ძებნის რეზულტატი:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 227 ადამიანის ტესტირების შედეგად, 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებენ

აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აპირებენ, რომ სანქციები დაუწესონ ბელარუსის რეჟიმის იმ მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან. როგორც ოთხმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ უთხრა სააგენტო „როიტერსს“, სანქციების შემოღების შესახებ სამმა სახელმწიფო, შესაძლოა, პარასკევს გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება. დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს. 23 სექტემბერს მინსკში სპეცრაზმის წევრებმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტხანს მიმდინარე, უპრეცედენტო აქციებისა. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლუკაშენკას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა მიულოცა გამარჯვება. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები.

საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 16 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების დროიდან ეს რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, წინა რეკორდი ქვეყანაში 19 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსის 13 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, კოვიდ 19-ს საფრანგეთში 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 31 511-ს მიაღწია. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 4 250 პაციენტი გადაიყვანეს, აქედან 718 - რეანიმაციულ განყოფილებებში მოათავსეს. ინფიცირების 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გაერთიანებულ სამეფოში, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 41 902-მდე გაიზარდა.

ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გადაადგილება შეიზღუდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. ,,ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება", - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

"მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ"

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით, განსაკუთრებით კი სომხეთის მიერ თოვუზის რაიონში მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეო ფორმატში გაიმართა. „სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს, 17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით,“- აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან. „იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან,“- აღნიშნა ალიევმა. მან ქვეყნებს მოუწოდა, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ. „აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

Facebook-მა რუსეთში შექმნილი, 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი წაშალა

კომპანია Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა. კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ. კომპანია Facebook-ში აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. „ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 165 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი - 6; თბილისში - 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი - 2. რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ენდელაძემ.

რეჟისორი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის ფესტივალიდან უნიღბოდ მისვლის გამო გააგდეს

ფრანგი რეჟისორი და დრამატურგი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნიღბის გაკეთებაზე უარის თქმის გამო გააგდეს. ინციდენტი გრინის ახალი ფილმის Atarrabi & Mikelats-ის პრემიერაზე მოხდა. "ფესტივალის ორგანიზატორებმა ეჟენ გრინს დამცავი ნიღბის გაკეთება ხუთჯერ სთხოვეს. გრინს ჩამოერთმევა აკრედიტაცია ფესტივალის პერსონალისა და მაყურებლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის უგულებელყოფის გამო". – წერია ფესტივალის განცხადებაში. ფესტივალმა რეჟისორს შესაძლოა ადგილობრივ პოლიციაში უჩივლოს, რომელიც ვალდებულია დამრღვევი დააჯარიმოს.

"მოვუწოდებთ მთავრობას, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია დაყოვნების გარეშე მოახდინოს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ კიბერუსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც დღეს ამ თვალსაზრისით არსებობს. "მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე იმ მიმართულებით მუშაობას, რაც გულისხმობს კიბერ-ქსელების, ინფორმაციის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს",-განაცხადა დეგნანმა.

"ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება არჩევნები საქართველოში"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა "ქცევის კოდექსს" ხელი მოაწერეს. "ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს "ეთიკის კოდექსს". ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები",-განაცხადა ჰარცელმა.

"გენდერის გამო, პოლიტიკაში პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა არ არის"

ანი მიროტაძე, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პლათფორმა "ქალების საქართველოდან" პროექტის “პოლიტიკაSHE”-ის ფარგლებში, მას გენდერის კუთხით, პოლიტიკაში შექმნის პრობლემებზე ესაუბრა. „პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტიკაში აქტიურად ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩავერთე. 18 წლის ვიყავი, როცა სწავლის პარალელურად, ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. ჩემს პროფესიაში ყველა საფეხური გავიარე და თითქმის ყველა პოზიციაზე მიმუშავია - რიგითი კორესპონდენტიდან დაწყებული, ვიყავი მთავარი რედაქტორი, გადაცემის წამყვანი, პროდიუსერი, სააგენტოს ხელმძღვანელი და ა.შ. ჯერ „ახალ თაობაში” ვმუშაობდი, შემდეგ - ''პირველ არხზე,'' ასევე, ტელეკომპანია “202”-ში. გავაკეთე ახალი ამბების სააგენტო, რომელიც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ გავასხვისე. 2016 წელს, როცა არჩევნებში დავმარცხდი, ისევ ჩემს პროფესიაში დავბრუნდი და საინფორმაციო სააგენტო „2020 ნიუსი“ დავაარსე. 2010 წლის ბოლოს, პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე - ''ეროვნული ფორუმის'' ლიდერმა, კახა შარტავამ შემომთავაზა, პოლიტიკაში წასვლაზე ხომ არ იფიქრებდიო. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც, პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკური ველი მოსწორებული იყო – ''რვიანის'' ფორმატიც, ოპოზიციის ფორმატი, ყველაფერი დაშლილი იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა განცდა, რომ მესამე ვადით მოიგებდა არჩევნებს. ასეთ სიტუაციაში მივიღე გადაწყვეტილება, წავედი პოლიტიკაში და „ეროვნულ ფორუმს“ შევუერთდი. ჩემი გარემოცვისთვის - ახლობლებისა და მეგობრებისთვის, ეს ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ მაშინდელი პოლიტიკური მდგომაროება გარედან ძალიან უპერსპექტივო ჩანდა. თუმცა, ეს ყველაფერი, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით შეიცვალა. შემდეგ კოალიცია შეიქმნა, ჩვენ ვიყავით კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სუბიექტი პარტია. ამდენად, „ეროვნული ფორუმის“ კვოტით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, საქართველოს 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გავხდი, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიული კომიტეტის წევრი ვიყავი. ის ოთხი წელი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ მოქმედებისთვის ბევრი შესაძლებლობა არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციის ფორმატში მაშინ ბევრად მეტი მოვახერხეთ, ვიდრე ამ პარლამენტმა, რომელიც ჩვენ შემდგომ შეიკრიბა და სადაც განსხვავებულ აზრს კი არა, საერთოდ არაფერს აღარ აფიქსირებენ ადამიანები. ჩვენს დროს, უკვე 2015 წლიდან, ისეთი უხეში ფორმებით გამოხატული კონტროლი და შეზღუდვა იყო, უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. პოლიტიკურ მომავალთან და ზოგადად, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვებში, იმდენად დიდი სხვაობა იყო, ცოტა თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა თუ გქონდა შენი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე, ამ კოალიციაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ამის არცერთი შანსი არ დაგვიტოვეს, მათთან ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. ეს გადაწყვეტილება 2015 წლის ბოლოს მივიღეთ - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩაგვეტარებინა. როდესაც პირადად მე შევახსენე მმართველ გუნდს ამ დაპირების შესახებ, ისე შეცვალეს ყველაფერი და ისეთი გაოცებულები იყვნენ - რას ლაპარაკობ, რა პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება, მერე რა, რომ ხალხს დავპირდითო. მაშინ, ჩვენ ჩვენი გზით წასვლა გადავწყვიტეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2016 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მმართველ პარტიას კატეგორიულად არ უნდოდა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, ჩემთვის მთავარი წყალგამყოფი ეს საკითხი იყო. მაშინაც ვიბრძოდი ამისთვის, რადგან ეს სისტემა უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანია და პოლიტიკურ პროცესს ბევრად უკეთესად ასახავს, თუმცა ამაზე შარშანაც ბევრი იომეს, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. მათთვის ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ შეიძლება ვინმეს გაუნაწილონ ხელისუფლება.მე არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, ჩემი გენდერის გამო, რაიმე პრობლემა შემქმნია პოლიტიკაში-მეთქი. შესაძლოა, მოწინააღმდეგე ბანაკიდან ყოფილა სხვადასხვა ეპითეტით შემკობა, რომ „მახინჯი“ ვარ ან რამე მსგავსს წერდნენ სოციალურ ქსელში, თორემ პირადად და პერსონალურად ამას ნამდვილად ვერავინ გამიბედავდა. 10 ბალიანი სისტემა რომ ავიღოთ, მე როგორც ქალს, შემექმნა თუ არა პრობლემა პოლიტიკაში, ვიტყვი რომ არა, მაგრამ 2 ბალს მაინც მივანიჭებ ბარიერს. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქალების მიმართ არ არის და არ იყო დისკრიმინაციული დამოკიდებულება, ან ამას ვერ ვხედავდი, ან ახლა ვერ ვხედავ. მაგრამ მე მაქვს ჟურნალისტური გამოცდილება და საკუთარი თავის პოზიციონირება ვიცი, ალბათ, ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები მეხმარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ არის უარყოფითი განწყობა ქალი პოლიტიკოსების მიმართ, მაგალითად, შეიძლება გაგლანძღონ იმის გამო, რომ პირობითად, გაცვია ვარდისფერი პიჯაკი, რასაც, რასაკვირველია, არასოდეს იტყვიან მამაკაცზე. ან ვიღაცას არ უვარგა პარამეტრები და აკრიტიკებენ, თუ რატომ აცვია შარვალი. ჩემ მიმართ არა, მაგრამ სხვების მიმართ გამიგონია ძალიან ბევრჯერ დამცინავი ეპითეტები ჩაცმასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, ჩამორჩენილობის ნიშანია. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაძლოა, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემთხვევები ბევრი ქალისთვის გახდა ბარიერი, პოლიტიკაში მოსასვლელად რომ არ ეაქტიურათ და საკუთარი ძალები არ მოესინჯათ და მგონია, რომ ეს ყველაფერი ამაზეც იყო გათვლილი - ერთი, რომ ეს არის პერსონალური ანგარიშსწორება და მეორე, ეს იყო მკაფიო მესიჯი სხვა აქტიური ქალების მიმართ - „არ გაბედოთ და არ იყოთ ურჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პირადი ცხოვრება თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.“ ეკა ბესელიას შემთხვევის დროს, ყველა შესაძლო სივრცე გამოვიყენე, ეს შანტაჟი რომ დამეგმო და სოლიდარობა გამომეცხადებინა მის მიმართ, გამოვხატე მზადყოფნა, რომ თუ ჩემი გვერდში დგომა საჭირო იქნებოდა, ვიდგებოდი მის გვერდით. საჯარო სოლიდარობის გარდა, სადაც შესაძლებლობა მომეცემა, ყველგან ვიბრძვი, რომ არ მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია.პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების წინააღმდეგ, შეიქმნა პოლიტიკოსი ქალების გაერთიანება, რომელსაც სიამოვნებით შევუერთდი და ნებისმიერი ღონისძიება ჩემთვის მისაღები იქნება, სადაც ადამიანები კიდევ ერთხელ, მეათედ და მეათასედ დააფიქსირებენ, რომ არავის აქვს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისა და მისი გამოყენების უფლება. აქედან გამომდინარე, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გამოვხატავ სოლიდარობას ამ საკითხზე, რადგან დავიცვათ ის ქალები, რომლებზეც ამ სახით ხდება თავდასხმა და მეორე, იმ ქალებს, რომლებსაც აქვთ აქტიურობის სურვილი, მივცეთ ამის შესაძლებლობა და ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ჩემი თაობის ქალებს, ჩემნაირ ქალებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის დამკვიდრების საკითხი გვიდგას, ასევე, გზა გვაქვს გასაკვალი იმ ქალებისთვის, რომლებსაც საზოგადოებრივი აქტიურობა სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყოფნით გამბედაობა. ამიტომ, მათ უნდა ვაჩვენოთ გზა ჩვენი პირადი მაგალითებით, როგორ ვიაროთ წინ და როგორ გადავლახოთ ბარიერები.აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ქალი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ვიდრე კაცი. ზოგადად, ქალი უფრო მეტად ცდილობს, არჩევნებზე იაქტიუროს და ხმა მისცეს. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რატომ აქვს თავის ოჯახს, შვილებს პრობლემები, სად რა არის გამოსასწორებელი. მე ვფიქრობ, ქალი უფრო ახლოს არის იმის გააზრებასთან, რა შეიძლება იყოს უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ასევე ვფიქრობ, რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტად იქნება საუბარი ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმცირესობის საჭიროებებზე, რა პრობლემები გვაქვს განათლებაში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, რა პრობლემებია მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით. ამაზე კაცები არ ლაპარაკობენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათმა უმეტესობამ, ეს არ იცის. რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტი გარანტია იქნება, რომ რასაც ის ხელს მოკიდებს, ის საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სოციალური პრობლემა გვაქვს, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და ეროვნული დონის ამოცანა მგონია, ეს არის განათლების სისტემის ძირფესვიანი რეფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება სახელმწიფო. ახლა, 45 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ, აქტიურად იმისთვის შემოვდივარ პოლიტიკაში, რომ მთავარი აქცენტი განათლებაზე გავაკეთოთ.“ ავტორი: ნინო გამისონია პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.

ლარში გაცემული სესხები გაძვირდა, უცხოურ ვალუტაში - გაიაფდა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,3%-დან 15,6%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, აგვისტოს მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,5%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16,9%-ს. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,5%-ს, წინა წლის აგვისტოში - 7,1%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 7,1%-დან, 6,9%-მდე შემცირდა.

კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ჰიუსტონის მეთოდისტური საავადმყოფოს მკვლევარებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის სტრუქტურის ანალიზის პირველმა კვლევამ დაადგინა, რომ დიდ ქალაქში ინფექციის ორი ტალღიდან აღებულ ბოლო ნიმუშებში, ვირუსის უფრო გადამდები შტამი დომინირებს. მათ ეთნიკურად მრავალფეროვანი, 7 მილიონიანი ჰიუსტონის პანდემიის ადრეულ ფაზაში და ინფექციის ბოლო ტალღის დროს აღებული ვირუსების 5 ათასზე მეტი გენომი გამოიკვლიეს. კვლევამ, რომელიც სხვა ექსპერტებს ჯერ არ შეუფასებიათ, დაადგინა რომ მეორე ტალღის თითქმის ყველა სახეობას ჰქონდა მუტაცია D614G, რომელიც ვირუსზე გვირგვინის ფორმის ერთგვარი წაწვეტებების, ე.წ. სპაიკ-ცილების უფრო გაზრდილი რიცხვით გამოიხატება. ეს ერთგვარი წაწვეტებები, ვირუსს სხვა უჯრედებზე მიწებების, მათში შეღწევის მეტ საშუალებას აძლევს და მუტანტ ვირუსს ინფიცირების მეტ უნარს უჩენს. ჰიუსტონელმა მკვლევარებმა თქვეს, რომ ამ შტატმის ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, თავდაპირველი დიაგნოზისას, ვირუსის მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა ჰქონდათ. თუმცა მკვლევარებმა ვერ იპოვეს რაიმე მინიშნება იმ მიმართულებით, რომ ამ მუტაციამ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახადა. ისინი ფიქრობენ, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადების (კოვიდ-19) სიმძიმე უფრო მეტად პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და გენეტიკას უკავშირდება, და არა ვირუსის მუტაციას. მათ ასევე თქვეს, რომ ცილის ზოგიერთმა მონაკვეთმა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოების მთავარი სამიზნეა, რამდენიმე მუტაცია განიცადა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი სახეს იცვლის, რათა სხეულის იმუნურ რეაქციას თავი აარიდოს. წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ადამიანის მასპინძელ სხეულთან შესაგუებლად, კორონავირუსი მუტაციას განიცდის და იცვლება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილეინ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან. დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან. ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას.

მეტროპოლიტენის ოპერამ სეზონი 2021 წლის სექტემბრამდე გააუქმა

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა მომავალ სექტემბრამდე აღარ გაიხსნება. პანდემიის გამო, რომლის გაკონტროლება შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, ქვეყნის ყველაზე დიდი და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო. ეს პირველი შემთხვევაა მეტროპოლიტენის ოპერის 137-წლიანი ისტორიის მანძილზე. 3 800-ადგილიანი დარბაზი პირველად მარტის შუა რიცხვებში დაიხურა, როცა ნიუ-იორკში კოვიდ-19-ის გავრცელება სწრაფად დაიწყო. მეტის სცენებზე, ასე ეძახიან შემოკლებით მეტროპოლიტენის ოპერას, სეზონურად 200-ზე მეტი წარმოდგენა იმართებოდა, რომელსაც 800 000-ზე მეტი ხელოვნების მოყვარული ესწრებოდა. განცხადება მთელი 2020-21 წწ. სეზონის დახურვაზე ოპერის ვებ-გვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ეს ფაქტი, ამავე დროს, საგანგაშო გზავნილი გახდა ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებისთვის, ბროდვეის დიდი და მცირე თეატრების, კომედიის კლუბების და ბევრი სხვა ცოცხალი შესრულებით გამორჩეული სცენებისთვის. 2020 წლის მარტიდან სექტემბრამდე, მეტროპოლიტენის ოპერამ 150 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. მისი მსოფლიო კლასის ორკესტრის და გუნდის წევრები მარტის შემდეგ უმუშევრები არიან. ოპერის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ სეზონს საახალწლოდ გახსნიდნენ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება, მოგვიანებით, მთელი სეზონის დახურვით შეიცვალა. მეტროპოლიტენმა მარტიდან დაიწყო ძველი წარმოდგენების ჩანაწერების უფასოდ, ონლაინ გაშვება და ამბობს, რომ მათი ჩვენება კვლავაც გაგრძელდება. ოთხშაბათს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სეზონის გაუქმება “ჯანდაცვის იმ ოფიციალური პირების რეკომენდაციების საფუძველზე” გადაწყდა, ვინც რჩევებს აძლევს მეტროპოლიტენის ოპერას და ლინკონის ცენტრს. წარმოდგენები არ განახლდება მანამ, სანამ “ვაქცინის ფართო გამოყენება არ მოხდება, პოპულაციური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სამედიცინო მოთხოვნა აღარ იქნება” – ნათქვამია მეტის განცხადებაში.

პარიზში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან 4 ადამიანი დაჭრეს

პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან ახლოს, ოთხი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციამ მოქალაქეებს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე დანა აღმოაჩინეს.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.33 ლარი გახდა

25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია. ევროსთან მიმარტებით კი კურსი 5.2 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.88 ლარი გახდა. ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კი მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $120 მილიონი დოლარი გაყიდა. სულ 2020 წლის განმავლობაში სებ-მა ინტერვენციებით $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ $200 მილიონზე მეტს გაყიდის.

პუტინმა აშშ-ს "ჩაურევლობის გარანტიების გაცვლა" შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს შესთავაზა, „გაცვალონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, ჩაურევლობის გარანტიები“. განცხადება დღეს გამოქვეყნდა კრემლის საიტზე. ის არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენებთან. განცხადების ყურადღების ცენტრშია წინადადება, შემუშავებულ იქნეს „ზომების კომპლექსური პროგრამა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის აღსადგენად საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში“. დოკუმენტში ლაპარაკია რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. კერძოდ, წამოყენებულია წინადადება, უზრუნველყოფილ იქნეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის არხები „ბირთვული საფრთხის შემცირების ცენტრებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფების ხაზით.“ რუსეთის წინადადება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიღწევას საინფორმაციო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. არჩევნებში ჩაურევლობის გარანტიებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი მიცემულ უნდა იქნეს „ურთიერთმისაღები ფორმით“ და უნდა ეხებოდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ასევე პუტინი გამოდის წინადადებით, მიღწეულ იქნეს გლობალური შეთანხმება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველ დარტყმაზე უარის შესახებ. ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კრემლის განცხადებაზე. აშშ-ს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ძირგამომთხრელ მოქმედებებში საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. მათ შორისაა მასშტაბური კიბერთავდასხმები უცხო ქვეყნებზე (კერძოდ - უკრაინაზე, საქართველოზე, მაგრამ ასევე თავად აშშ-ზე) და საერთაშორისო ორგანიზაციებზე; ჰაკერული თავდასხმები (მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე - რაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო); ასევე ე.წ. „ტროლების ფაბრიკების“ მოქმედება, „ფეიკ ცნობების“ განთავსება ინტერნეტში, სოცქსელების გამოყენება არჩევნებში და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის უცხოეთის ქვეყნებში. კიბერთავდასხმებში კერძოდ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურებს, განსაკუთრებით - გენშტაბის მთავარ სამმართველოს (გრუ), ასევე ე.წ. „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთანაა დაკავშირებული.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ"

ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ვატიკანიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიდეომიმართვაში სიტყვით გამოცვლისას პაპმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ", - აღნიშნა პაპმა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაღუპულა რიცხვი 25-ია, ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა. როგორც ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა განაცხადა, კატასტროფამდე მფრინავმა გააგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მარცხენა ძრავი დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი დღეს ხარკოვში ჩასვლას გეგმავს. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. Antonov-26-მა კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. დაღუპულთა უმეტესობა ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან.