ახალი ამბები
პრემიერი: წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ისტორიული წარმატებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა „ქართული სპორტის ისტორიულ შედეგებზე.“ მან ყურადღება მათ შორის გაამახვილა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მსოფლიო თასის სუპერფინალში, პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. „შარშან, ქართველმა სპორსტმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით არის სერიოზული გაუმჯობესება - 450 საერთაშორისო მედლით მეტი. მადლობა თითოეულ სპორტსმენს ამ უდიდესი წარმატებისთვის. კალათბურთელებს ჰქონდათ ისტორიული შედეგი ევრობასკეტზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ და წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ასევე ისტორიული წარმატებაა. ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი კვირის წინ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე, შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენს დედაქალაქში ჩატარდა ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან მალე დაიწყება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.
ვენესუელაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, სამაშველო სამუშაო გრძელდება. 4300 ადამიანი დაშავდა. კარაკასსა და მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში ისმის ადამიანების ხმები, რომლებიც დანგრეული შენობების ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ. ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. სულ რაღაც 39 წამის შემდეგ კი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
აზერბაიჯანულმა Azertelecom-მა და სომხურმა Telecom Armenia-მ ინტერნეტის ტრანზიტზე შეთანხმება გააფორმეს
AzerTelecom-მა და Telecom Armenia-მ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც სომხეთისთვის აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი ძირითადი ტერიტორიიდან თავის ექსკლავ ნახიჩევანამდე ინტერნეტის ტრანზიტისთვის სომხეთის ტერიტორიას გამოიყენებს. პროექტის ამოქმედებამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი ნებართვა უნდა გასცეს. ასეთი შეთანხმებები მიზნად ისახავს რეგიონში კავშირის მარშრუტების დივერსიფიკაციას, ტელეკომუნიკაციების ქსელების საიმედოობის კიდევ უფრო გაზრდას და ტელეკომუნიკაციების სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობას. ცნობისთვის, AzerTelecom-ი წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა აზერბაიჯანში. ის ახორციელებს ტრანსკონტინენტურ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის შექმნას. AzerTelecom მოქმედებს Azerconnect Group-ის ფარგლებში, რომელიც NEQSOL Holding-ის ნაწილია. Telecom Armenia-ს, ინდუსტრიაში 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.
კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ლონდონში, პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში სულ უფრო ხშირად იყო შეკითხვა, არის თუ არა საუკეთესო ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალი არჩევნებისკენ გაუძღვება, საპარლამენტო ფრაქციისგან ამ შეკითხვაზე პასუხი მოისმინა და ამ პასუხს ღირსეულად იღებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 2024 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს. კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი იდგა. როგორც BBC წერს, ბრიტანეთში სტარმერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა. კირ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა. ცნობისთვსის, 2026 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტები დამარცხდნენ.
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელება უკავშირდება: „ჰოლიდეი ინნ“, Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნესობიექტები საქართველოში. თემურ უგულავას მფლობელობაში იყო „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. Adjara Group-ი წერს, რომ თემურ უგულავას წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში „განსაკუთრებულია“: „მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა. წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა. მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა. მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად,“ - წერია კომპანიის განცხადებაში.
რა წერია აშშ-ირანის შეთანხმებაში
BBC აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს, ოფიციალურად მოაწერა ხელი ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკისა და ირანის პრეზიდენტების მკიერ ცალ-ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ შორის ლიბანში და ირანისთვის სანქციების მოხსნას. 14-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის სახელითაა ცნობილი, ცხადჰყოფს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ის ასევე ითვალისწინებს 300 მილიარდი დოლარის გამოყოფას ქვეყნის „რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ - თუმცა აშშ-ს ამ საკითხში არ მოეთხოვება წვლილის შეტანა. როგორც ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, აშშ-სთან შეთანხმება აჩვენებს, რომ თეირანმა „თავისი ღირსება და დამოუკიდებლობა არ გაცვალა რაიმე საფრთხის ან ზეწოლის სანაცვლოდ.“ ხსენებული შეთანხმება კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ გაცხადდა. რა ვიცით ზოგიერთი ძირითადი პუნქტის შესახებ. საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და შემდეგ ირანის საზღვრებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა 30 დღის განმავლობაში;ჰორმუზის სრუტის გახსნა. 60 დღის განმავლობაში ნაოსნობა გადასახადის გარეშე. ირანმა ომანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ჰორმუზის სრუტის შესახებ ფართო და გრძელვადიანი შეთანხმება; ირანი არასდროს შექმნის და არ შეიძენს ბირთვულ იარაღს. ირანი და აშშ ითანამშრომლებენ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით; ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება; აშშ რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად შექმნის ფონდს (სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი) ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. დონალდ ტრამპმა 17 ივნისს განაცხადა, რომ თუ ირანი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია განახლდება. ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ჩართული იყო აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ თუ აშშ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას არც ირანი გააკეთებს. აშშ-ისა და ირანის წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი მიმდინარე თვეში ამოქმედდება
ცენტრალური ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპამდე, მგზავრებს მხოლოდ ერთი მატარებლის სერვისით მგზავრობა შეეძლებათ. პოლონეთიდან გერმანიამდე ბილეთების ფასი 10 ევროდან იწყება და ევროპულ ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი მატარებლის სერვისი მოგზაურებს კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე გრძელ პირდაპირ მარშრუტს შესთავაზებს. პრაღაში დაფუძნებული კერძო ოპერატორი Leo Express ამ მარშრუტზე ოპერირებას 25 ივნისს იწყებს. სარკინიგზო ხაზი 1300 კილომეტრზე მეტს მოიცავს. მარშრუტი გერმანიის, ჩეხეთისა და პოლონეთის ძირითად ურბანულ ცენტრებს უკრაინის საზღვრამდე, თითოეული მიმართულებით ყოველდღიურად, ერთი რეისით დააკავშირებს. ხაზი, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონეთის ქალაქ პრჟემიშლიდან დაიწყება, კრაკოვს, ოსტრავას, პრაღას, დრეზდენს, ლაიფციგსა და ერფურტს გაივლის, მაინის ფრანკფურტსა და ფრანკფურტის აეროპორტში დასრულდება.
აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთში დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
ვაშინგტონი ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე განთავსდა. საელჩო უპილოტო საფრენ აპარატზე რეაგირების სახელმძღვანელოს ავრცელებს. „უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანქტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში, უნდა დაიცვათ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და მოძებნოთ თავშესაფარი. უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების შესახებ ფოტოების გასაჯაროებას. ისინი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. „არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს. რუსეთის კანონი კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები. აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში.“ ზელენსკი: უკრაინას აქვს იმდენად ძლიერი ინსტრუმენტები, რომ მოსკოვისთვის დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდეს უკრაინის მიერ დრონებით მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვის ოთხი აეროპორტი დროებით დაიხურა და 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.
ზელენსკი: უკრაინას აქვს იმდენად ძლიერი ინსტრუმენტები, რომ მოსკოვისთვის დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი ინსტრუმენტები, რათა მოსკოვი დააყენოს გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება. „ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა [“დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთში] ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. და ეს ასევე “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაა. მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმაოდ ძლიერია, რათა რუსეთი დავაყენოთ გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი ბელგიაში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე 18 ივნისს ჩავიდა, როდესაც უკრაინის მოკავშირეებმა კიევს დამატებითი სამხედრო დახმარება აღუთქვეს. შეხვედრა მაშინ გაიმართა, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს აგრძელებს. თავის მხრივ, კიევი პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემასა და რაკეტების ჩამხშობ სისტემებს მოითხოვს. „ყველანი ვხედავთ, რომ პუტინი ახლა ერთ რამეზეა დამოკიდებული, მუდმივ სარაკეტო თავდასხმებზე და მას ბალისტიკური რაკეტები აქვს, ამიტომ ჩვენ ანტიბალისტიკური შესაძლებლობები გვჭირდება.“ „რუსული ბალისტიკური რაკეტები პრობლემად რჩება და ამ პრობლემაზე პასუხი გვჭირდება,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. კიევმა და ბერლინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და გერმანიაში Termit-ის სახმელეთო რობოტული სისტემების ერთობლივ წარმოებას. უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეხვედრის მთავარ პრიორიტეტებს შორის იქნება. ზელენსკის განცხადებით, რუსეთისადმი უკრაინის პასუხი სრულიად სამართლიანია. მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტიანობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა.“ შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
16 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადა. კერძოდ, გაერთიანებულმა სამეფომ გააფართოვა რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსულ საფინანსო კომპანიებს, Яндекс Банк-ს, Еврофинанс Моснарбанк-ს, Вайлдберрис Банк-სა და Вятич-ს, თავდაცვის ინდუსტრიულ კომპანიებს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცრებს, "ჩრდილოვანი ფლოტის" 27 ხომალდს, მათ შორის რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის გადამზიდავებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს Росгосстрах-სა და Баланс страхование-ს. დღესვე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლუკაშენკო: უკრაინას ბელორუსისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი კომენტარები გამოწვეული იყო უკრაინის მხრიდან მუქარებით, მათ შორის განცხადებებით, რომ კიევმა ბელორუსში ასობით პოტენციური სამიზნე გამოავლინა და მისი ადგილსამყოფელიც იცოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსის მხრიდან სამხედრო ქმედებების მოლოდინი არ უნდა იყოს. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ქვეყანა უკრაინელი სამხედროებისთვის „ხელის გულზე“ დევს. მისი განცხადებით, ბელორუსის ომში ჩაბმის შემთხვევაში, ფრონტის ხაზი 1,5 ათასი კილომეტრით გაიზრდება. „ომის აღნიშნული მიმდინარეობისას ჩვენ ამ მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ,“ - განაცხადა ლუკაშენკომ. მანვე აღნიშნა, რომ ომში ბელორუსის ჩართვა ნებისმიერ როლში მიუღებელია. „შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო: „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ.“ ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა. შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი, მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან,“ - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს. „უფრო მეტიც, მას შესანიშნავად ესმის, რომ ბელორუსისგან, განსაკუთრებით კი ჩემგან, არანაირი სამხედრო ქმედება არ არის მოსალოდნელი. ის უნდა დამშვიდდეს და მიიღოს რეალობა: არ არის საჭირო ჩემი ან ბელორუსების პროვოცირება. ბელორუსში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც მას და უკრაინელებს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიაზე 500 სამიზნე აქვს განსაზღვრული. ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ბელორუსს საფრთხეს დაემუქრებოდა, უკრაინაში „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამდა.
საქართველო სამმხრივ სწავლებას — „კავკასიის არწივი 2026“ მასპინძლობს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე ტაქტიკური წვრთნების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა. სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება. სწავლება ორიენტირებულია მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და მისი ამოცანების შესრულებაზე. სწავლებას დააკვირდება შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც სამივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილი უფროსი ფერაძე და 7 პირი პასუხისგებაში მისცეს
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. 8 ადამიანიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე, ძებნა გამოაცხადეს, ხოლო 6 დააკავეს. სუს-ის ცნობით, 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ჯამში, 8 პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმე შეეხება სს "საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს "საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს "საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს "საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს "კახეთი“, შპს "ნოვა ტრანსი“, შპს "ჯადექსა“, შპს "სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს "გრანდ კახეთი.“ დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს "საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად - 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს "კახეთი.“ იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს "საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს "საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.შპს "კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს ,,კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს ,,რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა - შპს ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით," - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ცნობისთვის, დავით ფერაძე შემოდგომაზე, სს "საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.
ვუჩიჩი თბილისში: სერბეთი აღიარებს საქართველოს მიღწევებს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. „პირველ კვარტალში 36.4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა. სერვისები, ტურიზმი - ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს. ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა. ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან, ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი. მომხმარებლები სერბეთში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოდან. მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება. მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის,“ - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა. „საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არამხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ, ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ საქართველოში, რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12 % იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება, ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ,“ - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, მზადაა სერბეთთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისებას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. „საქართველოსა და სერბეთს აკავშირებთ საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გვაქვს საერთო გამოწვევებიც, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას უკვე ხელი მოეწერა და დეტალები „საკმაოდ მალე“ გამოქვეყნდება. მან ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ამ კვირის ბოლოს ჟენევაში გაიმართება. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას. შუამავალი პაკისტანი აცხადებს, რომ შეთანხმება ლიბანში „სამხედრო ოპერაციების“ დასრულებასაც მოიცავს. ირანი იქ ომის დასრულებას შეთანხმების „განუყოფელ“ ნაწილად აღწერს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები ლიბანში განუსაზღვრელი ვადით დარჩებიან. ომის დასრულების მიზნით შეთანხმებას, 14 ივნისს, აშშ-მ და ირანმა პაკისტანის შუამავლობით მიაღწიეს.
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ხსნის
ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდა. ამის შესახებ ევროკომისია წერს. „დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების პროცესის საფუძვლებზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს,“ - წერს ევროკომისია. ევროკომისია აღნიშნავს, რომ გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიული არჩევანია. „ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე სამუშაოს, რომელიც ამ ქვეყნებმა გასწიეს და ამას წინსვლისთვის მკაფიო გზით ვაფასებთ. გაფართოება ჩვენი საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავალში,“ - აცხადებს ევროკომისია. ცნობისთვის, 15 ივნისს ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირი-უკრაინისა და ევროკავშირი-მოლდოვის მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელზეც ამ ორ ქვეყანასთან ოფიციალურად გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი — ევროკავშირში გაწევრიანების „ხერხემალი“. ზელენსკი: ევროკავშირი თავის სიტყვას ასრულებს
სომხეთი აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით, სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს
სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 გაიმართება. ყოველწლიური სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის (250 მონაწილე), ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის (58 მონაწილე), საფრანგეთის (24 მონაწილე) და საბერძნეთის (11 მონაწილე) სამხედრო მოსამსახურეები. წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად გაიმართება.
ამერიკამ და ირანმა ომის დასრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ირანმა და აშშ-მ ომის დასრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხოლო ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა მას თეირანის გამარჯვებად მიიჩნევს. შუამავალმა პაკისტანმა, რომელმაც კვირას გვიან გამოაცხადა შეთანხმების მიღწევის შესახებ, განაცხადა, რომ „სამხედრო ოპერაციები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც დასრულდება. შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.
მსოფლიოში პირველად — ლიეტუვა ჩერნობილის ტიპის რეაქტორების დემონტაჟს გეგმავს
ლიეტვა იგნალინის ატომურ ელექტროსადგურზე РБМК ტიპის რეაქტორების აქტიური ზონის დემონტაჟისთვის ემზადება — ეს იმავე ტიპის რეაქტორებია, როგორიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იყო. მსგავსი სამუშაო მსოფლიოში ჯერ არავის ჩაუტარებია. დემონტაჟი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური დანადგარებით შესრულდება, რადგან მაღალი რადიოაქტიურობის გამო, ადამიანების პირდაპირი ჩართვა შეზღუდულია. გრაფიტული ნაწილების დაშლაში, სავარაუდოდ, აშშ-ის ან საფრანგეთის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. სადგურზე სამუშაო 2049 წლამდე უნდა დასრულდეს. ბირთვული საწვავი უკვე ამოღებულია და 50 წლით საცავშია გადატანილი, ხოლო საბოლოო გეოლოგიური საცავის ადგილი მომავალში განისაზღვრება. ამასთან, ქალაქი ვისაგინასი რადიაქტიული ტურიზმის ცენტრად განვითარებასაც გეგმავს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 15 ივნისს, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება. "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.