ძებნის რეზულტატი:

შუა დერეფანი OTS-ის სამიტის ფოკუსში - რა ინიციატივები განიხილება მარშრუტის განვითარებისთვის

7 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) მე-12 სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა შუა დერეფანზე, როგორც ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის სტრატეგიულ რგოლზე.  ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება და წერს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე და აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან, უკვე გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთბრუნვის ხაზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. სამიტზე თოყაევმა თურქულენოვანი სახელმწიფოები მიიწვია, რათა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა შუა დერეფნის გასწვრივ საჰაერო ჰაბების, რკინიგზის სადგურებისა და საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. მიმდინარეობს მუშაობა, რათა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დახმარებით, ტრანსპორტისა და ტრანზიტის სექტორის დიგიტალიზაცია დაჩქარდეს. პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება OTS-ის [OTS-ის წევრი სახელმწიფოები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ხოლო უნგრეთი და თურქმენეთი დამკვირვებლების სტატუსით მოქმედებენ] ფარგლებში ციფრული მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის ექსპერტებს მოიზიდავს.  ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტრანზიტის გამჭვირვალობაზე ხაზგასმას, პროცესების გამარტივებას და ხარჯების შემცირებას, რაც მარშრუტს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველად აქცევს. პარალეულად, თურქეთის საინვესტიციო ფონდი შუა დერეფნის გასწვრივ საინვესტიციო შესაძლებლობების მონიტორინგს გეგმავს. TITR საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ნურგულ ჟაკუპოვამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობამ 926 000 ტონას მიაღწია, რაც 6 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყაზახეთის გავლით ტრანზიტი 65 პროცენტით გაიზარდა და მან 262 000 ტონას მიაღწია, ძირითადად ჩინეთიდან კონტეინერული ტვირთების გამო. 2025 წლის მაისში ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა გეგმები ტრანსკასპიური კონტეინერული გადაზიდვების გაორმაგების შესახებ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც ასახავს შუა დერეფნისადმი, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის საიმედო მარშრუტისადმი მზარდ ინტერესს. 2025 წლის მაისში, თოყაევმა გამოაცხადა გეგმების შესახებ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტრანსკასპიური კონტეინერების გადაზიდვები გაორმაგდებოდა. ტვირთების ნაკადების ზრდას თან ახლავს ყაზახეთში ინფრასტრუქტურის მასშტაბური მოდერნიზაცია. დოსტიკი-მოინთის რკინიგზის ხაზის გაშვება ხუთჯერ გაზრდის ტრანსყაზახეთის დერეფნის გამტარუნარიანობას, ხოლო კიდევ ორი ​​ძირითადი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.  

პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის მახლობლად რუსული რაკეტები აფეთქდა - BBC

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დუშანბეში ერთი წლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს. როგორც BBC წერს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტები თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა და პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა. მისი თქმით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ახლა, საერთო ჯამში, შეიძლება, ამ ტრაგედიის, ამ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი.“  9 ოქტომბერს პუტინმა ალიევთან შეხვედრის დაწყება ამ „ყველაზე მგრძნობიარე თემით“ ისურვა. პუტინმა პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა მას მერე, რაც უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ და ბოდიში მოიხადა „მომხდარი ტრაგედიისთვის.“  „მიზეზი თავად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკურ გაუმართაობაშია. გასროლილი ორი რაკეტა პირდაპირ თვითმფრინავს არ მოხვედრია; თუ ეს მოხდებოდა, ის ადგილზე ჩამოვარდებოდა. ამის ნაცვლად, ისინი აფეთქდნენ - შესაძლოა, თვითგანადგურებით - რამდენიმე მეტრის მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა (ციტირებულია „ინტერფაქსის“ მიერ). მისი თქმით, „ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში კომპენსაციის გადასახდელად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია.“ პუტინმა ასევე განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ მან ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მხოლოდ „გუშინწინ“ მიიღო, როდესაც მასთან შეხვედრამდე მოსკოვში დარეკა და AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები ითხოვა. ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების პირადად ხელმძღვანელობისთვის. ამჯერად მან კრიტიკული კომენტარები არ გააკეთა. ცნობისთვის, პუტინი ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტით, ერთი დღით ადრე ჩავიდა. ასევე გამოცხადდა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს დუშანბეში შეხვდებოდა, სადაც დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინსა და ალიევს დიდი ხანია, ტელეფონით არ უსაუბრიათ. 7 ოქტომბერს ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა მათი ბოლო სატელეფონო საუბარი მარტში შედგა. პუტინსა და ალიევს შორის ბოლო შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.. ქვეყნებს შორის პირველი დიპლომატიური დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის დეკემბერში ყაზახეთში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ჩამოვარდნის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი, გადარჩა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ თვითმფრინავი „გარე გავლენის შედეგად“ ჩამოვარდა, თუმცა რუსეთმა ოფიციალურად არ აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაიმე მონაწილეობა. მიმდინარე წლის ივლისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი და ბაქო აპირებდა საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას. მან პარალელები გაავლო აზერბაიჯანული თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებასა და 2014 წელს დონბასში Malaysia Airlines-ის 17-ე რეისის ჩამოგდებას შორის და ასევე გაიხსენა ჰააგის სასამართლო, რომელმაც რუსეთი ხსენებული თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებლად ცნო. „ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება, და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც იციან, რა მოხდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი ნახვრეტებით იყო დაფარული. შიგნით ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ნამსხვრევებისგან დაიჭრნენ. ამიტომ, ის აზრი, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინულ დრონს შეეძლო, სრულიად აბსურდულია,“ - განაცხადა ალიევმა. ზელენსკისთან საუბრისას, ალიევმა Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე რუსეთის იერიში დაგმო  

რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ

ეგვიპტეში სამდღიანი ინტენსიური არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ „ხელი მოაწერეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას“, რომელიც მან გასულ კვირას გამოაქვეყნა.  დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.  ისრაელის და პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ შეთანხმება ამოქმედდება მისი მთავრობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, რაც 9 ოქტომბერსვე უნდა მოხდეს.  შეთანხმების პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მზადება „კორექტირებულ განლაგების ხაზებზე გადასასვლელად.“ ამის შემდეგ დაიწყება 72-საათიანი ათვლა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ყველა 20 მძევალი, ამას მოჰყვება 28 მძევლის ცხედრის დაბრუნება, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს პროცესი. BBC-ს პალესტინელმა წყარომ განუცხადა, რომ შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი ისრაელის ციხეებში. ასობით სატვირთო მანქანა, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება, ასევე შევა ღაზის სექტორში, სადაც გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ექსპერტებმა აგვისტოში, შიმშილობის ფაქტები დაადასტურეს. როგორც Reuters-ი წერს, კვლავაც განხილვას უნდა დაექვემდებაროს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯები - მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იმართოს ღაზის სექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე „ჰამასის“ საბოლოო ბედი - ჯგუფი ჯერჯერობით უარყოფს ისრაელის მოთხოვნას განიარაღების თაობაზე. დღის ბოლოს, თავის მხრივ, ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება „ჰამასის“ მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიიამ გააკეთა.  ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას. „დღეს ვაცხადებთ ომის დასრულებას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. შეთანხმება მოიცავს რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის მიერ ყველა პატიმრობაში მყოფი პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას. ჯგუფმა მიიღო გარანტიები შეერთებული შტატებისგან, არაბი შუამავლებისა და თურქეთისგან, რომ ღაზაში ომი სამუდამოდ დასრულდა,“ ამბობს ალ-ჰაიია. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასი ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს.  „შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.... მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება. ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება - დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება,” - განაცხადა ტრამპმა. რა მოხდება შემდეგ? [წყარო - BBC] თუ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის პირველი ფაზის დასრულებას მოჰყვება მოლაპარაკებები შემდგომი ფაზების დეტალებზე - ამ პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს. წინადადებაში ნათქვამია, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ომი „დაუყოვნებლივ დასრულდება.“  აღინიშნა, რომ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ყველა „სამხედრო, ტერორისტული და შეტევითი ინფრასტრუქტურა“ განადგურდება. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას მართავს პალესტინელი ტექნოკრატების დროებითი გარდამავალი კომიტეტი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს დონალდ ტრამპი და პროცესში ასევე ჩართულია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სასაზღვრო ზოლის მმართველობა საბოლოოდ გადაეცემა პალესტინის ხელისუფლებას, მისი რეფორმირების შემდეგ. გეგმის თანახმად, „ჰამასს“ მომავალში არ ექნება როლი ღაზის მმართველობაში, პირდაპირ თუ ირიბად. „ჰამასის“ წევრებს შესთავაზებენ ამნისტიას, თუ ისინი მშვიდობიან თანაარსებობას აიღებენ ვალდებულებად ან უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადასვლას სხვა ქვეყანაში. არცერთი პალესტინელი არ იქნება იძულებული, დატოვოს ღაზა და მათ, ვისაც წასვლა სურდა, თავისუფლად შეძლებენ დაბრუნებას. ღაზის აღდგენისათვის „ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმას“ ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს. დაბრკოლებები შემდგომ ეტაპებზე? შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, მრავალი საკამათო საკითხი იქნება. „ჰამასმა“ ადრე უარი თქვა იარაღის დაყრაზე და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ გააკეთებდა. ჯგუფმა ასევე არ ახსენა განიარაღება გასულ შაბათ-კვირას გეგმაზე თავდაპირველ პასუხში, რამაც გააღვივა ვარაუდები, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სრულად დაეთანხმა გეგმას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, უარყო პალესტინის ადმინისტრაციის მონაწილეობა ომისშემდგომ ღაზაში, მაშინაც კი, როდესაც ის გასულ კვირას პრეზიდენტის გვერდით ტრიბუნაზე იდგა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ ის არანაირ როლს არ ითამაშებდა ტერიტორიის მართვაში. „ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ მომავალში ღაზაში გარკვეული როლის შესრულებას ელის „ერთიანი პალესტინის მოძრაობის“ ფარგლებში. კიდევ ერთი დაბრკოლება ისრაელის ჯარების გაყვანის მასშტაბია. ისრაელი აცხადებს, რომ პირველი გასვლით ის ღაზის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს. თეთრი სახლის გეგმა შემდგომ გასვლას დაახლოებით 40%-მდე, შემდეგ კი, 15%-მდე მიუთითებს. ეს საბოლოო ეტაპი იქნება „უსაფრთხოების პერიმეტრი“, რომელიც „იარსებებს, ვიდრე ღაზა სათანადოდ არ იქნება დაცული ნებისმიერი ტერორისტული საფრთხისგან“. აქ ფორმულირება ბუნდოვანია და არ იძლევა ისრაელის სრული გასვლის მკაფიო ვადებს - რაშიც „ჰამასს“, სავარაუდოდ, გარკვევა სურს. ცნობისთვის, ტრამპმა გეგმა თეთრ სახლში 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი პირობებს ეთანხმება.  

ნობელის მშვიდობის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერს გადაეცა

ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა. ნობელის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატის ვინაობა დღეს, 10 ოქტომბერს ოსლოში გამოაცხადა. ლაურეატს ჯილდოს სახით, 11 მილიონი შვედური კრონა - დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი გადაეცემა.  ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. 58 წლის ვენესუელელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ფილანთროპი მარია კორინა მაჩადო წლებია, ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. 2011-2014 წლებში ის ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაბლოკვის გამო,  მაჩადომ ოპოზიციის ალტერნატიულ კანდიდატს ედმუნდო გონსალესს დაუჭირა მხარი.  2024 წლის 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში დამაჯერებლად სწორედ გონსალესმა გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ვენესუელის ოპოზიციამ მარია კორინა მაჩადოს ლიდერობით, არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა. 2025 წელს ჟურნალმა Time-მა მარია კორინა მაჩადო შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. მაჩადოს მიღებული აქვს ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო.  

2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 970.8 ლარი იყო - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 11.5%-ით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. კერძოდ, საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6 პროცენტით). „2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436.0 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13.0 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა. 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება. 2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთის რეგიონი,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს 13 ოქტომბერს დაიწყებს, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს. Reuters-ის ცნობით, წვრთნებში ჩაერთვება 71 თვითმფრინავი 14 ქვეყნიდან.  „წვრთნები მკაფიო სიგნალია ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, რომ ჩვენ და შეგვიძლია, დავიცვათ მოკავშირე ყველა საფრთხისგან," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. რუტემ ასევე განაცხადა, რომ წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს ბირთვული გამძლეობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას. NATO-ს ოფიციალური პირების თქმით, წვრთნებში არ გამოიყენება ბირთვული იარაღი. ის ახდენს სცენარების სიმულირებას, რომლებშიც მისი გამოყენება შეიძლება.  

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ყარსში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები თურქეთში გასამართ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. Report-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ზეკი აქტურკმა დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. აქტურკის თქმით, „მარადიული მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაცია“ 13-24 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ყარსში აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით გაიმართება. მანამდე, თურქეთში, მინისტრების მე-12 სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში ყოველწლიურად იმართება როტაციის პრინციპით. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.  

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, 13-დან 15 ოქტომბრამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, სადაც მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე; ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად. „ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე 2025 წელს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში,“ - წერია ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია

ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ აყვანილი ბოლო 20 ცოცხალი მძევალი ორ წელზე მეტი ხნის ტყვეობის შემდეგ, ისრაელში დაბრუნდა. მძევლები „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცა. მათ შორის არიან ტყუპი ძმები ზივ და გალი ბერმანები. 28 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადაცემული. მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს და 1700-ზე მეტ დაკავებულს ათავისუფლებს - პირველი ჯგუფები რამალაში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ჩასვლას იწყებენ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელშია და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. შემდეგ ის ეგვიპტეში, მსოფლიო ლიდერებთან სამშვიდობო სამიტზე გაემგზავრება. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ომი დასრულდა“,  თუმცა როგორც BBC წერს, მან თავი აარიდა შეკითხვებს სამშვიდობო გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "სამხედრო კამპანია არ დასრულებულა." "ჩვენ წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს, აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „ხვალ ახალი გზის დასაწყისია,“ ამბობს ნეთანიაჰუ.  

კაია კალასი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი კიევში ჩავიდა. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დახვდა. „უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის,“ - წერს კალასი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები განიხილავენ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებას ე.წ. რეპარაციების სესხის დასაფინანსებლად, საიდანაც კიევს სულ მცირე 140 მილიარდ ევროს (160 მილიარდი აშშ დოლარი) მიაწვდიან და რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დაიფარება, რაც მოსკოვი ომის რეპარაციების გადახდას დათანხმდება. კალასი 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უხელმძღვანელებს, სადაც ევროპელი ოფიციალური პირები „თავდაცვის მზადყოფნასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.“  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა

2025 წლის აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ, დღეში 551 000 ბარელს შეადგენდა (bpd). აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი დღეში 7%-ით, 34 000 ბარელით გაიზარდა. 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება 3%-ით, 18 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანში, 249 კმ საქართველოში და 1 076 კმ თურქეთში.  

აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? ეს მყარი იქნება. ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მასთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება,“ - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს. სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. გასულ კვირაში, ეგვიპტეში ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს. ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ  

ალიევი და ფაშინიანი ეგვიპტეში მშვიდობის სამიტს ესწრებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტს სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ესწრებიან. ლიდერებმა შარმ-ელ-შეიხში გამართული მშვიდობის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. შეხვედრის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ერთვება საუბარში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი. მან თქვა, რომ მოხარულია სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერების საუბრის ხილვით. როგორც ცნობილია, სომხეთმა და პაკისტანმა დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის დასაწყისში დაამყარეს. „სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს პატარა ომია, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ. შეხედეთ მათ. ისინი სხედან... როდესაც მე მათ შევხვდი, ეს ოვალურ კაბინეტში იყო. ისინი დაახლოებით 31 წელი იბრძოდნენ... ახლა კი, ისინი მეგობრები არიან და კარგად ეწყობიან ერთმანეთს. შეხედეთ. ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ორივეს. ეს წარმოუდგენელია. ნამდვილად წარმოუდგენელია,“ - ციტირებს Caliber.Az ტრამპის სიტყვებს. შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ ცერემონიაზე, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო დერეფნის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) შესახებ, რომელიც სომხეთზე გაივლის. აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი. მასში სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ტრამპი აცხადებს, რომ მეორე ვადის განმავლობაში მან მოახერხა რამდენიმე კონფლიქტის, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება.  

ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში შეთანხმებაზე: მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შესაძლებელია

“ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ტერორის გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგობას გატეხავს. თუმცა ამის დაშვება არ შეიძლება - საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა იყოს მიღებული,“ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 71-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას. მანვე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი საბოლოოდ მთავრდება, ამიტომ, ამდენი მსხვერპლის შემდეგ მშვიდობის რეალური შანსი არსებობს. თუმცა რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ევროპაში გლობალური არასტაბილურობის უდიდეს წყაროდ რჩება. "ყველა თქვენგანზეა დამოკიდებული ეს ომიც დასრულდება თუ არა. მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შეიძლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტერორისტის. ჰამასიც კი ემზადება მძევლების გასათავისუფლებლად. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ პუტინიც შეიძლება, იძულებული გახდეს, აღადგინოს მშვიდობა. „ზამთრამდე პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ტერორს ჩვენი წინააღმდეგობის გასატეხად გამოიყენებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, მოგიწოდებთ, თქვენს პარლამენტებსა და მთავრობებში მოითხოვოთ უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვისა და ჩვენთვის საჭირო რაკეტების მხარდაჭერა. გადაწყვეტილებები კი როგორც სისტემებთან, ასევე, რაკეტებთან დაკავშირებით უახლოეს კვირებშია საჭირო,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე გაიხსენა, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა „პატრიოტის“ სისტემების, „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხი, უკრაინისთვის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობა და პარტნიორებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების აუცილებლობა. „მაშინაც კი, თუ უნგრელი ბიჭები ამტკიცებენ, რომ ეს მათ არჩევნებში შანსებს უწყობს ხელს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძირს უთხრის მათი ქვეყნის და ევროპის უსაფრთხოებას. პუტინისთვის ყოველი მილიარდი მნიშვნელოვანია. თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ამავდროულად, დააფინანსოთ ისინი, ვისაც მისი განადგურება სურს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მოგვიანებით, მან X-ზე დაწერა, რომ გავლენიანმა აქტორებმა უნდა იმუშაონ პუტინის შესაჩერებლად და უკრაინაში მშვიდობის მისაღწევადაც: "უკრაინაში მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რამაც ახლო აღმოსავლეთში ეს შედეგი მოიტანა. მძევლები გათავისუფლდნენ და ომი ღაზაში დასასრულისკენ მიდის. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი მოვლენაა. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ იმუშავა და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი დახმარება მოდის იმ ქვეყნებიდან და ბევრი ადამიანისგან, ვისაც რეალური ზეგავლენა აქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღე დადგეს უკრაინისთვისაც. რუსეთის აგრესია რჩება დესტაბილიზაციის ბოლო გლობალურ წყაროდ და თუკი ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთისთვის, გლობალური აქტორების ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ უნდა იმუშაოს ჩვენთვისაც უკრაინაში, ევროპაში. და ამისი გაკეთება შესაძლებელია. ტერორი ყოველთვის მარცხდება, როცა გლობალური ერთიანობა საკმარისად ძლიერია. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ხელს უწყობს მშვიდობას!"  

თურქეთის სანაპირო დაცვის გემი საქართველოს პორტში შევიდა

თურქეთის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ თურქეთის სანაპირო დაცვის გემი TCSG-97 მეგობრული ვიზიტით ფოთის პორტში შევიდა. დიპლომატიური მისიის ცნობით, ეკიპაჟს საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. „ვიზიტი კეთილმეზობლობისა და რეგიონული თანამშრომლობის სულისკვეთებით განხორციელდა: ჩვენ მივესალმეთ TCSG-97 სანაპირო დაცვის გემს, რომელიც ფოთის პორტს ეწვია. დასავლეთ შავი ზღვის სანაპირო დაცვის ჯგუფის მეთაურთან, ლეიტენანტ პოლკოვნიკ ჯიჰან სეიმენთან და გემის მეთაურთან, უფროს ლეიტენანტ ტოლგა აკალპთან ერთად ვესტუმრეთ საქართველოს სანაპირო დაცვის მეთაურს იური ფირცხალაიშვილს,“ - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ანკარასა და თბილისს შორის მჭიდრო კავშირებს საზღვაო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის ერთობლივი პატრულირების კუთხით. საელჩომ გამოაქვეყნა ვიზიტის ამსახველი ფოტოები და აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.  

ევროსასამართლომ რუსეთს განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ე.წ.ბორდერიზაციით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 14 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დააკისრა რუსეთს 253,018,000 ევროს გადახდა 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები. ამდენად, რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს: 224,25 მილიონი ევრო მინიმუმ 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის - პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის - საკუთრების დაცვის - დარღვევა); 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის - განათლების უფლების - დარღვევა); 5, 172 მილიონი ევრო მინიმუმ 2 586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის - პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების - დარღვევა); 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის - არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის - დარღვევა); 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების - დარღვევა); 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის - გადაადგილების თავისუფლების - დარღვევა). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო.  საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. მასში ნათქვამი იყო „ქართული მოსახლეობის მასობრივი შევიწროების“, ასევე, „დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკის“ შესახებ ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და საოკუპაციო გასწვრივ. კერძოდ, საქმე ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიკვდილს. 2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე, ევროსასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა  

ელინა ვალტონენი: ფინეთი ძალიან მოხარული იქნებოდა, თუ საქართველო კრიტერიუმების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანდებოდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს  - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში მართავს შეხვედრებს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრტის შემდეგ, დღის ბოლოს, X-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნა, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის სივრცე საგანგაშო ტემპით მცირდება.“ ვალტონენის თქმით, „ფინეთი კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში.“ უფრო ადრე, ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. „ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტი, რუსეთის მიერ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ეუთოს როლი. შეხვედრის დროს გამოვთქვი შეშფოთება საქართველოში არსებული შიდა ვითარების შესახებ. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა მდგრადობისა და სუვერენიტეტის გასაღებია. საერთაშორისო ორგანოების, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება. ამ ხმების ჩახშობა ძირს უთხრის არამხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებს, არამედ, საზოგადოების მდგრადობას მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ეუთო მზადაა დასახმარებლად,“ - დაწერა ელინა ვალტონენმა X-ზე. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში, ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით,“ - ეს განცხადება კი, მან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ამ გზაზე პროცესი საქართველოს ევროკავშირში წევრობით არ დასრულდება, ეს ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება. „მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ყველა და ნებისმიერი რეფორმა, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ყველა უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობასა და ბევრ სხვა საკითხს - ყველა ამ რეფორმას აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. თუ ამ გზაზე არ დასრულდება პროცესი წევრობით, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია. ყველა ნაბიჯი ამ გზაზე იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია, ამ გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება იმიტომ, რომ უფრო მეტ თავისუფლებას გულისხმობს, მეტ ძალაუფლებას გულისხმობს ყოველი კონკრეტული ქვეყნისთვის და აძლევს მეტ კეთილდღეობას სამომავლოდ იმიტომ, რომ სრული ჩართულობა იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით და საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველზე. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ევროკავშირი დიდი სიამოვნებით სთავაზობს საქართველოს. აქაც მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლებების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით,“ - განაცხადა ელინა ვალტონენმა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მოხარული იქნება, თუ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში კრიტერიუმებზე დაყრდნობით.~ „როგორც ევროკავშირის წევრს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინეთი მოხარული იქნება საქართველო ერთ დღეს თუ გახდება ევროკავშირის წევრი იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც აღვნიშნე. კითხვის ნიშანი მაქვს და ეს კიდევ ერთხელ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვიტონ რა არის მათი მომავალი, მაგრამ ისინი სრულ ჩართვას იმსახურებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პოლიტიკურ სისტემაში,” - განაცხადა ელინა ვალტონენმა. თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „ეუთოს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა.“ „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და, გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი... ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და, ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა. ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. ცნობისთვის, დღის ბოლოს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა, სამშაბათს, ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნორდიკულ-ბალტიური რვიანი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც შეიძლება, სასარგებლო იყოს სომხეთთან თანამშრომლობისთვის.  ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ფორმატი უსაფრთხოებასა და რეაგირებაზეა ორიენტირებული და ევროკავშირისა და NATO-ს რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ასევე, ვალტონენმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე საზოგადოების მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიის საფუძველს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სომეხ კოლეგასთან განიხილა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა  

დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ორი უმსხვილეს რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა, რითაც „პუტინის საომარი მანქანისთვის დიდი დარტყმის შესახებ“ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები და გლობალური ბიზნესები, რომლებიც პუტინის უკანონო ომს უჭერენ მხარს, ახალი სანქციების ქვეშ მოექცნენ, დიდი ბრიტანეთი კრემლის შემოსავლებზე ზეწოლას ზრდის. ამით, დიდი ბრიტანეთი რუსეთს დღემდე ყველაზე მკაცრ სანქციებს უწესებს, რითაც ენერგეტიკის სფეროდან მიღებულ შემოსავლებს ახშობს. „უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. დღევანდელი ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ და უფრო უსაფრთხო გაერთიანებული სამეფოსკენ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა. დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი კი, 2022 წლის აპრილში დაასანქცირა. 15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია.“ დიდი ბრიტანეთის სანქციებმა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან დაწესდა, 28.7 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. “2024-25 წლების ყოველწლიურ მიმოხილვაში გამოცხადებული მაჩვენებელი ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის წამყვან როლს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის დაფინანსების ნაკადების ჩახშობაში შეაქვს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.  

ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი და მე, ერთმანეთს, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში შევხვდებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადაებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „ძალიან პროდუქტიული“ იყო. ტრამპი ამბობს, რომ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხვალ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს პუტინთან საუბრის საკითხებს. “ამ წამს დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი, ის ძალიან პროდუქტიული იყო. პრეზიდენტმა პუტინმა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი მშვიდობის მიღწევა მოგვილოცა, ის, რაზეც, მისი თქმით, ის საუკუნეებია ოცნებობდა. ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებს რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულის მიღწევას. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას, ბავშვებზე მისი ჩართულობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება. ასევე, საუბრის დროის დიდი ნაწილი გავატარეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის საკითხზე მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დასრულდება. საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ იქნება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, შემდეგ კვირას. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს სხვა ხალხთან ერთად, ვინც დადგენილი იქნებიან. შეხვედრის ადგილი გასარკვევია. ამის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე წინასწარ შეთანხმებულ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ “სამარცხვინო” ომის დასრულება. პრეზიდენტი ზელენსკი და მე ერთმანეთს ხვალ, ოვალურ ოფისში შეხვდებით, სადა პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარსა და ბევრ სხვა საკითხს განვიხილავთ. მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული,” - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ პუტინთან ამ სატელეფონო საუბარს და "ბევრ სხვა საკითხს". ტრამპს არ უხსენებია კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა. 16 ოქტომბერს, ბრიტანულმა The Telegraph-მა დაწერა, რომ ტრამპმა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს დაავალა, შეიმუშაოს გეგმა საგანგებო ფონდის შესაქმნელად უკრაინის მხარდაჭერისთვის, ფონდი დაფინანსდება ჩინეთთან მიმართებით დაწესებული გადასახადებისგან მიღებული მოგებით.   

ჩინეთის ქალაქ ქაშგარიდან აზერბაიჯანამდე პირველი მულტიმოდალური მარშრუტი გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ ქაშგარიდან, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანის მარშრუტით, პირველი საერთაშორისო მულტიმოდალური საკონტეინერო გადაზიდვა დაიწყო. წერს Report Uztemiryolkonteyner-ზე დაყრდნობით. ტვირთი სიანისა და ჩენდუს ქალაქებიდან ქაშგარში რკინიგზით გადაიზიდება, იქიდან კი ოშში - საგზაო ტრანსპორტით. შემდეგ, ოშიდან, ტვირთი რკინიგზით თურქმენეთის პორტს მიეწოდება, იქიდან კი ზღვით - ბაქოში ჩავა. „მარშრუტის გაშვება აძლიერებს სავაჭრო და ლოგისტიკურ თანამშრომლობას, ზრდის ტრანსპორტირების ეფექტიანობას და ხელს უწყობს აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში,“ - წერს აზერბაიჯანული მედია.