ძებნის რეზულტატი:

ეს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დადასტურებაა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას. „რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს, დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ, მიუხედავად კოვიდისა, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ჩვენ ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

კორონავირუსი მართლაც არსებობს - მეუფემ აზრი შეიცვალა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლტმა იობმა აზრი შეიცვალა და ქადაგებს, რომ კორონავირუსი "მართლაც არსებობს". ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მან თქვა, რომ ვირუსით სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. მიტროპოლიტმა მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა. "ეს რეალობა არის. ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც მღვდელმთავრები, მონაზვნები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ ამით არის დაავადებული. ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ: პირბადე, დისტანცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის… ამაში სიმდაბლე ჩანს ადამიანის, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა და ღვთის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს", - ამბობს მიტროპოლიტი. აპრილში, Covid-19-ის პირველი ტალღის დროს, მიტროპოლიტი იობი მრევლს ეუბნებოდა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია. მაშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ამასთან, აკრძალული იყო მასობრივი თავყრილობები. ამის მიუხედავად, მაღალი სასულიერო იერარქი მოსახლეობას მოუწოდებდა, მაინც წასულიყვნენ სააღდგომო ლიტურგიაზე. ქადაგებისას მან საგანგებო მდგომარეობას "მასონური გადაწყვეტილება" უწოდა. "ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, საგანგებო მდგომარეობა", - აცხადებდა მიტროპოლიტი. შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 45 ადამიანი.

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ბალანსი გაანულა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ნოემბრის ბაშოზე, ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ოთხი ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგებაა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც 2020 წლის ბოლო სუპერტურნირს მეშვიდე მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს უხერხულ მეტოქეს - მერვე მაეგაშირა ტერუციოშის დაუპირისპირდა. გორგაძეს მასთან აქამდე ჩატარებული ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა. მესამე ცდაზე კი სასურველ შდეგს მიაღწია. 12 ნოემბერს, თხუთმეტტურიანი შეჯიბრების მეხუთე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მეცხრე მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება. მას აქამდე ხუთჯერ დასჭიდებია და აქედან სამჯერ დაუმარცხებია.

რუს ჟურნალისტს, კორონავირუსზე გავრცელებული ინფორმაციისთვის, ფულადი ჯარიმა დაეკისრა

რუსეთის ნიჟეგოროდის რაიონულმა სასამართლომ, ჟურნალისტ ალექსანდ პიჩუგინს კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, 300 000 რუბლის გადახდა დააკისრა. სახელმწიფო ბრალმდებელი განსასჯელის ორი წლითა და 6 თვით დაპატიმრებას მოითხოვდა, "ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სიცოცხლეს“. ჟურნალისტის სამართლებრივი დევნის მიზეზი აღდგომის დღესასწაულამდე, 12 აპრილს, მის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ჩანაწერი გახდა, რომელშიც საკარანტინო მოთხოვნების დარღვევით, საეკლესიო ღვთისმსახურებას, პიჩუგინმა „სასიკვდილო დაავადებით მოსახლეობის დაინფიცირების დაგეგმილი აქცია“ უწოდა. პიჩუგინის ადვოკატები სასამართლოს განაჩენი ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებას აპირებენ.

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას. „ევროპათაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰოჯესი აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა, საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველომ და მისმა პარტნიორმა აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. _ბატონო გენერალო, ბოლო ინტერვიუ რომელიც თქვენთან ჩავწერეთ, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის განვითარებად, რუსეთის სამშვიდობოების განლაგება მიიჩნიეთ. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა მოხდა? _მისასალმებელია, რომ სამხედრო დაპირისირებები და განსაკუთრებით სამოქალაქო პირების მკვლელობები დასრულდა. ასევე მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში საომარი ქმედებების შეჩერების შესახებ. იმედი მაქვს, შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე შეეცდება მის შესრულებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებიც შეძლებდნენ სამშვიდობო მისიის განხორციელებას კრემლის ნაცვლად. ჩემი აზრით, იქ განლაგებული რუსული ძალები უფრო ოკუპანტებს წარმოადგენენ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებს, ისევე როგორც დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, სადაც სინამდვილეში „ტერიტორიის მპყრობელებად“ უფრო გვევლინებიან, ვიდრე მშვიდობის მყოფელებად. _რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს რეგიონში? როგორი იქნება თურქეთის და რუსეთის გავლენები კავკასიაში, რა თანაფარდობით და რა პერსპექტივებით? თურქეთმა აჩვენა, რომ შესწევს უნარი, გავლენა იქონიოს რეგიონზე; ასევე მოახდინა ზოგიერთი მისი შესაძლებლობის მაღალ დონეზე მოდერნიზაციის დემონსტრირება; დაგვანახა, რომ შეუძლია ხარისხიანი ტრენინგისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა, როგორც ეს აზერბაიჯანული ძალების შემთხვევაში გააკეთა. თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რა შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველივე ეს რეგიონში თურქეთისთვის. ფაქტია, თურქეთის გადმოსახედიდან, მისთვის საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია აღინიშნება. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, თურქეთი გამოიყენებს ამას პასუხისმგებელი და პოზიტიური მიდგომისთვის რეგიონში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, აგრეთვე იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთოს, რათა დაუპირისპირდეს კრემლის აგრესიას შავი ზღვის რეგიონის დანარჩენ ნაწილში. _რა ბედი ეწვევა ამ ახალი კონფიგურაციით, იმ მნიშვნელოვან მარშრუტებსა და კორიდორებს, რომლებიც გადის აღნიშნულ ტერიტორიებზე და აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს? ეს არის მთავარი სტრატეგიული კითხვა - ახალი გარემოებები ხელს შეუწყობს თუ პირიქით, ხელს შეუშლის აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებას, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს; ეს არის ერთადერთი დერეფანი (გაზის, ტელეკომუნიკაციის და საჰაერო მგზავრობისთვის), რომელიც რუსეთზე და ირანზე არ გადის. ხოლო რუსული სახმელეთო ძალების, როგორც ოკუპანტების იქ ყოფნა, სავარაუდოდ, დადებითად არ აისახება დერეფნის განვითარებაზე. _საქართველოსთვის როგორც სატრანზიტო კორიდორის მქონე ქვეყნისთვის, რას მოიტანს ან შეცვლის ეს ყველაფერი? ზოგადად როგორ აისახება ეს ახალი ,,წესრიგი' მასზე? სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა განლაგებული, საკმაოდ გაიზარდა. ამრიგად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, როგორიცაა აშშ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების შეჯიბრის ნაწილი, რომლებიც ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ეს რეგიონი ყველასთვის მნიშვნელოვანია. და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, აგრეთვე გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. “საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო. საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე, საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა

ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გამოცემა „ეხო კავკაზს“ განუცხადა. „რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკური (მხარდაჭერის) საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილის, გამონაკლისის სახით, გადაყვანა დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ ვადებში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2863 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2863 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2863 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0323 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0401 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებმა დოკუმენტი დღეს დილით გააფორმეს. „თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“, - განაცხადა ერდოღანმა. მან აზერბაიჯანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლება მიულოცა. „ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის სრულ გათავისუფლებას ოკუპაციისგან. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაქარს 15 ნოემბრამდე გადასცემს, აღდამსა და გაზახს 20 ნოემბრამდე, ქალბაჯარს - 1 დეკემბრამდე. ოკუპაციის შედეგად საკუთარი მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანელები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზედამხედველობით თავიანთ ტერიტორიებზე დაბრუნდებიან,” - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის.

ევროპარლამენტარები - გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია, მზად ვართ კონსტრუქციული როლი შევასრულოთ

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. „გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია. სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ არსებული ინსტიტუტებისათვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად. საქართველოს მთავრობა, მმართველ პარტიასთან ერთად, ატარებს პასუხისმგებლობას, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის არსებული რთული ვითარებიდან,“- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს საჩივრებისა და დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები,“- აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ. „გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ოპოზიციასა და ხალხთან ინკლუზიური დიალოგის გასამართად, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული როლი ამ დიალოგში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ განახორციელონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს," - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე მაიკ პომპეოს ვიზიტზე: ეს არის ერთგვარი სიგნალი რეგიონული მოთამაშეებისთვის, რომ აქ არსებობს ამერიკული ინტერესი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მაიკ პომპეოს ტურნეს აბსოლუტურად ლოგიკურ სვლად მიიჩნევს ამერიკული დიპლომატიისთვის, რადგან პრაქტიკულად, ყარაბაღში გეოპოლიტიკური რეალობა, თვისობრივად კი ძალთა ბალანსი შეიცვალა. მისივე შეფასებით, საქართველოს სტაბილურობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის პირველი დიპლომატი ალბათ ეცდება, რომ ამ სტაბილურობის მნიშვნელობაც აუხსნას საქართველოს. გიორგი გობრონიძე „ევროპათაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი ინტერესის შესახებ და თავისი მოკავშირის მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინის. „ეს ვიზიტი დიდი ხნით ადრე რომ დაგეგმილიყო, როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე მსგავსი ვიზიტების შემთხვევაში, უფრო მალე გასაჯაროვდებოდა და საზოგადოებასაც ექნებოდა ინფორმაცია. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკულად, ეს არის პირდაპირ კავშირში ბოლო პერიოდის მოვლენებთან, რომელიც ყარაბაღის რეგიონში განვითარდა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სვლა ამერიკული დიპლომატიისთვის გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულად, ყარაბაღში შეიცვალა გეოპოლიტიკური რეალობა და თვისობრივად შეიცვალა ძალთა ბალანსიც - აქამდე, სომხეთი და აზერბაიჯანი თანაბარ სიბრტყეში განიხილებოდნენ, არ იყო რუსეთის სამხედრო ჩართულობა კონფლიქტში; თურქეთი არ იყო ამ დოზით წარმოდგენილი კავკასიის რეგიონში; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი ინტერესის შესახებ და თავისი მოკავშირის მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინის. შესაბამისად, ერთგვარი სიგნალი არის გაგზავნილი რეგიონული მოთამაშეებისთვის, რომ აქ არსებობს ამერიკული ინტერესი და ასევე არის სიგნალი საქართველოსთვის, რომ ამ რთულ პერიოდში (როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სხვა მიმართულებებით, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური ტურბულენტობა) არ ვრჩებით მარტო და მოკავშირე ჩვენს გვერდით ყოფნაზე უარს არ ამბობს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე. ექსპერტი ამ ვიზიტს მაინცდამაინც მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ვერ უკავშირებს, რადგან ამისთვის აშშ-ს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის სხვა არხებიც აქვს, თუნდაც საელჩოს სახით. „არ ვამბობ, რომ არჩევნებზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და მის მნიშვნელობაზე არ მოხდება ხაზგასმა, რადგან არაერთხელ აღნიშნეს ამერიკელმა დიპლომატებმა, რომ საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია მთლიანად კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით - პრაქტიკულად, საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მდგრადობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს“. გიორგი გობრონიძის განცხადებით, სომხეთში უნდა ველოდოთ მოვლენათა საკმაოდ რთულ განვითარებას, რადგან სომხური საზოგადოება ომში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებულია. ამასთან, არის მძიმე ემოციური ფონი, რასაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიც ემატება. ასევე არის დიდი იმედგაცრუება სომხურ საზოგადოებაში მმართველი რგოლის მიმართ. ამ ფონზე კი აზერბაიჯანი გამარჯვების ეიფორიაშია. შეიძლება, აზერბაიჯანი სხვა გამოწვებების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან არ ხდება ისე, რომ მარტო ტერიტორია დაბრუნდა და ყველაფერი კარგად არის. მოხდა ის, რაც არ დაფიქსირებულა 90-იან წლების პირველ ნახევარში, როდესაც რუსეთი მაშინაც ითხოვდა სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ამასთან, აზერბაიჯანს მოუწია თურქეთის დახმარებით სარგებლობა და როგორც ცნობილია, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერს აქვს ფასი და მათ შორის, არც თურქეთის დახმარება იქნება უფასო. რეგიონში სტაბილურობის მიღწევა კიდევ უფრო გართულებულია, ჩვენ არ ვიცით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს და როგორი იქნება რუსული სამხედროების ყოფნა მოცემულ პერიოდში. ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ რუსეთი ჩაერეოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სცენარი მზად აქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რამდენად სწრაფად გადაისროლეს სამხედრო ძალები. ამ ფონზე საქართველოს სტაბილურობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის პირველი დიპლომატი ალბათ ეცდება, რომ ამ სტაბილურობის მნიშვნელობაც აუხსნას საქართველოს და შეგვიძლია გამოვყოთ ორი მიმართულება - 1. უშუალოდ, ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება; მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით ამერიკის ჩართულობა და შესაძლო მხარდაჭერის ვარიანტების განხილვა; 2. დაფიქსირება ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ერთგულებისა და საქართველოს, როგორც მისი მოკავშირისადმი უპირობო მხარდაჭერისა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ახალი რეგიონული ძალები მაინც ახდენენ პოზიციათა გაძლიერებას და პრაქტიკულად ცვლიან გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსს, ან მიზიდულობის ცენტრებს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

პუტინი 12 ნოემბერს, ასლან ბჟანიას მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ, 12 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „მოლაპარაკებების დროს, რომელიც სოჭში გაიმართება, იგეგმება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მდგომარეობისა და პერსპექტივის განხილვა, განიხილება ასევე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა და საკითხები, რომლებიც შეეხება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკურ კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ოქტომბრის ბოლოდან იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავდა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკოვს შეხვდა.

საქართველოს მოქალაქეებს ისლანდიაში შესვლა შეეზღუდათ

საქართველოს მოქალაქეებს ისლანდიაში შესვლა შეეზღუდათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ისლანდიის რესპუბლიკაში შემოღებული წესების თანახმად, შეზღუდულია ყველა მესამე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ისლანდიაში შესვლა. გამონაკლისების თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.logreglan.is/english/regarding-travel-restrictions-to-iceland-as-a-result-of-covid-19/ რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე, იხილეთ დაწვრილებით: ავსტრია – შეზღუდულია საქართველოს მოქალაქეების შესვლა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ავსტრიის ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას, უფლება აქვთ გამონაკლისი სახით, ტრანზიტული მიზნით ისარგებლონ ავსტრიის აეროპორტებით. ამისათვის მათ თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაცემული კოვიდ ტესტის შედეგი (PCR Test). აგრეთვე, დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მიმავალი მგზავრები, თუ ისინი წარადგენენ აქტუალურ PCR-ტესტს და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას. ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით. სპეციალური განკარგულების თანახმად, გამონაკლისის სახით ავსტრიაში შემოსვლა შეუძლიათ ასევე ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ აქტუალური PCR-ტესტი და უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (Studienzulassung). ხსენებული შეზღუდვები მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ​ ბელგიის სამეფო – შეზღუდულია შესვლა. საქართველოდან ბელგიაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბელგიური ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება. სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შემცირდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით და 1 ოქტომბრიდან არის 7 დღე, 14 დღის ნაცვლად. მგზავრმა უნდა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://travel.info-coronavirus.be/fr/public-health-passenger-locator-form ბოსნია და ჰერცეგოვინა – დაშვებულია, ტესტის პირობით. ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 სექტემბრიდან, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე შესვლა შეეძლება ნებისმიერ უცხოელს. საზღვრის კვეთისას, მგზავრებმა უნდა წარადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტი უნდა იყოს ჩატარებული არაუგვიანეს 48 საათისა, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მიმართულებით გამგზავრებამდე. ბულგარეთი – დაშვებულია. საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ კარანტინის/თვითიზოლაციის გარეშე შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, უშუალოდ საქართველოდან ან თურქეთიდან მგზავრობის შემთხვევაში. ასევე, ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა, ტრანზიტის შემთხვევაში. მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით, მიმავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად, უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი ცნობა. ყველა სხვა ქვეყნიდან, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან, ქვეყანაში შესვლისას, სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული COVID-19 ტესტის სერტიფიკატის წარდგენა (უარყოფითი შედეგით). გაერთიანებული სამეფო – შეზღუდულია. მოქმედებს 14-დღიანი კარანტინი და თვითიზოლაცია. ბრიტანეთში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით მიმავალმა პირმა ელექტრონულად უნდა წარადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ, მისამართი, სადაც გაატარებს 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდს. მათთვის, ვისაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მთავრობა „შესაბამის სივრცეს გამოყოფს“. ვინც აღნიშნული ზომების დაცვაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა ქვეყანაში არ შეუშვან. პოლიციას მიენიჭება უფლებამოსილება მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს ძალა. ყველა პირი, ვინც ამ საკარანტინო წესს დაარღვევს, შესაძლოა 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდეს. 14-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის წესს არ ექვემდებარებიან ნებისმიერ ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოდან) მიმავალი შემდეგ კატეგორიებში შემავალი პირები: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი;სატვირთო ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები;კონკრეტული კატეგორიის „საკვანძო მუშახელი“;დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები;ირლანდიიდან, მენის კუნძულიდან და სრუტის კუნძულებიდან მომავალი პირები. გერმანია – შეზღუდულია. 9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს. რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. ამდრომდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48-საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად. ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება: პირებზე, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება;ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი);სხვა დანარჩენი პირებისათვის, შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი;მაღალკვალიფიციური მუშახელი;სტუდენტები (რიგ შემთხვევაში).ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა). ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით. დანიის სამეფო – შეზღუდულია. 23 ოქტომბერს, დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარი ჩაიკეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (worthy purpose). ამავდროულად, საზღვარზე უნდა წარადგინონ COVID19-ტესტი, ჩატარებული ბოლო 72 საათში. ესპანეთი – შეზღუდულია. ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო ე.წ „მწვანე“ ქვეყნების სიიდან. ცვლილება ძალაში შედის 1 ნოემბრის 00:00 საათიდან. შეიზღუდა უვიზო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების შესვლა. გამონაკლისით სარგებლობენ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მოქალაქეები: • ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას. • ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი ვიზის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შესვლის უფლებას, შესაბამისად, სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში. მგზავრებმა ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/ და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე. მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტში უზომავენ სიცხეს, ხოლო სიცხის აღმოჩენის შემთხვევაში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც სახელმწიფოს ხარჯზე უტარდება COVID-19-ზე ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი იქნება მის მიერ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე, სადაც პაციენტი თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ესტონეთი – შეზღუდულია. ესტონეთში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების არ მქონე შემდეგი კატეგორიის პირებს: ტალინში აკრედიტებულ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;სამთავრობო დელეგაციების წევრებს, რომლებიც ესტონეთში მიემგზავრებიან ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;სამუშაო ან სასწავლო მიზნით მიმავალ პირებს (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას);საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული მისიით მიმავალ პირებს;სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე;მგზავრთა გადამყვანი და ტვირთების გადამზიდავი საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ გამართვაზე;პირებს, რომლებსაც ეხებათ კრიტიკული სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;პირებს, რომელთა ესტონეთში შემოსვლა მიზნად ისახავს ესტონეთში მოქმედი კომპანიების ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებას, ტექნიკურ გამართვას ან საგარანტიო მომსახურებას, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა შესრულება აუცილებელია კომპანიის ოპერირების უზრუნველსაყოფად;პირებს, რომლებიც კვეთენ ესტონეთის საზღვარს სამშობლოში დასაბრუნებლად;პირებს, რომლებიც უშუალოდ ენათესავებიან ესტონეთის მოქალაქეს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს;სპორტული შეჯიბრებების, ასევე, საჯარო ღონისძიებების მონაწილეებს ან ორგანიზატორებს;პირებს, რომლებსაც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა, სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე, მიანიჭა ესტონეთში შემოსვლის ნებართვა. (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას; ასეთი ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გათვალისწინებით). ირლანდია – ამ ეტაპზე, გაიცემა მხოლოდ გრძელვდადიანი და გადაუდებელი (emergency) ვიზა. მოქმედებს ერთი საერთო რეგულაცია შემომსვლელ ყველა პირთათვის განურჩევლად მოქალაქეობისა და ჩამოსული ქვეყნისა - სავალდებულოა 2-კვირიანი თვითიზოლაცია ახალი რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 2500 ევროს შეადგენს ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ რეგულაციისგან თავისუფლდებიან პილოტები, გემის ეკიპაჟის წევრები, საერთაშორისო გადამზიდავები, ტრანზიტული მგზავრები და დიპლომატები. ისლანდია – დაშვებულია, ტესტის პირობით. ნებადართულია, თუმცა მგზავრებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და აირჩიონ ორჯერადი PCR ტესტის ჩატარება ან 2 კვირიანი კარანტინი. ტესტირება ფასიანია, წინასწარ გადახდის შემთხვევაში ფასი 9000 ისლანდიური კრონა (დაახლ. 65 აშშ დოლარი) და ადგილზე 11000 კრონა (დაახლ. 78 აშშ დოლარი) https://visit.covid.is/ - წინასწარი რეგისტრაციის ბმული. იტალია – დაშვებულია, 14-დღიანი თვითიზოლაციის პირობით. ჩასვლისას მგზავრები ავსებენ სპეციალურ ფორმას: https://www.esteri.it/mae/en/ministero/normativaonline/decreto-iorestoacasa-domande-frequenti/focus-cittadini-italiani-in-rientro-dall-estero-e-cittadini-stranieri-in-italia.html სასურველია, რომ მოგზაურმა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://entercroatia.mup.hr/ თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის. ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის, და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა სხვადასხვა ავიაკომპანიების მეშვეობით, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ავტო-დეკლარაციის შევსებული ანკეტის რამდენიმე კოპია, საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად. კვიპროსი – შეზღუდულია. საქართველო კვიპროსმა შეიყვანა C კატეგორიის ქვეყნებში. C კატეგორიის ქვეყნებიდან ტურისტების ან ვიზიტორების შესვლა კვიპროსში აკრძალულია. შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ: კვიპროსის მუდმივ მაცხოვრებლებს და სპეციალური ნებართვის მქონე პირებს (მაგ. დიპლომატებს). საზღვრის კვეთისას სავალდებულოა 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. კვიპროსში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში სავალდებულოა თვითიზოლაცია, რომლის დასრულებამდე 48 სათით ადრე, ვიზიტორებმა მეორედ უნდა ჩაიტარონ ტესტი, საკუთარი ხარჯებით. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ე.წ. Flight Pass შევსება. https://cyprusflightpass.gov.cy/ ლატვია – დაშვებულია, თვითიზოლაციის პირობით. საქართველოს მოქალაქეები 19 სექტემბრიდან ექვემდებარებიან სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაციას. ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ლატვიის გავლით მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, ჩამოსულმა მგზავრმა მაქსიმუმ 12 საათში უნდა დატოვოს ლატვიის ტერიტორია. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ლატვიაში აკრედიტებულ დიპლომატებზე. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან, ლატვიის რესპუბლიკაში შემოსვლის მსურველმა პირებმა 48 საათით ადრე უნდა შეავსონ ელექტრონული კითხვარი შემდეგ ვებ გვერდზე www.covidpass.lv. კითხვარის შევსების შემდეგ, პირს ელექტრონულად მიენიჭება QR კოდი, რომელიც მან ლატვიის საზღვრის კვეთისას უნდა წარუდგინოს მესაზღვრეს. კითხვარში პირის მიერ მოხდება სახელის, გვარის, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდის, ლატვიაში საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის მითითება, ასევე იმ ქვეყნის/ქვეყნების მითითება, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პირი. არასრულწლოვანი პირებისთვის კითხვარის შევსება მოხდება მშობლების ან მეურვეების მიერ. კითხვარში ასახული ინფორმაცია ავტომატურად ეგზავნება ლატვიის სამართალდამცავ ორგანოებს - სახელმწიფო პოლიციას, საზღვრის დაცვის სამსახურს, აგრეთვე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს. პირადი მონაცემების შენახვა მოხდება 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პერსონალური მონაცემები ავტომატურად წაიშლება. თვითიზოლაცია არ შეეხებათ ლატვიაში აკრედიტებულ დიპლომატებს. ლიეტუვა – შეზღუდულია. საქართველოდან ლიეტუვაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება და/ან ისინი უნდა იყვნენ ლიეტუვის მოქალაქის ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ჩატარებული (ბოლო 72 საათის განმავლობაში) კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ლიეტუვის საზღვარზე; საქართველოდან შემოსულ ყველა პირს - საქართველოს მოქალაქეთა ჩათვლით - ლიეტუვაში შემოსვლის შემდეგ, 2 კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ლიეტუვაში შემოსვლის მსურველებს ესაჭიროებათ ელექტრონული ფორმის შევსება და QR კოდის წარდგენა თვითმფრინავში, ავტობუსსა თუ ბორანში ჩასხდომამდე: https://keleiviams.nvsc.lt/en/form 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდის შემცირება შესაძლებელია იზოლაციის მე-8 დღეს კოვიდ-ტესტის ჩატარებით - უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შესაძლებელია პერიოდის შემცირება 10 დღემდე. ლუქსემბურგი – დაშვებულია. გაიხსნა საზღვარი ევროკავშირის საბჭოს მიერ აღიარებულ ყველა ქვეყანისთვის უპირობოდ. ნიდერლანდები – შეზღუდულია. გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც: ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობს ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც;ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები; ფლობს ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზე სავიზო მოთხოვნები; სხვა გამონაკლისები და დეტალები მოცემულია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/212 ნორვეგია – შეზღუდულია, თუმცა გამონაკლისები ეხება შემდეგ კატეგორიებს: ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, ოჯახის წევრის, პარტნიორის/შეყვარებულის მოსანახულებლად მიმავალ პირებს; სტუდენტებს. ე.წ. „მესამე ქვეყნებიდან“ დაიშვებიან ნორვეგიაში ოჯახის ან მყარი პარტნიორული კავშირის მქონე (მინიმუმ 9 თვის ურთიერთობა) პირები. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან მეუღლეები, პარტნიორები და თანამაცხოვრებლები, მშობლები და შვილები 21 წლამდე, ასევე აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავები. მათ შეეძლებათ ნორვეგიაში მყოფი ოჯახის წევრ(ებ)ის მონახულება. ვისაც გამონაკლისის წესით შეუშვებენ, დაექვემდებარებიან 10-დღიან კარანტინს სახლში ან წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილას. პოლონეთი – შეიზღუდა, დაშვებულია მხოლოდ გარკვეული კატეგორიები. ტურისტული მგზავრობა არ არის დაშვებული. პოლონეთის რესპუბლიკაში შემოსვლა შეუძლიათ: 1. პოლონეთის მოქალაქეებს; 2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი); 3. პოლონეთის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს; 4. დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს; 5. პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; 6. დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს; 7. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც ხალხი გადაჰყავს, ან ტვირთი გადააქვთ; 8. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას; 9. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს; 10. მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ პოლონეთის ტერიტორიაზე; 11. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) 12. ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას; ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები: აიკრძალა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. პირდაპირი ჩარტერული რეისით ჩამოსული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციას. საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართი, სადაც გაივლის თვითიზოლაციას/კარანტინს. 10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან: 1. პოლონეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები; 2. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები; 3. პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები; 4. დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები; 5. ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები; 6. ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში. პორტუგალია – შეიზღუდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა. შეზღუდვა არ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც პორტუგალიაში მიემგზავრებიან სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოფიციალური ვიზიტით. ასევე, პორტუგალიის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს და ტრანზიტულ მგზავრებს. პორტუგალიაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის შედეგები. რუმინეთი – დაშვებულია თვითიზოლაციის პირობით. 7 ოქტომბრიდან, რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცებული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეყნების განახლებულ სიაში (სიაში არის საქართველოც) არსებული ქვეყნების მოქალაქეები, რუმინეთში შემოსვლისას, დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს. გასათვალისწინებელია, რომ მგზავრები, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნას გეგმავენ არა უმეტეს 3 დღისა (72სთ.), გათავისუფლდებიან კარანტინის/ თვითიზოლაციის ვალდებულებისგან, თუ წარმოადგენენ უკანასკნელ 48 საათში გაცემულ სამედიცინო ცნობას ვირუსის არქონის შესახებ. კარანტინიდან /თვითიზოლაციიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მე-10 დღეს, თუკი მე-8 დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება. ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები გათავისუფლდებიან კარანტინიდან, თუ მათ არ აღენიშნებათ კოვიდ 19-ის სიმპტომები. ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან/ რეგიონებიდან, რომლებიც მითითებულია ჩამონათვალში, კვლავ აგრძელებენ ოპერირებას. საბერძნეთი – შეზღუდულია. 26 ოქტომბრიდან შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების შესვლა, გარდა: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მეუღლეები და 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები;პირები რომლებიც მოემგზავრებიან გადაუდებელი საჭიროების გამო როგორიცაა, ჯანმრთელობის მდგომაროება, ოჯახური მდგომაროება, საქმიანი ვიზიტი, ის პირები ვინც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას;სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევარები იმ შემთხვევაში თუ შემოსვლისას დაასაბუთებენ ვიზიტის მიზნობრიობას და საჭიროებას;ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;სამთავრობო დელეგაციის წევრები;დიპლომატიური თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლები;სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლები, მათ შორის მეზღვაურები, საჰაერო ხომალდების თანამშრომლები, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები;ტრანზიტული მგზავრები;სტუდენტები;მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომვლელები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;სასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებული სეზონური მუშები. (ასეთ პირები ვალდებულები არიან წარადგინონ დოკუმენტები, რომ გავლილი აქვთ სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები);მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები რომლებიც ვერ ხვდებიან ვერცერთ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიაში აქვთ უფლება მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულო სამსახურებს და მათი პერსონალური ან ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებულად მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელ. ფორმის შევსება https://travel.gov.gr/#/ საფრანგეთი – შეზღუდულია. ამ ეტაპისთვის საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები შედიან შეზღუდვების გარეშე, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს საყოველთაო კარანტინი. საფრანგეთის ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში. შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე. 11 ნოემბრიდან თუ რომელი კატეგორია შეძლებს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლას იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/22 სერბეთი – საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა არ არის. სერბეთში რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან ან ჩრდილო მაკედონიიდან, შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა 48 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა. სლოვაკეთი – დაშვებულია, მხოლოდ გარკვეული კატეგორიისათვის. საქართველოს მოქალაქეს/მესამე ქვეყნის მოქალაქეს სლოვაკეთში გამგზავრება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლებას, არის სლოვაკეთის მოქალაქის ან სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის მქონე პირის ოჯახის წევრი. თუ საქართველოს მოქალაქე შედის მწვანე ზონის ქვეყნიდან ამ შემთხვევაში, მას ვალდებულება აქვს ქვეყანაში შესვლისთანავე დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR ტესტი. თუ მოქალაქე შედის სლოვაკეთში ყვითელი ზონის ქვეყნიდან მას აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ გვერდზე. თუ მოქალაქეს ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მაღალი რისკის ანუ წითელი ზონის ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ გვერდზე www.korona.gov.sk გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და შემდეგ PCR ტესტი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ წითელი ზონის/მაღალი რისკის ქვეყნებში, სლოვაკეთში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ ავსტრიის, პოლონეთის და/ან ჩეხეთის გავლით (ცნობისთვის ჩეხეთი სლოვაკეთს წითელ ზონაში ყავს შეყვანილი). სლოვაკეთის ტერიტორიაზე პირდაპირი საჰაერო გზით დაბრუნების შემთხვევაში ზემოთ მოცემულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება წინასწარ არის სავალდებულო. სლოვენია – შეზღუდულია. სლოვენიამ საქართველო შეიყვანა ე.წ. „წითელ სიაში“, რაც გულისხმობს 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას. თუ მოქალაქე სლოვენიის საზღვარზე წარმოადგენს ევროკავშირის ან შენგენის ტერიტორიაზე აღებულ კოვიდ-19 უარყოფით ტესტს, რომელიც აღებულია არა უგვიანეს 48 საათისა, მაშინ არ არის აუცილებელი თვით-იზოლაცია. ტესტი ასევე შეიძლება ჩატარდეს სლოვენიაში და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს სავალდებულო თვითიზოლაცია. ამ შემთხვევაში ტესტის საფასურს იხდის თავად პირი. გამონაკლისი - დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის. ტრანზიტი კვლავ 12 საათის განმავლობაშია დაშვებული. უნგრეთი – შეზღუდულია. უცხოეთის მოქალაქეებს (Non-Hungarian nationals) - ეკრძალებათ უნგრეთში შემოსვლა. გამონაკლისი დაიშვება შემდეგ შემთხვევებში:ა) პირადად გამოცხადება სასამართლო ორგანოში ან ოფიციალურ ადმინისტრაციულ პროცესზე, რის შესახებაც წერილობით იუწყება ზემოხსენებული სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო;ბ) კომერციული ან სხვა სამუშაო საქმიანობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომლის შესახებაც მოწვევის წერილში იუწყება ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო, დამოუკიდებელი სუბიექტი (მაგ. კომპანია) ან ავტონომიური ადმინისტრაციული ორგანო;გ) ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, რის აუცილებლობასაც ადასტურებს მიმღები სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური წერილი;დ) უცხოელი სტუდენტები, რომლებიც განათლებას იღებენ უნგრეთის უნივერსიტეტებში;ე) საზღვრის გადაკვეთა სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით რომლის მიზანს წარმოადგენს გადაზიდვების საწყის წერტილამდე მისვლა ან დანიშნულების ადგილიდან დაბრუნება, რაც დადასტურებული იქნება დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტით;ვ) ოჯახის წევრის ქორწილზე, ნათლობაზე ან დაკრძალვაზე დასწრება;ზ) ნათესავების მოვლა-პატრონობა;თ) მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ, კულტურულ და რელიგიური ხასიათის ღონისძიებებზე დასწრება;ი) სხვა გონივრული მიზეზი, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალში;უნგრეთის მოქალაქეებთან თანაბარი უფლებებით სარგებლობენ: ა) პირები, რომელთაც აქვთ უნგრეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა (ასევე ამ პირების ოჯახის წევრები, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში); ბ) პირები, რომელთაც აქვთ უნგრეთში 90 დღეზე მეტი ხნით ბინადრობის ნებართვა და საზღვრის გადმოკვეთისას წარადგენენ ამ დოკუმენტს; (D კატეგორიის ვიზაც ამ ტიპის ბინადრობის ნებართვას უთანაბრდება). ფინეთი – შეზღუდულია. ფინეთში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო, სასწავლო ან სხვა აუცილებელი მიზნისთვის. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება აუცილებელ ორ კვირიან თვითიზოლაციას.ასევე რეკომენდირებულია PCR ტესტის ჩატარება ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე და შესვლის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. ტესტირების პასუხის მიღებამდე მოქალაქე უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება აუცილებელ კარანტინს. შვედეთი – შეზღუდულია, საქართველო ამოღებულია „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან. შვედეთი 2 ნოემბრიდან შეზღუდავს საქართველოდან მომავალი მგზავრების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას. შვეიცარია – 3 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესდა შვეიცარიაში შესვლის შეზღუდვები. საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ შეყვანილი იქნა მაღალი რისკის ქვეყნების სიაში. ზოგადად, შეზღუდვა ეხება ყველას, ვისაც სურს შვეიცარიაში მგზავრობა ნებისმიერი მაღალი რისკის ქვეყნიდან ან რეგიონიდან გარდა შვეიცარიის მოქალაქეებისა. შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულებაში შესული ბოლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: • ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე / ცოლი, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;• იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.• შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;• უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;• ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;• ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;• ოჯახის ახლო წევრები (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით. ჩეხეთი – შეზღუდულია. ევროკავშირის წვერი ქვეყნების მოქალაქეები და ბინადრობის მქონე პირები შედიან ჩეხეთში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთში შესვლის უფლება აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფლობს ბინადრობის ნებართვას, ან გრძელვადიან ვიზას. შესვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი. ხორვატია – დაშვებულია, თვითიზოლაციის ან PCR ტესტის პირობით. ხორვატიაში შესვლა ნებადართულია ტურიზმის მიზნით. სავალდებულოა წინასწარ გადახდილი განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. იმ შემთხვევაში, თუ საზღვროს კვეთისას პირი წარადგენს ხორვატიის საზღვრის გადაკვეთამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ის არ დაექვემდებარება თვითიზოლაციას ან კარანტინს. იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს 48 საათზე უფრო ხანდაზმულ ტესტს, მას მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ხორვატიაში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტის ჩატარება. ყველა მგზავრისათვის რეკომენდირებულია განაცხადის შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://entercroatia.mup.hr/ წყარო

რატომ მოიმატა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა და რა განსხვავებაა პირველსა და მეორე ტალღას შორის იტალიის მაგალითზე

ბოლო პერიოდში და მათ შორის იტალიაშიც მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო გაცილებით დიდი განგაში ატეხილი გაზაფხულზე, მაშინ როდესაც კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები ნაკლები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც დაინფიცირების შემთხვევები მთელ რიგ ქვეყნებში თითქმის გაათმაგებულია. შევხედოთ პრობლემას სხვა ჭრილში და განვიხილოთ გაზაფხულზე არსებული და ახლანდელი მდგომარეობა, ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყნის იტალიის და ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ლომბარდიის მაგალითზე; იტალია 6 ნოემბრიდან, ოთხ ზონად დაიყო: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი. ლომბარდია, პიემონტის, ვალე დაოსტას და კალაბრიასთან ერთად, ისევ წითელ ზონაში მოხვდა და იგივე შეზღუდვები ვრცელდება, რაც მარტში იტალიაში საყოველთაო კარანტინის დროს დაწესდა. ეს კი, იმას ნიშნავს - გარდა იმისა, რომ გაუქმებულია ყველანაირი აქტივობა, დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კვების ობიექტები, მოსახლეობას ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებაც ეზღუდება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. შეზღუდვები დღე-ღამის ყველა მონაკვეთზე ვრცელდება და ამ ეტაპზე 4 დეკემბრამდეა გათვლილი. როგორც რეგიონული გამოცემა „კურიერის“ სტატიაშია აღწერილი, დღესდღეობით, ლომბარდიაში, დღეში დაახლოებით 30 ათასი ტესტი ტარდება და დაინფიცირების საშუალოდ 7-8 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ხოლო 4 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, მთლიანად რეგიონში სულ 4200 დაინფიცირებული აღირიცხა, რომელთაგან 2017 საავადმყოფოებში მკურნალობდა, ხოლო 400-მდე - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იმ დღეს გარდაცვალების 267 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს, იმპერიოდისთვის დამანგრეველი ტალღა იყო, რადგან ვირუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე ვრცელდებოდა, რომ ამის შესახებ არავის ინფორმაცია არ ჰქონდა. სწორედ ამიტომაა საჭირო პირველ და მეორე ტალღის შედარება, რომ მეტნაკლებად გავაანალიზოთ რა შეიძლება მოხდეს “ხვალ“ და რაზე ღირს ყურადღებისგამახვილება.ამ ორ პერიოდში დაფიქსირებული დაინფიცირებულთა რაოდენობის პირდაპირ, მშრალად შედარება, აზრს არის მოკლებული, რადგან ეპიდემიის აფეთქებისას, ძალიან ცოტა ტესტი ტარდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანალიზს მხოლოდ მას უღებდნენ, ვისაც მწვავედ გამოხატული სიმპტომები ჰქონდა. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ შედარებას, ვირუსის ორ ტალღას შორის... თებერვალ-მარტის პერიოდს თუ ავიღებთ და მიმდინარე პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები ექვსჯერ ნაკლებია, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა, განახევრებული. უფრო კონკრეტულად კი, ორიენტაციისათვის აღებულია 35-დღიანი პერიოდი, 24 თებერვლიდან, ანუ დღიდან როდესაც უკვე ვირუსის ფაქტი იტალიის ტერიტორიაზე ოფიციალურად დადასტურდა, 29 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში ვირუსით ლომბარდიაში 6360 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ტალღის 35-დღიან პერიოდს, რომლის ათვლაც პირველი ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ და ახალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ანუ 5 ნოემბრამდე განვიხილოთ, ამ პერიოდში, აღნიშნულ რეგიონში, ვირუსით 893 პაციენტი დაიღუპა. ანუ პირველი ტალღის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის მეექვსედი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზის გათალისწინებით ვირუსი მარტთან შედარებით, შესუსტებულია. ამ დასკვნის სისწორეს, კიდევ ერთი მაგალითი გვიჩვენებს. პირველი ტალღის 35 დღიანი მონაკვეთის პირველი დღიდან ბოლო დღემდე, საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა 77-დან 11.613-მდე, ხოლო მეორე ტალღას თუ გავითვალისწინებთ, რიცხვი 333-დან 5018-მდე გაიზარდა, რაც პირველი ტალღის მონაცემების ნახევარზე ნაკლებია. იგივე შეიძლება ითქვას, ინტენსიური თერაპიის პაციენტებზე. თუ პირველი ტალღის ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1328 იყო, მეორე ტალღის ანალიზისას ეს რიცხვი 507-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მარტთანშედარებით, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა სამმაგია, მათი მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია. ვიდრე ადგილები ამის საშუალებას იძლევა, მსუბუქი პაციენტებიც გადაჰყავთ საავადმყოფოებში. ამასთანავე, გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა, ამ ეტაპზე, 80 პროცენტს აჭარბებს, რაც მარტის მონაცემებით, 60 პროცენტი იყო. ვირუსი ამჟამად ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჩატარებული ტესტების დაახლოებით 20 პროცენტი დადებითია, რაც მოსახლეობის 5 პროცენტს უდრის, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაინფიცირებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მსუბუქი, ან სრულიადუსიმპტომოა.პ.ს. თუმცა გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგ ვეკიას მოსაზრებაც, რომ არსებობს კიდევ ერთი, არც თუ პოზიტიური ვარაუდი პირველი და მეორე ტალღების შედარებისას, ანუ ოქტომბერი პირველი ტალღის არა მარტის, არამედ თებერვლის თვედ უნდა განვიხილოთ, რომლის მონაცემებიც ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან მაშინ ვირუსი თავისუფლად ვრცელდებოდა. ეს თეორია, ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს. და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსი დაინფიცირებულთა უმრავლესობას მსუბუქ ფორმებში, ან სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ და გამოხატული სიმპტომების დროსაც, პაციენტთა მკურნალობა და მდგომარეობიდან გამოყვანა, შედარებით უფრო მარტივად დასწრაფად ხდება? პირველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, ხოლო ჩვენ, იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე შემთვევას - ექიმებმა სიმპტომების მართვა ისწავლეს. კონკრეტულად იტალიაში, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას და მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდს იყენებენ, თანმდევი დაავადებებისა და რისკ-კატეგორიის ფაქტორის გათვალისწინებით. ასეთმა მიდგომამ, თუ ინტენსიური თერაპიის პაციენტთა და გარდაცვალების შემთხვევების ზემოთ მოყვანილ მონაცემებს გავითვალისწინებთ, აშკარა შედეგი მოიტანა. ასევე, მოსახლეობამ ისწავლა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება და დაცვა, რასაც ეპიდემიოლოგები ურჩევენ. მთავარი რეკომენდაცია და „წამალიც“ ამ ეტაპზე მაინც რჩება სოციალური დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და პირბადის ტარება. ნინა მამუკაძე სპეციალურად იტლიიდან „ევროპათაიმისთვის“

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოორნავირუსის 52 440 433 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 36 676 552 და დაიღუპა 1 289 730 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.6 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით. ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.

ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს. "მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ", - განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გამოავლინა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. “შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება

12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან. დღევანდელი შეხვედრით გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას. მატჩი 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება. თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩაივლის. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების იმედი აქვთ. „დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები“, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ. შესაბამისად, ისინი თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა თამაშის გამართვის უფლება უეფას ახალ ტურნირზე ერთა თასზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

3120 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - 12 ნოემბრის სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 69 681-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში - 39. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 354 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა. „2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება და ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, ასევე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის ხარჯებში რაც შეიძლება ბევრი შევა ვაქცინის ხარჯები და ეს ყველაზე ეფექტური ხარჯი იქნება, რაც მოკლე დროში გაგვიწევია. ჩვენ განახლებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.