ძებნის რეზულტატი:
აბასთუმანში 6 ახალგაზრდას ეძებენ
აბასთუმანში მეორე დღეა, ეძებენ ექვს ახალგაზრდას, რომლებიც ნაკრძალში ტურისტულად, სალაშქროდ იყვნენ წასული. მათი კვალი გუშინ დილით დაიკარგა, როცა ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საფრენ აპარატებს – დრონებსაც იყენებს. ამასთან, მეხანძრე- მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს კოვიდ პანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას. მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართცელოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.
სალვადორში ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სურთ
სალვადორში ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სურთ. ამის შესახებ სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ განაცხადა. თუ მისი გეგმა განხორციელდება, მაშინ სალვადორი გახდება პირველი ქვეყნა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ასეთი სტატუსი მიანიჭა. სალვადორს ამჟამად ეროვნული ვალუტა არ აქვს და გადახდებისთვის ამერიკულ დოლარს იყენებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, ბიტკოინის ვალუტად აღიარება მოქალაქეებს საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს. „მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ინიციატივა ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და დაეხმარება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას, სალვადორის 70%-ს ამჟამად არ აქვს საბანკო ანგარში და „ჩრდილოვან ეკონომიკაში მუშაობენ“, – განაცხადა ბუკელემ. სალვადორის პრეზიდენტის თქმით, ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს ის მომდევნო კვირში გადაუგზავნის პარლამენტს.
ვენეციელები საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ
BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ვენეციიდან გამავალი პირველი საკრუიზო გემი ადგილობრივებმა პროტესტით გააცილეს. ვენეციელები პროტესტს გარემოს დაცვის მოტივით ხსნიან და აცხადებენ, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა მათ საცხოვრებელ გარემოსა და წყალს აბინძურებს. მარტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქში დიდი გემების, მათ შორის - საკრუიზო ტრანსპორტისა და საზღვაო კონტეინერების გადაადგილებას აკრძალავდნენ. აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აშენდება ახალი ტერმინალები და მომავალი მარშრუტების დაგეგმვა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იქნება შესაძლებელი. მოსახლეობის ნაწილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ტურისტული აქტივობა სამუშაო ადგილებს გააჩენს.
მეუფე შიო: ხშირად, როდესაც ვხედავთ მრავალ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოებამ შეიძლება მოიტანოს მთავარი გამოცდილება ადამიანის ცხოვრებაში
როცა ვხედავთ მრავალ მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში – სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. გარდა ამისა, მან გაჭირვებულების დახმარებასა და საღმრთო საქმეების კეთებაზე გაამახვილა ყურადღება. „ამ სახარებაში მოთხრობილია, რომ ქრისტეს და მოციქულებს შემოხვდებათ შობითგან ბრმა, რომელიც მათხოვარია და მოციქულები უფალს კითხავენ, თუ რატომ იტანჯება ის ასე ამდენი წელი, ვინ სცოდა, ამან თუ ამისმა მშობლებმაო. უფალი პასუხობს, რომ არც ამან სცოდა, რა უნდა ეცოდა, დაბადებიდან ბრმა იყო, არც კიდევ მისმა მშობლებმა, ამაზე ღმერთის საქმე უნდა გამოცხადდესო. ეს პასუხი კიდევ ერთ კითხვას ბადებს, რა არის ღმერთის საქმე. ნუთუ, ის იყო ღმერთის საქმე, რომ ეს კაცი მრავალი წელი სიბრმავეში უნდა ყოფილიყო, ემათხოვრა, შემდეგ იესო ქრისტეს ჩამოევლო და მისი ფიზიკური თვალი უნდა აეხილა? ესეც სასწაულია, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. ღმერთის საქმე უმთავრესად იმაში გამოვლინდა, რომ აეხილა სულიერი თვალი, უფლის სარწმუნოებაზე, სიყვარულზე, ყოვლისშემძლეობაზე. გაიხსნა მისი გული, რომ ეს მისი განკურნება მიეღო მადლიერებით, დაენახა ღმერთი და თაყვანი ეცა მისთვის. უფლის დიდება ჩანს სახარებიდან. როდესაც უფალი შეიტყობს, რომ ფარისევლებმა ის გააძევეს და ის იესო ქრისტეს იცავდა, ამბობდა, რომ წინასწარმეტყველია, ღმერთისგან მოვლენილია, მაშინ მიდის მასთან იესო ქრისტე და ეკითხება, გწამს ძე ღვთისა? რწმენის ჩანასახი მას უკვე ჰქონდა, ფარისევლებთან საუბარში გამოამჟღავნა, უფალი მიდის, რომ რწმენა განუმტკიცოს. გწამსო? და ის ეუბნება, ვინ არის უფალი რომ მწამდესო, ანუ, თითქოს ამბობს, კი, მაგრამ მანახე, რომ სად არის, მივიდე. უფალი პასუხობს, რომ შენ გინახავს ის, ესაა ის, ვინც შენ გესაუბრება. მან უპასუხა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. თაყვანი სცა ნიშნავს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და თაყვანი სცა როგორც მესიას, რადგან ძე ღვთისა, ეს წოდება არის მესიანისტური. მაშინ, იუდეაში განსაკუთრებით გამძაფრებული იყო მესიას მოლოდინი. დავრდომილები განსაკუთრებით ფიქრობდნენ ამაზე, რომ მესია გადაარჩენდა მათ. ეს ადამიანი არ აღიქვამდა ამ წოდებას ჰიპოსტასური მნიშვნელობით. აეხილა სულიერი თვალი და დაინახა ის, რასაც თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ, პირიქით, კიცხავდნენ უფალ იესოს ამ განკურნების გამო, რადგან შაბათს აღასრულა. ჩვენც, როდესაც ცხოვრებაში ვხედავთ მრავალს მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორც წესი, გვეშინია მისი. ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში, სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. ესეც მისი კაცთმოყვარეობაა, რომ თუ ადამიანი ისე გაუხეშდა, ნაზი ქროლვის შეგრძნების უნარი აღარ აქვს ადამიანს, ქარიშხალი შემოდის მის ცხოვრებაში, რომ ფერი იცვალოს. ჩვენი სწავლება, რომელიც აქ არის მოცემული, მწუხარების დათმენის შესახებ, გვავალდებულებს გაჭირვებულის დახმარებას. უფალი ამბობს, მე ვაკეთებ ჩემი მომავლინებლის საქმეებს, ყოველი ქრისტიანი ასე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ მზად უნდა იყოს დახმარებისთვის. უფალი ამბობს, უნდა ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმეები, სანამ დღეა, ვინაიდან მოდის ღამე, ღამე ეს სიკვდილია, როდესაც ვერავინ შეძლებს ამ საქმეების კეთებას. მაშასადამე, ჩვენც დავფიქრდეთ და ვაკეთოთ საღმრთო საქმეები, ვიდრე დღე არის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - წერია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. "ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია. სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ფილიპ რიკერი საქართველოში დღეს ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები 7 ივნისს გაიმართება. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალოების შემსრულებელს შეხვედრები დაგეგმილი აქვს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან
თურქეთი S-400-ის სარაკეტო სისტემის გამართვაზე მომუშავე რუს ექსპერტებს სამშობლოში გაგზავნის
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი რუს სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც თურქეთს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400-ის მართვაში ეხმარებოდნენ, უკან რუსეთში გაგზავნის. როგორც გამოცემა წერს, თურქეთის ეს ნაბიჯი გზავნილია ბაიდენისთვის და აჩვენებს კომპრომისისთვის თურქეთის მზაობას, თუმცა ანკარა S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უარს არ იტყვის. ვაშინგტონის თქმით, თურქეთმა უნდა შეწყვიტოს თანამშრომლობა რუს პერსონალთან, რომელიც თურქეთში იმყოფება და S-400 სისტემის გამართვასა და გამოყენების წვრთნებში იღებს მონაწილეობას. თუმცა თურქეთი არ გეგმავს, შეასრულოს ვაშინგტონის მოთხოვნა სარაკეტო სისტემების რუსეთისთვის დაბრუნების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ექსპერტების რუსეთში დაბრუნების შემდეგ სარაკეტო სისტემა თურქეთის კონტროლქვეშ იქნება. "S-400-ები 100%-ით ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. ჩვენი ბევრი ტექნიკოსი გავგზავნეთ ტრენინგზე. რუსი სამხედრო ექსპერტები არ დარჩებიან თურქეთში" - ციტირებს ჩავუშოღლუს თურქეთის სამთავრობო მედია. აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე უარყოფს, რომ სპეციალისტები რუსეთში დროზე ადრე დაბრუნდებიან. "რუსი სპეციალისტები, რომლებიც S-400-ის კონტრაქტის ფარგლებში არიან თურქეთში, წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით დაბრუნდებიან" - თქვა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა ვალერია რეშეტნიკოვამ. რეშეტნიკოვას სიტყვები კრემლმაც დაადასტურა.
აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია. ამერიკელი დიპლომატი, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია, შეხვედრებს ხვალ დაიწყებს, რომლის განმავლობაში დაგეგმილია მოლაპარაკებები როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან. ფილიპ რიკერი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია. ამერიკის საელჩოს განცხადებით, ფილიპ რიკერი ჩადის საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები. აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან
ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია
ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას, მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. Europetime-თან ინტერვიუში ექსპერტი აცხადებს, რომ თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. „ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მომხდარი მოვლენებისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას. ეს არის ის, რასაც ქართული მხარე ელოდებოდა. ახლა, თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. მთავარია, ფოკუსი არ დაიკარგოს, საქართველო არ ჩაიკარგოს გლობალური პრობლემების მიღმა და საკუთარი ნიშა გამონახოს“, - პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისივე თქმი, ყარაბაღის ომის შემდეგ, ცოტა ვაკუუმი შეიქმნა რეგიონში დასავლეთის ყოფნასთან დაკავშირებით და ამ ვიზიტებმა გარკვეულწილად გამოაცოცხლა არსებული გარემო. საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან
სომხეთსა და აზერბაიჯანში რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღია, მაგრამ საქართველოში სავარაუდოდ, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური - თენგიზ ფხალაძე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europe Time-თან ინტერვიუში აფასებს. „სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ, თენგიზ ფხალაძის აზრით, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: „ფილიპ რიკერს რეგიონული ტურნე აქვს, რაც ბუნებრივია, კარგია. ზოგადად, რაც უფრო მეტად იქნება შეერთებული შტატების ოფიციოზის ვიზიტები ამ რეგიონში, კარგია. თავისთავად ცხადია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ აქ ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და დემოკრატიის გაძლიერება, ასევე, მომავალი არჩევნები (რაზეც სენატორებმაც ისაუბრეს) ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისათვის და მას განსაკუთრებით დააკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, მსგავსი გზავნილი ექნება ფილიპ რიკერსაც, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იყოს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების გარემოზე ყურადღების გასამახვილებლად მაშინ, როდესაც უნდა გაიმართოს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი, რომელმაც ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მიუღებელი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგოს მშობლები გახდნენ
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგოს მშობლები გახდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. ლილიბეტ „ლილი“ დაიანა პარასკევს, სანტა ბარბარაში დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვს სახელი დედოფალ ელისაბეტისა და პრინცესა დაიანას პატივსაცემად შეურჩიეს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ- ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია განცხადებში.
რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო. რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა", „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“. კულტურის სამინისტროს განცხადებით, რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ფილიპ რიკერი საქართველოს გუშინ ესტუმრა. გაიმართება მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, ვიზიტის დღის წესრიგშია შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფილიპ რიკერის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული. აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ორი თემა უნდა იყოს აქტუალური - თენგიზ ფხალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. საქართველოში ყოფნისას ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.
ბალტიის ზღვაში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ბალტიის ზღვაში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Baltic Operations-ი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ს თავდაცვის მდივანზე ლოიდ ოსტინზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია იტყობინება, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს NATO-ს 16 წევრისა და ალიანსის ორი პარტნიორი ქვეყნის 40 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და 4 000 სამხედრო მოსამსახურე. სამხედრო წვრთნები დანიის სანაპიროსთან დაიწყო და 18 ივნისამდე სხვადასხვა ადგილას გაგრძელდება. პროგრამა პირველად მოიცავს თავდაცვითი ტაქტიკის შემუშავებას კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დაგეგმილია სადესანტო ოპერაცია ლიეტუვის სანაპიროებთან. სამხედრო წვრთნები ბალტიის რეგიონში 1972 წლიდან რეგულარულად ტარდება.
ირაკლი ღარიბაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ქართველი ხელოვანის, მწერლის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო. რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ალაპარაკებული მისი დაუვიწყარი მარიონეტები არასოდეს დაკარგავენ მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს. სითბო, სიკეთე და სიყვარულია რეზო გაბრიაძის მთავარი ღირებულებები და ეს არის მისი შემოქმედების მთავარი ღერძიც. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიძინა ივანიშვილი გახარიას პარტიაზე განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა. პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.