BBC უკრაინაში ომის დასრულების 5 სცენარს განიხილავს.
Europetime ბრიტანული მედიის სტატიას სრულად გთავაზობთ:
პირველი სცენარი - მოკლევადიანი ომი
რუსეთი აძლიერებს სამხედრო ოპერაციებს. უკრაინის მასშტაბით საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებია. რუსული საჰაერო ძალები, რომლებიც აქამდე უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ, დამანგრეველ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ. მასიური კიბერშეტევებია უკრაინაში, სამიზნე ძირითად ეროვნული ინფრასტრუქტურა. გათიშულია ენერგომომარაგება და საკომუნიკაციო ქსელები. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. მიუხედავად მამაცი წინააღმდეგობისა, კიევი რამდენიმე დღეში ეცემა. ხელისუფლება შეიცვალა პრომოსკოვური მარიონეტული რეჟიმით. პრეზიდენტი ზელენსკი ან მოკლეს, ან გააძევეს დასავლეთ უკრაინაში ან თუნდაც საზღვარგარეთ და იქ აყალიბებს მთავრობას. პრეზიდენტი პუტინი აცხადებს გამარჯვებას და გაიყვანს ძალებს, ტოვებს საკმარისს იმისთვის, რომ გარკვეული კონტროლი შეინარჩუნოს. ათასობით ლტოლვილი გარბის დასავლეთით. უკრაინა უერთდება ბელორუსს, როგორც მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო.
ეს შედეგი არავითარ შემთხვევაში არ არის შეუძლებელი, მაგრამ დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორის ცვლილებაზე: რუსული ძალები უკეთ მოქმედებენ; უკრაინის არაჩვეულებრივი საბრძოლო სულისკვეთება ჩაქრა. პუტინმა შესაძლოა მიაღწიოს რეჟიმის შეცვლას კიევში და დაასრულოს უკრაინის დასავლური ინტეგრაცია. მაგრამ ნებისმიერი პრორუსული მთავრობა იქნება არალეგიტიმური და ასეთი შედეგი გამოიწვევს არასტაბილურობას, კონფლიქტის ხელახალი გაჩაღების პერსპექტივა მაღალი იქნება.
მეორე სცენარი - ხანგრძლივი ომი
უფრო სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს გაჭიანურებულ ომში. შესაძლოა, რუსული ძალები ჩაიძირონ, ცუდი ლოგისტიკისა და არასრულფასოვანი ხელმძღვანელობის გამო.
შესაძლოა, რუსეთის ძალებს მეტი დრო დასჭირდეს კიევის მსგავსი ქალაქების ასაღებად, რომელთა დამცველები შეუპოვრად იბრძვიან. გრძელდება ხანგრძლივი ალყა. ბრძოლები გამოძახილია რუსეთის ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლისა, რომელიც მოხდა 1990-იან წლებში გროზნოს, ჩეჩნეთის დედაქალაქის დაპყრობისა და განადგურების მიზნით. და მაშინაც კი, როცა რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში გარკვეულ მიზანს მიაღწიეს, მათ კონტროლის შესანარჩუნელლად ბრძოლა მოუწევთ.
შესაძლოა, რუსეთს არ შეუძლია, უზრუნველყოს საკმარისი ჯარი ამხელა ქვეყნის ასაღებად. უკრაინის თავდაცვითი ძალები გარდაიქმნება ეფექტურ ამბოხებულ ძალებად, არიან კარგად მოტივირებულნი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის მხარდაჭერილი. დასავლეთი აგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. მრავალი წლის შემდეგ, შესაძლოა, მოსკოვში, ახალი ხელმძღვანელობით, რუსული ძალები უკრაინას საბოლოოდ დატოვებენ, ისევე როგორც 1989 წელს, მათმა წინამორბედებმა ავღანეთი ათწლეულის განმავლობაში ისლამისტ ამბოხებულებთან ბრძოლის შემდეგ დატოვეს.
ევროპის ომი
შესაძლებელია თუ არა ეს ომი უკრაინის საზღვრებს გარეთ გავრცელდეს? პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მოლდოვასა და საქართველოში (რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან) ჯარების გაგზავნით რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა სცადოს. ან უბრალოდ, შეიძლება იყოს ესკალაცია. ბატონმა პუტინმა შეიძლება, გამოაცხადოს, რომ უკრაინული ძალებისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდება აგრესიის აქტია, რომელიც შურისძიებას მოითხოვს. ის შეიძლება, დაიმუქროს ჯარების გაგზავნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც NATO-ს წევრები არიან - მაგალითად, ლიეტუვაში, რათა უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი რუსეთის სანაპირო ექსკლავ კალინინგრადთან. ეს იქნება ძალიან საშიში, NATO-სთან ომის რისკის გამომწვევი გადაწყვეტილება. სამხედრო ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. მაგრამ ბატონი პუტინი შესაძლოა, რისკზე წავიდეს, თუ იგრძნობს, რომ ეს არის მისი ლიდერობის გადარჩენის ერთადერთი გზა.
თუ ის უკრაინაში დამარცხდება, შემდგომი ესკალაციის ცდუნება ექნება. ვიცით, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის, დაარღვიოს ყველა საერთაშორისო ნორმა. იგივე ლოგიკას შეიძლება, მივყვეთ ბირთვული იარაღის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ კვირაში პუტინმა თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. ანალიტიკოსთა უმეტესობა ეჭვობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლოა, სავარაუდოა ან გარდაუვალი. მაგრამ ეს იყო იმის შეხსენება, რომ რუსული დოქტრინა ბრძოლის ველზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საშუალებას იძლევა.
დიპლომატიური გადაწყვეტა
ომი რუსეთისთვის ცუდად მიმდინარეობს. სანქციები მოსკოვში არეულობას იწვევს. წინააღმდეგობა იზრდება, როდესაც გვამებით სავსე ტომრები მოსკოვში ბრუნდება. პუტინი თვლის, რომ ომის გაგრძელება შეიძლება უფრო დიდი საფრთხე იყოს მისი ხელმძღვანელობისთვის. ჩინეთი სიტუაციაში ერევა, ახორციელებს ზეწოლას მოსკოვზე და კომპრომისზე წასვლას სთხოვს, აფრთხილებს, რომ ის არ იყიდის რუსულ ნავთობს და გაზს, თუ დეესკალაცია არ მოხდება. ასე რომ, ბატონი პუტინი იწყებს გამოსავლის ძიებას. იმავდროულად, უკრაინის ხელისუფლება ხედავს მათი ქვეყნის მუდმივ განადგურებას და ასკვნის, რომ პოლიტიკური კომპრომისი შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე ასეთი დამანგრეველი შედეგები. დიპლომატები ვითარებაში ერთვებიან და შეთანხმება მიღწეულია. ვთქვათ, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმსა და დონბასის ნაწილებზე. თავის მხრივ, პუტინი აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპასთან კავშირების გაღრმავების უფლებას. ეს შეიძლება, არ ჟღერდეს დამაჯერებლად, მაგრამ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს.
პუტინი დაამხეს
რაც შეეხება თავად ვლადიმერ პუტინს? როდესაც შეიჭრა უკრაინაში, განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის". მაგრამ რა მოხდება, თუ ეს შედეგი დააკარგინებს მას ძალაუფლებას? ეს შეიძლება, წარმოუდგენელი ჩანდეს. თუმცა სამყარო ბოლო დღეებში შეიცვალა და ახლა ასეთ რამეზე ფიქრი შეიძლება. რატომ? ალბათ, პუტინი განაგრძობს დამღუპველ ომს. ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეკონომიკური სანქციები ანგრევს. პუტინი კარგავს სახალხო მხარდაჭერას. ალბათ არსებობს სახალხო რევოლუციის საფრთხე. ის იყენებს რუსეთის შიდა უსაფრთხოების ძალებს ოპოზიციური მუხტის ჩასახშობად. მაგრამ რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრები მის წინააღმდეგ შემობრუნდებიან.
დასავლეთი მკაფიოდ განაცხადებს, რომ თუ პუტინი წავა და მას უფრო მოზომილი ლიდერი ჩაანაცვლებს, რუსეთი დაინახავს გარკვეული სანქციების მოხსნას და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ხდება სისხლიანი გადატრიალება, პუტინი ჩამოგდებულია. ისევ და ისევ, ეს შეიძლება, ახლა ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდეს, მაგრამ წარმოუდგენელი არ არის, თუ ადამიანებს, რომლებიც პუტინისგან დიდ სარგებელს იღებდნენ, აღარ სჯერათ, რომ მას შეუძლია, მათი ინტერესების დაცვა.
დასკვნა
შეიძლება, სხვადასხვა შედეგის მიღწევის დროს, ამ სცენარების კომბინირება მოხდეს, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამყარო შეიცვალა. რუსეთის ურთიერთობა გარე სამყაროსთან განსხვავებული იქნება. ევროპული დამოკიდებულება უსაფრთხოების მიმართ გარდაიქმნება. ლიბერალური, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი შესაძლოა, შეიცვალოს.
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
26 თებერვალი
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.
27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:
- ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
- ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
- ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
- ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.
27 თებერვალი
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
28 თებერვალი
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:
ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა
ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
3 მარტი