ძებნის რეზულტატი:

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 307 ადამიანს დაუდასტურდა, 1 014 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 405-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში - 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220- აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 832 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

ბიძინა ივანიშვილი: მეგონა, ვეღარავინ გამაოცებდა, თუმცა გიორგი გახარიას ქმედება გაკვირვებას იწვევს

,,ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში აღნიშნა. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა. პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან. საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს. სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება.

ბიძინა ივანიშვილი: ამბობენ, თითქოს, გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პროექტია, სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაზე აცხადებს, რომ მის ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და ის, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს. „პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, - აღნიშნავს ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი: მეგონა აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა, თუმცა გიორგი გახარიას ქმედება გაკვირვებას იწვევს ბიძინა ივანიშვილი გახარიას პარტიაზე განცხადებას ავრცელებს

BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს

BBC თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერალის რეზო გაბრიაძე გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, საერთაშორისო ასპარეზზე გაბრიაძე ცნობილი იყო მარიონეტული თეატრის სპექტაკლებით, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“. გაბრიაძემ ასევე დაწერა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა „მიმინო“ და „ქინ ძა ძა“. 2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას, მან BBC-ის განუცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში ის ხშირად ასოცირდებოდა დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“, რადგან საკუთარ თავს ხედავდა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბნოს კუნძულზე მსოფლიო კულტურისგან მიტოვებულად. მისი თქმით, რობინზონ კრუზომ წვერი გაიპარსა და საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელოვნება „მსოფლიოს უერთდებოდა. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილიპ რიკერის ვიზიტი „მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“ ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო

თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი „მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“ ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლებთან დახურულ ფორმატში შეხვედრით დაიწყო. ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს. დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის ნათელი გამოხატულება და საქართველოსადმი ლატვიის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. საგარეო უწყებაში მხარეების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, ლატვია საქართველოს უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს და საქართველო განსაკუთრებულად აფასებს იმ ერთგულებასა და მეგობრობას, რომელსაც ლატვია და თავად მინისტრი ედგარს რინკევიჩსი წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა, ლატვია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური და ერთგული პარტნიორია. ზალკალიანის თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო ევროკავშირის საერთო ფასეულობების ერთგულია, და მტკიცედ აგრძელებს იმ რეფორმების გზას, რომელიც ქვეყანას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად მოამზადებს. საქართველოს უახლოეს მიზანი კი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციაა, რაც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მაქსიმალურ წვდომას გულისხმობს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ ლატვიელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ მაქსიმალურს შევძლებთ“, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა ასევე უაღრესად აფასებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას. „ლატვია აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ ფაქტს, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური და შინაარსობრივად დატვირთული, როგორც დღეს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლატვიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ლატვიის ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რაც ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, სასურველი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ პარტნიორებისა და სრულიად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მტკიცე პოზიციაა, რაც ქმნის საფუძველს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. დავით ზალკალიანის თქმით, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრის განხილვისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ლატვიას შორის პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმისა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცების სფეროში ყოველწლიურად ღრმავდება. „შევთანხმდით, რომ კვლავაც აქტიურად განვაგრძობთ კომუნიკაციასა და ვიზიტების ურთიერთგაცვლას ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით”, - განაცხადა ზალკალიანმა საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

სახალხო დამცველი: ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობა წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. ,,აღნიშნული მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, ე.წ. „მაუგლის ვარჯიშების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. ხოლო, ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა ღალატი, დაგვყარა და მიგვატოვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იზიარებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილის სულისკვეთებას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ღალატზე მიუთითებს. თეა წულუკიანის განცხადებით, თავად გახარიას გუნდის წევრები ავრცელებდნენ ხმებს, რომ მის პარტიას მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ იქამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილი, რომ გამოვიდა და თქვა, მისი სახელის გამოყენება მიუღებელია. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველასთვის, არამარტო გუნდის წევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უცებ, სიურპრიზად მიიღო და გადადგა. ხშირად ისიც გვსმენია, რომ ამ გაუგებარ ნაბიჯს საზოგადოება ხსნიდა იმით, რომ ალბათ ეს არის „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. სხვა მხრივ, ვერავინ ახსნა ის, თუ რატომ შეიძლებოდა, გუნდის ლიდერს ამგვარი, უეცარი გადაწყვეტილება მიეღო. საქმე წავიდა ისე, რომ გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმებს, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილი ბიძინა ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყოს სიცრუე, მაგრამ ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება მიუღებელია. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ყოფილი პრემიერს, გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადადგა, რაც იყო სრულიად აუხსნელი და საზოგადოებაც გვეკითხებოდა, რა მოხდა. მოხდა ის, რომ ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რაც ჩვენ გვქონდა. სხვადასხვა ფორმატში მას ყოველთვის ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის და სამართლის უზენაესობას და ის ხანდახან, გამოირჩეოდა კიდეც ზოგიერთ შეხვედრებზე და ზოგიერთ ჩვენი გუნდის წევრს უმტკიცებდა, რომ რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი და ეს იყო რა თქმა უნდა, მართალი ამაში. მაგრამ მან უცებ შეცვალა „ჩვენება“ და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, მარტო ჩვენ არა და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან ძალიან სალაპარაკო ენაზე, რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, როდესაც გუნდისთვის რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც არ უნდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ერთადერთი და სწორი, მესმის, რომ მან ეს შეაფასა, როგორც რთული გადაწყვეტილება, ის ინდა იყოს გუნდის გვერდით, ამას ჰქვია ლიდერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მან როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მიუთითა, რომ გიორგი გახარიას ქმედება იყო კანონის ღალატი. ბიძინა ივანიშვილი გახარიას პარტიაზე განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ: სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამას ყველა გაიგებს

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში. ბიძინა ივანიშვილი: მეგონა, ვეღარავინ გამაოცებდა, თუმცა გიორგი გახარიას ქმედება გაკვირვებას იწვევს ბიძინა ივანიშვილი გახარიას პარტიაზე განცხადებას ავრცელებს

მედიაგარემო, რუსული პროპაგანდა - რა საკითხები განიხილეს ფილიპ რიკერმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა

მედიაგარემო, რუსული პროპაგანდა, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტები - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მედიაგარემოზე გამახვილდა ყურადღება. „მედიაგარემოში ჟურნალისტები, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგნელები დღესდღეობით ხშირად არიან ძალადობის ობიექტები, ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც მოდის, დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული ქეისები, მნიშვნელოვანია, შეწყდეს. ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა. ჯგუფები, რომლებიც ეწევიან დეზინფორმაციულ საქმიამობას, არ იყვნენ მხარდაჭერილი. ეს არის მცირედი ჩამონათვალი პრობლემებისა და იმ შესაძლო გადაწყვეტისა, მაგრამ ყველაფერი, რაზეც საუბარია მედიაგარემოზე, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი კოლეგები და ასე შემდე წლებია, საუბრობენ ამ საქმეებზე. შეხვედრის დროისა და ლიმიტის გამო, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტის დასახელება ან ყველა კაზუსის დეტალურად განხილვა ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ. ჟურნალისტთა ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით კი, შეხვედრისას რუსული პროპაგანდის საკითხებიც განიხილეს. "ვისაუბრეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობასა და თვითრეგულირების მნიშვნელობაზე და, ასევე, განვიხილეთ, რუსული პროპაგანდის საკითხები საქართველოში. თითოეული პრობლემა არის მნიშვნელოვანი, რაც ეხება მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და, ასევე, მცდელობას, რომ თვითრეგულირების საკთხები გადავიდეს რეგულირებაში,"- განაცხადა გოგოსაშვილმა. "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მათ ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, ასევე, დისკრედიტაციულ კამპანიებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ. "მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ პროცესში, მით უმეტეს, არჩევნების წინ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე და დისკრედიტაციულ კამპანიებზე მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელიც გამოძიებებს უკავშირდება,"- განაცხადა კინწურაშვილმა. ცნობისთვის, ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს. დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას

ნათია თურნავა: 15 ივნისს ერევანი-ბათუმის მიმართულებით თბილისის გავლით პირველი მატარებელი დაიძრება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნას უკვე მოჰყვა შედეგი, რაც ტურისტების ზრდაში გამოიხატება. ნათია თურნავამ დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის აღდგენა იგეგმება, რაც შავი ზღვის კურორტებისთვის მნიშვნელოვანია. „ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ და სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან პირველი შედეგები მოგვცა მომატებული ტურისტული ნაკადების სახით მეზობელი ქვეყნებიდან. აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის და უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოდან ტურისტები ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, თურქეთთან არსებული სახმელეთო საზღვრიდანაც მოქალაქეების შეუფერხებლად შემოსვლა მიმდინარეობს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელიც ასევე დიდი კონტრიბუტორი იყო საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის, ჯერ კიდევ მუშაობენ საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და მათი დაბრუნების წესებზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი, პანდემიის გამო, დროებით შეჩერებული იყო. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. „სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს

ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 000 დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს“- აღნიშნა მინისტრმა. ედგარს რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განახლებას. 7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

ედგარს რინკევიჩსი: NATO-ს სამიტის დეკლარაციამ ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ ალიანსის კარი ღიაა გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხები და NATO-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მისი თქმით, დეკლარაციაში ასახული იქნება NATO-ში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების მისწრაფებები, ასევე ლატვია მხარს დაუჭერს სამიტის შემდგომ NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრას „საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ NATO-ს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ NATO-ს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ NATO-ს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ NATO-ში გაწევრიანების. ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, NATO-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება. ჩვენ NATO-ს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია NATO-ს მოკავშირეებისთვის, როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა, ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ NATO-ს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-NATO-ს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა. 7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან. საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ის ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვანესთან“ დაკავშირებით ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება

უახლოეს დღეებში ევროკავშირის შუამავლობით, „ნამახვანესთან“ დაკავშირებით მედიაცია გაიმართება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანია „ენკასთან“, რომელიც მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე. მაგალითად. კაშხლის მშენებლობის სრული გადაწევა, დამატებით ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა დამატებითი დასკვნის და კვლევის გახსნა, რაც როგორც წესი, არ არის ხოლმე მოთხოვნილი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ რადგან ასეთი მაღალი ინტერესია, ესეც არის გახსნილი. ასევე, იცით, რომ ჩავატარეთ ექსპერტებთან შეხვედრა, ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება დასკვნა, რომელსაც შემდეგ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს. საკმაოდ კარგი პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა ნათი თურნავამ. „ნამახვანჰესის“ მშენებლობას „რიონის ხეობის მცველები“ 5 თვეზე მეტია, აპროტესტებენ.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონიდან ოჯახებში ან ახლო ნათესავებთან დაბრუნებულ ბავშვებთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ ბავშვებთან შეხვედრას გეგმავს, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან დაბრუნდნენ ოჯახებში ან იმყოფებიან ნათესავებთან. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გუშინ შეხვდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებულ ექვს ბავშვს, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გატარებულ პერიოდზე ესაუბრნენ. „ძალიან რთული იყო ეს საუბარი, რადგან მათივე განცხადებით, არაერთი ცუდი სტერეოტიპი ჰქონდათ სახალხო დამცველის შესახებ ბავშვობის განმავლობაში მოსმენილი და არ იყო მარტივი გულწრფელად ესაუბრათ. ვფიქრობ, ფსიქოლოგების საუბრები უფრო მეტის მომცემი იქნება, რადგან შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი აქვთ სათქმელი ბავშვებს, რომელთანაც ერთი შეხვედრა არ იყო საკმარისი ყველაფრის მოსაყოლად. ისინი ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში. დაახლოებით ასახელებენ 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდს. როცა ვეკითხები, როდის შეეხნენ ფიზიკურად ბოლოს დაახლოებით 9-10 წლის ასაკს ასახელებდა სხვადასხვა პირი. ამას იმით ხსნიან, რომ როცა წამოიზარდნენ, შეეძლოთ გაეპროტესტებინათ, ეთქვათ სხვებისთვის ან გაეწიათ წინააღმდეგობა. ისინი ამბობენ, რომ პატარები უფრო მეტად არის ამ რისკის ქვეშ. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ და ხელში ეჭირათ სკამები, ხდებოდა კვების გამოტოვება და აყურებიდნებდნენ აღმზრდელები როგორ იკვებებოდნენ სხვები. მაგალითად რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ფეხზე დგომით დასჯა. ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი როგორც ხელით, ასევე ჯოხებით და სხვადასხვა ნივთებით. ასახელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობის ფორმებსაც, მათ შორის შეურაცხყოფას მათი მშობლების მისამართით. რაც ყველაზე მტკივნეული იყო მათთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, გეგმავს მოინახულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის ბავშვები, რომლებიც პანსიონში იყვნენ. „ვაპირებ, შევხვდეთ ასევე იმ ბავშვებს, რომლებიც დაბრუნდნენ ოჯახებში ან იმყოფებიან ნათესავებთან. ასევე აუცილებლად მოვინახულებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ვიცით, რომ შვიდი მათგანი იყო გამოყვანილი პანსიონიდან და ზოგადად, შევხვდებით ყველა ბავშვს და გავაგრძელებთ იმ ბავშვების მონიტორინგს, რომლებიც რჩებიან პანსიონში. თითოეული მათგანი უარყოფს ბოლო წლების განმავლობაში მათ მიმართ ძალადობას, თუმცა აქ არის უკვე საჭირო ფსიქოლოგების და ექსპერტების ჩართვა, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ“,- განაცხადა ლომჯარიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან აქვს ინფორმაცია, რომ 2016 წლის შემდეგ ამ პანსიონში არ ჩარიცხულა არც ერთი ბავშვი. „მაისის ბოლოს მივიღეთ კიდევ ერთი წერილი სააგენტოდან, რომელიც გვატყობინებდა, რომ ამ პანსიონში არ ირიცხებიან სკოლამდელი აღზრდის ბავშვები ანუ ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. თუმცა, გავრცელებულ კადრებში, რომელიც პანსიონის ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა, ჩანან ბავშვები, რომელთა ასაკი სავარაუდოდ 4-5 წელია. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტით და თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, გვეუბნებიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში, გასული წლის დეკემბერში. თუმცა, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ. მოგეხსენებათ, ბავშვები შეიძლება ჩაირიცხოს მხოლოდ სახელმწიფოს გავლით, ანუ სახელმწიფოს სოციალურმა აგენტმა უნდა ჩარიცხოს ბავშვები. შესაბამისად, ეს ფაქტი მაფიქრებინებს, რომ პანსიონში ხვდებოდნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია, არ იყვნენ აღრიცხული და სახელმწიფო ზრუნვის, შესაბამისი ინტერესების დაკმაყოფილება ამ ბავშვების არ ხდებოდა. რაოდენობა ჩვენი ინფორმაციით, არის სამი ბავშვი. აქედან ორი ვიცით, რომ არის 4-5 წლის, ერთ ბავშვთან დაკავშირებით გვინდა, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია. სოციალური მუშაკი დიდი ხანია, შესული ამ პანსიონში და ამ ბავშვების გამოყვანა ვიცით, რომ მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. იმ დროს, როცა ეს ბავშვები იქ მოხვდნენ, სოციალური მუშაკი ვერ შედიოდა და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, იქ სახელმწიფოს გვერდის ავლით ხვდებოდნენ ბავშვები, ამიტომ არ ვიცი, რეალურად რამდენი ბავშვი იყო იქ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ედგარს რინკევიჩსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება მარტივი არ არის, ბელარუსსა და რეგიონში არსებული სიტუაციის გამო

ლატვია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მონაწილეობით „ასოცირების ტრიოს“ შექმნას მიესალმება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას აძლევს ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, მოახდინონ შიდა ქმედებების უფრო მეტი კოორდინაცია და იმუშაონ ევროკავშირთან. „მივესალმებით საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულება სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. ეს ძალიან კარგი იდეაა და შეესაბამება აღმოსავლეთ პარტნიორობის და რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებს. ამას გარდა, ჩვენ მივესალმებით ასოცირების ტრიოს შექმნას. ეს გახლავთ ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, მოახდინონ შიდა ქმედებების უფრო მეტი კოორდინაცია და იმუშაონ ევროკავშირთან. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ველით თქვენთან მუშაობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მომზადება ადვილი ნამდვილად არ არის, ბელარუსში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონში არსებული სიტუაციის გამო. თუმცა, მე მჯერა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს თავისი მნიშვნელობა და ღირებულებები. ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს რეზოლუციებს გაეროს გენერალური ასამბელის ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. ჩვენ ვისაუბრეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და შეშფოთებული ვართ მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით მოქალაქეების უკანონო დაკავებაზის თაობაზე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, რომელსაც ასევე ვეწვევით. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ უსაფრთხოების კონფერენციაზე შევხვდით. ჩვენ გვქონდა სატელეფონო კონტაქტი, თუმცა ბუნებრივია, ZOOM-ი და Webex-ი ვერ ჩაანაცვლებს ორმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და გიწვევთ ლატვიაში. ახლა დროა, რომ თქვენ ჩამობრძანდეთ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლატვიელმა დიპლომატმა. ედგარს რინკევიჩსი: NATO-ს სამიტის დეკლარაციამ ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ ალიანსის კარი ღიაა გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. 7 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან. ედგარს რინკევიჩსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება მარტივი არ არის, ბელარუსსა და რეგიონში არსებული სიტუაციის გამო ედგარს რინკევიჩსი: NATO-ს სამიტის დეკლარაციამ ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ ალიანსის კარი ღიაა გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის

გიორგი გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. განცხადების ავტორები რეაგირებას ითხოვენ, როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება „პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ“. გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებას სამართლებროვი რეაგირება უნდა მოჰყვეს. „ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი. დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე მიიღეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ისახავდა მიზნად ხელისუფლების აყირავებას და ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.

კახა კუჭავამ და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით,  საქართველოს NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობის საკითხი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლატვიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საუბარი შეეხო NATO-ს „ღია კარის პოლიტიკას“ და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა განაცხადი, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. კახა კუჭავას თქმით, ამ მიმართულებით ლატვიის მხარდაჭერა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის.