ძებნის რეზულტატი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.  სხდომა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა. NATO-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, დუმის 11 წევრი და ბანკირ იური კოვალჩუკის ოჯახის ხუთი წევრი. ამგვარად, რუსეთის მიერ უკრაინაში ინერვენციასთან დაკავშირებით სასანქციო სიაში იაპონიას სულ 61 პირი ჰყავს შეყვანილი. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პოლიციამ 10 პირზე მეტი დააკავა. ამასთან, დაკავებულებს ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან. სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

ჰააგის სასამართლო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა. ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების ​საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.  ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას, მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

მედია: რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლიში 2 357 ადამიანი დაიღუპა.  ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს დაახლოებითი რიცხვია. ასევე გაურკვეველია, საუბარია სამოქალაქო პირებზე, თუ მათ შორის არიან სამხედროები. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, მარიუპოლი რუსეთის ძალების ალყაშია მოქცეული.  ასევე წაიკითხეთ: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის - 13.98% ხოლო 7 დღის - 10.7%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 253, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 132, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 156, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 610, აჭარაში - 92, იმერეთში - 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 62. 29 376 ადამიანი სახლში მკურნალობს.

კელი დეგნანი: ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა

ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, რადგან ხაზი გაუსვა ახლა ერთიანობის მნიშვნელობას. საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.  ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა. მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც კომპრომისით, დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და თანამშრომლობით მიიღწევა. მან ძალიან სწორად თქვა, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით კარლ ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო გააზრებული და მნიშვნელოვანი

თურქმენეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა

  თურქმენეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა.  2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა. ამასთან, 40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება თურქმენეთის მმართველი – „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე 14 თებერვალს მიიღეს. ცნობიდსთვის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა, 64 წლის გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს. ასევე წაიკითხეთ: თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება  

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია, რათა საზღვრის კვეთის მდგომარეობა, რიგები და ჰუმანიტარული საქონლის რეგისტრაციის პროცედურა განეხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ,,ჩვენი ძალა მხარდაჭერასა და ერთიანობაშია: მადლობას ვუხდით მოლდოვას დახმარებისთვის! მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, პალანკა-უდობნე-მაიაკის საგუშაგოს ეწვია", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევაკუაციის მიზნით, მოლდოვისკენ მიმავალ უკრაინელებს.  

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს. მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. „როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან

ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევს ეწვევიან. ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს ჩვენ წარმოვადგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ვიზიტის შესახებ უკვე ეცნობა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის რამდენიმე გარეუბანზე დარტყმები გააძლიერეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს, მოსკოვში ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება.  მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. ამასთან, 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების თაობაზე ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეფერხდა იმის გამო, რომ რუსეთმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაუგებრობაში აღმოჩნდა

„მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. რატომ არ მისცა მთვრობამ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელების უფლება, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:  როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება.   მაშინ, როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართო მასშტაბიანი ომი მიმდიბარეობს უკრაინაში, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი არგუმენტი და მოტოვაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირის სექტორული და ინდივიდუალური ზომების მეოთხე პაკეტი, ამ შინაარსის განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, ჯამში 600-ზე მეტ პირს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები ასევე შეეხებათ ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელი სექტორის საკვანძო კომპანიებს. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეაჩეროს ეს არაადამიანური და უაზრო ომი, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში, ჟოზეფ ბორელმა.გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, ჯამში 600-ზე მეტ პირს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ.   აიკრძალება ტრანზაქციები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან.აიკრძალება ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომა.გაფართოვდება რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებზეც წესდება უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგოსექტორში,  ასევე, დაწესდება შეზღუდვები ენერგოინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე;    სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიმიტრი ხუნდაძესა და დავით სერგეენკოს იმ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისთვის, რომელიც პარლამენტმა საკუთარი ძალებით - დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების შემოწირულობებით შეაგროვა და პირველი პარტია უკრაინაში უკვე გავაგზავნეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. „გახსნილია სპეციალური სახაზინო ანგარიში, სადაც შეგიძლიათ როგორც დეპუტატებს, ისე აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის სახელით, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და ჰუმანიტარული დახმარების შემდეგი ნაწილი გავგზავნოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საკუთარი ძალებით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა  

საგარეო უწყება: ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმისთვის ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენის საკითხს ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. 

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. „დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

კიევში, უწყვეტი ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

დღეს, 15 მარტს, კიევის დროით 20:00 საათიდან უკრაინის დედაქალაქში დაიწყება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 17 მარტს, 07:00 საათამდე გაგრძელდება. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, უწყვეტი "კომენდანტის საათის" კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „დღეს რთული და საშიში მომენტია“. ასევე წაიკითხეთ: მედია: რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული: მადლობელი ვარ, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება

„უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, იღებს და ასახლებს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, იმ ქვეყნებში, რომელთაც მათთვის კარი გააღეს", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეების, ბიზნესის, ორგანიზაციების მხრიდან, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, არსებობს ორგანიზებული პუნქტები ასეთი დახმარების მისაღებად. საქართველოში უკრაინის საელჩო კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დახმარების, უკრაინაში გაგზავნილია 3 000 ტონაზე მეტი დახმარება. ესაა მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები. ასევე, მადლობელი ვარ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ირიცხება საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე. ჩვენ გავაკეთებთ მოხსენებას თითოეულ თეთრზე და თითოეულ ადამიანს გადავუხდით მადლობას“, - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აჭარიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა