ძებნის რეზულტატი:
ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელახლა, ხელით დაითვლიან
აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან, - მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსფერგერმა განაცხადა. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ, 20 ნოემბრისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწებს. ცნობისაათვის, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.
მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ოპერაციებში რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა მთიან ყარაბაღში 414 რუსი სამშვიდობო, რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანა, ტექნიკა და რვა სამხედრო ვერტმფრენი და დრონი გააგზავნა. მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, საერთო ჯამში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეულით ავტომობილითა და სხვა ტექნიკით იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობებთან ერთად რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებასაც ითვალისწინებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, "ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს
სომხური მედიის თანახმად, მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი ერევანში 11 ნოემბერს, დღის 11:00 საათისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს ჩახალიანის სახლი. ვაჰგან ჩახალიანი 10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს შორის იყო. სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ვაჰგან ჩახალიანი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. გასულ თვეს აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში მოკლეს. მაშინ სომხეთს ჩახალიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებია. ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.
უკრაინის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მკურნალობის კურსს კიევში მდებარე „კლინიკა ფეოფანიაში“ გადის. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების 500 865 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 9 145 პაციენტი. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს. ოქტომბერში უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ წინა თვლის მაჩვენებელს 80%-ით გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებს გეგმიური ჰოსპიტალიზება შეწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმ კოვიდ-ინფიცირებულებს ემსახურებიან, რომლებსაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა უვლინდებათ.
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 865 538 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთში კი – 1 858 568. მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოტხეს – საფრანგეთი, მეხუთეს – რუსეთი. შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო 30 ოქტომბრიდან საფრანგეთი ხელმეორედ ჩაიკეტა. ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 52 484 945 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 290 563 ადამიანი იმსხვერპლა. 36 707 467 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.
აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს დერეფანი უნდა გაუხსნას - ახრა ავიძბა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს დერეფანი უნდა გაუხსნას. „რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენ ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს“, - დაწერა ავიძბამ ფეისბუკის გვერდზე. ავიძბა მიიჩნევს, რომ თანამემამულეებმა, პოლიტიკურმა ძალებმა და აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას უნდა მიმართონ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილოს „დერეფანი არცახის რესპუბლიკიდან ლტოლვილებისთვის“. ახრა ავიძბა დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად უკრაინაში იბრძოდა, რისთვისაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭეს. ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა. ახრა ავიძბამ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა". დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფხაზეთის "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას, დღეს რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.
ესპანეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს
ესპანეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლებიან, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტესტი ესპანეთში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს აღებული. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 23 ნოემბრიდან შევა. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1 463 093 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 40 105 ადამიანი დაიღუპა.
სომხეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი. ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129 ადამიანი დააკავეს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად 9 ნოემბერს მოაწერა ხელი. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება.
სერგეი ლავროვი - ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება
თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება. თურქული მედიის ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“.
ოპოზიცია პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს
ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია. "ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17 ან 18 ნოემბერს, რომელიც იქნება ერთი მხრივ მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. იქნება დაკრული სტიკერები, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს", – თქვა გიგი უგულავამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ვიზიტი ორდღიანია. შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.
აშშ–ის ელჩის სახლში ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის საცხოვრებელ სახლში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე ასევე მივიდნენ საქართველოში ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა განმარტეს, შეხვედრა ელჩის თხოვნით ჩაინიშნა და სასაუბრო თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და გამოსავლის გზები იქნება. შეხვედრაზე მივიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თურქეთის ინფორმაციით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე ანკარა აზერბაიჯანის რეგიონ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს. მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწავლის შედეგები მალე გახდება ცნობილი. მანამადე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის დერეფნის გაჩენით სარგებელს რეგიონის ქვეყნების გარდა, ჩინეთიც მიიღებს. ნახიჩევანი არის რეგიონი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, ნახიჩევანს 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რომელთაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომელთა ნაწილიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა.
ოპოზიცია და "სირცხვილია" საქართველოსა და მაკედონიას შორის მატჩს ეროვნულ სტადიონთან უყურებენ
დღეს, 12 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება "სირცხვილია" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირებას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონთან უყურებენ. მატჩი საღამოს 9 საათზე იწყება და შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშის დასასრულამდე დარჩებიან, კომენდანტის საათის დარღვევა მოუწევთ. ორგანიზატორები გირჩი, ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე და სირცხვილია არიან. "ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20:45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან! გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება", - წერენ ორგანიზატორები.
100 000 მოწამის ხსენების დღეს მსვლელობა არ გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 100 000 მოწამის ხსენების დღეს მსვლელობა არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება სახელდება. "13 ნოემბერს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ნათელაშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
"ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს", - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის ელჩის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც რიგი ოპოზიციონერი ლიდერები, ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან. „როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ პოლიტიკურ კრიზისის დარეგულირებაში, რაც მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგეად წარმოიქმნა, ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ–ის საელჩო ჩაერთო. შეხვედრას ესწრებიან იმ პარტიების ლიდერები, რომლებმაც ვითომ გადალახა ბარიერი, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ დაესწრონ ისინიც ვინც ვითომ ვერ გადალახა – დარწმუნებული ვარ, ბევრმა გადალახა. შეხვედრები გაგრძელდება, დეტალიზაციას შეთანხმებისდა მიხედვით, მედიასთან ვერ მოვახდენ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რომელზეც ვოყავით“, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა კრიმინალის თანამონაწილეობის გზით. ის კრიმინალში თანამონაწილეობდ სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ-ის მიერ წარმოდგენილი შედეგების აღიარებას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს.
სომხეთის თავდაცვის ინფორმაციით, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის შუშან სტეფანიანის განცხადებით, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა. მისივე თქმით, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სომხეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო სისტემები და რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები ერთობლივად უზრუნველყოფენ. სტეფანიანის განცხადებით, გამონაკლისს წარმოადგენს სამხედრო ავიაცია და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომელთა გადაადგილებაც ერევანთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. წყარო
ლუკ კოფი ყარაბაღის კონფლიქტზე
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხაურება. ექსპერტი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს გამოყოფს. „მთიანი ყარაბაღის ომი: ყველაზე მეტად გამარჯვებული - აზერბაიჯანი: მიწები გაათავისუფლა. რუსეთი - გამარჯვებული: გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. თურქეთი - გამარჯვებული: შეცვალა გეოპოლიტიკური ბალანსი რეგიონში. ირანი - წაგებული: რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება მოუწევს. ყველაზე მეტად წაგებული - სომხეთი: ბრძოლის ველზე აშკარად დამარცხებული“, - წერს ლუკ კოფი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2914 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2863 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8888 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
"რუსეთი რჩება აფხაზეთის ნომერ პირველ პარტნიორად" - ვლადიმერ პუტინი
დღეს, 12 ნოემბერს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრა არის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განიხილონ სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების განვითარება. ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე სინანულით აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა მისი თქმით, რუსეთი რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორად, რადგან ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი აფხაზეთს რუსეთთან აქვს. „ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, აღარაფერს ვამბობ ტურიზმზე. ტურიზმის გარდა აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები. ყველაფერი ეს უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე და გამოთქვა ასევე იმედი, რომ მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსი სამედიცინო პერსონალი უწევს ოკუპირებულ აფხაზეთს. ასლან ბჟანიამ თავის მხრივ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან პირველად იმართება. მან პუტინს აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის. „მეგობრები უბედურებაში გამოიცდებიან: პანდემიის პირობებში ჩვენს ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიგრძენით. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს იმ ჰოსპიტალისთვის, რომელიც ჩვენ გადმოგვცეს. დიდ დახმარებას გვიწევენ ასევე რუსი მედიკოსები. ისინი თვეების განმავლობაში მორიგეობით ჩამოდიან გუდაუთის საავადმყოფოში. ეს არის უდავოდ შეუფასებელი დახმარება შექმნილ პირობებში“, - განაცხადა შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, დეფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა აპირებს რუსეთთან დადებული ყველა ხელშეკრულების რეალიზებას, რადგან ისინი „სრულად შეესაბამებიან აფხაზეთის ინტერესებს“. „ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ. მან ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში მიიწვია: „მინდა იცოდეთ, თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ აფხაზეთში, გიწვევთ სტუმრად“, - უთხრა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოჭში გამართულ შეხვედრაზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ოქტომბრის ბოლოდან იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავდა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკოვს შეხვდა.
ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოხდება საწოლების მობილიზება და საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით 8 400 ერთეულს მიაღწევს. „ძირითადი აქცენტი გახლავთ, რომ მსუბუქ შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს ბინაზე მკურნალობა და სტაციონარებში გვქონდეს ადგილები მათთვის, ვისაც ნამდვილად ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს ქვეყანაში მობილიზებულია 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ ერთი 5 700 საწოლი კოვიდ სასტუმროებში, ამავე დროს, დამატებითი საწოლების მობილიზაციაც მიმდინარეობს. დღეს განვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და დაგეგმილია, დაახლოებით, რომ საწოლფონდი მომავალი ერთი თვის განმავლობაშ 8 400-მდე ავა. წესით და რიგით, თუ კარგი ტრიაჟი იქნება, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას“,-განაცხადა გამყრელიძემ.