ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით
საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. „დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი. დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება! დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება - რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცებისა და ორსულების ევაკუაცია, უკრაინელი მეომრებისა თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის დასაცავად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს
სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. „ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია.
სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი
გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. „მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის. მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა. “გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი და ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას, უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. „ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს. ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“. ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ამასთან, მოლაპარაკებების დაწყებამდე მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მათი პოზიციები უცვლელია – მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და ყველა რუსი ჯარისკაცის უკრაინიდან გაყვანა. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
კარლ ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო გააზრებული და მნიშვნელოვანი
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს
ამერიკის საელჩო: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე
„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - აცხადებს ამერიკის საელჩო და ელჩ კელი დეგნანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ქალები არიან. ეს წარმომადგენლობა რწმენას მატებს ქალებს, რომ სასამართლო სისტემა მათ სამართლიანად მოექცევა. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე. აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ქალების ლიდერებად დაწინაურებაზე. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დეგნანმა უმასპინძლა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ მოსამართლის პროფესიისადმი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა
ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინი ვაშინგტონს „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში იმართება. Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინიდან საქართველოს 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა
ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელწმიფოს დახმარებით დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე. ისინი უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში გადაჰყავთ, საიდანაც საქართველოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ეტაპობრივად გრძელდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი. 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანზიებული გამომგზავრება, მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში. ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ლვოვიდან ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ლვოვიდან-ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალქე იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ. უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელწმიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში. საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში - რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
ჟოზეფ ბორელი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. "ომის გამო, 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი უკრაინიდან გაიქცა, ხოლო ლტოლვილთა რიცხვი შესაძლოა 4-5 მილიონამდე გაიზარდოს", - აღნიშნა ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ხანძარი მოჰყვა
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია
კულტურის სამინისტრო: კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა
„კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. „სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს.
ბორის ჯონსონი: პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია
პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია, თუმცა არ შეაყოვნებს ბრიტანეთს მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ აბსოლუტურად გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობისთვის ამ თავდაცვითი, ლეტალური შესაძლებლობების მიწოდებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა: პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა
თამარ გაბუნია: მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გეგმა
თამარ გაბუნიას თქმით, მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ეპიდვითარება სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, და ამის რისკებს ვერავინ გადააზღვევს დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებულ გეგმა მომზადებულია, დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, - განაცხადა გაბუნიამ. ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 124 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 833 144 აცრა გაკთდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი თქვან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. აქ ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გერმანიის სახით გვაქვს, რომლისთვისაც მსგავსი უარის თქმა არის უკიდურესად რთლი გადაწყვეტილება, მაგრამ მასთანაც ვაწარმოებთ მუშაობას და გვჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს ხმას გაიგებენ“, - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტამიკრონით“ ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონს“ აერთიანებს და შესაძლოა, მას „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს. ცერცვაძის განმარტებით, ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. ამასთან, მისივე განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც „ომიკრონი“, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. „ეს არის ჰიბრიდი „დელტასი“ და „ომიკრონის„. კერძოდ, მას აქვს ომიკრონის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს „დელტასგან“, ასე რომ, ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პანდემიის დასრულების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა. საქართველოში „ომიკრონის“ ტალღა მიდის დაღმავალი გზით. ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობა ნამდვილად ყოველ დღე მცირდება. ნუ მოგვატყუებს, რომ დღეს ორშაბათია და 500-მდე ახალი შემთხვევა იყო. ეს ასე არ იქნება, სადღაც 1 000 შემთხვევა იქნება. გუშინ კვირა იყო და ამიტომ გამოკვლევები იყო მცირე, მაგრამ მაინც მცირდება. საქმე იმაშია, რომ მეკითხებიან ხშირად, მოსახლეობას აინტერესებს დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა თავისი უნარი განახლების და ახალი შტამების გავრცელების“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ერდოღანთან ორმხრივი მოლაპარაკებების წინ, შოლცი პირველად ეწვია მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს და გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი. თურქული მედიის ცნობით, შოლცი ბერლინში ორშაბათს უნდა დაბრუნდეს. „ორმხრივი კავშირების გარდა, მოსალოდნელია აზრთა გაცვლა სხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, პირველ რიგში, უკრაინის საკითხსა და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას შეხვდნენ ანტალიაში, სადაც ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართეს.
ნურსულთან ნაზარბაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს. „NATO არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.