უცხოეთი
ამერიკა დაბრუნდა და მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს - ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. „ეს არის გუნდი, რომელიც გამოხატავს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის მტკიცედ დაიცვას ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ეს მიდგომა განსხვავდება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტული ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები, ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას,მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ. სანქციები ძალაში იქნება ორი წლის განმვალობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის ორი ჩინური კომპანიაცაა. ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც. ყველა პირს ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა ეკრძალება, გაიყინება ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.
პოლონეთში აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა გაიხსნა, რომელიც ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურაა
პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც პოლონეთში, ამერიკელი სამხედროების დაახლოებით 5500 კაცამდე გაზრდას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“, ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან. „მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა. 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში. დაწინაურებული სარდლობა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას გაუწევს კოორდინაციასა და კონტროლს. ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა.
ეს აშშ-ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობასა და საერთო ღირებულებებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გამართა. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.
ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს გადაუსწრო. ამ დროისთვის ილონ მასკი პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია. გამოცემა მასკის ქონებას 127.9 მილიარდი დოლარით აფასებს. მიმდინარე წელს მასკის ქონება, დახლოებით, 100 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მასკმა გადაასწრო ბილ გეიტსს, რომლის ქონების ღირებულებაც, გამოცემის მონაცემებით, 127.7 მილიარდი დოლარია. რეიტინგში დიდი უპირატესობით, 182 მილიარდი დოლარი, კვლავ კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, ამ სიაში ილონ მასკი მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ქონება 110 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამავე რეიტინგის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჯეფ ბეზოსი [Amazon] 181.3 მილიარდი დოლარი, ბერნარ არნო [LVMH] 140.4 მილიარდი დოლარი, ბილ გეიტსი [Microsoft] 118.5 მილიარდი დოლარი. გასულ კვირას Bloomberg-ის რეიტინგში მასკმა კიდევ ერთ მილიარდერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს გადაუსწრო, რომლის ქონებაც 102 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ილონ მასკის აქტივების ღირებულების შთამბეჭდავი ზრდის მიზეზი კომპანია Tesla-ს მაჩვენებლებია, რომელიც უკვე ზედიზედ 5 კვარტლის განმავლობაში მომგებიანია. გასულ კვირას, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აქციები დეკემბრიდან S&P 500-ის პლატფორმაზე გადაინაცვლებდა, სწორედ ამ პლატფორმაზე ვაჭრობენ 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებით. Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს, ჯამურად, 485%-ით არის გაძვირებული. გუშინ, 23 ნოემბერს კომპანიის მათი ფასი კიდევ 6.5%-ით გაიზარდა და ერთის ფასი 521 დოლარს გაუტოლდა.
ჩინეთის პრეზიდენტი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სწრაფი გზა, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. სი ძინპინმა განმარტა, რომ კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის სერთიფიკატების ამოცნობა. „იმედი გვაქვს, ამ მექანიზმს ბევრი ქვეყანა შემოუერთდება“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. უფლებადამცველები ამ შეთავაზებაში საფრთხეს ხედავენ. მათი განმარტებით, ეს კოდები შესაძლოა, მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს - უილიამ კორტნი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. შედეგები არ ცნო ოპოზიციამ და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 21 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში კი, მონაწილეობა მხოლოდ მმართველმა პარტიამ მიიღო. The West saw August 9 presidential #election in #Belarus as so tainted that new vote is required, but October 31 parliamentary election in #Georgia as not so rigged as to invalidate vote. Opposition boycott of parliament lacks Western support. https://t.co/unDeARqPAC — William Courtney (@courtneywmh) November 22, 2020
2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღას პროგნოზირებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა. ნაბაროს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს. „ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“ , - განაცხადა ნაბარომ. ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ - მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, მისი თქმით, უწევთ მაღალი ფასის გადახდა.
თურქეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ თურქეთი ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა. „დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ. მისივე თქმით, ქვეყანა მოლაპარკებებს Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების შეძენის მიზნითაც აწარმოებს. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 440 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.
CNN - აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა
აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან" ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა. შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულების დატოვების შესახებ 21 მაისს განაცხადა და ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების თვითნებური ინტერპრეტაცია და პერიოდული დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო ვალდებულია, ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები 6 თვით ადრე გააფრთხილოს. აშშ მზადაა, ამ 6-თვიან ვადაში გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაუბრუნდება. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მაგალითებად აშშ-მა დაასახელა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის 10-კილომეტრიანი შემზღუდავი ზოლის დაწესება; საწვავის შემვსები აეროდრომის ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განსაზღვრა, რაც აშშ-ის შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, განამტკიცოს უკანონო განაცხადი ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ; დისტანციის დაწესება ფრენებზე კალინინგრადის ოლქთან, სადაც, მედიის ცნობით, რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა და სამხედრო ინფრასტრუქტურა განაახლა. აშშ-ისა და კანადისთვის რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვა 2019 წელს. რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, აღაშფოთა რუსეთის მიერ მონიტორინგის განხორციელებამ მის კუთვნილ გოლფის კლუბზე 2017 წელს. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაზვრევით რუსეთი ღია ცის შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს. ამას გარდა, გამოცემის ცნობით, გასაიდუმლოებულ შეტყობინებებში ამერიკელი სამხედროები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსები ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ფრენებს იყენებენ აშშ-ის ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუკების შესაქმენლად, რომლებიც შეიძლება, ჩვეულებრივი შეიარაღებული ან კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა. ამავდროულად, მოსკოვმა თქვა, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. რა არის ღია ცის შეთანხმება? ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის შეთანხმება აწესებს შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მათ შორის, ზუსტად განსაზღვრავს სადამკვრივებლო ფრენების კვოტებს და შეტყობინებებს შესვლის წერტილების შესახებ. ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა. ინიციატივა ცივი ომით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. თუმცა იდეის ხორცშესხმა მრავალმხრივ ფორმატში მხოლოდ 37 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულება ღია ცის შესახებ ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს გაფორმდა და 2002 წელს შევიდა ძალაში. ამ დროისთვის შეთანხმების მონაწილეა 35 ქვეყანა (ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქაღთველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ყირგიზეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები), თუმცა აქედან ერთს – ყირგიზეთს – საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერ რატიფიცირებული არ აქვს. ჩამოთვლილი სახელმწიფოები სამხედრო საქმიანობის კონტოლის მიზნით ერთმანეთს საჰაერო სივრცეს უხსნიან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება
ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება. შეგახსენებთ, ვაქცინამ, რომელიც ორ დოზას საჭიროებს, 95% ეფექტურობა აჩვენა. Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.
ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ, სანქციებს შეურთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2 ოქტომბერს დაამტკიცა, 6 ნოემბერს კი სანქციები გააფართოვა. სანქციების ფარგლებში შედგენილი შავი სია 60-მდე პირს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს – ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის დამხმარეს ვიქტორ ლუკაშენკოს, ასევე ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტს.
აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა
აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია. ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაიქცა. ინციდენტის ადგილზე 50-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.
სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ჯორჯიაში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს
ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა დასრულდა, რის შედეგადაც შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.
ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდისთვის მზადებას იწყებს
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მზადება სანქციების ახალ რაუნდზე, რომელიც ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ბრიუსელში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა. „ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიები ადამიანების წინააღმდეგ არ წყდება. ჩვენ სასანქციო სიაში უკვე შევიყვანეთ 50-ზე მეტი ადამიანი სანქციების ორი რაუნდის შედეგად და დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ დავიწყოთ მზადება სანქციების ახალი რაუნდისთვის“, - განაცხადა ბორელიმ. მისი თქმით, ამჯერად, სანქციები შეეხება არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ ინსტიტუტებსა და კომპანიებს. ბორელიმ დასძინა, რომ ლუკაშენკო არ მიდის საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე და ბელარუსში ვითარება ბოლო დროს მხოლოდ უარესდება.
სამოაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
წყნარ ოკეანეში, სამოაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაუიმ ქვეყნის 200 ათას მოქალაქეს ტელეეთერით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ინფიცირებული მეზღვაურია, რომელიც სამოაზე ახალი ზელანდიიდან ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენიდან 4 დღეში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება
ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება. „ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, - განაცხადეს ევროკომისიაში. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ბარაკ ობამა: ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემასა და ამ თემაზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ საუბარს იხსენებს. „G20-ის სამიტზე „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რითაც ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვია“, - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობისა და აგრესიულობის ნიშანი იყო. „ეს იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს შემაშფოთებლად არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა. ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა თავის მემუარებში. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, 2009 წელს, G20-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის საკითხის განხილვით დაიწყო. „როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. მან საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. მან უარყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს, როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ. ამ ყველაფრის გაგონებაზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა, რომ „ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა“. მედვედევს განცხადებაში გარკვეული ირონიული განკერძოებულობა შევატყვე, თითქოს უნდოდა მცოდნოდა, რომ მას ნამდვილად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა“, - იხსენებს ბარაკ ობამა. წყარო
დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა. უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა, პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს. იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს. ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.