ძებნის რეზულტატი:
როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება. "სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122. ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს პირველი პირების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსში ამერიკის საელჩო ავრცელებს. "ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია. სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კარლ ჰარცელი: გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს
ევროკავშირი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ელჩის განცხადებით, გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს. მისი თქმით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა ძალიან თამამი და ამბიციური მიზანია და იმედს გამოთქვამს, რომ მის მიღწევაში სხვებიც ჩაერთვებიან. "გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება. ამიტომ ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ "ევროპულ მწვანე შეთანხმებას" (EU Green Deal) ვუწოდებთ. ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს - საქართველოს გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.
ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა
ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ. "წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა. ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა კოორდინირებულად მოქმედებასა და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს. ქვედანაყოფებმა ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო დაზვერვა, დანაღმული ველების მომზადება და ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გადალახვა როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში. სწავლების მონაწილეებმა საკუთარი ქვედანაყოფების დაბრკოლებებში გატარებისა და გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ოპერაციებიც განახორციელეს. დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთ სარდლობის ბრიგადის მეთაურები დაესწრნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს სააგენტოთა ჯფუფი: მომავალი თაობებისთვის ეკოსისტემების განახლების, გადაფასებისა და აღდგენის დროა
"მომავალი თაობებისთვის ეკოსისტემების განახლების, გადაფასებისა და აღდგენის დროა", - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2021 – 2030 წლები გამოაცხადა ეკოსისტემების აღდგენის გაეროს ათწლეულად გამოაცხადა. "დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მოქმედების თვალსაზრისით, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მოვუწოდებთ გადაიდგას მტკიცე ნაბიჯები და გატარდეს პრაქტიკული ზომები მყიფე ეკოსისტემების გადარჩენისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისგან ადამიანების და პლანეტის დასაცავად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2021 – 2030 წლები გამოაცხადა ეკოსისტემების აღდგენის გაეროს ათწლეულად. აღნიშნული ხაზს უსვამს იმ ქმედების მნიშვნელობას, რომელიც საჭიროა ძირითადად ადამიანის საქმიანობით ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებულ მრავალმხრივ ზიანთან გასამკლავებლად. ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენი სიცოცხლე, კეთილდღეობა, ეკონომიკა და სოციალური განვითარება დამოკიდებულია უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემურ სერვისებზე, როგორიცაა ჟანგბადი და მტკნარი წყალი. ეკოსისტემების აღდგენით და დაცვით, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით, გარემოს დაცვით და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით, შეგვიძლია გადავარჩინოთ პლანეტა მომავალი თაობებისთვის და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს და ჩვენს ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს შეინარჩუნებს. ყველა ეს საკითხები განიხილება 2021 წლის 1-12 ნოემბერს გლაზგოში დაგეგმილ COP26 სამიტზე; როდესაც ქვეყნები, მათ შორის საქართველო, წარადგენენ ხედვებს მომდევნო წლებში უფრო მწვანე და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში კლიმატთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. მან განაცხადა, რომ იმოქმედებს მდგრადი განვითარების ეკო-მეგობრული პრინციპების შესაბამისად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და დაბალემისიიანი განვითარების ინვესტიციებისთვის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიების პროცესში. საქართველო წარმატებით გადის გზას, რაკი კლიმატური პოლიტიკა და სტრატეგიები და მათთან დაკავშირებული კანონები შემუშავებული, მიღებული და ამოქმედებულია. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით ბუნების დაცვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების ფარგლებში, საქართველო გარკვეულ პროგრესს აღწევს ერთჯერადი მოხმარების მავნე პლასტმასის გამოყენების აკრძალვის მიმართულებით; ამასთან, გაზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების ემისიების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთანავე, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევებია, რომელთა მიზეზი ერთის მხრივ ადამიანის საქმიანობაა, ხოლო მეორეს მხრივ კლიმატის ცვლილება. გლობალური დათბობის 1.5°C-ით შეზღუდვის გზით, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესარბილებლად, აუცილებელია მოვახდინოთ წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაცია და 2010 წლის დონესთან შედარებით, 2030 წლისთვის მინიმუმ 45%-ით შევამციროდ ანთროპოგენული სათბურის გაზების გამოყოფა. თუმცა, ამის გასაკეთებლად საჭიროა სწრაფი, შორსმიმავალი და უპრეცედენტო ცვლილებების განხორციელება ყველა სექტორში; დაბალნახშირბადიანი განვითარება და ღირებულების ჯაჭვის მოდელების შემუშავება მდგრადი ზრდისთვის; ეკოსისტემების აღდგენა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირება, მათ შორის, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება პროგნოზირებისთვის და ადრეული გაფრთხილების სისტემებისთვის; ჯანსაღი და უსაფრთხო მობილობის და ტრანსპორტის ხელშეწყობა; ინვესტირება განახლებადი ენერგიის წყაროებში; დაბინძურების შემცირება ცირკულარული ეკონომიკის შენებით, რომლებიც ნარჩენებს ამცირებს; მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ნარჩენების დაგროვების პრევენციის, ხელახლა გამოყენების, უტილიზაციისა და აღდგენის წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება; საძოვრების განადგურების, დანაწევრებისა და დეგრადაციის შემცირება და ნიადაგის დამუშავების ინოვაციური პრაქტიკის შემოღება; უფრო დიდი ოდენობით ორგანული სასუქების გამოყენება და მავნებლებთან ინტეგრირებული ბრძოლა; და უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი ტყეების, მტკნარი წყლების და ზღვის ტერიტორიების დასაცავად. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო განაგრძობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და შეინარჩუნებს გარემოს. გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოს მდგრად მართვასთან და კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით მისი ვალდებულები გამყარებული იქნება კლიმატის მიმართ მგრძნობიარე პოლიტიკით და მყისიერი მოქმედებებით, რომლებიც მიმართული იქნება ბუნებრივი გარემოს გაუარესების შეჩერებაზე, და იმავდროულად საქართველოს ხალხის, მათი ქონებისა და საარსებო წყაროების დაცვაზე. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენს საერთო ვალდებულებას დაბალნახშირბადიან, უფრო სუფთა, ჯანმრთელ და მდგრად პოსტ-პანდემიურ მომავალთან დაკავშირებით, მხარდაჭერას აღუთქვამთ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს მწვანე გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაფართოებაში და გარემოსდაცვითი საკითხების განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილად გადაქცევაში, რაც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის კლიმატის ცვლილების შესახებ (UNFCCC) პარიზის შეთანხმების მიზნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას 2030 წლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 832 ადამიანს დაუდასტურდა, 624 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 594 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 332 304, გარდაიცვალა 4 893 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%. ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან 457 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 66, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 28, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436. მძიმე პაციენტი: 729, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 210, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 822 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 231, პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 502.
ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ
თურქეთმა შავ ზღვაში აღმოაჩინა 135 მილიარდი კუბური მეტრი დამატებით ბუნებრივი აირი აღმოაჩინა. ამის შესახებ თურქეტის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღან განაცხადა. როგორც ცნობილია, ბუნებრი აირი ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა Fatih-მა საქარიას საბადოს Amasra-1-ის ჭაბურღილში აღმოაჩინა. გასულ წელს კი საბურღმა გემმა Fatih-მა 405 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასავლეთ შავიზღვისპირეთის საქარიას საბადოში აღმოაჩინა. ეს ქვეყნის უდიდეს აღმოჩენად ითვლება. ერდოღანის თქმით, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას მხარი დაუჭირა
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ (WHC), ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს, გარემოს დაცვის დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება, ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს. "IUCN–ის რეკომენდაციის საფუძველზე, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღებენ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში, მიმდინარე წლის 16–31 ივლისს გაიმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. IUCN-ის ექსპერტების დასკვნა იხილეთ: https://whc.unesco.org/archive/2021/whc21-44com-8Binf2-en.pdf ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
5 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 167 332 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 44 396 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522"- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრაზილიამ Sputnik V-ის ვაქცინა დაამტკიცა
ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა Anvisa-მ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რუსული ვაქცინა Sputnik V- ის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო, თუმცა გარკვეული პირობებიც დაურთო. როგორც ცნობილია, Sputnik V-ის ვაქცინას ბრაზილიაში ივლისში ჩაიტანენ. "SputnikV ჩამოვა ბრაზილიაში ივლისში", - განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც Sputnik V-ის ვაქცინების რეალიზაციას ახდენს საზღვარგარეთ. Sputnik V-ის მწარმოებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა Twitter-ში, რომ ბრაზილია ხდება 67-ე ქვეყანა, რომელმა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. Anvisa-ს ტექნიკურმა პერსონალმა რეკომენდაცია გაუწია ვაქცინის დამტკიცებას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებით, მაგალითად, ის მხოლოდ მოზრდილებში უნდა იქნას გამოყენებული, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვთ. ამასთანავე, ვაქცინის გამოყენება იკრძალება ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან
ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან. შესაბამისი ნებართვა ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა. როგორც ცნობილია, ამჟამად ჩინეთში ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია 3-დან 17-წლამდე მონაწილეთა შორის და უმეტესად გვერდითი რეაქციები იყო მსუბუქი. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბავშვებისთვის აცრების გამოყენების ნებართვას ითხოვს კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი Sinopharm-იც. მათ შესაბამისი კვლევა უკვე წარუდგინეს მარეგულირებელს.
დონალდ ტრამპი: როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგთან სადილი აღარ გაიმართება
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგს თეთრ სახლში სადილზე აღარ მიიწვევს. ინფრომაციას TheGuardian-ი ავრცელებს. "შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. ტრამპი აცხადებს, რომ Facebook-ის გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს 75 მილიონ ადამიანზე მეტს, რომლებმაც არჩევნებში მას მისცეს ხმა. ცნობისთვის, Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს. "გარემოებების სიმძიმის გათვალისწინებით, რამაც დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვია, მიგვაჩნია, რომ მისი ქმედებები ჩვენი წესების მკაცრ დარღვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი ანგარიშები ორი წლით იბლოკება. დაბლოკვის ვადის ათვლა თავდაპირველი დაბლოკვის თარიღიდან, 2021 წლის 7 იანვრიდან დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ Facebook-ის ადმინისტრაცია ექსპერტებს მიმართავს, რათა შეფასდეს, შემცირდა თუ არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი. საფრთხის არსებობის შემთხევაში კი შეზღუდვა გახანგრძლივდება მანამ, სანამ რისკები არ შემცირდება. შეგახსნებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. "ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ აქტიურ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი,რომელმაც 44.8% შეადგინა. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ პროგრამას, რომელმაც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და რეფორმების დღის წესრიგზე. შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისა და პანდემიით დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენისკენ" ,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.
ინდოეთში 124 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ინდოეთში 124 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინი პირველი დოზა გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ ინდოელი ქალბატონი მსოფლიოს უხუცესი ადამიანია, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რეჰტი ბიგუმი იმ 9000 ადამიანს შორის მოხვდა, ვისაც ქალაქ ბარამულში ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდა. მისი სამედიცინო ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ ის 124 წლისაა, თუმცა, არანაირი დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ეტაპზე არ არსებობს. ვაქცინის დოზის მიღების შემდეგ ჩაწერილ ვიდეოში ქალმა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოელი ქალბატონი, ამ დრომდე დედამიწაზე მცხოვრებ უხუცეს იაპონელ, კანე ტანაკიზე 6 წლით უფროსია.
რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა
დღეიდან, რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტომდე. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 2021 წლის 30 აპრილს მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად და მომარაგების მიზნით, აგრეთვე საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზებისთვის და რუსული ორგანიზაციებისათვის მიწოდებაზე. რუსეთის ფედერაციაში წიწიბურას მთლიანმა მოსავალმა 2020 წელს 893 ათასი ტონა შეადგინა, რაც 13,6%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით.
მარინა კალიურანდი: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში
„საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონელი ევროპარლამენტარი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. „მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ. ასე რომ, ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები, მაგრამ ამავე დროს, მე გთხოვთ, იყოთ რეალისტები. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროკავშირში ან NATO-ში. წევრობა პოლიტიკური კონსენსუსია, მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროპარლამენტის პოლიტიკურ პარტიებში. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს წევრ ქვეყნებს შორის, განსხვავებული მოსაზრებებია, ბრიუსელში ზოგიერთი ქვეყანა ისევ ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება 2004 წელს შეცდომა იყო. ამდენად, განსხვავებული მოსაზრება არსებობს. თქვენ უნდა იყოთ მიმართული სკეპტიკოსების დარწმუნებისკენ, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და იმსახურებთ პოლიტიკური კონსენსუსის გადაწყვეტას. იქნება ეს 2024 წელს? არ მსურს სპეკულაცია და პროგნოზირება, მაგრამ პირადად მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ეს მოხდება, პირველი ვიქნები, ვინც ევროკავშირის წევრს მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, მერწმუნეთ. მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ რეალისტები და გულწრფელები არსებული ვითარების მიმართ. ამიტომ ვამბობდი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის. ხალხი გაიაზრებს, რომ ეს არის პროცესი და ერთ დღესაც გაიხსნება ფანჯარა, არ ვიცი როდის, მაგრამ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ ქართველი ხალხისთვის“, - განუცხადა ევროპარლამენტარმა Europetime-ს. მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი
სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონში ღამითაც დარჩებიან
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და დამხმარე სპეციალისტები ნინოწმინდის პანსიონში ღამითაც დარჩებიან. მაის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა და ახლა ადგილზე უფრო მეტი სპეციალისტია. ამასთან, დღისა და ღამის განმავლობაში, სოციალური მუშაკები და სხვა, დამხმარე სპეციალისტები იქნებიან", - აცხადებს მარტაშვილი. მისივე თქმით, შეფასდება თითოეული ბავშვის მდგომარეობა და შემდეგ შედგება სამოქმედო გეგმა. "ჩვენ ვართ ადგილზე, ყველა ბავშვის საჭიროებებს ინდივიდუალურად ვაფასებთ. ამ ეტაპზე, შეუძლებელია რაიმე დასკვნის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ვრჩებით ადგილზე. ამ ეტაპზე, გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვიმოქმედოთ. სოციალურ მუშაკებთან და დამხმარე სპეციალისტებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესის დასაცავად", - აღნიშნა ელენე მარტაშვილმა. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
მარინა კალიურანდი: რუსეთთან ურთიერთობის პრინციპები უნდა გადაიხედოს. თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება
„რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ სფეროში, თუმცა არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და ის, რა არ მოგვწონს“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონელი ევროპარლამენტარი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). „2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მარინა კალიურანდი: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი
მარინა კალიურანდი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს ბევრი მეგობრის მხარდაჭერა აქვს
„ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონელი ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი Europe Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი „ყველას გვახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს MAP-ი, რომელიც არ მიგიღიათ 13 წლის შემდეგაც. NATO-ს სამიტი ორ კვირაში ბრიუსელში იქნება. იგივეს ვიტყვი, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით ვთქვი, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განუცხადა Europe Time-ს მარინა კალიურანდმა. მარინა კალიურანდი: რუსეთთან ურთიერთობის პრინციპები უნდა გადაიხედოს. თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება მარინა კალიურანდი: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში
კარლ ჰარცელი: ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს
„მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განაცხადა. ელჩის თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება არ იყოს შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი. „სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია და ეს არის ის, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უნდა ელოდოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობის საკითხი ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩეს. როცა საქმე ეხება მოვლენათა ფართო სპექტრს, მინდა აღვნიშნო, რომ დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნეა და ევროკავშირი მთავრობასთან, იუნისეფთან და სხვებთან ამ მიზნის მისაღწევად 2005 წლიდან მუშაობს. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, დროა თუ არა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით. მინდა შევახსენო ყველას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსი მთავრობას ავალდებულებს, რომ წარადგინოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რასაც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ბოლოს, აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს,“- განაცხადა ელჩმა. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს