ძებნის რეზულტატი:
Pfizer-ი ინდოეთს დახმარების სახით 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს
Pfizer-ი აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, კომპანია ინდოეთს დახმარების სახით 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს. „მედიკამენტები, მათ შორის სტეროიდული პრეპარატები, ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების შესამცირებლად და ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება. Pfizer-ი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამჟამად კოვიდინფიცირებულია ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში და გააგრძელებს დახმარების გაწევას“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 368 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 417 ადამიანი გარდაიცვალა.
საპატრიარქო: სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა. "დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა. როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მესტიაში ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ქალის ცხედარი იპოვეს
მესტიაში მაშველებმა სამძებრო სამუშაოების დროს ხევში გადავარდნილი ტურისტი ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი ქალი სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამმართველოს მაშველები", - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 3 მაისს ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის განხილვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ 1-მა დეპუტატმა, 3 წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა თავი შეიკავა. ამავდროულად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "აყვავებული სომხეთის" და "ნათელი სომხეთის" პარტიების დეპუტატებმა. ამრიგად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში კვლავ არ აირჩევს მთავრობის ხელმძღვანელს, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი, ვლადიმერ ჩიჟოვი, მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ ბრიუსელში დაიბარა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს. "რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი გამოიძახეს. ის ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალურმა მდივანმა შუადღისას უნდა მიიღონ და მკაცრი პროტესტი გადასცენ", - აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა. ელჩის დაბარება დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ბლოკი მკაცრად გმობს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ევროკავშირის 8 მოქალაქეს აეკრძალა. რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა. ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია.
63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა რუსეთის დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა გამოუცხადა
მსოფლიოს 63 ქვეყნის 250 ჟურნალისტმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე თავდასხმები შეწყვიტონ. ჟურნალისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის გამოცემა „Важных историй“ და DOXA-ს, ასევე გამოცემა "Медузы", რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ კრემლი ცდილობს, გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია და რუსეთის მოქალაქეებს მართალ ინფორმაციაზე წვდომა მოუსპოს. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს სიტყვის თავისუფლების დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები. "პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ - 60-ზე მეტი ქვეყნის დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიის საზოგადოება - მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა გამოხატვის თავისუფლების დაცვაში. 1998 წელს რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონვენციას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ყველას სიტყვის თავისუფლებას, აგრეთვე უფლებას "მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია და იდეები სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად". რუსეთის დამოუკიდებელ მედიას სერიოზული საფრთხე ემუქრება. იმ მომენტიდან, როდესაც ვლადიმერ პუტინი გახდა რუსეთის პრეზიდენტი, სახელმწიფომ დაიწყო ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე საკანონმდებლო შეზღუდვების, მფლობელების შეცვლის, ჯარიმების და სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით. ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ახლა რუსულ მედია სამყაროში დომინირებს მედია, რომელსაც აკონტროლებს სახელმწიფო ან ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობრები... ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კრემლის შეტევები გაძლიერდა დამოუკიდებელი მედიის ნარჩენებზე... დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ, ხელმოწერილნი, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს "Важных историй", DOXA, "Медузы" და სხვა დამოუკიდებელ რუსულ მედიასაშუალებებს, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და, მიუხედავად ამისა, განაგრძობენ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში. წერილს ხელს აწერენ ისეთი გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიცაა The Guardian, The Washington Post, Le Monde, Süddeutsche Zeitung, Reuters, Deutsche Welle და სხვ.
ვენეციის კომისია და ეუთო: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოზიტიური წინადადებების მიუხედავად, საქართველოში საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა
„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოზიტიური წინადადებების მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა“, - საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პოზიტიურ ცვლილებებს შეიცავს, მაგრამ გარკვეულწილად ახალ შეშფოთებას იწვევს, რაც ემატება ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი. „ვენეციის კომისია და ODIHR ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით მისი ფუნდამენტური ელემენტები მომდევნო არჩევნებამდე გამოსწორდეს. საარჩევნო კანონმდებლობის ხშირად შესწორების პრაქტიკა, საარჩევნო პროცესის მთლიანობის და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმდინარე ძალისხმევისთვის საფრთხეების რისკს შეიცავს. უფრო მეტიც, ამჟამად შემოთავაზებული ცვლილებების ვადები, 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე, შეშფოთებას იწვევს: ამასთან, იზრდება შეშფოთება ზოგიერთ შესწორებასთან დაკავშირებით, მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით და ბევრი ფუნდამენტური საკითხი კვლავ რჩება გადაუჭრელი. ვენეციის კომისია და ODIHR იმეორებენ თავის რეკომენდაციას, რომ კანონით ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების გადაყენებას, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ტოვებს შესაძლებლობას, რომ პარტიებს მიეცეთ სრული დისკრეცია მათი გათავისუფლების შესახებ.
ესპანეთში დააკავეს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის ყალბ ცნობას ყიდდა
ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის ყალბ ცნობას მაროკოში გამგზავრების მსურველებზე ყიდდა. Reuters-ის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი თითოეული ყალბი მოწმობის დამზადებაშო 130 ევრო (156 აშშ) დოლარს იღებდა. დაკავებული ესპანეთიდან მაროკოში გამგზავრების მსურველებისგან სწორედ ტესტის პასუხის ცნობისათვის ამ თანხას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პოლიციამ აღმოაჩინა კიდევ 7 საქმე , სადაც ეჭვმიტანილები PCR ტესტის პასუხის ყალბ მოწმობას ყიდდნენ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის
ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ ვაქცინებისა ალიანსთან (GAVI) შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიიღებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, Moderna ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეოთხე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს. შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით. რომლებიც ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიონ მდიდარ ქვეყნებს მსხვილ, წამყვან კომპანიებთან კონტრაქტის მიღებაში. "ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენს ვაქცინებზე წვდომა ჰქონდეთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უამრავ ქვეყანას შეზღუდული რესურსები აქვს ვაქცინებზე წვდომისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ COVAX-ის მისიას, უზრუნველყოს ვაქცინებზე ფართო, ხელმისაწვდომი და თანასწორი წვდომა", - აღნიშნა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბენსელმა.
ჯო ბაიდენი: ალ-ქაიდა ავღანეთში დასუსტებულია, მაგრამ აშშ ფხიზლად იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის თავდასხმების დამგეგმავის სიკვდილის და თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად, ავღანეთში ალ-ქაიდის ყოფნა "დასუსტებულია". როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატებმა ,,ყველაზე გრძელი ომი" დაასრულა და ჯარი გამოყავს ავღანეთიდან, აშშ განაგრძობს საფრთხეების აღსაკვეთად ავღანეთში მონიტორინგს და დააკვირდება პროცესებს. ,,თითქმის 20 ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ხალხს თავს დაესხნენ 11 სექტემბერს და ჩვენ ავღანეთში ომში ჩავედით, ალ ყაიდას და მის ლიდერებს გავეკიდეთ. ჩვენ გავყევით ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარიბჭემდე და ის მივიღეთ. ჩვენ შევასრულეთ მათ წინაშე დადებული პირობა, ვინც 11 სექტემბერს საყვარელი ადამიანები დაკარგა: რომ დაკარგულებს არასოდეს დავივიწყებდით, და რომ ამერიკა არასოდეს შედრკება, ჩვენს სამშობლოზე კიდევ ერთი თავდასხმის აღკვეთის და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ახლა, ამ მცდელობების შედეგად, როდესაც დასრულდება ამერიკის ყველაზე გრძელი ომი და ავღანეთიდან უკანასკნელი ჩვენი ჯარი გამოგვყავს, ალ-ქაიდა იქ ძალზე დასუსტებული, მაგრამ შეერთებული შტატები ფხიზლად დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთიდან წარმოქმნილი ნებისმიერი საფრთხის მონიტორინგს. ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინტერესების საფრთხეების საწინააღმდეგოდ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე ნერვულ-აგენტ „ნოვიჩოკზე“. საქართველს კონტექსტში თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს, რეგიონში დომინირებას და ის ფაქტი, რომ საქართველო, უკრაინა ცდილობს NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ართულებს რუსეთის სურვილს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალებს ინარჩუნებს. ,, რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ორივე ოკუპირებულ რეგიონში და აყენებს რუს მესაზღვრეებს პატრულირებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, უარყოფენ მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობით გათვალისწინებულ ვალდებულებებას", - აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტის მიხედვით, კრემლი ფლობს ისეთი არადეკლარირებული ქიმიური იარაღის მარაგებს, როგორიც მაგალითად „ნოვიჩოკია“. აქვე, შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ცდილობენ, შექმნან ისეთი საშუალებები, რომლითაც ოფიციალური ვაშინგტონის სამხედრო უპირატესობას გამოწვევას გაუგზავნიან. საუბარია მარიონეტული ძალებისა და დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაზე, კიბერშეტევებზე, საინფორმაციო მანიპულაციაზე, კონკურენტების ეკონომიკური ძალის შესუსტებაზე და ა.შ. ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს მის მეზობლებისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის კორონავირუსი გამოიყენოს საინფორმაციო ომის საწარმოებლად და ადგილობრივი მთავრობების შესასუსტებლად. ანგარიშის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები სახელდება ძირითად საფრთხედ არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ იმ ტიპის ინსტრუმენტად, რომელსაც სახმელეთო მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს.
ბორის ჯონსონ თქმით, დიდი ალბათობით, სოციალური დისტანციის დაცვა ინგლისის მოქალაქეებს 21 ივნისიდან აღარ მოუწევთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონ თქმით, დიდი ალბათობით, სოციალური დისტანციის დაცვა ინგლისის მოქალაქეებს 21 ივნისიდან აღარ მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება მან ჰართლფულში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვა დიდი ალბათობით 21 ივნისიდან აღარ იქნება სავალდებულო. "ეს ჯერ კიდევ დამოკიდებულია მონაცემებზე, ჯერ კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვით. უნდა გადავხედოთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. თუმცა, ახლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ჯონსონმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ
უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს. "უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ. ამ საკითხების გადადება "მოგვიანებით", "რაღაც დღეს", "10 წელი" უნდა დასრულდეს. ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
გერმანიაში, ლუდის ფესტივალი Oktoberfest-ი წელსაც არ ჩატარდება
მსოფლიოში უდიდესი ლუდის ფესტივალი Oktoberfest-ი, რომელიც ყოველწლიურად მიუნხენში ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელსაც არ ჩატარდება. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პანდემიის გამო, პოპულარული ფესტივალი ზედიზედ მეორედ გაუქმდა. ფესტივალი დაგეგმილი იყო 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ბავარიის შტატის პრემიერ-მინისტრმა და მიუნხენის მერმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ Oktoberfest-ი არის ”ყველაზე გლობალური” ფესტივალი და რომ პანდემია ჯერ კიდევ არ არის ისეთი კონტროლის ქვეშ, რომ მთელი მსოფლიოს ხალხი კარვებში შეიკრიბოს. "დიდ ფესტივალებზე ლუდის კარვებში, სოციალური დისტანცირების, ნიღბებისა და სხვა ზომების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია... სიტუაცია ძალიან საშიშია", - აღნიშნა პრემიერმა. ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც, ჩვეულებრივ, 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დაახლოებით 200 წლით თარიღდება.
ამირან გამყრელიძე ხვალ Sinopharm-ის ვაქცინით აიცრება
ხვალ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. როგორც NCDC-ში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 09:30 საათზე აიცრება. ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე საქართველოში პირველი იქნება, ვინც ჩინური წარმოების ვაქცინას გაიკეთებს. შეგახსენებთ, "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.
ჯანმოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება
„COVID19 ძალიან განსხვავებული დაავადებაა, თუმცა ჩვენი მიდგომები ამ ვირუსის მიმართ იგივეა“, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ინდოეთსა და ბრაზილიაში გასულ კვირას კოვიდინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არის ბევრი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ძალიან მძიმე ვითარების წინაშეა. ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება. „ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა საერთო გადაწყვეტილებებით, დოზების გაზიარებით. ფინანსური რესურსების და ტექნოლოგოების გაზიარებით“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ვაქცინაციაზე წვდომას ეხება, ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ზოგმა - არა. „საგანგებო მდგომარეობის დონზე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უპრეცედენტოა. ვიმედოვნებ, მსოფლიო ლიდერები ამას გააცნობიერებენ და შეძლებისდაგვარად გაზრდიან წარმოების პროცესს და ვაქცინაციის მასშტაბს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ყველასთვის მსოფლიოში“, - განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანმო: Sinopharm-ის ეფექტურობა 78.1%-ით განისაზღვრა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, Sinopharm-ის გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები. ძირითადი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, დაღლილობა, ნანემსარი ადგილის ტკივილი. ამასთან ერთად, სინოფარმით აცრისას ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და მხოლოდ მსუბუქი ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა. კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. ასევე, კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. შეგახსენებთ, Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.
პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხს განვიხილავთ
"NATO-ს ივნისის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხს განვიხილავთ", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "NATO-ს ივნისის სამიტზე დაგეგმილია უკრაინის საგზაო რუქის განხილვა, რათა ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებისკენ", - თქვა დუდამ ზელენსკისთან ერთად გამართული ერთობლივ ბრიფინგზე. ანდჟეი დუდას განმარტებით, საგზაო რუკა იმ ნაბიჯებს უნდა შეიცავდეს, რომელიც უკრაინამ NATO-ში წევრობის მისაღებად უნდა განახორციელოს. "პირველ რიგში, ეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხია, რაც თავის მხრივ, ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. უკრაინას ოფიციალურად უნდა მივუთითოთ ის გზა, რომლითაც ის წევრობის მიღების გზაზე უნდა წავიდეს", - აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.
ჰილარი კლინტონი: ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ
„ეს რთული გადაწყვეტილებაა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. გადაუჭრელ პრობლემას (Wicked Problem). პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ავღანეთი და მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა უნდა ფოკუსირდეს ორ უზარმაზარ შესაძლო შედეგზე: პირველი, ავღანეთის მთავრობის პოტენციური კოლაფსი და თალიბანის მიერ ავღანეთის კონტროლი, ცივი ომის შესაძლო განახლებით“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკული მედიის ვიდეო ჩართვაში. „როგორ უნდა დავიცვათ ათასობით ავღანელი, რომელმაც იმუშავა აშშ-სთან და NAT0-სთან, მის კონტრაქტორებთან ადამიანის უფლებების დასაცავად. იმედი მაქვს, ადმინისტრაციას ექნება ძალიან ფართო პროგრამა ამ ავღანელებისთვის, რომ ისინი საფრთხის წინაშე არ დატოვონ. ამასთან, მე ძალიან მეშინია მიგრანტთა გადინების“, - აღნიშნა კლინტონმა. ის ასევე ხედავს საფრთხეს ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო გააქტიურების, განსაკუთრებით კი, ალ-ქაიდას და „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) გამოყოფს. მისი თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბუშის ადმინისტაციაც ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, ისაა, რომ „თალიბანს“ არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი თავი „ალქაიდასგან“ განცალკევებულად წარმოედგინა. „ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს არის ის უზარმაზარი საკითხები, რომლისკენაც უნდა მივმართოთ ყურადღება. ერთი საკითხია, გამოიყვანო ჯარები, თუმცა ამის შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ“, - აღნიშნა კლინტონმა. მას გადაცემის წამყვანმა ბაიდენის საქმიანობის და პრეზიდენტობის 100 დღის შეფასება სთხოვა. ჰილარი კლინტონმა „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ შეაქო და აღნიშნა, რომ იმ ამერიკელებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ეკონომიკურ დახმარებას საჭიროებენ, კარგი ნაბიჯია. წარმატების კონტექსტში ჰოლარი კლინტონმა ვაქცინაციის პროცესსაც გაუსვა ხაზი და ბაიდენის მაღალ რეიტინგზე მიუთითა. „ჩვენ ახლა გვყავს გამოცდილი პრეზიდენტი“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ბოლო სამი წელია მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს. ჩიქობავა სახლიდან 18 აპრილს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად. უწყების ინფორმაციით, პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ასგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია.