ძებნის რეზულტატი:
დღეს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს
რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. მას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები 14:30 საათზე, პირველ სკოლასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. შეგახსენებთ, 13 ნოემბერს „ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს. დღესვე, ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში, საფრანგეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. „კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ევრო-ატლანტიკური კავშირების გაძლიერებაში. „რა თქმა უნდა, ერთგულნი ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პატრიარქის გარდა სახელმწიფო მდივანი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის საკითხების განსახილველად. „სახელმწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით,“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის.
3504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - 14 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 76 658-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 897 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში - 18 460, იმერეთში - 4 921“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ელისაშვილი: ველოდებით „ქართული ოცნების“ გონივრულ შეთავაზებას, რათა პროტესტიც აღარ გაგრძელდეს
ველოდებით გონივრული წინადადება შემოგვთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს წინადადება, რომლითაც არც პროტესტი გაგრძელდება და ქვეყანაც დამშვიდდება. “ზუსტად ამას ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთვაზოს, რომ პროტესტიც აღარ გაგრძელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა. კითხვაზე, რა იქნება საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში, ელისაშვილმა ასე უპასუხა: „ადეკვატური წინადადება მათი მხრიდან“. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.
მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. არმენ ჯიგარხანიანს 200-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. არმენ ჯიგარხანიანის ხელმძღვანელობით, 1996 წლის 12 მარტს მოსკოვის დრამატული თეატრი დაფუძნდა.
მაიკ პომპეო საფრანგეთს ესტუმრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანთან. განსახილველ საკითხებს შორის არის - ეკონომიკა, უსაფრთხოება და კონტრტერორიზმი. „შესანიშნავია საფრანგეთში, აშშ-ის უძველეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყანაში ყოფნა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“. საფრანგეთის შემდეგ პომპეოს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, იყო ინსულინდამოკიდებული. გასულ დღე ღამეში აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა: 1. რესპუბლიკური საავადმყოფო – 55 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 2. რესპუბლიკური საავადმყოფო – 68 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 3. რესპუბლიკური საავადმყოფო – 86 წლის ქალი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი 4. მედცენტრი – 57 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, შაქრიანი დაიბეტი 5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – 45 წლის ქალი, თანმხლები დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია 6. რესპუბლიკური - 59 წლის კაცი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 603 აჭარაში აღირიცხა, 300 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა. მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.
ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნები რჩება
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მთავარ მოთხოვნაზე შეიძლება დაშენდეს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. „მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, შეხვდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციის წარმომადგენლებს. „თუმცა, მგონია, რომ მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს ოპოზიციასთან შეხვედრა, რათა ჩვენი პოზიცია მოისმინოს იმ მთავარ ამბავზე, რომელიც ახლა ქვეყანაში ხდება. ეს არის გაყალბებული არჩევნები და ბოიკოტი ახალი პარლამენტის. თავისთავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ
მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბარქაძე აღნიშნავს, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. „ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით, სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველით კიდევ ახალ შეხვედრას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
არჩილ თალაკვაძე: დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩატარდეს. „მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან. „პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 6 ნოემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს.მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.
ვლადიმერ ვაისი: საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი შეიძლება ჩემი და ქეცბაიას მიქსი იყოს
არ ვიცი საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა. ვაისმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. „ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და... მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი. იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ. გუშინ შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე. მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ვაისმა. მისივე თქმით, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა. „მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა, ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია. თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს... შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ”, - განაცხადა ვაისმა. ვაისი იმედოვნებს, რომ ეროვნული ნაკრები სომხეთთან შეხვედრას წარმატებით დაასრულებს. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 მარცხის შემდეგ, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ტოვებს. წყარო: sportall.ge
საბერძნეთში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები. საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათს კი ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 316 შემთხვევა გამოვლინდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია საბერძნეთისთვის.
„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს, ოპოზიციამ სამი მთავარი აქცია დაგეგმა
მაშინ, როდესაც რუსთველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპონენტებს ბრიფინგიდან უპასუხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც მოიყვანა, რომელშიც მისი თქმით, მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ მეორე ტურისთვის მოემზადონ. სხვა გეგმა აქვს ოპოზიციას - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს„ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა. პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. გარდა ამისა, შემდეგი აქცია ჩატარდება არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს. რაც შეეხება მესამე საპროტესტო აქციას, ის იმ დროს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ოპოზიციის მოთხოვნებშია, ხელახალი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგისთვის მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნები მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება და თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო რუსთაველის გამზირიდან
ავსტრია ლოკდაუნს აცხადებს
ავსტრია მომავალი კვირიდან ლოკდაუნზე გადადის. მანამდე, ამ ქვეყანაში, კარანტინი ღამის საათებში მოქმედებდა. შეზღუდვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. წერს BBC კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებაზე დაყრდნობით შეზღუდვა 17 ნოემბრიდან შევა ძალაში. ავსტრიელები სახლის დატოვებას სამსახურის, აუცილებელი საყიდლების შესაძენად და ვარჯიშის მიზნით შეძლებენ. ავსტრიაში პარასკევს კორონავირუსის 9,586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 191,000 ინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 1661.
ამერიკის მიერ ინფრასტრუქტურისა და როტაციული ძალების გაზრდაზე ჰოჯესის გზავნილი ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივა - ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი
სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ტურნეს დაწყებამდე, რომელიც საქართველოში ვიზიტსაც მოიცავს, დაზუსტდა, რომ თურქეთში მისი ვიზიტის დროს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის. „საფრანგეთის შემდეგ პომპეო თურქეთს ეწვევა, სადაც შეხვდება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და სამოციქულო ნუნციოს მთავარეპისკოპოსს, პოლ რასელს. ამასთან, რუსტემ ფაშას მეჩეთს ესტუმრება. მდივანი პომპეო აპირებს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები რელიგიური საკითხების განსახილველად და როგორც მოგეხსენებათ, რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიური ნიშნით დევნის წინააღმდეგ ბრძოლა აშშ–ის ადმინისტრაციისა და მდივან პომპეოსთვის მთავარი პრიორიტეტია. გარდა ამისა, სახელმწიდო მდივანი შეხვდება ელჩებს, ჩვენი მისიების, საელჩოების და სტამბულში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლებს", – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ექსპერტები საინტერესოდ მიიჩნევენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს და ზოგადად იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელსაც ეს ტურნე მოიცავს. როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსვლამდე პომპეო ჯერ საფრანგეთში, შემდეგ თურქეთსა და საქართველოში ჩადის. ჩვენი ქვეყნის დატოვების შემდეგ კი მიემგზავრება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში. სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში თბილისი იქნება. ამ საკითხზე, ისევე როგორც ყარაბაღზე, ზოგადად, პომპეოს ვიზიტსა და რეგიონში ახალ რეალობაზე ,,ევროპათაიმი“ ექსპერტს, რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრება: _გასათვალისწინებელია, რომ ბაიდენი ხდება ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც თავის დროზე ვიც-ეპრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნის დროს მოუწია ბევრ საკითხთან შეხება და წინასაარჩევნო პერიოდშიც გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში, მაინცდამაინც კარგი მიმართულებით განვითარებას არ უნდა მიანიშნებდეს. თუ გავიაზრებთ იმას, რომ რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩადის რომელიმე ქვეყანაში და ვერ ხერხდება იქ შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ეს ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია. ეს თავის მხრივ აჩენს მოლოდინებს რომ შესაძლებელია კიდევ უფრო დაიძაბოს ურთიერთობები. საქართველოში კი ჩამოდის ისეთ ვითარებაში, როცა ყარაბაღის მეორე ომი ახალი დამთავრებულია, რომელიც ფაქტობრივად, რუსეთის ხელახლა გაძლიერების ნიშანი. შექმნილ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოზე რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება, ასეთ მომენტში გვჭირდება ძალიან ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები. რადგან ნატოში გაწევრიანება ვერ ხერხდება, ასეთი შეიძლება იყოს, ამერიკული სამხედრო კომპონენტის გადმოტანა, ან დაარსება ახლიდან, რადგან ამის გარეშე ჩვენ ფაქტობრივად განწირულები აღმოვჩნდებით და მთელი გზა დასავლეთის მიმართულებით, შეიძლება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდეს. _ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის სტუმართან ფაქტობრივად ვერ ხერხდება ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა, გარკვეულწილად, ალბათ წარმოაჩენს კიდეც ორი ქვეყნის დამოკიდებულებასაც ერმანეთის მიმართ. რა ფუნდამენტური საკითხებია ის რაზეც მათი ხედვები და ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში? თურქეთსა და აშშ-ის შორის არის ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხი, საიდანაც მათი ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს განსხვავებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და თურქეთს არ ქონდა საფრთხე საბჭოთა კავშირის სახით. ამის შემდეგ თურქეთმა ნელნელა, მაგრამ მკაფიოდ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ერდოღანის მმართველობის დროს. ახლა როდესაც, თურქეთ-ამერიკაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, მათ შორის არსებულ განსხვავებებზე, ეს ეხება სირიის კონფლიქტს, თურქეთი მხარს უჭერს, ოპოზიციას, მაგრამ ამერიკელები მხარს უჭერენ პროქურთულ ძალებს, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად და თავისთვის საფრთხედ განიხილავს. სირიაშია ასეა, ასეა საბერძნეთთან ურთიერთობაში, სადაც ევროკავშირმაც და ამერიკამაც საბერძნეთის პოზიცია დაიკავეს. იგივე ეხება რუსული წარმოების S-400-ების შეძენის საკითხს, თურქეთი გარიცხეს ფ-35 პროგრამიდან, ეს არის თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავები, რომლის შეძენასაც თურქეთი გეგმავდა. არამხოლოდ მიწოდებას, არამედ ნაწილებსაც აწარმოებდა თურქეთი. გარდა ამისა სენატში უკვე მომწიფებულია სანქციები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში, აჩერებდა ტრამპი, რადგან ტრამპსა და ერდოღანს ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდათ. ბაიდენი ამის გაჩერებას არ აპირებს, მით უმეტეს, ბაიდენს გაცხადებული აქვს მხარდაჭერა საბერძნეთის და სირიელი ქურთების მიმართ. ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელშიც ამერიკის და თურქეთის ხედვები არ დაემთხვევა. _თქვენ ბრძანეთ რომ გამოსავალი იქნებოდა თუ მოხერხდებოდა ამერიკული სამხედრო კომპონენტის საქართველოში გადმოტანა. სწორედ, რამდენიმე დღის წინ, გენერალმა ჰოჯესმა, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ გაზრდიდა ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქართველოში, არის თუ არა ეს ერთგავრი გზავნილი პომპეოს ვიზიტის წინ, მით უფრო იმ ახალ რეალობასთან მიმართებით, რაც ყარაბაღში ახლა ხდება? ამერიკაშიც უკვე კარგად ხედავენ იმ საჭიროებას, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როცა ასეთი მსჯელობა იწყება, ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია მწიფდება და შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ეს შეიძლება არ იყოს ნატო, მაგრამ შეიძლება იყოს საქართველოში ბაზის განთავსება. რაღაც სამხედრო კონტიგენტის განთავსება, ან რაღაც კომპონენტები, რაც თავისთავად უსაფრთხოების გარანტიებში შედის. თუ აქ იქნება ამერიკული ბაზა, ეს რუსეთისთვის იქნება შემაკავებელი ფაქტორი. _რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ყარაბაღში შექნილმა ახალმა რეალობამ? ეს ნაკლებად ახდენს გავლენას. ის გზა, რომლის გახსნაზეც საუბარია ნახჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, ჯერ არ არსებობს, უნდა დაპროექტდეს. მეორე თემაა სომხეთი და რუსეთი რამდენად იქნება თანახმა. ერთია რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მეორე, რამდენად შეასრულებს ის ამას. ეს თუ იქნება, არამხოლოდ ნახჩევანსა და აზერბაიჯანს, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთსა და დანარჩენ თურქულ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა, ეჭვი მეპარება, რუსეთი ამას დათანხმდეს. მას შეუძლია უამრავი სხვადასხვა მიზეზით შეაჩეროს და ის დახარჯული თანხაც, შესაძლოა, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა - როიტერი
ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს. SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“. კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს. წყარო
3157 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი - 16 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს. ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმების 57%-ით, მაია სანდუ იმარჯვებს
15 ნოემბერს ჩატარებულ, მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 100% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ხმების 57%-ით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო. მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება დაასახელა. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.