ძებნის რეზულტატი:

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართულმა მხარემ, პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრაზე, შეშფოთება გამოთქვა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართულმა მხარემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრაზე, შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგენენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. "მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახედნეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას. ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის. საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულველყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამკუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის. გამოსვლის დასასრულს მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას. აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება, პირველ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებდი - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ დიალოგის დაწყება მათ შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება. „პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, რაც შეეხება საკითხებს და იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - თქვა თალაკვაძემ. დღეს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ბადრი ჯაფარიძე: ხელისუფლების შეფასებები ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან

„ხელისუფლების შეფასებები ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარემ დააფიქსირა თავის პოზიცია და დაიგეგმა მორიგი შეხვედრა. ​ „გადავეცით მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. ჩვენი შეფასება იგივეა, არჩვენების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან. ოპოზიციის პოზიცია ამაზე არის უცვლელი. ხელისუფლებას აქვს თავის შეფასებები, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ისევ გაიმართება თუ არა აქცია, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შაბათის აქცია ძალაშია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება - დავით ბაქრაძე

"ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. „ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. იმედი მაქვს, საბოლოოდ მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ელჩების შუამავლობით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ საარჩევნო საკითხთან მიმართებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება, თუმცა როდის დაზუსტებით ახლა ვერ იტყვის. „იმის მოლოდინი, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით განიმუხტებოდა ვითარება, რა თქმა უნდა, არ გვქონია. დღეს, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით იყოს ის, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ელჩების შუამავლობით. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები და რატომ გაყალბდა ტოტალურად. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვთქვით ჩვენი ხედვით გამოსავალი. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავალის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი,მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და შეთანხმებაა მისაღწევი - ზურაბ ჯაფარიძე

"ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი", - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია - ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცით. ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველასი და ატმოსფერო არის ასეთი, რომ ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბაქოში, აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ბაქოში, აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პრესრელიზში მითითებულია, რომ ადამიანების ჯგუფმა, „რომელიც საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბოროტმოქმედება ჩაიდინა. „ჩატარებული გამოძიებით დაგინდა, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა სეირან კოჯამანიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და სხვებმა 2020 წლის ოქტომბერში მოახდინეს 20-ზე მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფის მობილიზება, რომლებმაც გამოგონილი "მთიანი ყარაბაღის" რეჟიმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჩაატარეს, სადაც სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ისაუბრეს. დანაშაულებრივი გაერთიანების ზემოთჩამოთვლილი წევრები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით სომხეთში ჩასვლის შემდეგ, დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ პირებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ მათ აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, ანუ სომხეთიდან, საიდანაც ქალაქ ხანკენდსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწიეს. დადგინდა, რომ ისინი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ გამოიყენებოდნენ დაქირავებულების როლში სამოქალაქო მოსახლეობისა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. ბაქოში აცხადებენ, რომ „დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები“ საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიოდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დაევალა. ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ ცნობილი 6 ნოემბერს გახდა. აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარემ, გალუსტ ტრაპიზონიანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „მათ ერთი დღე მოასწრეს ამ მოვლენებში მონაწილეობა,“ რის შემდეგაც ხელმოწერილ იქნა სამმხრივი სამშვიდობო განცხადება ომის შეწყვეტის შესახებ. წყარო

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაიხურა

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უფლისციხეში ვიზიტორების მიღება დროებით შეაჩერა. მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო მუზეუმის 24 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა. მუზეუმის თანამშრომლის დინა ნასყიდაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო დამთვალიერებელთა რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, ახლა კი მუშაობის საერთოდ შეწყვეტა, რაც მეტ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. „პანდემიამდე პერიოდში მუზეუმი დიდი რაოდენობით ვიზიტორს იღებდა და შემოსავალიც საკმაოდ დიდი იყო. ახლა კი სრულად დახურვა, არამარტო მუზეუმის ფინანსებზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზეც უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ ხალხის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი და მთავარია",. - ამბობს დინა ნასყიდაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის როდის გაიხსნება, მუზეუმის თანამშრომლები კი 12-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველო მაკედონიასთან, ანგარიშით 1:0 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის მატჩი, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, ანგარიშით 1:0, მაკედონიის სასარგებლოდ დასრულდა. თამაში, დინამო არენაზე, მაყურებლების გარეშე გაიმართა. გულშემატკივრები, თამაშს, სტადიონს გარეთ, დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. ფოტოები მატჩიდან, იხილეთ ბმულზე - დინამო არენა

საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - კიდევ 3 473 ადამიანი დაინფიცირდა, 3 342 კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 37. 1 493 თბილისში, 448 კი აჭარაში გამოვლინდა. იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო -ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23. გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

BBC: სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონში საკუთარ სახლებს წვავენ, რათა ის აზერბაიჯას არ გადაეცეს

„სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონში საკუთარ სახლებს წვავენ, რათა ის აზერბაიჯას არ გადაეცეს“, - ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტი Twitter-ზე, თავის სიუჟეტში ჰყვება, რომელიც ქალბაჯარის რაიონში არსებულ ვითარებას ეძღვნება. თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ არავინ არ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - ამბობს რესპონდენტი BBC-სთან. ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე 10 ნოემბერს გამოაცხადა. მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების განლაგებაზე შეთანხმდნენ. სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე უნდა გადავიდეს ქალბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები.

ეუთოში აშშ-ის ელჩი: პანდემიის გამო საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის ამოცანა კიდევ უფრო გართულდა

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები“, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა განაცხადა. ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს. „შეერთებული შტატები გულითადად მიესალმება მუდმივ საბჭოში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ელჩ კლაარს, გაეროს წარმომადგენელ ელჩ სულთანოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ ელჩ მიხალკას. მადლობას გიხდით ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ თქვენი დაწვრილებითი ანგარიშებისთვის და ამ კონფლიქტის გადასაჭრელად გაწეული ძალისხმევისთვის. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები. ეს არ შეიძლება განიხილებოდეს განცალკევებით და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქმედებები და სიმბოლო. ეს ქმედებები გვახსენებს ყირიმში ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რომელზეც დღეს, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, ჩაატაროს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯების გამოსარკვევად, რაც გადაჭრის ამ კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ამ ურთულეს პერიოდში. თქვენი ამოცანა, წარმომადგენლებო, რომ ეს კონფლიქტი გადაგეჭრათ, არასდროს ყოფილა მარტივი და კიდევ უფრო გართულდა გლობალური კორონავირუსის პანდემიის გამო. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ. შეერთებული შტატები აფასებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უნიკალურ როლს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელებაში და ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, 2020 წლის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, 10-11 დეკემბერს მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ. რუსეთის ფედერაციის ქმედებები ამ საკითხში აღქმული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ქმედებებისა და მიზნების ერთიანი სურათის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ცალკეული შემთხვევა.ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. კმაყოფილი ვართ, რომ ივლისსა და სექტემბერში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები დადებით გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვემხრობით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ამ ინსტრუმენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვასა და კონფლიქტით გამოწვეული დარტყმის შემსუბუქებაში. მოხარული ვიქნებოდით, საქართველოში ეუთოს საველე წარმომადგენლობის აღდგენით, რომელიც შეძლებდა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ შეუფერხებელად მუშაობას. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელმა გილმორმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეებისადმი მიმართვისას.

ამერიკის ხმა: კამალა ჰარისი - ამერიკის არჩეული პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ისტორია და მნიშვნელობა

„ჩვენ, ხალხს გვაქვს ძალა, რომ ავაშენოთ უკეთესი მომავალი“, - ეს სიტყვები ამერიკის არჩეულ 49-ე ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ეკუთვნის. მან ეს თავის საზეიმო სიტყვაში თქვა, რომელიც გამარჯვების ღამეს წარმოთქვა. 7 ნოემბრის ღამეს, კამალა ჰარისი სუფრაჟისტების მოძრაობის პატივსაცემად, თეთრებში იყო გამოწყობილი. სწორედ სუფრაჟისტებმა მოიპოვეს 100 წლის წინ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება ამერიკაში. თეთრი ფერი კი მათი სიმბოლოა. კამალა ჰარისის სიტყვაში ძალიან დიდი ადგილი სწორედ ქალებს ეკავათ. თავის სამადლობელ სიტყვაში, ჰარისმა დედამისიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კამალა ჰარისის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. დედა - ინდოეთიდან, მამა კი - იამაკიდან. მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და შვილებს, კამალას და მაიასაც იქ ზრდიდნენ. „...[მადლობელი ვარ] დედაჩემის, შამალა გაპალან ჰარისის, ქალის, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემ აქ ყოფნაზე... როდესაც ის ინდოეთიდან, 19 წლის ასაკში [ამერიკაში] ჩამოვიდა, ამ მომენტს ვერ წაროიდგენდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე რომ, დღეს მე ვფირობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრკანიან, ლათინოს, მკვიდრ ამერიკელ ქალებზე, რომლებმაც ამ მომენტამდე მოგვიყვანეს. ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა ჰარისმა 7 ნომბერს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. კამალა ჰარისი გახდა პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი, პირველი ინდური წარმოშობის და იმიგრანტების პირველი შვილი, ვინც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა აირჩია. გარდა ამისა, ამერიკას ეყოლება ისტორიაში პირველი - მეორე ჯენტლმენი, ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის სახით. 56 წლის კამალა ჰარისი ისტორიაში დარჩება, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა აქამდე ის იყო პირველი ქალი, ვინც კალიფორნიის ოლქის პროკურორად აირჩიეს, ასევე პირველი ქალი, ვინც ორი ვადით იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას. ახლა კი ის ამერიკის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, მეორე ადამიანი იქნება. „მე შეიძლება ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ, ნამდვილად არ ვიქნები ბოლო“, - აღნიშნა ჰარისმა. ის გახდა ამერიკაში, და არამხოლოდ, ყველა გოგოს იმედი, რომ ერთ დღეს, მათაც შეუძლიათ ჰარისის ადგილას ყოფნა. „ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება““,- ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ეს სიტყვები, ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ისტორაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენმა აგვისტოში წარადგინა. მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჰარისი ძალიან სწორი არჩევანი იყო და ის ბაიდენს შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოუტანდა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რობერტ გრიფინი „დემოკრატიის ფონდიდან“ ამბობდა, რომ ჯო ბაიდენს ახალგაზრდა აფროამერიკელ ამომრჩეველში იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ჰილარი კლინტონს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „მას [კამალა ჰარისს] შეუძლია ის გააკეთოს, რომ ფოკუსირდეს ამ ახალგაზრდა აფროამერიკელების ჯგუფზე და დაუბრუნოს ამ პარტიას ის მხარდაჭერა, რომელიც მას 2016 წელს ჰქონდა აღნიშნულ ჯგუფში“. ჰარისისა და ბაიდენისთვის თეთრ სახლში შესვლამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თმობს თავის პოზიციას, არ აღიარებს აქამდე გამოქვეყნებულ შედეგებს და ამის მაგივრად, არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, სასამართლოში სარჩელები შეაქვს. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ძალიან ცოტაა შანსი, ამან არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინოს. საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და ოფიციალურად მიანიჭებს გამარჯვებულს კოლეგიის ხმათა უმრავლესობას. შემდეგ ეს მონაცემები კონგრესს გადაეგზავნება და ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური იანაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საქმიანობის შესრულებას შეუდგება. მომზადებულია ამერიკის ხმის მიხედვით

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ კოვიდინფიცირებულებმა თრომბის თავიდან ასაცილებლად

ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა განმარტა, რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები. ასეთ დროს, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, ვისაც სისხლში D-დიმერი აქვს მომატებული, კუნთები არ უნდა მოადუნოს, აუცილებელია სახლში ფიზიკურად დაიტვირთოს, მაგალითად აკეთოს ბუქნები. „თევზის ქონი ათხელებს არამარტო სისხლს, შლის თრომბს, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია კვირაში სამჯერ მაინც მივიღოთ ეს პროდუქტი და განსაკუთრებით თევზის ცხიმიანი სახეობა. კენკრა შეიცავს კუმარინებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ეს ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტიც გახლავთ, ასევე ნიორი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია სისხლის გათხელება, ისევე, როგორც ასპირინს. ასევე კარგია კოჭა, გარდა იმისა, რომ ათხელებს სისხლს, ის ორგანიზმში ამცირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგრამ ვისაც მაღალი არტერიული წნევა და არითმია აწუხებს, ეს პროდუქტი უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ ეთერში. კორონავირუსის ერთ-ერთ გართულებად თრომბი სახელდება.

ამერიკის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია კონსულტაციებისთვის შეიკრიბა

ამერიკის ელჩთან გამართული შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს არ წყვეტს. „ლელოს“ ოფისში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ხვალინდელ აქციამდე, ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. „ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მორიგ აქციაზე ლეგიტიმურ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გავახმაურებთ. „ამ პარლამენტში ქართული პოლიტიკური სპექტრი შესვლას არ აპირებს“,- განაცხადა „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენი მკაფიო მოთხოვნაა ახალი არჩევნები. შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე, სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე, მაგრამ არსებითია, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია არ იღებენ. ეს არის მთავარი, დანარჩენი მივანდოთ იმ ხალხს, ვინც მოლაპარაკებებშია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აქციებს ატარებს. მორიგი დემონსტრაცია ხვალ, 15:00 საათზეა დაგეგმილი. ამ შეკრებას წინ უძღოდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა. დიალოგის დაწყება ორივე მხარემ დადებითად შეფასა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებში რჩება ხელახალი არჩევნები.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ დამნაშავემ ცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომას 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 6 პირს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა 28 ივნისს შეეფარდა. 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნით კი გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული ჰქონდა დაზიანებები. პროკურატურას შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოს შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელის ცხედარი წყალში იპოვეს.

თუ კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 700 000 დოზას მიიღებს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზა აქვს შეკვეთილი, რომლითაც პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრებიან. კითხვაზე, რომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა საქართველოში, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ვაქცინების გლობალური ალიანსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველომ გლობალური ალიანსის ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. ,,სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. საქართველომ 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა კოვაქს პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის მოცვისთვის დოზა ვაქცინისა, სულ ეს ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. პირველი შენატანი საქართველოს შეტანილი აქვს და როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო მიიღებს ამ ვაქცინას და აიცრება 700 000-მდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან მაღალი რისკ-ჯგუბი, რომელიც უკვე განსაზღვრულია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედად ითვლება თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი თვეების შემდეგ გახდება, ,,ეს გადაჭარბებული იმედებია“. ,,კოვიდის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება ითვლება დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი იმედად პანდემიის დამარცხების. თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება თვეების შემდეგ, ეს გადაჭარბებული იმედები გახლავთ. დღეს დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი, აქედან კლინიკური კვლევის ფაზაშია რამდენიმე ათეული და ბოლო ფაზაში არის 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3-ს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Pfizer- ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს. თუმცა, დიდი ალბათობით არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, 102 წლის პაციენტმა COVID 19 დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის პაციენტმა ახალი კორონავირუსი დაამარცხა. მოხუცებული ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, გალინა ბებო თავს კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება. ამ დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 957 პირი. მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

თენგიზ ფხალაძე: ჰოჯესის გზავნილი პომპეოს ვიზიტის წინ საექსპერტო წრეებისთვის დროული თემაა განსახილველად

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ინტერვიუ, რომელიც „ევროპათაიმმა“ ჩაწერა, მედიაში განხილვის მთავარი თემაა. საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდაზე ბენ ჰოჯესის განცხადებას დროულ აქცენტად მიიჩნევენ ექსპერტებიც. შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ მთავარ გზავნილად, რა ფორმით შეიძლება იყოს განხილული აშშ-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ამ საკითხებზე „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, (2014-2018) ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. „ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის, ამიტომ, ნუ ვიტყვით მაინცდამაინც ამერიკულ ინფრასტრუქტურას - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. აქ ბევრი რამ მოიაზრება, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს პორტებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც დღეს არის შეჩერებული - ანაკლიის პროექტი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, რადგან ეს არის საქართველოს ფუნქციის გამაძლიერებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ასევე ის პროექტი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. რამდენად მოსალოდნელია ანაკლიის საკითხის აქტუალიზაცია, თენგიზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ ამ თემის აქტუალიზაცია ისევ მოხდება. „სახელმწიფო მდივანმა არაერთხელ აღნიშნა ამ პორტის მნიშვნელობა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს - როდესაც აშშ ამაზე ლაპარაკობს, არ არის ხედვა, რომ ეს ამერიკული პორტი უნდა იყოს, მაშინაც თქვა, რომ ეს უნდა იყოს ის ქართული პორტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და აშშ მზადაა, ამაში დაგვეხმაროს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ასე რომ, უნდა გავითავისოთ, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია და შემდგომში - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების. ბენ ჰოჯესი ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე სამხედრო - ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზა და სტრატეგიული არჩევანი არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, ძალიან ბევრს აკეთებს ამისთვის. მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თავსებადი იქნება ამ თვალსაზრისითაც ალიანსისათვის. ეს უპირველეს ყოვლისა გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და თავდაცვის უნარიანობას, ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც მრავალმხრივი ფორმატის გამოყენება, რაშიც იგულისხმება საქართველო - ნატოს ურთიერთობები და იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა, ასევე ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. რაც შეეხება ჰოჯესის გზავნილს „პომპეოს ვიზიტის წინ, საინტერესო რჩევა-შეთავაზებად შეიძლება განვიხილოთ საექსპერტო საზოგადოებისგან, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს საქართველოს, შავი ზღვის, ევროპის უსაფრთხოება, ხედავს საქართველოს როლს ამ დიდ სურათში, იცის ამერიკის ეროვნული ინტერესები და ეს არის ის რჩევა, რომლის განხორციელებაც როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. ასე რომ, ეს არის ძალიან დროული აქცენტი ანალიტიკური წრეებისთვის და კარგი იქნება, თუ ამას ყურადღებას მიაქცევენ და მის გამოყენებას და რეალიზაციას მაქსიმალურად შეეცდებიან“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. რაც შეეხება მაიკ პომპეოს ვიზიტისგან მოლოდინებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პომპეოს ვიზიტიდან ორი თემაა მნიშვნელოვანი. 1. უსაფრთხოების კონტექსტი ჩვენს რეგიონში და ამ ჭრილში დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. 2. საქართველოს დემოკრატიული განვითარება იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რასაც ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება. „აქ არამხოლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას უნდა ველოდოთ, არამედ იმასაც, რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ, რა შეიძლება იყოს ის ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, როგორი ხედვა შეიძლება ჰქონდეს. არის ერთგვარი კომენტარები, რომ პომპეო არის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი - ეს ასე არ უნდა განვიხილოთ, რადგან ამერიკის პოლიტიკა სხვანაირად მუშაობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა შეერთებული შტატების პოლიტიკაში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. როგორც ცნობილია, ევროპაში ბოლო ქვეყანა, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, საქართველოა, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი ისრაელს ეწვევა. „ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა უსაფრთხოების თემატიკაზე და მთავარი თემა ამ ტურნეში იყო ახლო აღმოსავლეთი და აზიის საკითხი, თუმცა იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, საქართველო არის ბოლო ქვეყანა ევროპაში, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. უნდა ველოოდთ თუ არა ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, თენგიზ ფხალაძის თქმით, ნატოში ინტეგრაცია მრავალმხრივი ფორმატია და ეს არ არის მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე დამოკიდებული, თუმცა თუ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობას განვავითარებთ და უსაფრთხოების სფეროში სხვა საფეხურზე გადასვლას შევძლებთ, ეს ნატოში ინტეგრაციაზეც იმოქმედებს.

იტალია ე.წ.წითელ ზონას აფართოვებს

იტალიის ე.წ.წითელ ზონას, სადაც კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი - კამპანია და ტოსკანა - დაემატა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამპანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება. კორონავირუსის გავრცელების რისკი შესაბამისად, იტალიაში რეგიონები იყოფა სამ - წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონად. ახალი რეგიონების დამატებამდე „წითელ ზონაში“ შედიოდა ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით. აღნიშნულ რეგიონებში, სადაც დაახლოებით 16.5 მილიონი ცხოვრობს, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების, აუცილებელი საჭიროების პროდუქციის შესაძენად ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეუძლიათ. დაკეტილია ბარები და რესტორნები. იტალიაში პარასკევს კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 44 000-ს აჭარბებს.