ძებნის რეზულტატი:
ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება - ვინ ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში
ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წარმომადგლენლებიც ჩაერთვებიან, ასევე COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები აიცრებიან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
თამარ გაბუნია: ,,კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, ბაზარზე შესაძლოა, გააქტიურდეს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის“ ვაქცინაც. „ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს. მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი. მიდის მუშაობა „ფაიზერთან“ დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება“, - აცხადებს გაბუნია.
დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ინდური შტამი? - ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის. „ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყნაში ინდური შტამი, ნამდვილად არის. მაგრამ, ჯერჯერობით არის მხოლოდ ბრიტანული შტამი. ამ წუთისთვის ლუგარიდან ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ მაქვს. ქვეყანაში დღეს მუშაობს 50-მდე ლაბორატორია. მათ შორის შესაძლოა, აკეთებდნენ შტამების დიფერენცირებას. ჩვენი ლაბორატორიის, ლუგარის მაგალითზე გეუბნებით, ჩვენთან ამ ეტაპამდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, მაგრამ ალბათობა, რომ იყოს, არსებობს. ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, რადგან თვითონ ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ პრეველირებს ბრიტანული შტამი. ეგრეთ წოდებული ორმაგი მუტაცია, რასაც ეძახიან ინდურ შტამს, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია. უმრავლესობაში არის ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება. ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ მუტირებულ შტამებს. ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა, რომ დაფიქსირდეს, არის. გამოკვლევების შედეგებით, ძირითადად, არის ბრიტანული შტამი. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებიც, რომელიც პროგნოზირებაში გვეხმარება, ამას ადასტურებს. ქვეყანაში დომინანტია ბრიტანული შტამი, რომელიც სხვა შტამების სუპრესიას (ავტ. დათრგუნვას) იწვევს. იგივე სურათია ევროპაშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ს და ვისთვის არის პრეპარატი ხელმისაწვდომი საქართველოში
დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყო. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება. საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებულთათვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული. უნგრეთის გარდა, Sinopharm-ი დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. Sinopharm-ის ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული, ჩინეთს და მის გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა გაიცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა. ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, Sinopharm-ის გამოყენების შემდეგ საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ძირითადი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, დაღლილობა, ნანემსარი ადგილის ტკივილი. ამასთან ერთად, ამ პრეპარატით აცრისას ანაფილაქსიის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და მხოლოდ მსუბუქი ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა. კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. ასევე, კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%. ჯანმო Sinopharm-ისა და Sinovac-ის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ამავე თემაზე: რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ჯანმო: Sinopharm-ის ეფექტურობა 78.1%-ით განისაზღვრა
თამარ გაბუნია - „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებელებებშიც ჩატარდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი მომხრეა, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკობრივი განაწილების არსებული რეჟიმი ჯერჯერობით შენარჩუნდეს. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკს რაც შეეხება, 55 წელი შევარჩიეთ. ევროპის რეგიონში 10-12 ქვეყანაა, რომელიც ამ ასაკობრივ ზღურბლს ირჩევს. გასულ კვირას იყო მსჯელობა კლინიკურ ჯგუფში. ჯგუფი ჯერჯერობით ისევ იმ პოზიციას ემხრობა, რომ შევინარჩუნოთ 55 წლის ზემოთ ასაკი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები თუ იქნება, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება „სინოფარმს“, გაბუნიას თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. „რაოდენობა ადგილებისა, რომლებიც იყო გამოყოფილი, პრაქტიკულად შეივსო, განსაკუთრებით თბილისში. ამ კვირაში, დღეს-ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამოხატული არ არის. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმით“ ვაქცინაცია უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. სწრაფი მოცვისთვის ადგილები დაემატება“, – განაცხადა თამარ გაბუნია.
ნათია თურნავას ინფორმაციით, თანამშრომლების აცრის შემთხვევაში ტურიზმის სფეროს კომპანიებს COVID-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, “COVID უსაფრთხო” დაწესებულების სტატუსით ისარგებლებს. “ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. ჩვენ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცები, რესტორატორთა ასოციაციები, სასტუმროების ასოციაციები, რათა რაც შეიძლება მალე შედგეს სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებყოფლობითი ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება. შედეგად, ის ორგანიზაციები სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული საშუალებებით, გავუწევთ პრომოუშენს [რეკლამას] და მსოფლიო შეიტყობს რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო ან რესტორანი არის კოვიდ უსაფრთხო” – ამბობს თურნავა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს მხოლოდ გააძლიერებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს რეალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. „ჩვენ უნდა გვხედავდნენ, როგორც თანასწორ და განუყოფელ პარტნიორს. უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს მხოლოდ გააძლიერებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის. „უკვე 7 წელია, რაც უკრაინა ევროპის ნამდვილ ფორპოსტად რჩება. ჩვენს პარტნიორებს ესმით გამოწვევები და ის, რომ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს დონბასში ომის დასრულებას“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, ახალი ავიაკომპანიები ემატება ქართულ ავიაბაზარს
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენას, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ქართულ ავიაბაზარს. „რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს ახალი, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ვინც ქუთაისის აეროპორტში იფრენენ, რადგან ქუთაისის აეროპორტი არის უფრო გამოკვეთილად დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი აეროპორტი. ასევე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რაც დაემატება ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
გერმანიის გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NABU) ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია ჯერ დაუმთავრებელ მონაკვეთზე უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. 13 აპრილს ანალოგიური სარჩელი შეიტანა კიდევ ერთმა გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ - Deutsche Umwelthilfe (DUH). მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები Nord Stream 2-ის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას მხარს უჭერს. მან ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც რუსეთს ეხებოდა, თქვა: ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირ გავლენას არ ახდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებიტ გერმანიის პოზიციაზე“. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ზე ახალი სანქციების დაწესება ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ეს რუსული გაზსადენი, რომლის შეჩერებაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას: „კონგრესმა რამდენჯერმე იმოქმედა ორპარტიული პრინციპით, რომ ადმინისტრაციას სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს რუსული პროექტი არ დასრულებულიყო. დრო იწურება, პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონი უნდა დაიცვას“. უცხოური მედია წერს, რომ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ ჯეი გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უფროსი მეცნიერ-თანაშრომელი, დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. „2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს“, - წერდა კრამერი ერთ-ერთ სტატიაში. ამავე თემაზე: გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი
Reuters - ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა თალიბანის მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს. აღსანიშნავია, რომ თალიბანმა შეტევები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ განაახლა. როგორც გამოცემა წერს, ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ათაულა ავღანის განცხადებით, თალიბანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს. სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ჯარების გაყვანის პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
დონალდ ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირებზე ბრიტანეთის ყოფილმა მზერავმა FBI-ს ახალი მასალები წარუდგინა
The Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა, ქრისტოფერ სტილმა გადასცა დოკუმენტი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და კრემლის სავარაუდო გარიგების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი დოსიე, რომელსაც სტილი საგამოძიებო ორგანოს გადასცემს. წარსულში მან FBI-ს წარუდგინა მასალა, რომელიც მოიცავს 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდს, რომელიც 2017 წელს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა. გამოცემასთან საუბარში წყარო აღნიშნავს, რომ მეორე დოკუმენტი, რომელიც სტილა FBI-ს გადასცა, შეიცავს ახალ განცხადებებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ და ტრამპის მაკომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებს. გარდა ამისა, დოსიეში შესაძლოა, იყოს ინფორმაცია ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტებზე მოსკოვთან. ცნობისთვის, ქრისტოფერ სტილი ის ბრიტანეთის ყოფილი მზვერავია, რომლის პირველ დოსიეს გამოქვეყნებას საფუძვლად დაედო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს შეხვდა
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაში ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები - ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და მირიან მეგრელიშვილი მონაწილეობდნენ. ინფორმაციას პროკრატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს საქართველოს პროკურატურის რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენერალური პროკურორის არჩევის წესი, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატი და ფუნქციონირება, პროკურატურის თანამშრომლების დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკის და დისციპლინის საკითხები, პროკურატურის 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მოსამართლე მარკ სპეისერმა შეხვედრის მონაწილეებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც პროკურატურის ინსტიტუციურ მოწყობაზე, პროკურორის როლზე, ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობაზე, პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციებზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს."ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა, მათი გამოცდილების გაზიარება იმ საკითხებზე, რაც პროკურატურისთვის პრიორიტეტულია“ - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. ამერიკელი მოსამართლის, მარკ სპეისერის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ეფექტიანმა მუშაობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს, მათთან ერთად განეხილა, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სისხლისსამართლებრივ დევნას და ასევე გაეზიარებინა მისი გამოცდილება."მომეცა სასიამოვნო შესაძლებლობა, მენახა გენერალური პროკურატურის რამდენიმე სამმართველოს უფროსის პრეზენტაციები და მესაუბრა მათთან და თავად გენერალურ პროკურორთან. საკმარისად ვერ აღვწერ, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმან, თუ როგორ ეფექტიანად მუშაობენ პროკურატურაში. როგორც ჩანს, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროკურატურის კეთილსინდისიერებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ჯანსაღი საუბარი გვქონდა და მათგან ბევრი ინფორმაცია მივიღე. იმედი მაქვს, შევძელი, მათთვის მიმეცა რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში" - აღნიშნა მარკ სპეისერმა.
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი USCGC ჰამილტონი შემოვიდა
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მეოთხე კლასის ხომალდი USCGC ჰამილტონი (WMSL-753) შემოვიდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, მიზანი საზღვაო წვრთნების ჩატარებაა, რომელიც ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საზღვაო თანამშრომლობის გაზრდას. შსს ინფორმაციით კი, ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას. უწყების ცნობით, "USCGC HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. როგორც ცნობილია, ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას. ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს. ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC). ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ "ჰამილტონზე" უმასპინძლებენ. აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.
The Hill: ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახალმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც გასულ წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანს სამხედრო დახმარების შეზღუდვა დაუწესეს, პრეზიდეტმა ბაიდენმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ახანგრძლივებს გამონაკლისის მოქმედების ვადას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს. The Hill ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონგრესისთვის მიწერილ წერილში პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევების დაშვება იქნება შესაძლებელი, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ ასეთი დახმარება რეგიონში კონფლიქტს უწყობს ხელს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ინფორმაციის ერთგვარად გასამყარებლად გამოცემამ მოიპოვა მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე „კოვიდ-19“-ის გამო მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებსა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდის – USCGC HAMILTON (WMSL 753) შემოსვლას და აღნიშნა, რომ ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს, როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის პროცესში. „დღეს მომეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განმეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი. ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ ქვეყნის მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს ზოგადად ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების დღის წესრიგი და მასში შემავალი მრავალი საკითხი, რომლებზეც უკვე ვმუშაობთ. სანაპირო დაცვის ხომალდ „ჰამილტონს“ ველით და ამიტომ ხვალ ბათუმში მივემგზავრები. გემბანზე ავალ და ხომალდს დავათვალიერებ. ყოველთვის გვახარებს ამერიკული საზღვაო ძალების გემების ჩამოსვლა საქართველოში. ამჯერად, მოუთმენლად ველი „ჰამილტონის“ შემოსვლას ქვეყნის აკვატორიაში. ქართველ მესაზღვრეებს ძალიან კარგი სწავლება და წვრთნები ჩაუტარდათ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ კადრების შესაძლებლობებმა და პროფესიონალიზმმა. სიხარულით ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში მთელ რიგ საკითხებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი დაესწრო.
კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხდებით, ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობასთან მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის არის კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამა. ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან. მისი განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. „შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" განხილვა დაიწყო
Politico-ს ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლა. როგორც გამოცემა წერს, სააგენტო ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური ცდების წინასწარ შედეგებს გაეცნობა. სააგენტო ასევე განიხილავს გერმანული „ქიურვაკის“, ამერიკული „ნოვავაქსისა“ და რუსული „სპუტნიკ ვი“-ს ვაქცინებს. დღეისთვის ევროპის წამლის სააგენტოს ოთხი ვაქცინა აქვს დამტკიცებული, მათ შორის „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „იენსენი".
ენტონი ბლინკენი და ჟოზეპ ბორელს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ორმხრივი შეხვედრა ლონდონში დიდი შვიდეულის მინისტერიალის პარალელურად გაიმართა. ენტონი ბლინკენმა და ჟოზეპ ბორელმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე არსებული საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა ისაუბრეს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გათვალისწინებით. ბლინკენმა და ბორელმა განიხილეს ავღანეთის საკითხი და იმსჯელეს ჩინეთთან ურთიერთობებზე.
კოვიდკლინიკაში გაჩენილი ხანძრის გამო, ერაყის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამო, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქადიმის განკარგულებით, თანამდებობა დატოვა საავადმყოფოს დირექტორმა, ასევე სამედიცინო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. 24 აპრილს, ბაღდადის კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იბნ ხათიბის საავადმყოფოში ხანძრის შემდეგ ერაყის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების განკარგულება გასცა.
თამარ არჩუაძე: FlyArystan-ის გარდა საქართველოს ავიაბაზრით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც დაინტერესდნენ
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა. აქტაუდან ჩამოსული მგზავრებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ. მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. საინაუგურაციო ცერემონიალში მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, DMO IMERETI აღმასრულებელი დირექტორი ტატო ლილუაშვილი და სხვები. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. დღესვე, 23:00 საათზე პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან განხორციელდება