ახალი ამბები
ბრიტანეთის ელჩი: გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ონლაინ-შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში. ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმის ამბიციურ, თანმიმდევრულ და საზოგადოებისთვის გასაგებ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმის განხორცილებას საჯარო მმართველობის ყველა დონეზე, ეროვნული უწყებებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა. „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას. ამ დახმარების შედეგად, საქართველომ შეძლო საჯარო მმართველობაში ერთიანი მიდგომების დანერგვა, მათ შორის, პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებში. საქართველოს მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მუშაობს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიაზე, რომელმაც რეფორმის განხორციელება მომავალი წლების განმავლობაში უნდა განსაზღვროს.
იაპონიის პრემიერი: იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება
იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება, - აცხადებს იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა. მისი თქმით, „ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და მომდევნო თაობებს არ უნდა დავუტოვოთ“. „იაპონიის მთავრობა განწყობილია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადოს და ამ კუნძულების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი გადაწყვიტოს“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას. საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეთანხმება იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას კომენტარს. ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება, რომ სხვადასხვა დონეზე გააგრძელოს იაპონიასთან დიალოგი იმ სენსიტიური საკითხების გადაჭრის მიზნით, რომელიც დღის წესრიგში რჩება. ამავე თემაზე: იაპონიის ახალი პრემიერი თვლის, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება
გზავნილები უკრაინა-ევროკავშირის სამიტიდან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციიდან მოუწოდა. მისი აზრით, სასანქციო სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც მონაწილეობდა ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და დონბასში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასევე უნდა მიექცეს ყურადღება დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს. ასევე წაიკითხეთ: კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უსაფრთხოება ასევე ნიშნავს ძალისხმევის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ“, - განაცხადა შარლ მიშელმა. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობენ. უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადება ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ითვალისწინებს. როგორც urointegration.com-ი იტყობინება ამის შესახებ საუბარია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში. სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება, მათ შორის, დეპოლიტიზებული დამსახურებაზე დაფუძნებული არჩევის პროცესით. „ევროკავშირი მიესალმა უკრაინის მცდელობებს შეზღუდოს კორუფცია და მის ძალისხმევას კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (დეოლიგარქიზაცია) მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის დასაბუთებული მიღებითა და განხორციელებით, და მოუწოდა უკრაინას, შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ. ამ მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად ევროკავშირმა ასევე დაადასტურა თავისი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მცდელობებისადმი, გაატაროს ფართომასშტაბიანი რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ებრძოლოს კორუფციას.
საკოორდინაციო საბჭო „მწვანე პასპორტის“ სავალდებულოობას განიხილავს
„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ შემოღების სავალდებულოობა განიხილება“, - განუცხადა მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. NCDC-ის ხელმძღვანელი სახელმწიფო ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით ინიციატივებს მიესალმება. „ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ, თუ „მწვანე პასპორტი“ არ გაქვს, ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გქონდეთ, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი. ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ „მწვანე პასპორტის“ გარეშე. ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილება იზღუდება. ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდა, სამიზნე მაჩვენებელი ვერ მიიღწევა. „საქმე ის არის, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუმცა წლის ბოლომდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30%. აცრის მაჩვენებელს არა უშავს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა. ამ დროისთვის აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის 50%-ია. თუ ამ ტემპით წავედით, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა, 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.
რა ცვლილება შევიდა იმუნიზაციის მართვის წესში და რა წერია განახლებულ პროტოკოლში
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილები შევიდა. დამტკიცდა ახალი პროტოკოლი, რომელსაც დაემატა გამაძლიერებელი დოზითა და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრის წესი. დეტალურ ინფორმაციას Europetime ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ. COVID19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი. COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მუხლი 1 განისაზღვროს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის ადმინისტრირების წესი შემდეგი სახით: 1. Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრა ჩაუტარდეს Covid-19 ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს, მათ შორის: ა) 50 წლის და უფროსი ასაკის პირებს; ბ) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად); დ) სამედიცინო პერსონალს; ე) 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით. 2. ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ. მუხლი 2 Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer–BioNTech ვაქცინით ასაცრელ კონტინგენტს დაემატოს შემდეგი ჯგუფები: 1. 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები. 2. 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. მუხლი 3 Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს მიეცეთ დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აცრის შესაძლებლობა შემდეგი წესით: 1. ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. 2. პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში მეორე აცრა ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინით. მუხლი 4 ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ამავე მუხლებით განსაზღვრულ, რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად: პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა; მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში - ან სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება. მუხლი 5 ვაქცინაციის მიმწოდებელი ამცრელი დაწესებულებები ვალდებული არიან, ამ ბრძანების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახონ არანაკლებ 2 (ორი) წელი. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. „ორშაბათიდან გვინდა მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით გავააქტიუროთ აცრები. ასევე, გვინდა მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან მიმართებით. დღეს საბჭოზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი აცრებთან მიმართებით მოტივაციაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე ვერაფერს გეტყვით. მეტი ინიციატივა მათთვის, ვინც სოფლის მოსახლეობაში აიცრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა, რადგან ჩვენი მასალების საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე - აუცრელებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სალომე ზურაბიშვილი: 100 წლის მერე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც სტუმრობს ავსტრიას
„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე საქართველოს პირველი მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას", - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა ავსტრიის და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლს და განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. „დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე საქართველოს პირველი მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. მე მგონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად, მე მგონი, სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა. ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა წელს და აღვნიშნავთ ამ 100 წლისთავზე, თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო სწორედ მშვიდობისკენ ორიენტირებული. ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ გამოუშვა მარკა მისი სახელობით და მე მგონი, ესეც გვაერთიანებს, ქალი, რომელიც იყო მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი. „ვიმედოვნებ და გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები იმისთვის, რომ ეს აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება ჩვენ ორივე ქვეყანას. მინდა, პირველ რიგში თქვენ გამოგიცხადოთ მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც გამოხატული იყო ავსტრიის მიერ საქართველოს მიმართ ამ წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თვითონ განიცადა, თუ რას ნიშნავდა ოკუპაცია თავის დროზე. ჩვენთვის ესეც იმედის მომცემი არის, რომ ქვეყანამ, რომელიც იყო ამ სიტუაციაში, გადალახა და დღეს არის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი, რაც მთავარია. მინდა, ასევე აღვნიშნო, სოლიდარობის ნიშნად პანდემიის დროს ავსტრიამ ხელი გამოგვიწოდა და გვაჩუქა ვაქცინები. ეს არის ასევე სიმბოლური ნიშანი, ევროკავშირის ამ პარტნიორმა პატარა ქვეყანამ ნიშანი მოგვცა, რომ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის გადალახული. რაღაც ფორმით უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიასთან ცხოვრება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ასევე მეტი პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თავზე, ეს არის მოქალაქის ვალი. ასევე, სოლიდარობა გამოხატულია; თქვენც ახსენეთ, ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრია მონაწილეობს, მონაწილეობს ხუთი წევრით დღევანდელ დღეს და ესეც არის ის ნიშანი, რომ თქვენ ჩვენ ამ სადელიმიტაციო ხაზზეც ხართ; დიდი იმედი გვაქვს, ყოველ ჩემს შეხვედრაზე ეს საკითხი აღნიშნულია, რომ აუცილებელია სადამკვირვებლო მისიის მანდატი როგორც იყო გათვალისწინებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ამ მისიამ შეძლოს და გახადოს მთლიანად ის ტერიტორიები, რისთვისაც იყო შექმნილი თავის დროზე და ამითი ალბათ გადაიდგმება ის პირველი ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით. ამაში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ თქვენ მონაწილეობთ ამ წამოწყებაში და ამ ღონისძიებაში“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს.
საქართველოში იკვლევენ, ხომ არ უკავშირდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მომატება ახალ შტამს
საქართველო იკვლევს, ხომ არ უკავშირდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მომატება ახალ შტამს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ახალი შტამი არ ფიქსირდება და ყველა დაფიქსირებული შემთხვევა დელტა შტამია. „შემთხვევების მატების ასეთი ნახტომისა და სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, გვაქვს თუ არა ახალ შტამთან საქმე. ამიტომ მიმდინარეობს მოკვლევა. ჯერჯერობით ახალი შტამი არ ფიქსირდება და ყველა დაფიქსირებული შემთხვევა დელტა შტამია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამ კვირაში იწყება გრიპის ვაქცინით სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. „სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა ნაყიდი აქვს. 43 000 დოზა ვაქცინისა შემოსულია ქვეყანაში და უკვე დარიგებულია ქსელში. ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ 20-დან 25-მდე პერიოდში ველოდებით გრიპის ვაქცინის დანარჩენ 160 000 დოზას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები და კიდევ სხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო. პარალელურად, დიდი იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც შემოიტანს გარკვეულ დოზებს ვაქცინისას, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა „დაჩაგრა“ გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება და ამიტომ განიხილება ტერმინი ტვინდემია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. „ორშაბათიდან გვინდა მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით გავააქტიუროთ აცრები. ასევე, გვინდა მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან მიმართებით. დღეს საბჭოზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი აცრებთან მიმართებით მოტივაციაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე ვერაფერს გეტყვით. მეტი ინიციატივა მათთვის, ვინც სოფლის მოსახლეობაში აიცრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა, რადგან ჩვენი მასალების საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე - აუცრელებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა, 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.
ავსტრიის პრეზიდენტი: ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს
"ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს",- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვან დენ ბელენის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს ახლომეგობრული, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს ხდება, რადგან 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა აღიარა ავსტრიამ და მომავალ წელს, საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე იქნება. „ ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს. პირველ რიგში მთები, როგორც ტიროლელი ვიტყვი ამას. ტურიზმი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარება, მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიის ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობისა. მძიმე დროს, კოვიდპანდემიისას, ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა. მისივე თქმით, ავსტრია ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ვაქცინები. „ფორმალურ დონეზეც ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება. საქართველოში ავსტრიის საელჩო ახალ, უფრო მაღალ სტატუსს მიიღებს და მას ექნება ამიერიდან სრული საკონსულო სპეციფიკა. საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ განვითარებადია. 2020 წლის პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12-პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოსი ავსტრიული ფირმებისთვის, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის დარგებში. ამ სფეროში ურთიერთობების განვრცობისთვის, დღეს ქართულ და გერმანულ ფირმებს შორის ეკონომიკურ ფორუმში მივიღებთ მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროების ორმხრივი კომისიის სხდომა დღეს შედგება. სახელმწიფოებრივ დონეზე, საქართველოს და ავსტრიას საუნივერსიტეტო, რეგიონული და ლოკალურ დონეზე თანამშრომლობა აკავშირებს. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით კულტურულ და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სფეროში. როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ დღეებში გაკეთდა განცხადება და გაფორმდა მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის. გარდა ამისა, მომავალ წელს გვექნება ინსბურგსა და თბილისს შორის 40 წლის პარტნიორობის ზეიმი, დაძმობილებული ქალაქების ზეიმი. კულტურულადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვიძენთ საქართველოსთან თანამშრომლობით. მაგალითად ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე, რომელიც 10 წელია, უკვე ვენის სახელმწიფო ოპერაში მღერის და ასევე გამოდის ზალცბურგის ფესტივალზე, ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
ჯოზეფ ბორელი: უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან
„უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან“, - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი და უკრაინა იზიარებენ პოლიტიკური კავშირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მისწრაფებებს. „უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან, დაწყებული მისი გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი ახლო კავშირებით, კერძოდ ასოცირების ხელშეკრულებით. უკრაინის ევროპული მისწრაფებები და მისი ევროპული არჩევანი აღიარებულია და მისასალმებელია ევროკავშირის მიერ, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში. ეს დასტურდება დეკლარაციაში, რომელიც დამტკიცებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, 2017 წელს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და სომხეთი თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია
" აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ოფიციალური თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია", - ირანსა და აზერბაიჯანს შორის, რამდენიმე კვირიანი დაძაბულობის შემდეგ, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა. აბდოლაჰიანის განცხადებით, ოფიციალური თეირანის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლოეს სამეზობლოზე ორიენტირებაა. „სამეზობლოზე, მათ შორის ჩრდილოელ სამეზობლოზე ფოკუსირება არის ირანის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ირანის საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულია. შესაბამისად, ირანი აზერბაიჯანთან და სომხეთთან ინტერესების შესაბამისად აწესრიგებს ურთიერთობებს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან ოთხი ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები გაიმართა. ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში
ავსტრიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს დახვედრის საზეიმო ცერემონია გაუმართეს
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია მოუწყეს. საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. სალომე ზურაბიშვილი ავსტრიას 11 ოქტომბერს ეწვია.
საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ჩეხეთმა აღიარა
საქართველოს მიერ გაცემული კოვიდვაქცინაციის სერტიფიკატით ჩეხეთში ჩასვლა შესაძლებელია. სრულად ვაქცინაციიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინებით Pfizer-ი, Astrazeneca, Moderna, Johnson&Johnson. ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაიდლაინში მითითებულია, რომ აცრილებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს, ჩეხეთში გამგზავრება უვიზო მიმოსვლის პირობებით შეუძლიათ.
თამარ გაბუნია: ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით
„ბოლოს 3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი. არ არის საკმარისი იმუნური ფენა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის მოადგილის თქმით, უჩეულოა დღევანდელი რიცხვები და ამას შეისწავლიან. „ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალური დისტანციის დაცვას და გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს თამარ გაბუნია. მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ს ჩამოცდა, მაშინ როდესაც შარშან ამ დროს 70%-იან მაჩვენებელზე ვიყავით. „ის, რაც დღეიდან უნდა გავაკეთოთ და ამას დაკვირვება არ სჭირდება, არის იმ წესების აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია. პირველ რიგში პირბადე, მეორე - ვაქცინაციის პროცესი. რა ტენდენციები გამოვლინდება, ამას უნდა დავაკვირდეთ და ამის შემდეგ დასკვნებს კიდევ გავაკეთებთ, თუმცა დღეისთვის არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ის, რაც შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ, არის სოციალური დისტანცია, ვაქცინაცია, პირბადის ტარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლისგან და პრაქტიკულად, არ არის გარდაცვალების შემთხვევები. ამავე თემაზე: თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა მომდევნო კვირისთვის გაიმართება
ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვის მცდელობისთვის აშშ-ში წყვილი დააკავეს
ამერიკის საზღვაო ძალების ბირთვულ ინჟინერსა და მის მეუღლეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტებისთვის, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ინფორმაციის მიყიდვის მცდელობის გამო ბრალი წაუყენეს. FBI-ის აგენტები თავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ოპერაცია დასავლეთ ვირჯინიაში FBI-მ და საზღვაო კრიმინალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა მას შემდეგ, რაც წყვილმა თითქოს გაყიდა ინფორმაცია ბირთვული ენერგიის ამერიკული სამხედრო გემების დიზაინის შესახებ იმ პირებზე, რომლებსაც უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებად თვლიდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი FBI-ს ფარული აგენტები იყვნენ, ” - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. დაკავებულები დასავლეთ ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგებიან. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯონათან ტოებე, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჰქონდა, უცნობ ქვეყანაში საიდუმლო მონაცემებს გზავნიდა. „ტოებემ მეხსიერების ბარათი, რომელზეც წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორების შესახებ დოკუმენტები იყო დატანილი, მიწის თხილის კარაქის სენდვიჩში დამალა და ერთ-ერთ შეთანხმებულ ადგილზე დატოვა. ანალოგიური ბარათი საღეჭი რეზინის ყუთში დამალა. კიდევ ერთი მეხსიერების ბარათის დატოვების მცდელობისას კი წყვილი, რომელიც ანაპოლისიდან არის, დააკავეს“, - აღნიშნულია იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კოვიდვაქცინის გამაძლიერებელი დოზებით აცრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება
კოვიდვაქცინის გამაძლიერებელი დოზების გაკეთება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ე.წ. ბუსტერ დოზა კეთდება მეორედ ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ და ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილ ადამიანებს. „ეს ასევე შეეხებათ სამედიცინო პერსონალს და დახურულ დაწესებულებებში მყოფებ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მესამე დოზით აცრა შესაძლებელია ჩატარდეს: Pfizer-ით, Sinopharm-ით, Sinovac-ით, Astrazeneca-ს ვაქცინით აცრილებს კი შეუძლიათ, Pfizer-ის მესამე დოზით აიცრან. დამატებითი დოზებით აცრა დაიშვება რაც საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის, რაც ითვალისწინებს ჩინური ვაქცინებით აცრილთა ვაქცინაციას Pfizer-ის ვაქცინით, 28 დღის შემდეგ. მსურველებმა ვაქცინაციის დაწესებულებაში უნდა წარადგინონ დასაბუთების დოკუმენტი, თუ რატომ სურთ დამატებით აცრა. გამაძლიერებელი დოზების შემთხვევაში, ვაქცინაცია შეიძლება, ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც. სისტემა გაიმართება მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის უკვე მომდევნო კვირისთვის. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს დასჭირდებათ, ვაქცინაციაზე წარადგინონ ექიმის ცნობა ან ფორმა-100. „50 წლის ზემოთ პირებს რა თქმა უნდა, ცნობის წარდგენა არ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ან რეგისტრაციის გარეშე აიცრან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება ეპიდვითარებას, მინისტრის მოადგილის თქმით, უჩეულოა დღევანდელი რიცხვები და ამას შეისწავლიან. „ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალური დისტანციის დაცვას და გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს თამარ გაბუნია. 12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.
მთავრობა ბიზნესს გადაუხდელ ჯარიმებს ჩამოაწერს
მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებს, მეწარმეებს დავალიანებას ჩამოაწერს. ამ გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაცია პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერით ხსნის და მიუთითებს, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. „კერძოდ, შეღავათები შეეხებათ მათ, ვისაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც, კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო. ჯამში 1652 ადამიანს, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ჰქონდა 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიებათ. განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება არჩევნებს, ამ შეკითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით ეკონომიკის სამინისტროს ამ წესის შემუშავება დაევალა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სახელმწიფო ქონების იჯარით ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობს, ან ხელშეკრულება დადებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ქონების შესახებ კანონში. ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ წესი, რომლითაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია-საურავი. ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტზე და ამას ემატება ჯარიმის და საურავის თანხა 1 მლნ ლარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პრეზიდენტი: დღეს თავისუფლების დროა და ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი
პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, საოპერო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა და სამედიცინო სექტორში მოღვაწე მეცნიერებმა პრეზიდენტს ის საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების განვითარებას და პროგრესს გამოიწვევს. ვენაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით კარგი იქნება, თუკი საელჩოსთან თანამშრომლობით ვენაში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას. „ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და გარეთ გასატანი ღირებულება - ჩვენი კულტურაა. ამ მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, იმდენის გაკეთება, რაც თითოეულ თქვენგანს თავისი ნიჭითა და შრომით შეუძლია. დღეს თავისუფლების დროა და ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს წარმატება თქვენია, თუმცა ის სახელმწიფოსიცაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის ევროკავშრის მოქალაქეების სწავლის საფასურთან გათანაბრების საკითხს, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს ახალგარზდა ელჩმა მარიამ რურუამ დასვა და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუკი ეს საკითხი მოგვარდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს თემა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებში განიხილება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი უკვე განიხილა ბრიუსელში დავიდ სასოლისთან შეხვედრისას და იგეგემება, რომ ეს თემა გადაიჭრას ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით.
ნათია თურნავა: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება
კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი გახსნეს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება. „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დიალოგი უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის ფარგლებში შედეგის მომტანი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გააქტიურება და ახალი სამშვიდობო სამიტის მომზადება განიხილეს.
ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვია
აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი მოსკოვშა. რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ნულანდი შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს, პრეზიდენტის უფროს თანაშემწეს იური უშაკოვს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს. ვიზიტის წინ მოსკოვი დათანხმდა ნულანდის მიმართ მიზანმიმართული სანქციების მოხსნას, რაც ხელს მას რუსეთში შესვლას უკრძალავდა. სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა ერთი რუსი მაღალჩინოსანი ამოიღო სანქციების სიიდან. რუსულმა მედიამ 10 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო შეიარაღების საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის (შეიარღების კონტროლი) დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე ვორონცოვი. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს გაემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალჩინოსნებს და სხვა თანამოსაუბრეებს ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად. 14 ოქტომბერს კი ბეირუთში გაემგზავრება და სამოქალაქო საზოგადოების ლიბანელ წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის ლიდერებს შეხვდება. საუბარი შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს და მომავალ არჩევნებს. 15 ოქტომბერს, ნულანდი ლონდონში მთავრობის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად გაემგზავრება და მთელ რიგ გლობალურ საკითხებს განიხილავს. ოფისის დაკავების დღიდნა, პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთი სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის, ასევე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. ნულანდი იმ პირთა სიაში იყო, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებოდათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.