ძებნის რეზულტატი:
გერმანიის პოლიციამ მიაგნო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას მსოფლიოში - დაკავებულია გერმანიის 4 მოქალაქე
თვეების განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, გერმანიის პოლიციამ მიაგნო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი უდიდეს პლატფორმას მსოფლიოში, რომელსაც 400,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. პლატფორმა აქტიური იყო მინიმუმ 2019 წლის ივნისიდან და მხოლოდ ე.წ darknet ქსელის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს გერმანიის ოთხი მოქალაქე, რომლებიც 40-დან 64 წლამდე არიან. სამი მათგანი პლატფორმის ადმინისტრატორად მუშაობაში იყო ეჭვმიტანილი. მათ შორის ერთ-ერთი პარაგვაიში დააკავეს. მეოთხე მამაკაცი, რომელიც დააკვეს, 64 წლის, ჰამბურგის მკვიდრი საიტზე 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდა პლატფორმას, მის ადმინისტრატორებს და მომხმარებლებს. გამოძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საპოლიციო სააგენტო, ევროპოლი და ჰოლანდიის, შვედეთის, ავსტრალიის, აშშ-ის და კანადის სამართალდამცავი ორგანოები.
გებრეისუსი ჯანმო-ს ხელმძღვანელობას მეორე ვადით აპირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ხუთწლიანი ვადით კენჭისყრას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Stat News-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეყოლება თუ არა კიდევ სხვა კანდიდატი ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ცნობისთვის, გებრეისუსი პირველი აფრიკელია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ჯანმო-ს ხელმძღვანელის პოსტი მან 2017 წელს დაიკავა. გებრეისუსი წარმოშობით ეთიოპიელია.
ნიგერიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 16 სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაიჭრა
ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ სამხედრო ნაწილებს, რომელებიც ტაჰოიას რაიონში პატრულირებდნენ. თავდასხმის შედეგად 16 სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ რეგიონში, მარტის თვეში 137 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია რომელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განახორციელა შეტევა.თუმცა, ტერიტორიას, სადაც თავდასხმა მოხდა ჯიჰადისტური დაჯგუფებები აკონტროლებენ. მათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან - "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 2018 წლიდან ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი მოკლეს.
ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. თუმცა, ვაქცინის სახელწოდება არ გაუსაჯაროებიათ. ვაქცინაციის ამსახველი ვიდეომასალა ფაშინიანმა Facebook-ის გვერდეზე გაავრცელა და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა ურჩია. "ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს და აცრა გააკეთონ", - წერს ფაშინიანი. სომხეთში ამ ეტაპზე AstraZeneca-ს და რუსული Sputnik V-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი.
ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი დღეიდან იწყება.
ჯო ბაიდენი: ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ 62 500 ლტოლვილის მიღებას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება. Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენი აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 000-მდე დაიყვანა, რაც, ბაიდენის განცხადებით, არ ასახავს ამერიკის როგორც ერის ღირებულებას. „სამწუხარო სიმართლე ის არის, რომ ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ 62 500 ლტოლვილის მიღებას. სწრაფად ვმუშაობთ, რათა ბოლო ოთხ წელში მიყენებული ზარალი გამოვასწოროთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამირან გამყრელიძე: თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60%, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება. ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ და ვაქცინის ჩასატერებლად ამცრელ პუნქტებში მივიდნენ. „აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარუ გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 09:36 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან დაფიქსირდა.
დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს. ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე. „სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთსა და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მათივე ცნობით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის („ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
დღეიდან ერთ კვირიანი უქმე დღეები დაიწყო
დღეიდან ერთ კვირიანი უქმე დღეები დაიწყო. უქმეები 11 მაისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შეზღუდვა გუშინ ამოქმედდა. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. ამასთან, დღესაც მოქმედებს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა. შეზღუდვა 2 მაისს შევიდა ძალაში და დღეის ჩათვლით იმოქმედებს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 788 ადამიანს დაუდასტურდა, 1 206 გამოჯანმრთედა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 376, აჭარაში - 469, იმერეთში - 424. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 - აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 598 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 741 პირი, აჭარაში - 2 331, იმერეთში - 798.
ამირან გამყრელიძე: ვეცადოთ, აცრების დღიური რაოდენობა მაის-ივნისში 6 000-მდე იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეები უნდა ეცადონ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაის-ივნისში 5000-6 000-ის ფარგლებში იყოს. მისივე თქმით, სასურველია, ყველამ მოიხადოს სამოქალაქო ვალი და აიცრას. „დღეს აცრები წარმოებს საქართველოს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. დღეში საშუალოდ 1 200- 1 500 აცრა ტარდებოდა. დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, სამივე ვაქცინით დღეს 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. უნდა ვეცადოთ, რომ აცრის ყოველდღიური რაოდენობა მაის-ივნისში 5 000-6 000-ის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი. ეს მიზანი არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რათა ყოველდღიურად აღარ იყოს 20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. ხაზს ვუსვამ, 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ეს ყველამ გავითავისოთ და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ – დავასრულოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ
„ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ“, - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. რუსეთს სომხეთში დამატებითი ძალები ნებაყოფლობით შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან 1940-იან წლებს მაგონებს ლიტვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები“ ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს. მთლიან რეგიონს თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, რუსეთი ყველგან ქმნის „კალინინგრადს", მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევებს. სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს. P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი მქონდა, ახლა ყველაფერს ვალაგებ, ცოტა მიჭირს, მაგრამ თუ დამჭირდა, ხვალვე შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება“, - ნათქვამია ლიეტუველი დიპლომატის შეფასებაში. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ
ლონდონში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს პრეზიდენტი ბაიდენი ამაზე პირდაპირ ისაუბრებს. ბლინკენის განმარტებით, არსებობს სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობაც ორი ქვეყნის ინტერესებშია, სტრატეგიული პარტნიორობა კი ამ სიის სათავეშია. ამის მაგალითია ახალი სტარტის შესახებ შეთანხმებაც. თუმცა, მისივე თქმით, თუ რუსეთი უგუნურად ან აგრესიულად მოქცევას გადაწყვეტს, აშშ ამას უპასუხებს. „პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ. თუმცა, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ესკალაციისკენ არ მივისწრაფით. უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს. თუ რუსეთი ამ მიმართულებით წავა, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს ამაზე პირდაპირ ისაუბროს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამირან გამყრელიძე: მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია შექმნილი. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ ამინდებთან ერთად, შესაძლოა, ვირუსი შესუსტდეს. „დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის გაუარესებული, ვიდრე იყო მარტ-აპრილში. თუმცა ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ეპიდსიტუაცია საკმაოდ კარგად იმართება. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000- 3000-4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ლაბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას. ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია. რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
BBC-ის ინფორმაციით, მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში, ჩაინგრა ესტაკადა, რომელზეც მეტროს ხაზი გადიოდა და შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა. ნგრევის დროს, მეტროს შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ესტაკადის ქვეშ, საავტომობილო გზაზე მოძრავ, სულ მცირე, ერთ ავტომობილს დაეცა. შემთხვევა ოლივოსის სადგურთან, მეტროს მე-12 ხაზზე მოხდა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 70-მდე ადამიანია დაშავებული. ზოგი ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშაა მოქცეული. არ გამორიცხავენ, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.
აშშ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გასცემენ
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გასცემენ. როგორც ცნობილია, ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად აშშ-ის „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ“ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ფედერალური ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება იმის განსახილველად, რეკომენდებულია თუ არა აცრის გაკეთება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი „ფაიზერის“ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის უკვე გაცემულია.
ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან
ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები მიმდინარე კვირიდან ჩაერთვებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. ვაქცინაციის პროცესში ასევე ჩაერთვებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებულები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორებიც აიცრებიან
ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წარმომადგლენლებიც ჩაერთვებიან, ასევე COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები აიცრებიან.
ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ მწვანე პასპორტები გაიცემა
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები. საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.