ტექნოლოგიები

Spotify შეტყობინებების ფუნქციას ამატებს

სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify ახალ ფუნქციას ამატებს. Spotify Technology-მ განაცხადა, რომ შეტყობინებების ფუნქციის დანერგვას ამ კვირაში დაიწყებს. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც უფასო, ასევე პრემიუმ გამოწერის მფლობელებისთვის.  

თურქეთმა მაღალსიჩქარიანი დრონის სისტემა - Simsek-ი წარმატებით გამოსცადა

თურქეთის თავდაცვის სისტემის მაღალსიჩქარიანი დრონების სისტემა - „სიმსეკი“ წარმატებით გამოსცადეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიამ კიდევ ერთი კრიტიკული შესაძლებლობა შეჰმატა თავის არსენალს,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.  ანკარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური მიღწების კონკრეტულ დემონსტრირებაა, რაც მთლიანად ეროვნული შესაძლებლობებით არის შემუშავებული, ეს კი, აძლიერებს თურქეთის ოპერატიულ მოქნილობას და აძლიერებს შეკავების უნარს.  „სიმსეკი“ Turkish Aerospace Inc.-მა (TAI) შექმნა.   

„ვულკანი“ - ამერიკამ კოსმოსში წარმატებით გაუშვა ახალი რაკეტა

12 აგვისტოს, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან (Space Launch Complex-41), United Launch Alliance-ის (ULA) ახალი რაკეტა Vulcan Centaur-ი გაუშვა. ამერიკულმა კომპანიამ აშშ-ის კოსმოსური ძალების (USSF) მისია USSF-106 შეასრულა. ერვონული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში,ეს კომპანიის პირველი ასეთი მისია იყო. რაკეტამ წარმატებით მიაღწია გეოსინქრონულ ორბიტას (GEO). რა არის Vulcan Centaur? Vulcan Centaur არის ახალი თაობის რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების (NSSL) პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ეს რაკეტა აღჭურვილია Centaur V-ის უპირატესობით, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ენერგიას და გამძლეობას წინა მოდელებთან შედარებით. Vulcan-ის მიზანია აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერება და კონკურენცია ისეთ სხვა კომპანიებთან, როგორიცაა SpaceX. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ახალი ეტაპი აშშ-ის კოსმოსური უსაფრთხოების სფეროში. Vulcan Centaur-ის წარმატებული გაშვება ადასტურებს რაკეტის სანდოობას და შესაძლებლობას, შეასრულოს ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური მისია. ULA-ს პრეზიდენტმა ტორი ბრუნომ აღნიშნა, რომ Vulcan-ი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაფართოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.  

Apple Siri-ს WhatsApp-თან, Uber-თან და სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირებას გეგმავს

Apple ახალი, ბევრად განვითარებული Siri-ს ტესტავს, რომელიც ღრმად ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ აპებთან, როგორებიცაა WhatsApp, Uber, AllTrails, Threads, Temu, Amazon, YouTube და Facebook. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა მიაწოდა. ახალი ვოის-ასისტენტი იმუშავებს Apple Intelligence-ზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტზე და გაუმჯობესებულ App Intents სისტემაზე. ეს ნიშნავს, რომ Siri-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბევრად მეტი რამ. მაგალითად, აპების ღრმა ფუნქციებზე წვდომა ხმის საშუალებით, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც თავად Apple-ის მიერ არ არის შექმნილი. მაგალითად: შეგიძლიათ, სთხოვოთ Siri-ს, რომ გაუგზავნოს შეტყობინება WhatsApp-ში კონკრეტულ პირს, გამოიძახოს Uber კონკრეტული მისამართით, მოძებნოს რამე Amazon-ზე, ან ატვირთოს პოსტი Threads-ში — ყოველივე ეს ხმოვანი ბრძანებით. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Siri-ის ეს განახლებული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გახდება.  

სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის საკუთარ მოდელს შეიმუშავებს

სამხრეთ კორეამ ხელოვნური ინტელექტის (AI) საკუთრი მოდელის შემუშავების მიზნით ეროვნული ინიციატივა წამოიწყო. მისი მიზანია უცხოურ სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება და აშშ-სა და ჩინურ ტექნოლოგიებთან კონკურენცია. მეცნიერებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთი კონსორციუმი შეირჩა, რათა ძირითადად ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნან. პროექტი სეულის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თითქმის თვითკმარი ხელოვნური ინტელექტის სექტორის შექმნას და ახალი თაობის ტექნოლოგიების ლიდერად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.  

აშშ მთვარეზე ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს - მედია

აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მიმდინარე კვირაში, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აგების გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მთვარის ზედაპირზე რეაქტორის აშენების საკითხი NASA-ს წარსულშიც ჰქონდა განხილული, თუმცა გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო გეგმის ფარგლებში, ამჯერად პროექტისთვის კონკრეტული დრო განისაზღვრება.  მედიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც 2030 წლისთვის მთვარეზე რეაქტორის გაგზავნას შეძლებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებს ჩინეთი მთვარის ზედაპირზე პირველი ასტრონავტის გაშვებას.  Politico-ს ინფორმაციით, NASA-ს დროებითი ხელმძღვანელი, შონ დაფი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ კიდევ ერთი განკარგულების ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსური სადგური  (ISS) უფრო სწრაფად ჩანაცვლდეს.   

თურქეთი: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის სისტემები ადგილობრივი წარმოების დრონებში ინტეგრირდება

თურქულმა კომპანიებმა Titra-მ და Buyutech-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის სისტემები ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებში ინტეგრირდება. ამის შესახებ კომპანიებმა სტამბოლში გამართულ თავდაცვის გამოფენაზე IDEF 2025 განაცხადეს. შეთანხმების თანახმად, Buyutech შეიმუშავებს, აწარმოებს და დაამონტაჟებს მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის სისტემებს რამდენიმე Titra-ს უპილოტო საფრენი აპარატისთვის, მათ შორის, Alpin-ისა და Alpin-2-ის უპილოტო ვერტმფრენებისთვის, Deli-ს კამიკაძე დრონისთვის, Pars-ის დამკვირვებელი დრონისთვის და Merkut FPV პლატფორმებისთვის, რომლებიც შემუშავებულია Titra-ს თავდაცვის შვილობილი კომპანია SAVX-ის მიერ. „Buyutech“-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ომერ ორკუნ დუზტაშმა განაცხადა, რომ კომპანია სამოქალაქო სექტორის გამოცდილებას ეროვნული უსაფრთხოების ხელშესაწყობად იყენებს.  

აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი პირველად აწერენ ხელს ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელ კონვენციას, ხელშეკრულებას საქართველოც შეუერთდა

ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს პირველ გლობალურ ხელშეკრულებას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც ასევე შეუერთდა საქართველო. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს. 5 სექტემბერს, ევროპის საბჭომ ხელმოსაწერად გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ შეთანხმდა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან. ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს განმარტებით, ეს არის პირველი საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერეს ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან მარინომ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ისრაელმა, აშშ-მ და ევროკავშირმა. გლობალურ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები საკუთარ თავზე ლეგალურ ვალდებულებებს აიღებენ. ხელშეკრულება 57 სახელმწიფოს შორის მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის რისკებთან ერთად, ინოვაციების პასუხისმგებლიან ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. „ეს კონვენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფისას, არ მოხდება ჩვენი უძველესი ფასეულობების ეროზია, როგორიცაა - ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შაბანა მაჰმუდმა, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იმუშავებს მარეგულირებლებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები დაინერგოს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და ინოვაციებს, ხოლო აკონტროლებს რისკებს, რაც მან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძირს კი არ გამოუთხრის ჩვენს სტანდარტებს, არამედ - დაიცავს მათ. ჩარჩო კონვენცია შექმნილია სწორედ ამის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნა ბურიჩმა. ცნობისთვის, კონვენცია ყურადღებას ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა ეხება. ის რამდენადმე განსხვავდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისგან, რომელიც გასულ თვეში ამოქმედდა. ევროკავშირის აქტი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, დანერგვას და მისი სისტემების გამოყენებას არეგულირებს. ევროპის საბჭო 1949 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოვალეობა დააკისრა. მასში 47 სახელმწიფო შედის, რომელთა შორისაა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.  

შოტლანდიური მწარმოებელი იშვიათი ვისკის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

Diageo-მ ახალი და ძველი პროდუქცია გააერთიანა და შექმნა ვისკის ორი იშვიათი ბოთლი, რომლის ღირებულებაც 50 000 დოლარია. ახალი პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაა სახელწოდებით SmokeDNAi, რომელიც კასრებში ვისკის დაძველების პროცესის შესწავლის საშუალებას იძლევა. „საკითხში გარკვეულებს შეუძლიათ, დააკვირდნენ გემოს კომბინაციებს, არომატებს და ადამიანის თვალისთვის უხილავ მახასიათებლებს.  ვიზუალურ გამოსახულებაში თქვენ დაინახავთ ერთი ნაწილაკის მცირე რაოდენობას, რომელიც მოძრაობს,“ - აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის Diageo-ს ვისკის ოპერაციების ხელმძღვანელი ევან მორგანი. როგორც Fox News- წერს, ვიზუალური მახასიათებლები ასევე შეიძლება, შეიცავდეს ქოქოსის, კვამლის, მიწის, სამკურნალო, ყვავილოვანი და ტკბილი არომატების კომბინაციას.  

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი ისტორიული წესები დაამტკიცა

ევროკავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის, ისეთი მძლავრის სისტემის, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT. წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს წარადგინეს, მოქალაქეებს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავს. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის. ბრიუსელი განსაკუთრებით ჩქარობდა ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.  

მსოფლიოში მეთანის დონეზე მონაცემებს სატელიტური პროექტი შეაგროვებს

ტექნოლოგიური გიგანტი Google შეუერთდა სატელიტურ პროექტს, რომელიც მთელ მსოფლიოში მეთანის დონის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს. პროექტი მარტში დაიწყება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეთანი გლობალური დათბობის მთავარი „კონტრუბუტორია“, რადგან სითბოს ინარჩუნებს. მეთანის დიდი წილი მეურნეობისა და ნარჩენების განადგურების შედეგად იწარმოება, მაგრამ Google-ის პროექტი ნავთობისა და გაზის ქარხნებში მეთანის ემისიებზე იქნება ფოკუსირებული. ფირმები, რომლებიც ნავთობს და გაზს იღებენ, რეგულარულად წვავენ მეთანს. თანამგზავრების მიერ დაფიქსირებული მონაცემები, ტექნოლოგიური გიგანტის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით დამუშავდება და მეთანის რუკის შესაქმნელად გამოიყენება, რომელიც მიზნად ისახავს მეთანის გაჟონვის იდენტიფიცირებას ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, მთელ მსოფლიოში. როგორც Google-მა განაცხადა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მისი პროექტი „არსებულ ინსტრუმენტებს შორის ხარვეზებს შეავსებს.“ როგორც BBC წერს, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, მეთანის დონე შემაშფოთებლად მაღალი რჩება. ნასა ამბობს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში მეთანის დონე გაორმაგდა და რომ მისი 60% ადამიანის აქტივობით არის შექმნილი. ამ პროცესში მთავარი წვლილი შეაქვს პირუტყვს: კონკრეტულად - ძროხებს. 2020 წელს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ ძროხას ყოველწლიურად, 154-264 ფუნტი მეთანის გაზის წარმოება შეუძლია.   

მასკის განცხადებით, მისმა კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა

Space X-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა. BBC-ის ინფორმაციით, როგორც მასკი ამბობს, „შედეგები იმედისმომცემია, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.“ კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს. Neuralink წარსულში გააკრიტიკეს. Reuters-მა 2022 წლის დეკემბერში დაწერა, რომ კომპანია ჩართული იყო ტესტირებაში, რამაც დაახლოებით, 1,500 ცხოველის სიკვდილი, მათ შორის, ცხვარის, მაიმუნის და ღორის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის ივლისში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - რომელიც იკვლევს ცხოველთა კეთილდღეობის პრობლემებს, განმარტა, რომ ცხოველთა კვლევის წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა. თუმცა უწყებაში ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. მასკის კომპანიას FDA-მ 2023 წლის მაისში მისცა ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა.   ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა  

ბილ გეითსი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში ყველას ცხოვრებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელ, მილიარდერ ბილ გეითსის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველასთვის გარდამტეხ როლს შეასრულებს. CNN-თან ინტერვიუში, გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ცხოვრებას გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ გამოიწვია შიში, რომ ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს გააუქმებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დაახლოებით, 40% შეიძლება, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ დააზარალოს. გეითსი ამ აზრს არ ეთანხმება. მას სჯერა - ისტორია აჩვენებს, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია იწვევს შიშს და შემდეგ უკვე მას ახალი შესაძლებლობა მოაქვს. „ბევრი ახალი რამ, ბევრი ახალი სამუშაო კატეგორია შეიქმნა და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერმაში მუშაობდა. ახლაც ასე იქნება,“ განაცხადა გეითსმა სოფლის მეურნეობის სფეროს მაგალითზე საუბრისას. გეითსი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში დიდ წვლილს შეიტანს და ექიმების სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც მათ დიდად არ მოსწონთ (რუტინული სამუშაო, რომელიც მოიცავს წერილობით დოკუმენტებს - მოხსენებები, საბუთები) შეგვიძლია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ.  იმის გამო, რომ არ არის საჭირო „ბევრი ახალი აპარატურა“, AI-ზე წვდომა ტელეფონით ან კომპიუტერის საშუალებით მოხდება. ცნობისთვის, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, გეითსის ქონება 140 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.  

ჩინური სტარტაპი აცხადებს, რომ სმარტფონისთვის შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელიც 50 წლის განმავლობაში დამუხტვას არ საჭიროებს

ჩინურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში, დამუხტვის საჭიროების გარეშე შეუძლია. მას შემდეგი თაობის ბატარეა უწოდეს. პეკინში დაფუძნებულმა Betavolt-მა განმარტა, რომ მისი ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, როლის მოდულშიც მოთავსებულია 63 ბირთვული იზოტოპი. კომპანიამ განმარტა, რომ პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და საბოლოოდ, მისი მასობრივად წარმოება იგეგმება.  

YouTube Premium-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

YouTube პრემიუმ ვერსია საქართველოშიც ხელმისაწვდომია, სერვისი დღეს, 6 დეკემბერიდან ჩაირთო. ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასო, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, რიგ უპირატესობას სთავაზობს. ესენია: ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურება; ვიდეობის ფონურ რეჟიმში ყურება – მაგალითად, სმარტფონში, ვიდეო არ გამოირთვება მაშინაც კი, როდესაც სხვა აპლიკაცია გაქვთ ჩართული. ფასიანი ვერსია ასევე გვთავაზობს YouTube Music-ის სერვისს, რომელშიც მილიონობით მუსიკალური კომპოზიცია შედის. სულ ხელმისწავდომია სამი პაკეტი: სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი; ინდივიდუალური – 17.49 ლარი; საოჯახო (ექვსი მომხმარებლისთვის) – 33.29 ლარი. YouTube Premium მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგია.   

SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო. Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი. სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.  

ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა სამ დღემდე შეამცირონ

მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი.  

WhatsApp-მა ახალი ფუნქცია დანერგა

WhatsApp-მა ელ.ფოსტის საშუალებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია დანერგა.  განახლება ავტორიზაციის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც პროგრამაში ტრადიციულ, SMS-ით შესვლის ვარიანტს ავსებს. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა აპლიკაციის პარამეტრებში უნდა მიუთითოს ელ.ფოსტის მისამართი.  მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის გამოყენება მესენჯერში შესასვლელად ახლა უკვე შესაძლებელია, მესენჯერის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მაინც მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერია საჭირო.  

YouTube ახალ ფუნქციას ტესტავს

YouTube მუსიკის მოყვარულთათვის ახალ მახასიეთებელს ტესტავს. პლატფორმამ გამოაცხადა, რომ გამოსცდის ახალი აპლიკაციის ფუნქციას Android ტელეფონებზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმღერა სამ წამზე მეტი ხნის განმავლობაში წამღერებით ან ჩანაწერის სხვა მოწყობილობიდან ჩართვით მოძებნონ. ფუნქცია მხოლოდ მომხმარებელთა შერჩეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. Google Assistant-ში ფუნქცია - Hum to Search 3 წლის წინ ამოქმედდა იმ განსხვავებით, რომ სიმღერის ამოცნობას 10-15 წამი სჭირდება.  

Twitter-ს სახელი გადაერქმევა და ახალი ლოგო ექნება

ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის. Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება. მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის. Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა