უკრაინაში, კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ, ჰუმანიტარული კრიზისი უკიდურესად გამწვავდა - გაერო

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.

"კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.


სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან.

6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“.

პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს.

„ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს.

თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.


სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.


Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. 

ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“.

თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“.


„ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება.

ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას.

  • რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირებამეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ.

მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.

2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია.

დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.