ძებნის რეზულტატი:
BBC News-ის ჟურნალისტებმა რუსეთიდან ინგლისურენოვანი მაუწყებლობა განაახლეს
BBC News-მა რუსეთში შემზღუდავი კანონის ამოქმედების შემდეგ შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა. სამაუწყებლო კორპორაცია განმარტავს, რომ BBC-მ „ფრთხილი განხილვის" შემდეგ გადაწყვიტა, განაახლოს მუშაობა. რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. „ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებდა ტიმ დევი, BBC-ის გენერალური დირექტორი. ცნობისთვის, BBC-ის ვებგვერდებზე წვდომა რუსეთში შეიზღუდა და კრემლმა BBC World News-ის ეთერი გათიშა. „ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენს რუს აუდიტორიას ეკრძალება სანდო და მიუკერძოებელ სიახლეებზე წვდომა იმ დროს, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა BBC-ის წარმომადგენელმა. კორპორაციამ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ BBC News-ზე წვდომა. შეგახსენებთ, ბრიტანული მაუწყებლის გარდა, რუსეთიდან თავიანთი ჟურნალისტები სხვა საერთაშორისო მედიასაშაულებებმაც გაიყვანეს.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია
რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია. ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ვალების დაფარვის საკითხი აქვს გადასაჭრელი და მას რუბლებში გადაუხდის „არამეგობრულ ქვეყნებს“, იტყობინება Reuters-ი. როგორც Reuters-ი წერს, სილუანოვის კომენტარებმა წარმოაჩინა მოსკოვის ყველაზე მკაფიო პოზიცია, რომ ის დახმარებას მოითხოვს ჩინეთისგან. „ჩვენი ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი გვაქვს ჩინურ ვალუტაში, იუანში. ჩვენ ვხედავთ, რა ზეწოლას ახდენენ დასავლეთის ქვეყნები ჩინეთზე, რათა შეზღუდონ ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, არის ზეწოლა ამ რეზერვებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან მაინც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ თანამშრომლობა, რომელსაც მივაღწიეთ და არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ იქ, სადაც დასავლური ბაზრები იხურება.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში
„უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი Facebook გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. „არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - წერა ალეკო ელისაშვილი.
„როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა
ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა, ამის შესახებ რუსეთის საავიაციო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენელის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ. იტყობინება Reuters-ი. მისივე ცნობით, ჩინეთთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი ალტერნატივებს თურქეთსა და ინდოეთში ეძებს. როგორც Reuters-ი წერს, ანტონ სილუანოვის კომენტარებმა წარმოაჩინა მოსკოვის მკაფიო პოზიცია, რომ ის დახმარებას ჩინეთისგან მოითხოვს. ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია
უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა თვლის, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს უფრო მკაცრი სანქციები. უფრო კონკრეტულად, მან ამის შესახებ 1+1-თან ინტერვიუში ისაუბრა და შემდეგი სანქციების დაწესება მოითხოვა: რუსეთის სრულფასოვანი გათიშვა SWIFT-დან. არამხოლოდ სანქცირებული შვიდი ბანკის გარიცხვა, არამედ, ყველა მსხვილი ბანკი, მათ შორის სბერბანკი, გაზპრომბანკი და ყველა სხვა. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პორტების დახურვა რუსული გემებისთვის. ევროპის ბანკებში მყარ ვალუტაში გახსნილი რუსული ანგარიშების გაყინვა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმა და მოქმედი ვიზების გაუქმება. დღესვე, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ მიმართა ევროკომისარს შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონს, აკრძალოს რუსული ტელეარხების მაუწყებლობა ევროკავშირის მასშტაბით. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა
რომის პაპი: შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა
რომის პაპმა უკრაინაში ბავშვებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმო და მას ბარბაროსობა უწოდა. რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას რომელსაც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო, განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ქალწული მარიამის სახელს ატარებს. „შეწყვიტეთ შეტევები, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა რომის პაპმა.
BBC-ის ცნობით, რუსეთის 37 ქალაქში, ომის საწინააღმდეგო აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში პოლიციამ 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა. BBC-ის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ OVD-Info, რომელიც აკვირდება საპროტესტო აქციების დროს დაკავებებს, განაცხადა, რომ პოლიციამ 817 ადამიანი დემონსტრაციების დროს, რუსეთის 37 ქალაქში დააკავა. პოლიცია აცხადებს, როომ დაახლოებით 300 ადამიანი ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. იუწყებიან, რომ მთლიანობაში, რუსეთში, საპროტესტო აქციებზე 14 611 ადამიანი დააკავეს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი. დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერეს ოპერაციები რუსეთში.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი იწყებს კონსტრუქციულ საუბარს
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი იწყებს კონსტრუქციულ ჩართულობას. ამის შესახებ BBC იუწყება. „რუსეთი ახლა ბევრად უფრო ადეკვატურად აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამყაროს. ის გაცილებით მგრძნობიარეა უკრაინის პოზიციის მიმართ, რაც დადასტურდა ბრძოლის ველებსა და უკრაინის ქმედებებში მისი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. „ჩვენი წინადადებები მაგიდაზეა და არის ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, ეს ეხება ჯარების გაყვანას, ცეცხლის შეწყვეტას და ა.შ. პრინციპში, ჩვენ არცერთ პოზიციას არ დავთმობთ, რუსეთს ეს უკვე ესმის. რუსეთი იწყებს კონსტრუქციულ საუბარს“, - აღნიშნავს პოდოლიაკი. BBC-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ვენდი შერმანმაც განაცხადა, რომ რუსეთი აჩვენებდა არსებით მოლაპარაკებებში ჩართვის ნიშნებს. მაგრამ არც ერთი მხარე არცერთი მხარე არ აზუსტებს, თუ სად იყო მიღწეული პროგრესი, ჰუმანიტარულ საკითხებსა თუ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა უფრო პესიმისტური კომენტარი გააკეთა და ფრანგულ რადიოს განუცხადა, რომ ომი ხანგრძლივი იქნებოდა და „ყველაზე უარესი წინ გველოდა“. ასევე წაიკითხეთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
უკრენერგოს სპეციალისტებმა კვირას, 13 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Facebook-ზე განაცხადა. „უკრენერგოს“ ექსპერტების, ჩვენი ბირთვული სპეციალისტების და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ელექტროენერგიის აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში“, - წერს მინისტრი. გალუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული ობიექტია და უკრაინას არავის დახმარება არ სჭირდება უკრაინის ობიექტებზე ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის. „დიახ, ჩვენი ენერგეტიკის სპეციალისტები ნამდვილად გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, IAEA, გაეროს, ეუთოს, დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახლა უკიდურესად აუცილებელია, რომ მტერმა დატოვოს ატომური ელექტროსადგური და შეიქმნას 30 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო“, - განაცხადა გალუშჩენკომ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს დაიპყრეს. ქარხანა რუსეთის არმიის კონტროლს ექვემდებარება 4 მარტიდან. 10 მარტს IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთან შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილისა და ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებიდან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად
დმიტრო კულება ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მადლიერნი ვართ აშშ-ის მტკიცე თანადგომისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს კულება Twitter-ზე.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა
რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, ამის შესახებ Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებიან. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას აუცილებლად ისაუბრებს გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. „დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა. მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი. ამასთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს: უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს. ასევე წაიკითხეთ: პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა
მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ხანძარი მოჰყვა
მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა. ინციდენტის შემდეგ რამდენიმე სართულზე ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა სასწრაფოდ დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ჩაქრობა. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა: ქალაქი ვოლნოვახა აღარ არსებობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, თითქმის 2-საათიანი შუალედით, რუსეთში, კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა, - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "თბილისის დროით 06:37 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, 3.6 გაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა იყო, თბილისის დროით 08:22 საათზე კი, საქართველოს საზღვრიდან 10 კმილომეტრში, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დააფიქსირეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. მანამდე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის - 15.34% ხოლო 7 დღის - 12.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 14, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 659, აჭარაში - 102, იმერეთში - 283. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 54, იმერეთში - 72. 29 090 ადამიანი სახლში მკურნალობს.
შს სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინის“ ამოიღო, რისთვისაც 4 ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს. სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
დიმიტრი პესკოვი: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. „მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, - აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით. ასევე წაიკითხეთ: Reuters: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ ვაღიარებთ
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ისევე როგორც მის შედეგებს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია
უკრაინული მედია: კიევში, თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ დაიბომბა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ დაიბომბა. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანასთან სამი რაკეტა ჩამოვარდა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა