ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში მის სახელმწიფო ვიზიტს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქართული დელეგაციის გულთბილი დახვედრისთვის და მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 27.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, იმპორტირებულია 114.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. აღინიშნა, რომ თურქეთიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, 2019 წელთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიმართ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია ეხმარება", -ნათქვამია ინფორმაციაში.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: ლიეტუვა იყო, არის და იქნება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დამცველი. მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინას
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმიონტეს განცხადებით, ლიეტუვა იყო, არის და იქნება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დამცველი. ლიეტუვის პრემიერმა ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა ყველა ფორუმზე, სადაც დებატები იქნება, მხარს დაუჭერს უკრაინასა და საქართველოს. ,,მერწმუნეთ, ლიეტუვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო, გაწევრიანებულიყვნენ ყველაზე ძლიერ ალიანსებში მთელ მსოფლიოში. ეს აძლიერებს არამხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ უსაფრთხოებას რეგიონში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლიეტუვა იყო, არის და იქნება ღია კარის პოლიტიკის დამცველი. ჩვენ ვხედავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის განვითარების საჭიროებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ბლოკში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ალბათ, ყველა ფორუმზე, სადაც ეს დებატები იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მხრივ უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა ინგრიდა შიმიონტემ. 2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტის მოსალოდნელ გზავნილებზე საქართველოსთვის დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ NATO-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები უკრაინას და საქართველოს ხელშესახებ შედეგს მოუტანს სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს, 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია ლუკ კოფი: NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა
იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის წინ უკრაინას კონკრეტული გზავნილით მიმართა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამიტის წინ უკრაინას კონკრეტული გზავნილით მიმართა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი გზავნილი უკრაინისადმი არის ის, რომ მთავარი ყურადღება რეფორმებზე უნდა გაამახვილოს, რომ მოახდინოს ინსტიტუტების მოდერნიზება კორუფციასთან ბრძოლისთვის. რეფორმები და მოდერნიზება საუკეთო გზაა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ალიანსის წევრობისკენ. ჩვენ მათ დავეხმარებით ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე წინსვლაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს, 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია
ინდოელი სტუდენტები სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ
ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტები სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ. შესაბამისად, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტებისათვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში განახორციელონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში", - ნათქვამია ინფორმაციში.
მაშველები ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში ორ კაცს ეძებენ
მაშველები ქობულეთსა და კვარიათში ერთდროულად, ზღვაში გაუჩინარებულ ორ კაცს ეძებენ. შემთხვევები როგორც კვარიათში, ასევე ქობულეთის სანაპიროზე დღეს მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მამაკაცები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივეგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. ორივე ადგილზე 30-მდე მაშველი-მეხანძრე, 7 მყვინთავი და 2 მცურავი საშუალებაა მობილიზებული და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ძებნის სამუშაოები კვადროციკლით და დრონით ხორციელდება.
ნათია თურნავა: საწვავის ფასი კი გაიზარდა, მაგრამ ეს ქუჩაში მოძრაობაზე არ ასახულა, დიდია ტრაფიკი
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საწვავის ფასების გაზრდაზე ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა - იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაზრდილმა ფასმა და ლარის კურსმა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. მისი თქმით, ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება. თურნავა ვარაუდობს, რომ საწვავის ფასი ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად შემცირდება. "ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და რა თქმა უნდა ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა.
აშშ-ის საელჩო: აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს
"აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ამ კვირაში JTEC-ის,NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხუთიწლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მათიაშვილი დაესწრნენ. JTEC-ის შექმნა 2014 წლის უელსის სამიტზე გადაწყდა და იგი 2016 წელს ამუშავდა. ცენტრის მიზანი იყო საქართველოს დახმარება მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების პროცესში. ასევე, ქართული ძალების NATO-ს წევრ და პარტნიორ ჯარებთან თავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობების შეთავაზება და შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების წესი იცვლება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახალი ჩანაწერით მკაცრდება პირობა, რის გამოც პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე. მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა არ შეფერხდეს და დროში არ გაჭიანურდეს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება. ასევე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით, ნაცვლად 150 პირისა, როგორც ეს ამჟამად მოქმედი ნორმით არის გათვალისწინებული. კანონპროექტი ითვალისწინეს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხსაც, კერძოდ: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე, განსაზღვრულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას, აგრეთვე, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს განკარგულებით დააკისრებს ჯარიმას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულების ერთჯერადად გასაჩივრება.
პარიზის საკონცერტო დარბაზი „სალ გავო“ ქართველ ხელოვანებს მომავალ სეზონებზე საკონცერტო სივრცეებს დაუთმობს
კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზის საკონცერტო დარბაზის "სალ გავოს" დირექტორებს ჟან-მარი და შანტალ ფურნიეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართველი ხელოვანების ხელშეწყობის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. „ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია სისტემურად ღონისძიებების გამართვა. დარბაზის დირექტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ამ პროცესს და დაუთმონ საკონცერტო დარბაზების სივრცეები ქართველ ხელოვანებს მომავალ სეზონებზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი კულტურის საკითხებში პაატა მაჭავარიანი ესწრებოდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი თეონა აქუბარდიას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა წარადგინა.
ჯანმოს დასტურის შემთხვევაში საქართველო 12 წელს გადაცილებულების ვაქცინაციას დაიწყებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან. "ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ Pfizer-ის გამოყენება დაშვებულია 12 წელს გადაცილებულ ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე Astrazeneca-სა და Moderna-ზე მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა იტალიაში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყო ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა 28 მაისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა კანადამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა
ამირან გამყრელიძე: დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი, ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება. მისი თქმით, დღეში დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. "წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი, ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება. ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი. რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, დაეხმარონ დარეგისტრირებაში. ასევე პარალელურად გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და აიცრან", - განაცხადა ამირან გამრელიძემ.
ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან. "საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას. დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 1. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი 2. დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 3. უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი : "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს
"გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "გაზპრომი" ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელზე. ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში. პუტინმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ წარმოადგენს ქვეყნის რისკებს; მისი თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არის ევროპისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი, რომლის შედეგადაც ევროპის ქვეყნები გაზს უფრო იაფად მიიღებენ.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის მოვლენებზე: დაველოდოთ გამოძიებას
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ კითხვას უპასუხა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. „ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში, გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მინდა ორი სიტყვით გითხრათ იმ საქმეებზე, რომლის შესახებაც მოვისმინეთ, რომ თითქოს, აქ მძიმე დანაშაულებზე იყო საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო, ჩატარებულია ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზები, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მას ჰქონდა ექიმის დანიშნულება. თქვენ უნდა იცოდეთ, როცა ასეთ სახლში ხვდება ადამიანი, მეტ-ნაკლებად ტრავმირებულია, ამიტომ ეს აჟიოტაჟი კიდევ უფრო ძაბავს მათ, ერთად ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, მხედველობაში სულ გვქონდეს, რომ ბავშვები, მოზარდები არიან და უტაქტოდ დასმული შეკითხვა მათთვის დამაზიანებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი არის აქ და გარდა ამისა, გამოკითხვაც მიმდინარეობს, ძიებაც დაწყებულია, საქმე პროფესიონალებს მივანდოთ და დაველოდოთ, რა შედეგები იქნება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველის თქმით, დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.
IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
საერთაშორისო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT)" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, რომლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, IRCT შოკირებულია საქართველოში ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრეცელებული ინფორმაციით. ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში აღწერს საზარელ შემთხვევებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას, საკვების უკმარისობას და ბავშვთა სისტემურ ცემას. "ეს არის წამება და არასათანადო მოპყრობა. არ შეცდეთ ამაში. ბავშვთა მოვლაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა დაწესებულებამ უნდა დაიცვას მათი უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დარწმუნდეს მათი უფლებების დაცულობაში მონიტორინგითა და ძალადობის სანქცინებით", - აცხადებს ასგერ კიაერამი, IRCT-ის ერთ-ერთი დირექტორი. ICRT-ის შეფასებით, ამჟამად ბავშვთა სახლში სისხლის სამართლის 4 მუხლით არის საქმე აღძრული, რომელიც ეხება ბავშვთა სახლში არასრულწლოვანთა გაუპატიურებას და ძალადობას. მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ხელს უშლიდა სამთავრობო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვთა სახლის მეთვალყურეობაზე, ამ დაწესებულების მონიტორინგში. "ეს ბავშვები და ყოფილი ბენეფიციარები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ. ახლა დროა, რომ მათ მიეცეთ მართლმსაჯულება და რეაბილიტაცია, რათა მოშუშების პროცესი დაიწყონ. საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებმა იციან, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სრული გამოძიება ეკლესიის და სხვა კერძო აქტორების მიერ მართულ თავშესაფრებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი ბავშვი აღარ დაიტანჯება" - აცხადებს ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად IRCT-ის დირექტორია. IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც წამების გამოძიებას მიესადაგება და გაწერილია სტამბულის პროტოკოლში. ამასთან, ყველა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, ხოლო იმ ბავშვების, ვის მიმართაც პირდაპირ ან ირიბად იძალადეს, რეპარაცია და რეაბილიტაცია განხორციელდეს. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონზე: ვიდეოჩანაწერები შეიცავს ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს
ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებს. „ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ეს კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით. ამჟამად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით. საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
NATO-ს გენერალური მდივანი: რუსეთი განაგრძობს სახიფათო ქმედებებს და ემუქრება მეზობლებს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე მიუთითებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ამის მაგალითად ის გარემოება დაასახელა, რომ რუსეთი განაგრძობს სახიფათო ქმედებებს სამხედრო წარმოდგენლობის მასიური ზრდით არქტიკიდან აფრიკამდე. მისი თქმით, რუსეთი აშანტაჟებს და ემუქრება მეზობლებს, ზეწოლას ახდენს მის შიგნით ოპოზიციის მშვიდობიან დემონსტრაციებზე და ახორციელებს კიბერშეტევებს NATO–ს ქვეყნებში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთიანობა, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო წესრიგის დარღვევის მცდელობებს ავტორიტარული ძალებისგან, მათ შორის რუსეთისგან. „ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ძალების მზადყოფნიდ გაძლიერებას, ჩვენი შესაძლებლობების მოდერნიზებას და მეტ ინვესტიციებს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ძლიერი სამხედრო ძალები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების პირველი ხაზი ძლიერ საზოგადოებაზე გადის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მეთიუ ბრაიზა: NATO აცნობიერებს, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ სამიტზე არაკომფორტული საუბრებიც იქნება
„რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები და თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა NATO-ს მომდევნო სამიტის დროს ელის. ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თურქეთთან დაკავშირებით საინტერესო განხილვებს ელის. „საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთის ჩართულობით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით, მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ აღიქმება პრობლემატურად ბოლო წლებში მისი კურსის გამო, როდესაც საბერძნეთის გადმოსახედიდან, თურქეთი მას დაუპირისპირდა. საერთო ჯამში, ვიცი, რომ NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თურქეთი, თუმცა ვფიქრობ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. თურქეთ–საბერძნეთის უთანხმოებაზე საუბრისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 ივნისს განაცხადა, რომ NATO-მ შექმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც „უზრუნველყოფს მხარეებს შორის კომუნიკაციას ინციდენტებისგან თავის დასაცავად და ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ პასუხობს NATO მოკავშირეებს შორის განსხვავებულ პოზიციებს“. „NATO დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური თავისუფლება. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ღირებულებებს და მე ვიცი, რომ მოკავშირეებიც იგივეს აკეთებენ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს და ეს არის საკითხი, რომელიც რამდენჯერმე განვიხილეთ ალიანსში. ვფიქრობ, NATO ასევე არის ღია განხილვებისთვის პლატფორმა. ჩვენ ერთი მაგიდის ირგვლივ ვმსჯელობთ და გულწრფელად გამოვხატავთ ჩვენს ხედვებსა და შეშფოთებებს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი არის ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირე. თუ შეხედავთ რუკას, მკაფიოდ გააცნობიერებთ ამას. ის არის ერთადერთი ქვეყანა და NATO–ს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთის ინფრასრტრუქტურა, აეროპორტები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ (დაეში) ბრძოლაში და თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ კოალიციაში ჩართულობით მის დამარცხებაში. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის მოკავშირე თურქეთთან ახლო თანამშრომლობას, რათა სტაბილურობა იყოს ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. თურქეთს ასევე აქვს მნიშვნელოვანი როლი მიგრანტთა კრიზისში. ასე რომ, არსებობს განსხვავებები და უთანხმოებები, თუმცა როგორც აღვნიშნე NATO ასეთი საკითხების განხილვის და კონსულტაციებისთვის პლატფორმაც გახლავთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია, რომ წავიდეთ წინ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. თურქეთი აცხადებს, რომ ენერგომატარებლების სამძებრო სამუშაოებს ატარებს შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, სადავო წყლებში მისი საქმიანობა საბერძნეთის პროტესტს იწვევს. თურქეთმა სამუშაო ჩაატარა შავი ზღვის შელფზე მდებარე საბადოზე, რომელსაც საბერძნეთი ეკონომიკური ზონის გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევს.
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია OMAN AIR-ი იწყებს
მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR-ი მასკატი - თბილისი - მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 2 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება: მასკატი - თბილისი - მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა. რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-იც იწყებს.