ძებნის რეზულტატი:
დღეს გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს
სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელ მაისს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. 2-დან 4 მაისის ჩათვლით, საფლავებზე გასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; ცნობისთვის, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ იზღუდება. ცნობილია, რა შეზღუდვები ამოქმედდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით - სრულად
კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ
დღეს, კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა.
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული: 1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს; 2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ; 3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რათა მსგავსი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს. "ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება და ღია გამჭირვალე პროცესი გაზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", – აღნიშნულია დოკუმენტში. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც "საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ". უთო/ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის. დასკვნაში ასევე აღნიშნულია „პოზიტიური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, მათ შორის ის, რაც ეხება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, არჩევნების შედეგების დადგენის პროცესის განმტკიცებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაუმჯობესებას“. ამასთანავე, დასკვნის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება, მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით. "უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, მრავალი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა", – აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის ყოვლისმომცველ განხილვაზე, არამედ „უფრო მეტად გამიზნულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და იმ შეშფოთების მოგვარებაზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიშვა“. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის შემდგომ ძირითად რეკომენდაციებს იძლევიან: 1. განხილული იყოს კვალიფიციური (მაგალითად, ორი/მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ჩიხში მოქცევის საწინააღმდეგო მექანიზმით. მოთხოვნილი იყოს უფრო მაღალი მანდატი ცესკოს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს; 2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს; 3. შემდგომი ცვლილებების შევიდეს დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი „რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად; 4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას. 5. არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე; 6. მიღებული იყოს სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად დათვლასა და შედეგების დაჯამებაში და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში; 7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილ ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით; 8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას; 9. ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი ამომრჩევლით; 10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 147 ადამიანს დაუდასტურდა, 690 გამოჯანმრთედა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 311 457-ს, გამოჯანმრთელდა 291 457, ხოლო ჯამში 4 130 ინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%. ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან 653 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 144, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 36, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 447, იმერეთში - 415. მძიმე პაციენტი: 743, მათ შორის, თბილისში - 356, აჭარაში - 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 144 , მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 12, იმერეთში - 11. 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 319 - აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 567პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 877 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 212.
ენტონი ბლინკენი: აშშ გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს
აშშ უერთდება ევროკავშირის ლიდერების განცხადებას და გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაგანაცხადა. „ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების კიდევ ერთი დაშინების მცდელობაა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. კრემლმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელს. რუსეთის სანქციები სულ 8 პირს შეეხო. კრემლის გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ამ სანქციებით, პუტინი ევროკავშირთან დაპირისპირების გზის არჩევის დმონსტრირებას ახდენს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას კიევში გაემგზავრება. 5 და 6 მაისს ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკინი "დაადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე". როგორც ცნობლილია, უკრაინაში ვიზიტამდე, ბლინკენი სამი დღე ლონდონში გაჩერდება. ბლინკენი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც 2020 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინას ეწვევა.
რუსული ვაქცინა Sputnik V-ის შემქმნელი აპირებს, ბრაზილიის მარეგულირებელს ცილისწამებისთვის უჩივლოს
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის შემქმნელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელს - Anvisa-ს შეურაცხმყოფელი ბრალდებებისთვის და ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისთვის უჩივლოს. . ორშაბათს Anvisa-ს საბჭომ არ დააკმაყოფილა Sputnik V- ის იმპორტის დამტკიცების მოთხოვნები. Anvisa-ს მედიკამენტებისა და ბიოლოგიური პროდუქტების მენეჯერის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ვაქცინაში გამოყენებული ადენოვირუსი შეიძლება გამრავდეს და ეს სერიოზული დეფექტია. Sputnik V-ის შემქმელმა უარყო აღნიშნული ბრადება, რომ ვაქცინის წარმოებისთვის გამოყენებული ორი ადენოვირუსი შეიძლება გამრავდეს.
შსს: სასაფლაოზე შემსვლელი 2 000 ლარით დაჯარიმდება
მოქალაქეები, რომლებიც აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევენ 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. "საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები", - ნათქვამია სამინისტოს განცხადებაში.
გერმანია: რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს. "მარტში, რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ ადამიანთა უფლებების სეროზული დარღვევისთვის ევროკავშირის მიერ მიღებული ზომებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ზომები არსებითად უსაფუძვლოა. ზომები ხელს უწყობს რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას არასაჭირო გზით". - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ კრემლმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელს. რუსეთის სანქციები სულ 8 პირს შეეხო. კრემლის გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ამ სანქციებით, პუტინი ევროკავშირთან დაპირისპირების გზის არჩევის დმონსტრირებას ახდენს.
სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, დაფასოებისა და რეალიზაციისთვის 4 პირი დამნაშავედ ცნო
მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ორ მათგანს 11-11 წლით, ერთს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მეოთხე ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ. სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას ახდენდნენ. დ.ჯ.-ს, ფ.ბ.-ს, ა.მ.-სა და შ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ფ.ბ.-ს და ა.მ.-ს 11-11 წლით, ხოლო დ.ჯ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება შ.ვ.-ს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა. სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება - ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 სატრანსპორტო საშუალება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ილია მეორე: მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია
"მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში, ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ისარელის პრეზიდენტს რეუბენ რივლინს სამძიმარს უცხადებს. „თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს. დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას. თალაკვაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული. მისივე განცხადებით, გაცემული რეკომენდაციები კონსტრუქციული და საქმიანია. "ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც "საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ".
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა. საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
ინდოეთში, კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის დასავლეთში, კოვიდკლინიკის პალატაში გაჩენილ ხანძარს18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera-ი ავრცელებს. "16 პაციენტი და 2 თანამშრომელი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. 12 მათგანი ცეცხლმისა და კვამლის გამო გარდაიცვალა ", -განაცხადა პოლიციელთა ზედამხედველმა, მისივე თქმით, "წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია". მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ხანძარი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში, ჟანგბადის ბალონის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. „ხანძრის მასშტაბის გამო, საავადმყოფოში დიდი ქაოსი იყო. დაწესებულების თანამშრომლებმა პაციენტები შენობიდან გამოიყვანეს და მათ, ახლობლების დახმარებით, დამოუკიდებლად მოუწიათ სხვა საავადმყოფოში წასვლა“, - ამბობს თვითმხილველი.
მერია: დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა
თბილისის მერიის ცნობით, დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა. გარდა ამისა, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა. მათივე ცნობით, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს "წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა. სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი. ამჟამად, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ. წვიმის შედეგად დიდ დიღომში დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის განახლებას საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ლევან წულაძე: კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ოჯახის წევრი და ნათესავი
"კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი და ოჯახის წევრი", - ამის შესახებ დღეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან წულაძემ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა. მსახიობი რუსთაველის თეატრიდან უკვე გამოასვენეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. "კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან",- აღნიშნა ლევან წულაძემ. ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე 2020 წლის 28 ნოემბერის შემდეგ COVID-19 -ის მიერ დატოვილ გართულებებს ებრძოდა. მსახიობი რამდენჯერმე გამოკეთდა მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ოჯახის გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.
კახა კალაძე დატბორილ ქუჩებზე: უხვმა ნალექმა ჩამოიტანა პარკები, ქვა-ღორღი, რომელმაც პრობლემა შეუქმნა სანიაღვრე სისტემას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული სირთულე საბურთალოს რაიონს, კერძოდ კი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეუქმნა. მისივე განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალმა დიდი ოდენობით ნარჩენი წამოიღო, რამაც სანიაღვრეების გაჭედვა გამოიწვია. „მართლაც რთული სიტუაცია იყო, უხვი ნალექი მოვიდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. პირველივე წუთებიდან საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლები, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე და არც ერთი მათგანი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები, ადგილზე გასვლები. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რადგან ისინი პირველივე წუთებიდან ჩართულები იყვნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. პრობლემები შეექმნა ამ ტერიტორიაზე არსებულ სანიაღვრე სისტემას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ძალიან ბევრი ნაგავი, პარკები, ქვა-ღორღი და ამან სანიაღვრე სისტემაში წყლის გატარება შეაფერხა“, - განაცხადა კახა კალაძემ და შესაბამისი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. „ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას. გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ თქვენს მხრებზე არ გადაიაროს. სახელმწიფო და მთავრობა არსებობს იმისთვის, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ და ხელი შეგიწყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ძლიერი წვიმის გამო, დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა მერია: დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ. ისრაელში სპეციალურად სამკაციანი დელეგაცია დილით გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამების ლავრის კეთილმოწესემ, მამა იოანემ (მჭედლიშვილი) განუცხადა. ტაძრები სააღდგომო ლიტურგიის დაწყებისთვის ემზადებიან. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დისტანციის დაცვისთვის იატაკზე განთავსებულია სტიკერები, ეზოში კი, დამონტაჟებულია გახმოვანების სისტემა, რომლის საშუალებითაც, წირვა-ლოცვა გადაიცემა. მსახურებაზე დასასწრებად მრევლი 23:00 საათამდე უნდა მივიდეს, ტაძრის დატოვება კი, 04:00 საათის შემდგომ შეეძლება. „მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა ტაძრის დეზინფექცია. 23:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია, ეს ყველაფერი ელემენტარულია, რითაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს ყველაფერი. სტიკერები პანდემიის დაწყებისთანავე დაეკრო და იმის მერე არის. მრევლშიც ჩამოყალიბდა კულტურა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, პირბადეს ატარებენ. გარეთ გახმოვანება ყოველთვის იყო სამების საკათედრო ტაძარში, დღესაც ისევ ისე იქნება. სამი კაცისგან შემდგარი დელეგაციაა წასული ისრაელში და 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ მადლმოსილ ცეცხლს. შემდგომ მოხდება ეპარქიებში გადანაწილება“, – განაცხადა სამების ლავრის კეთილმოწესემ, მამა იოანემ (მჭედლიშვილი).
რუსეთმა, ნავალნის ოფისები ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა
პარასკევს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ განაცხადა, რომ "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში” ჩართული ორგანიზაციების ჩამონათვალს დაემატა კრემლის დაპატიმრებული კრიტიკოსი ალექსეი ნავალნის რეგიონალური კამპანიის ოფისების ქსელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პარალელურად, მოსკოვის სასამართლო განიხილავს, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს თუ არა. ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ანტიკორუფციული ფონდი რუსეთის ხელისუფლების კორუფციულ სქემებს იკვლევს და აქვეყნებს.