ძებნის რეზულტატი:
მთავრობამ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზის ელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს
მთავრობამ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზის ელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის - ქვემო ქართლის რეგიონში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმად, ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჯამურად, ხუთივე სადგურის შესაქმნელად, გათვალისწინებულია 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია. ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
ირანის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს გააღრმავებს
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში. ულტრაკონსერვატორი რაისისთვის ეს მესამე ვიზიტია უცხოეთში მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლებაში მოვიდა. "ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ", - თქვა რაისიმ 20 თებერვალს ყატარში გამგზავრებამდე, ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში. ცნობისთვის, 11 წევრისგან შემდგარი ჯგუფის ექსპერტებმა შეხვედრა 20 თებერვალს დაიწყეს, 21 თებერვალს სამიტი მინისტრების დონეზე გაგრძელდება, 22 თებერვალს კი მასში სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
საპატრიარქო სოცალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქო განცხადებას სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს. უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან. დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“, - აღნისნულია საპატრიარქოს განცხადებსი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.
ევროკავშირის ელჩი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კახეთში გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ამ სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს სათანადოდ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა არამხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ, ევროპის საბჭომ", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე. კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, პირველი მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. 7 თებერვალს, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დასრულდება, ვიდრე ახალი დანიშვნები მოხდება. ასევე წაიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან. „ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას“, – განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მის გადაყვანას მოითხოვს უკრაინაში სამედიცინო დახმარების გაწების მიზნით. „იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში ჩემზე თავდასხმა მოხდა, რომლისგანაც ბევრად უფრო მეტად დავზარალდი, ვიდრე თუნდაც გზაში რაც მოხდა იმასთან შედარებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ხელისუფლების სახელით მოითხოვა ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებით, რადგან საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაციის და მკვლელობის აბსოლუტურად დღესავით ნათელი პროცესი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა
„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა. „ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს... ეს არის ჩემი შენატანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოუშვან, იტყოდნენ. ეს არის, ვისაც აინტერესებს კონკრეტული მოთხოვნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ადვოკატების განცხადებით, რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობდა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. დეკემბრის ბოლოს ის რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა 17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.
ანალენა ბერბოკი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში
გერმანია რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. „უპასუხისმგებლო თამაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს – უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, „გასული 72 საათის განმავლობაში თავდასხმები, ძალადობრივი კონფლიქტი ნამდვილად საგანგაშოა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, – აცხადებს ბერბოკი. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან დღეს საუბარს გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლფი.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს. „შეხვედრები ლიდერების, მინისტრების დონეზე, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს საუბარი და ომის თავიდან აცილება ძალიან საჭიროა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 20 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ლეგიტიმური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ახლა მაინც დაუწესდეს სანქციების ნაწილი, რათა ევროკავშირმა აჩვენოს, რომ არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ მოქმედებს კიდევაც.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:17 საათზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, სოფელ სამებასთან 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შავლა პაპუაშვილთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და უკრაინის საკითხი განიხილა
საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი იმყოფება. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, და დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება. „მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც მუსტაფა შენთოფის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების წარმატებულ პრაქტიკას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაესვა უკრაინაში დეესკალაციის აუცილებლობას და ომის თავიდან არიდებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია“, - აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.
საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გამყარებასა და ორმხრივ ვიზიტებს საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილებისა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების მისაღებად. ამას გარდა, ხელისმომწერი მხარეები მოახდენენ კონსულტაციების ორგანიზებას ორმხრივად სასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააღრმავებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ამ სფეროში. გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის. დოკუმენტს ხელი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს. ასევე წაიკითხეთ: საპატრიარქო სოცალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ მოხდა დღემდე 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე. ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია სულავამ. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გასამართლებული იყოს. „ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ასევე ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთა დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ მიაღწევს შედეგად დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. და ბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე უარი თქვა, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“, - განაცხადა ნათია სულავამ.
მუსტაფა შენთოფი: ყველა პლატფორმაზე მტკიცედ ვაცხადებთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას
„საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას NATO-სა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე“,- ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. გაფართოებული შეხვედრის და ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა და მუსტაფა შენთოფმა მედიასთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. შენთოფის თქმით, რეგიონში არსებული ვითარებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას. ამ კონტექსტში, მუსტაფა შენთოფმა ყურადღება ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე გაამახვილა. „მინდა, გამოვთქვა ჩვენი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა პაპუაშვილის მოწვევის საფუძველზე, დღეს საქართველოში ვიმყოფები. მსურს, გადმოგცეთ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე პარლამენტის წევრების და თურქი ხალხის მისალმებას. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატებისგან. გვქონდა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო საკითხები და მიმდინარე მოვლენები. თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან, არიან მოკავშირეები და რაც მთავარია, საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უნდა გადავიტანოთ საპარლამენტო დონეზეც. სასიხარულოა, რომ იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის და 2021 წელს მან მიაღწია 2.1 მილიარდ დოლარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ბიზნესმენებს, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას NATO-სა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე. ამ პერიოდში, როდესაც არის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რეგიონში, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. აღნიშნული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ის ოქმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ. მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთში მიიწვია. საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი
20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 19.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 19.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება 6.1 მლნ აშშ დოლარით (7%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,245 ტონა), გერმანიაში (3.763 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (403 ტონა), საფრანგეთში (378 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,380 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (443 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო და თურქეთი მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობას ადასტურებენ
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. პაპუაშვილის თქმით, მუსტაფა შენფოთან შეთანხმდა, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის და შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რთულ პერიოდში მეგობრების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. „რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა. ამიტომ მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს. მუსტაფა შენთოფმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ. მსურს, პირადად მას, თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მადლობა გადავუხადო ამ ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ხელმოწერის ცერემონიამდე გამართლ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან, ნდობაზე დაფუძნებულ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „წელს სრულდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობამ დიდი გზა განვლო და დინამიურად განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის თუ განათლების სფეროებში. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნასთან ერთად, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. მუსტაფა შენთოფთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის. შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კომპლექსური გარემო. ხაზი გავუსვით რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი მუსტაფა შენთოფი: ყველა პლატფორმაზე მტკიცედ ვაცხადებთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას
ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება იგეგმება. საუბარი შეეხო ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც იქნება დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ხელს შეუწყობს რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას. შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისასალმებელია მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს. ცენტრის ახალი დირექტორი უწყების საქმიანობას ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით არაერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს. თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა; 2004 წლიდან 2007 წლამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. თამთა დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარუდგინა.
კონდოლიზა რაისი ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ საპასუხო ქმედებებსა და მიმდინარე კრიზისზე
The Wall Street Journal-ის ედიტორიალის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში, რას იტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით? ეს შეკითხვა დაუსვა CNN-ის წამყვანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, რომელმაც 2008 წლის მოვლენები ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიხსენა. უფრო კონკრეტულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ დასავლეთის სუსტმა სანქციებმა 2008 წელს საქართველოსა და ყირიმში 2014 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა, დაეჯერებინა, რომ ევროპას არ აქვს ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე სერიოზულს. „პირველ რიგში, ჩვენ ვცადეთ ამის თავიდან არიდება (რედ. საქართველოში რუსეთის შეჭრის). ვინც ოდესღაც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და (რედ. სამხრეთ) ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცადეთ... ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იმჟამინდელ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო. როდესაც ეს ხდებოდა, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაში იყო. ჩვენ არ ვიყავით იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავბმულიყავით საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ. შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსებს შესაძლოა, თბილისზეც (რედ. თბილისის აღებაზე) ეფიქრათ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა CNN-თან. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. კონდოლიზა რაისის თქმით, ომის დასრულების შესახებ, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა: საქართველოს სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის „შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე: სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე; ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. მე ასეც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემთან ასეთი ფორმით აღარ უსაუბრია. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება. შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად მილიარდი დოლარი გამოყო. „ასევე, შეერთებულმა შტატებმა მიმართა სანქციების დაწესების მცდელობებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან. ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია, ალბათ, ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში, არავის ვადანაშაულებ...გადატვირთვა ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი – დროებით... მაგრამ მე ვფიქრობ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. არ ვიცი, შეგვეძლო თუ არა ბევრად მეტის გაკეთება უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო გადარჩა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.