საზოგადოება

ლიეტვუას საგარეო უწყება ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივებაზე: ეს არის ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განაჩენის აშკარა დარღვევა

`ვგმობთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს განაჩენს", - ასე გამოეხმაურა ლიეტვუას საგარე საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივების საკითხს. ამის შესახებ სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამინისტროს განცხადებით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს განაჩენს. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს განაჩენს. ესაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განაჩენის აშკარა დარღვევა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინა AstraZeneca-ს და Novavax-ის ვაქცინის 12 მილიონ დოზას მიიღებს

უკრაინამ ინდოეთიდან AstraZeneca-ს და Novavax-ის ვაქცინის 12 მილიონი დოზა მოიძია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრნობით Reuters-ი იტყობინება. ბრიტანული მედია წერს, რომ ეს განცხადება უკრაინის მიღწევაზე მიუთითებს, რადგან ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რიგში აღმოჩნდა. 41 მილიონიანმა უკრაინამ ვაქცინის მეტი დოზის მოპოვებაში დახმარებისთვის ევროკავშირსაც მიმართა. „თორმეტი მილიონი დოზა კარგი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისგან და ეს საკმარისი იქნება ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად საწყის ეტაპზე“, - განაცხადეს ზელენსკის ადმინისტრაციაში. უკრაინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყებს.

გიორგი გახარია ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს. "შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

„გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს

საქართველოს პარლამენტთან აქცია. აქციას მოძრაობა „სოციალური აფეთქება“ მართავს. აქციას სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან ბავშვთა გასართობი ცენტრების ხელმძღვანელებიც. აქციაზე იმყოფებიან მომღელები და მოცეკვავეები. აქციის მონაწილეები რეგულაციების დაცვით, შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ. აქცია-კონცერტი 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ნორვეგიის ელჩი: ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ელენ სანდ ანდრესენი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია. ამის შესახებ მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა. „საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება 12,5 წლამდე, მიუღებელია. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას ცხინვალის ციხიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საკუთარ ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით,“ - წერს ნორვეგიის ელჩი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ესტონეთის საგარეო უწყება ზაზა: რუსეთი პასუხს აგებს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლიევების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ესტონეთი მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას. "ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელების შესახებ. 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი პასუხს აგებს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯო ბაიდენი: ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის საშუალება არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს რომ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, წვდომის შემთხვევაში, შესაძლოა ტრამპმა "არასწორი საქციელი" ჩაიდინოს და გარკვეული ინფორმაცია გაასაჯაროვოს. ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგების ჩატარებაც არაა აუცილებელი. მიზეზად კი აპიტოლიუმში არეულობების მოწოყობა დაასახელა. ცნობისთვის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ტრადიციულად, თანამდეობის დატოვების შემდეგაც მართავენ გარკვეულ სადაზვერვო ბრიფინგებს.

საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

5 თებერვალს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ინფრომაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმსა და ნაყოფიერ ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში. "მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა სურვილი, რომ 2021 წელს გააქტიურდეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო, როგორც ეკონომიკური ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. ასევე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ანგელა მერკელი: ჩვენ ვგმობთ რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება ევროპელი დიპლომატების მოსკოვიდან გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ონლაინ კონფერენციის დროს გააკეთა. გერმანიის კანცლერამ დიპლომატების გაძევებას "გაუმართლებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ რუსეთი შორს არის კანონის უზენაესობისგან. ანგელა მერკელის თქმით, Nordstrom 2 მილსადენი გავლენას არ მოახდენს და გერმანია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძელებლად, მაგრამ დიპლომატიური მოვალეობაა, რომ ევროპის უზარმაზარ აღმოსავლელ მეზობელთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს. რუსეთიდან დიპლომატების გაძევება საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაგმო. ცნობისთვის, რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მუნიციპალური ტრანსპორტის დროებით უსასყიდლოდ მოემსახურების შესახებ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტმა პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებითა მიიღო. ახალი ავტობუსები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტს სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა, ქალაქში მოძრაობას 8 თებერვლიდან დაიწყებენ. "ამ ეტაპზე ქალაქში 25 ავტობუსი იმოძრავებს. სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე გადანაწილდებიან. უახლოეს მომავალში უწყებას გადაეცემა კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება, რომლების ექსპლუატაციაც დაუყოვნებლივ დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში. მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ენტონი ბლინკენი: აშშ გმობს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს

"აშშ გმობს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების საკითხს. ბლინკენმა განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა. „აშშ გმობს იანვრის აქციებზე დაკვირვების გამო დღეს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს. ეს თვითნებური და გაუმართელებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას წარმოადგენს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს“, – წერს ბლინკენი. ცნობისთვის, რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 გამოჯანმრთელდა. 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 261 620 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252 815, ხოლო გარდაიცვალა 3269 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.74%. 602 ახალი შემთხვევიდან 246 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 033, აჭარაში - 182, იმერეთში - 456. მძიმე პაციენტი: 509. მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 40, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487

მსახიობი კრისტოფერ პლამერი გარდაიცვალა

მსახიობი კრისტოფერ პლამერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. პლამერი 91 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პლამერმა სამსახიობო კარიერა 1950 წლიდან დაიყო. ის იყო „ოსკარის,“ „ემის,“ „ტონის,“ „ბაფტასა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი. მისი გახმაურებული ფილმები იყო "მუსიკის ჰანგები", "ადამიანი, რომელიც მეფე იქნებოდა" და "მთელი ფული მსოფლიოში". 2011 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

მადრიდში კორონავირუსის ბრაზილიური შტამი დაფიქსირდა

მადრიდში კორონავირუსის ბრაზილიური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა 44 წლის ბრაზილიელ კაცს, რომელიც ესპანეთში ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ – ბარახასის აეროპორტის გავლით ჩავიდა. ”მამაკაცს უარყოფითი PCR ტესტი ჰქონდა, მაგრამ აეროპორტში ჩასვლისთანავე ჩაუტარდა განმეორებითი ანტიგენის ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს გრეგორიო მარაონის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც კიდევ ერთხელ ჩაუტარდა ტესტირება და უკვე PCR ტესტმაც დადებითი აჩვენა ”, - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

დღეიდან საბერძნეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ამკაცრებს

დღეიდან, საბერძნეთის ხელისუფლება, კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, ქვეყნის ნაწილში შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები მკაცრდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, სალონიკში, განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ჰარდალიასმა. ნიკოს ჰარდალიასის თქმით, შეზღუდვის ახალი ზომები მოიცავს მკაცრ კომენდანტის საათს, შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელიც დიწყება საღამოს 6 საათზე. შაბათ-კვირას ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საცხობები. დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები ისევ ონლაინ რეჟიმში სწავლას გააგრძელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ზომები 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

მაშველები გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანას ცდილობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფმა უახლოეს სასტუმროში გადაიყვანა.

დიპლომატების გაძევების შემდეგ, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურება. ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთი ელჩი დაიბარეს. მერკელის თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დარღვევებს ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით, რაც რუსეთში ხდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაეიკო მაასი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გერმანია უპასუხოდ არ დატოვებს.

ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.პროტესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. გახელაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე. დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში - „სამართალდამცველზე თავდასხმასა“ და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“. დღესვე აქცია იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამავე თემაზე: ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. „დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა. ევროკავშირი მოითხოვს გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ნიუ-იორკში, იანკის სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა

ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობას იანკის სტადიონის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ამცნო. „განსაკუთრებული დღეა, ბრონქსის მცხოვრებნი ახლა დაცულები იქნებიან. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, დღეიდან ამ სტადიონიდან შევძლებთ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა ძალიან მალე სტადიონი სრული დატვირთვით, მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინაციის ცენტრში, დღეში 15,000 დოზა ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი.