ძებნის რეზულტატი:

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალ ნებისმიერ პირს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 -დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. საელჩოს ცნობით, ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევა. ამასთანავე, მათი ინფორმაციით, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს. „ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. იზოლაციის 14 -დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე,“-ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.

ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 80 დემონსტრანტი მინსკში დააკავეს, 47 კი - სხვადასხვა რეგიონში. ცნობისათვის, 9 აგვისტოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება გუშინ ბელარუსში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ემით“ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა

ლოს-ანჯელესში, მთავარი სატელევიზიო პრემიით - „ემი“ დაჯილდოების 72-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად ამერიკული Succession (მემკვიდრეები) აღიარეს, რომელიც მაყურებელს მედია-იმპერიის მფლობელ ოჯახზე უამბობს. საუკეთესო კომედიური სერიალისთვის „ემი" კანადურმა Schitt's Creek-მა მიიღო. სერიალი მდიდარ ოჯახზეა, რომელიც ქონების დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად პატარა ქალაქის მოტელში გადადის. კორონავირუსის პანდემიის გამო, „ემით“ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა.

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1534-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. „ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

რუსეთში კორონავირუსის 6 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 71 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 109 595-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 71 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 19 489-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ - 19-სგან 911 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

დონალდ ტრამპისთვის ფოსტით საწამლავის გაგზავნაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

კანადის მოქალაქე, რომელიც დონალდ ტრამპისთვის მომწამვლელი ნივთიერების, რიცინის შემცველი კონვერტის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობის დროს საზღვარზე დააკავეს. ქალს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მას ბრალს აშშ-ს პროკურორის ოფისი ვაშინგტონში წარუდგენს. ოფიციალური ინფორმაციით გასულ წელს ის აშშ-დან კანადაში დაადეპორტეს. ეჭვმიტანილი 2019 წელს ტეხასში არარეგისტრირებული იარაღის ფლობისთვის, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის და ყალბი მართვის მოწმობის გამო დააკავეს. დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკავებული აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდა. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, წერილი თეთრს სახლში კანადიდან, კვებეკის პროვინციიდან გაგზავნეს. მომწამვლელი ნივთიერების შემცველი კონვერტები თეთრი სახლის გარდა ტეხასში შერიფის ოფისს და დაკავების იზოლატორსაც გაუგზავნეს. ფედერალური გამოძიების ბიუროს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. დონალდ ტრამპისთვის გაგზავნის კონვერტში რიცინის კვალი თეთრი სახლისთვის განკუთვნილი გზავნილების რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ნივთიერება რიცინს ბუნებრივად შეიცავს აბუსალათინის მარცვლები. გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში, ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მან შეიძლება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შინაგანი სისხლდენა და საბოლოოდ ორგანოების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს. რიცინის ანტიდოტი ცნობილი არ არის და მასთან კონტაქტის შემდეგ სიკვდილი შესაძლოა 36-72 საათში დადგეს. თეთრ სახლში და სხვა ფედერალურ შენობებში რიცინის შემცველი გზავნილები წარსულშიც გაუგზავნიათ. 2014 წელს მისისიპის მაცხოვრებელს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა რიცინის ფხვნილით დაფარული წერილების ბარაკ ობამასთვის გაგზავნისთვის. ​2018 წელს კი აშშ-ს ფლოტის ვეტერანი დაიჭირეს პენტაგონში და თეთრ სახლში ტოქსიკური წერილების გაგზავნისთვის.

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირებისმთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობსრეაგირების ეფექტურობის გაზრდას. აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროსდავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწარფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო. შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილებისმყვინთავი მაშველები.

თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება. კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ. საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის საკითხის ჩიხიდან გამოყვამას შეეცდებიან

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან ჩიხიდან გამოიყვანონ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიღების საკითხი. სამი კვირის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ სანქციებს დაუწესებს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ბრიუსელი ბრალს სდებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ. მოელიან, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია ასევე იქნება ბრიუსელში და ის არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერთან, ჟოზეპ ბორელთან და ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია მოამზადა, მაგრამ კვიპროსი წინ აღუდგება მის მიღებას და მოითხოვს, რომ ევროკავშირმა მსგავსი ზომები თურქეთის მიმართაც მიიღოს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ანკარის მიერ გაზის საბადოების ძიებასთან დაკავშირებით. ევროკავშირს სანქციების დაწესება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი 27-ვე წევრი ქვეყანა დაუჭერს ამას მხარს. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის მიერ შექმნილი ეს ჩიხური სიტუაცია მუქარას უქმნის ევროკავშირის ავტორიტეტს და ამწვავებს მოწოდებებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და სანქციების დაწესების საკითხებში გამოყენებულ იქნეს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. შს სამინისტროს ინოფორმაციით, 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 - ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1-ც - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში. შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არც მე მჯეროდა კოროვირუსის - აფხაზი პედაგოგის გარდაცვალებამდე გამოქვეყნებული მიმართვა

სოხუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლ. ა-მ, რომელიც გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა ახალი კორონავირუსისგან, სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე ფეისბუკზე ამ დაავადების შესახებ დაწერა. მის პოსტს "აფსადგილ. ინფო" ავრცელებს. "მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მოსახლეობას აფხაზურად მიმართავს გარდაცვალებამდე პედაგოგი. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერირორიაზე გადმოიყვანეს და ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. სკოლაში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლად მუშაობდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. 50 მოსწავლეს კი ცხელება აღენიშნება. გარდაცვლილს, როგორ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მასთან ერთად კი, აფხაზეთიდან კიდევ 3 პაციენტი გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3695 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა ჯამში 1534 პირი, 20 კი გარდაიცვალა.

აშშ, ირანთან იარაღის სფეროში კავშირის გამო, ათეულობით ფირმასა და პირს სანქციებს დაუწესებს

21 სექტემბერს, აშშ სანქციებს დაუწესებს ორ ათეულზე მეტ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც ირანთან ერთად, ბირთვულ, სარაკეტო და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებში არიან ჩართულნი. ამის შესახებ სააგენტო „Reuters“-ი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. 19 სექტემბერს აშშ-მა, მიუხედავად ახლო მოკავშირეობისა უარისა, ცალმხრივად კვლავ აამოქმედა გაეროს სანქციები, რომელიც ირანს, ბირთული შეთანხმების პირობებით 2015 წელს გაუუქმეს. Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას ამერიკელმა მოხელემ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ირანს საკმარისი მასალა ექნება ბირთვული იარაღისთვის. ასევე, თეირანმა შორი მოქმედების სარაკეტო სფეროში ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, თანამშრომლობა განაახლა. Reuters-ის თანამოსაუბრეს ამ მტკიცებების დამადასტურებელი დეტალები არ წარმოუდგენია. ახალი სანქციები წარმოადგენს გაფრთხილებას ჩინეთის, რუსეთისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის, რათა მათ არ უგულებელყონ ირანისთვის გაეროს სანქციების აღდგენისკენ აშშ-ის სწრაფვა. კომპანიები, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან დაფუძნებული, სანქციების დარღვევისთვის დაისჯებიან.

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე, შს სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე, შს სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიუხედავად მდგომარეობის გართულებისა, გალის რაიონის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

მიუხედავად მდგომარეობის გართულებისა, გალის რაიონის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. სასწავლო პროცესი პირველი სექტემბრიდან განახლდა. როგორც „ევროპათაიმს“ ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ისინი ყოველდღიურად იცავენ შესაბამის რეკომენდაციებს. „ყოველდღიურად ტარდება თერმოსქრინინგი, ვისაც სიცხე უფიქსირდება, უკან ვაბრუნებთ, დანარჩენები იცავენ რეკომენდაციებს და საკლასო ოთახებში ნაწილდებიან. დაწყებით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 30 წუთამდე შემცირდა, შესვენება 15 წუთამდე გაიზარდა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეების შესვენებები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. ვიცავთ დისტანციას, შესაბამისი შეზღუდვაა სასადილოში შესვლაზეც. მასწავლებლებს ვალდებულება გვაქვს გვეკეთოს პირბადე“, - განუცხადა „ევროპათაიმს“ გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, მას შემდეგ, რაც სოხუმის ერთ-ერთ ერთი სკოლის მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მასწავლებლები პასუხობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. „მასწავლებლის გარდაცვალებაზე ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ. აქ ჯერ არავის არაფერი უთქვამს. საუბარი იყო ბაღების დახურვაზე, თუმცა ჯერ არც ეს მომხდარა. ჭორად ადრეც ითქვა, რომ 27 სექტემბრიდან დისტანციურზე გადავიდოდით, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის. ბავშვების უმრავლესობას არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შესაბამისად, სწავლის პროცესი ალბათ შეფერხდება“. შეგახსენებთმ, რომ 21 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი, სოხუმის სკოლის მასწავლებელია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. მასწავლებელი, გარდაცვალებამდე, სოციალურ სქელში წერდა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. "მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მიმართავდა მოსახლეობას პედაგოგი. ფოტოები, გალის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული

NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება. NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას. NDI-ს საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0155 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8050 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

"საქართველოს, საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება არ დაუშვია“

„საქართველოს სახით აზერბაიჯანს სანდო პარტნიორი და მეგობარი ჰყავს - საქართველოს, საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება არ დაუშვია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, ორი სახელმწიფოს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. "უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვაფასებ ამ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არ უშვებდა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის მიწოდებას. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში იარაღი ჩააქვთ კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიის გავლით და საჰაერო გზით. საქართველო მოიქცა, როგორც სანდო პარტნიორი. ამისთვის მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობისადმი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ სანდო პარტნიორსა და მეგობარს. სამთავრობათაშორისო კავშირები ყოველდღიურად ძლიერდება. ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უახლოეს მომავალში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ახალ მზადდება ვიზიტის პროგრამა. არსებობს ბევრი კითხვა. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორია, ასევე საერთო ინტერესები. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირები და თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა ახლო კონტაქტშია ერთმანეთთან და ეს გაგრძელდება". – თქვა ილჰამ ალიევმა ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევის განცხადება, რომ საქართველოს არ გაუტარებია თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღი, უკავშირდება ივლისში აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილებს. 19 ივლისს Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის თანახმადაც, სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით მიაწოდა. პროსახელისუფლო მედია წერდა, რომ როგორც მისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს. მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უამრავ უზუსტობას შეიცავს, Haqqin-მა მეორე სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა. წერილში გამოცემამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნშნა, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, Haqqin-ი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. საქართველოს პრემიერმინისტრამ გიორგი გახარიამ Haqqin-ის გამოქვეყნებული წერილები შეაფასა, როგორც მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. გახარიას შეფასებით, ეს ინფორმაცია მაშინ იქნება საყურადღებო, როდესაც ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი გახდება. – "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს". წყარო