონ. სასულიერო პირებმა კი ზიარების საიდუმლო ერთჯერადი ჭურჭლით უნდა შეასრულონ. დისტანციის დასაცავად ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთებულია ნიშნულები ეკლესიების შიდა და გარე ტერიტორიაზე, სივრცეები დამუშავებულია სპეციალური ხსნარით. სამების საკათედრო ტაძარში უკვე შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რომლებიც მრევლთან ერთად პატრიარქს ელიან.
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს - ეპისტოლე საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა : "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო, ქრისტე აღდგა! „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21). კვლავ დადგა ჟამი დიდებული, - აღდგა უფალი ძალითა ძლიერი, რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა იგი. მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან „სამოთხე განღებულ არს და სიკუდილისა ბჭე დახშულ არს. პირველქმნილი ადამი კუალად განახლებულ არს და სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს“ (იადგარი). დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი და ელხინათ მართლებს ... „მაშ, გლოვის სამოსელი განიძარცვე და სიხარულის სამკაულით მოირთე, წმინდა ქალაქო" (წმ. მელეტი ანტიოქიელი). ქრისტე აღდგა! გიხაროდეს ქალწულო, რამეთუ შენგან და შენ მიერ იშვებენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. გიხაროდენ, ერნო, ჭაბუკნო და ასულნო, მოხუცებულნო ყრმათა თანა, რამეთუ მიზანი ბოროტისა განქარვებულია და მახენი ეშმაკისა - გაშიშვლებული. გიხაროდეს, შენც, მიწავ და ზეცავ, მთაო და ზღვაო, და ყოველნო მყოფნო მათ შინა; შემოდის დღე - სასწაული, დღე - მაცხოვნებელი, დღე - გადამრჩენელი! ამიტომაც ვხმობთ: გუშინ თანა-ჯვარსვეცმოდი ქრისტესთან, დღეს თანა-ვიდიდები; გუშინ თანა-მოვკვდებოდი, დღეს თანა-ცხოველვიქმნები; გუშინ თანა-დავეფვლოდი, დღეს თანა-აღვდგები (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი). აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით" (რომ. 6,5-4) განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8,2). სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ (ინ. 5,28-29). თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, -მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს. როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს? ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ; მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია; ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი. აღნიშნულ ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით (თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა), რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს; ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, - ხილულსაც და უხილავსაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ. რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის? ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც; ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12). ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს. ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც ... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა. იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31) „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ (ინ.13,34). „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (მთ.5,44) „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ (ინ.14,15) რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში? ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი. საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ; მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს. აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მთ.25, 35-36,40). ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს,- უნდა შევუნდოთ. ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი. როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს? ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს; ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18). ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც, - შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), - საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება. * * * * * სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც - მისი აღდგომისა. მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე... ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან... და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს". ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... გაყალბებული, პიროვნების იდეალი - უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“... ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს; ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი... მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“ * * * * დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც. სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის). გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია: მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ - ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ. ამასთან, რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც. აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“ ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები. ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით. ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37). თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ. ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) . მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14). ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ყოველნო ერნო: ქრისტე აღდგა! მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ. მის შესახვედრად „უწინარეს ყოვლისა იპყარით რწმენის ფარი, რითაც შესძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას“ (ეფ.6.11) და „შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ურთიერთს ... შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი იყავით“... (კოლ.3.12-16). შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12), რათა „დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი“ (ებრ.12,28) გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ (ებრ. 13.8) და ჟამთა ცვლა მას არ ეხება. გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი აღდგომა ქრისტესი, 2021 წელი".
პატრიარქი: მაცხოვრის მსგავსად უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ
ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, „რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი, მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი“. „საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, – ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ; მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ” (მთ.25, 35-36,40). ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს, – უნდა შევუნდოთ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში. აქვე ნათქვამია, რომ ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი. „როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს? ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს; ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18). ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოსდა სარწმუნოებრივადაც, – შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), – საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.