ძებნის რეზულტატი:

რამდენიმე კვირაში, აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ბოლო კვირებში აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სარდინიის სხვადასხვა კუთხიდან ათობით სატვირთო მანქანის მძღოლმა გზატკეცილზე გაფიცვა მოაწყო, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მძღოლები საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ და მთავრობის დამატებით მხარდაჭერას მოითხოვდნენ. კუნძულ სარდინიაზე საქონელი ძირითადად საავტომობილო გზით შემოდის. საწვავის მაღალი ღირებულება მძიმედ აისახება სატვირთო მანქანების მძღოლების და სატვირთო სექტორის საქმიანობაზე. “ასეთი მაღალი ფასების გამო მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, საწვავის გარდა, სხვა ხარჯებიც იზრდება. მუშაობა უკვე შეუძლებელია”,- წუხს ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი. პორტუგალიაში გასულ კვირას დიზელის ფასი ლიტრზე 14 ცენტზე მეტით გაიზარდა, ბენზინი კი დაახლოებით რვა ცენტით გაძვირდა.  სატვირთო მანქანების მძღოლები ლისაბონში,  ერთ-ერთ ავტოსადგომზე,  შეიკრიბნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს. “ეს დასასრული კი არა დასაწყისია, პროტესტი დღეს დაიწყო და მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა ჩვენს პრობლემებს გამოეხმაურება და მოაგვარებს”, – მიიჩნევს სატვირთოს მძღოლი პორტუგალიიდან. გერმანიაში იგივე სიტუაციაა. გერმანიის საგზაო ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და მართვის ასოციაციაში ამბობენ, რომ  ფასების ზრდა  საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინდუსტრიას. ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, საწვავის და დიზელის ფასები იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა ვერ შეძლო ამ ხარჯების გადახდა, რამაც ისინი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენა. წერს "ევრონიუს ჯორჯია".

კახა კალაძე: საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ. „დღეს მინდა, მოგაწოდოთ სიახლე, თბილისის საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ საბავშვო ბაღებში სიარულს, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ილია ელოშვილს მინდა დავაბარო, რომ გაუწიოს ამ ყველაფერს კოორდინაცია, რათა ეს გადაწყვეტილება აღსრულებული იყოს, გქონდეთ ამ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ავუხსნათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. „მიმდინარე კვირას, საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის ჩართულობით, საქართველოს 220 მოქალაქეს გაეწევა მსგავსი სახის დახმარება. ასევე, სახელმწიფოს ხელშეწყობით გრძელდება ქ. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ევაკუაციის პროცესი. სპეციალური რეისები ხორციელდება 15 და 16 მარტს, ქ. ლვოვში საქართველოს საკონსულო პუნქტის ორგანიზებით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს დიპლომატიური მისიების უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მუშაობენ 24-საათიან საგანგებო რეჟიმში. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაევალათ, უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად

"სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ სამთავრობო მედიასთან თქვა. "სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და გახსნას საზღვრები. მოხარული ვიყავი, როდესაც თურქული მხარისგან გავიგე, რომ იგივე პოლიტიკური ნება მათაც გააჩნიათ... მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ არ უნდა დავაყოვნოთ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს

საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ამასთან, ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.

გერმანიის ელჩი: ევროკავშირი სანქციებთან მიერთებისთვის ასოცირებულ პარტნიორებს იწვევს, დისკუსია გვაქვს საქართველოს მთავრობასთანაც

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, ელჩის თქმით, ეს იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება, იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა 16 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.„მარტის დასაწყისში, უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვის განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული და რომლებიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. წყარო bm.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი: კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს

კრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს. როგორც ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მაცხოვრებლები. მთავარსარდლის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები.  ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში

ირაკლი კობახიძე: ვიმეორებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ამის შესახებ მან დღე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მარკ რუტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით მის შეიარაღებულ ძალებს

"ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ არასაფრენი ზონის კონტროლი. მაგალითად, ესტონეთს ამის კონტროლის შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა ჩვენ უნდა მოვძებნოთ კონსენსუსი. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც გავუგზავნეთ ლეტალური დახმარება უკრაინას ომამდე, რადგან დღეს უკრაინა არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ფრონტის წინა ხაზზე. ეს არის მთავარი ღირებულება. როგორც გავიგე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ ეტაპზე მიაღწევენ წევრობას. შესაძლოა, ის მართალია“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა მდივან ოსტინის პირადი ჩართულობა და ლიდერობა შეაქო, ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგიების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნაზე გამახვილდა ყურადღება.  „მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე, განვიხილავთ მომავალ კვირას NATO-ს სამიტისთვის მომზადების საკითხს. ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვი. ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველოს, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში  NATO-ს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს და აძლიერებდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ. სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით, ასევე, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის მისასალმებელ სიტყვაში.  NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. მინისტერიალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

დიმიტრი პესკოვი: უკრაინაში ავსტრიის, ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს

"უკრაინაში ავსტრიის, ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, "რიას" განუცხადა. "უკრაინაში ავსტრიის, ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზადაა

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

„ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა, Solaris-ი თურქეთისკენ მიემართება. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.   აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. აბრამოვიჩის მეორე იახტა, Eclipse ალჟირის სანაპიროსკენ მიემართება. მისი უახლოესი ევროპული პორტი იტალიაშია, სადაც კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს, ახლახან იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში 444 მილიონი ფუნტის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. პარლამენტსი პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ  უსაფრთხოების ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე. აზერბაიჯანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მედიაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს. აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.

მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ კონგრესმენზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნული შეიარაღების უკრაინის გადაცემის თაობაზე თათბირს დღეს გამართავს. ცნობისთვის, აღნიშნულ შეიარაღებას აქტიურად იყენებს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები. ამასთან, „სვიჩბლეიდ 300“ განკუთვნილია სამხედრო პერსონალზე დარტყმების მისატანად, ხოლო „სვიჩბლეიდ 600“-ით შესაძლებელია ტანკების, არტილერიის და ჯავშანტექნიკის განადგურება. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში გამგზავრებას ამ ეტაპზე არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში გამგზავრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შეიძლება დაიგეგმოს, როგორც კი ის გამოსადეგი აღმოჩნდება კრიზისის მოსაგვარებლად. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს მიმართა. ზელენსკიმ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.  „ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფალნი. რუსეთმა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს კი არ შეუტია, ის სასტიკი შეტევაზე გადავიდა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, ვიცხოროთ თავისუფლად. „რუსეთი არამარტო ჩვენ დაგვესხა თავს, არამედ შეუტია ჩვენს ღირებულებებსაც, ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“. ამერიკელი კონგრესმენები ზელენსკის ისტორიულ მიმართვისას ფეხზე წამოდგნენ და მას ტაშით შეხვდნენ.

შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.   შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი: უკრაინასა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელ მხარდაჭერას გამოვხატავ

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა