ძებნის რეზულტატი:

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა, უცხოეთში პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა. ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება. კომპანიის ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობაც დააანონსა. თუმცა, როგორც დღეს მერაბ ნადაიარია ამბობს, პანდემიის გამო იტალიელი პარტნორების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პროექტის განხორციელება გაჭიანურდა. „საწარმოს მშენებლობა დაგეგმილი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავიწყეთ. პანდემიის გამო ჩვენი იტალიელი პარტნიორები ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ, მოხდა გადავადება. როგორც კი პანდემია დასრულდება, დაახლოებით, 1 თვეში განახლდება მუშაობა. თითქმის ყველა საკითხზე მოლაპარაკებული ვართ მათთან. რაც შეეხება ლოკოკინების ექსპორტს, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახლა ვამზადებთ საექსპორტო პროდუქტს, რომელსაც დეკემბერში გავიტანთ. შარშან იტალიაში გავიტანეთ 15 ტონა, წელს იქნება 45 ტონა. მოთხოვნა ძირითადად მოდის იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან. ჩვენ წელსაც უშუალოდ იტალიაში ვაგზავნით“,-ამბობს მერაბ ნადაიარა. მისი თქმით, პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების მოძიება რთული არ არის. თუმცა, ცოცხალი ლოკოკინები საქართველოში პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს. „ცოცხალ ლოკოკინაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ცილების მაღალი შემადგენლობით (ქოლესტერინი აქვს - 0). უცხოეთში იციან ამის შესახებ, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. რეალიზაცია არ ჭირს. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის. ჩვენთან მხოლოდ გადამუშავებულის რეალიზაციას ვგეგმავთ“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ. ცნობისთვის, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს. ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება კი 1,6 მლნ ლარია.

4 გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო პროცესის განახლებას შეეხება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო, საზოგადოებას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო: 1. 1 ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან;2. VII-XII კლასის მოსწავლეები დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება;3. 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან;4. 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები განაახლებენ; განათლების მინისტრმა მოსახლოებას ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. ასევე მინდა გავიმეორო, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს I-VI კლასის მოსწავლეებს. თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, ეს პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები. 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ თავიან ფუნქციონირებას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ჩვენ მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. მინდა გითხრათ, რომ დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას, გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით. რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, მათ შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის გაფართოებას გეგმავს

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის გაფართოებას გეგმავს. ჯანდაცვის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ბინაზე მკურნალობის მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება და 25 ონლაინ-კლინიკის გარდა, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა ოჯახის ექიმებიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმისათვის რომ მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან. გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში, ბინაზე, კორონავირუსის მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ. ცნობისთვის, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბინაზე მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე ადამიანი, მათგან 600-ზე მეტი აჭარის რეგიონში.

მოსკოვის „ჰელსინკის ჯგუფის“ დამაარსებელი, დისიდენტი იური ორლოვი გარდაიცვალა

აშშ-ში, 96 წლის უფლებადამცველი და დისიდენტი, იური ორლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი ავრცელებს. ორლოვი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, საბჭოთა არმიაში პრაღაში მისი შემოსვლის დროს ირიცხებოდა. მოსკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის საბჭოთა საიდუმლო ბირთვულ ლაბორატორიაში საქმიანობდა. 1956 წელს ის სამსახურიდან დაითხოვეს, ჩამოართვეს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება და გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან სოციალ-დემოკრატიული იდეების გამო. მოგვიანებით ის მუშაობდა დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროს და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტში, საიდანაც დაითხოვეს აკადემიკოს სახაროვის მხარდაჭერის გამო. ორლოვი იყო Amnesty International-ის საბჭოთა ჯგუფის წევრი. მან 1976 წელს დააარსა „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. იური ორლოვი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აქტიურობის გამო იდევნებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ. ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით მას 1977 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს შემდგომი გადასახლებით. ორლოვს 1986 წელს ჩამოართვეს საბჭოთა მოქალაქეობა და გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან, გაცვალეს აშშ-ში დაკავებულ საბჭოთა მზვერავზე. ორლოვი ავტორია ავტობიოგრაფიული რომანისა „სახიფათო აზრები“.

ბელარუსში სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე 350-ზე მეტი პირი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 350-ზე მეტი პირი დააკავეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა. სააგენტო წერს, რომ პოლიციამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასაშლელად ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრელმსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულებს კი პოლიციის ფურგონებში ძალით სვამდნენ. ცნობისათვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოქალაქეები, რომლებიც უკვე 7 კვირაა პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. სამართალდამცავებმა აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს, რა დროსაც, ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.

კორონავირუსით დღეს მე-4 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე STOP.COV.Ge-ზე აისახა. 20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი. COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს"

სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, დამთავრდეს კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის გამო დაიწყო. „აზერბაიჯანის მიწების სომხებისგან გათავისუფლება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას გაუხსნის გზას“-, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

პური შესაძლოა, 5-10 თეთრით გაძვირდეს

„ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა, თუ სიტუაცია არ შეიცვალა შესაძლოა, ორ თვეში ან თვენახევარში პური გაძვირდეს“. ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ. „ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები შეიცვალა. 1 ტომარა ფქვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ლარით გაძვირდა. ამასთან, პანდემიის გამო საწარმოებში ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. პურპროდუქტების სფეროში უკვე ძალიან ბევრი კომპანია გაჩერდა, მაგრამ ბევრიც მუშაობს. პურზე წამდაუწუმ ფასების შეცვლა არასერიოზულია. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ წარმოებებში ეს საკითხიც განიხილება, ალბათ 5 ან 10 თეთრით შეიძლება შეცვალონ ფასი. თუმცა, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დაძაბული სიტუაცია, მეზობელ ქვეყნებში ომი დაიწყო. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის მწარმოებლები ფასის შეუცვლელად შემცირებული მოგებით და გაძვირებული ფასების პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, დაახლოებით, 2 თვე ან თვენახევარი შევძლებთ,“- განაცხადა დოლიძემ.

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება. 112-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა. ოჯახის ექიმები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას - საჭიროა თუ არა მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან გადამისამართება და ასევე, შესაძლებელია თუ არა მოქალაქის სახლის პირობებში მკურნალობა. პირები, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციას, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, რჩებიან საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ონლაინ კლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება უწყვეტად, პერმანენტულ რეჟიმში. მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ფასდებიან როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, ავტომატურად მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, რომლის ეკიპაჟებიც შეუფერხებლად ემსახურებიან პაციენტებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებას. 112-ში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ზარების ფილტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულმა სისტემამ მკვეთრად გააუმჯობესა კოვიდ-19-ის შემთხვევებზე მიზნობრივი რეაგირების ხარისხი.

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ქვეყნის მთავრობამ მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათ-კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დედაქალაქის მეტრო. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 40 061-მდე გაიზარდა, გარდა ამისა კოვიდ 19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 588-ს მიაღწია.

"ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით"

რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს. „იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია “, - აღნიშნა პუტინმა. ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.

გერმანიის მთავრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის ფედერალური მთავრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მედიის ინფორმაციით, მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები „უკიდურესად სახიფათო სიტუაციად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობას. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც დღემდე ათობით ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მხარეები ცეცხლის გახსნასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. „გარდაიცვალა 58 წლის პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში 9 სექტემბერს მოათავსეს. მას ჰაერის მძიმე უკმარისობა და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. მანამდე ის თვითნებურად სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 20 სექტემბერს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. თუმცა, 28 სექტემბერს გარდაიცვალა. მამაკაცს ღვიძლის თანმდევი დაავადებაც ჰქონდა“, - განაცხადეს ე.წ. ოპერატიულ შტაბში. მათივე ცნობით, საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი 20 მათგანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 106 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 14, საშუალო სიმძიმისაა 27, 9 პაციენტი კი გაეწერა. თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი. მთლიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა გამოვლენილი, 434 გამოჯანმრთელდა.

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ფრანსუა-ფილიპ შამპანმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს. „კანადა და გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულები არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ურთიერთშეხების ხაზზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო. ასევე ძალიან შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. მოვუწოდებთ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პატივისცემისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას“, - ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მხარეები ცეცხლის გახსნასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული. „ამ სკოლებიდან 2085 სკოლა საჯაროა, დანარჩენი კი კერძო. ჩვენ ყველა ის სკოლა შევამოწმეთ, ვინც მოგვმართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ეს სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში. შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი და საერთო რაოდენობა უკვე 33-ა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა. მისივე თქმით, ქვეყანაში 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა. „დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“, - განაცხადა ენდელაძემ. რაც შეეხება გარდაცვლილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია. „პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ. მისივე ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში დღეს 463 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 არის ბავშვი და 10 -ორსული. ამასთან, კოვიდკარანტინებში არის 900-ზე მეტი ინფიცირებული, აქედან 60-მდე ბავშვია. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი პაციენტი. ცნობისთვის, ამ ეტაპზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 270 ადამიანი. მთლიანობაში - 2324. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"ვიმედოვნებთ, 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება"

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. "ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს,. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნატოს–თვის", – განაცხადა სტოლტენებრმა.

"მოვუწოდებთ რუსეთს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს"

"მოვუწოდებთ რუსეთს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. “ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. „მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ. საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„აქაური ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო თვალშესახები უნდა იყოს“ - ექსკლუზივი

საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, დე ფაქტო მთავრობამ, ენგურის ხიდი ჩაკეტა. მას შემდეგ, გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას სრულად მოწყვეტილია. ვირუსი, კონფლიქტის ზონაშიც ისევე გააქტიურდა, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. გალის რაიონში, ამ ეტაპზე ორი სოფელი - საბერიო და ჩეღალია ჩაკეტილი. როგორ მიმდინარეობს ტესტირების პროცესი, როგორია საზოგადოებაში განწყობები, რა პრობლემები აწუხებს ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობას და რას სთხოვენ მთავრობას, „ევროპათაიმი“ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრს, რ.ს.-ს ესაუბრა. „მოგეხსენებთად, კორონავირუსი ენგურჰესის რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდა. ამ ეტაპზე ჰესში მხოლოდ ის ხალხი მუშაობს, რომელთა ადგილზე ყოფნაც ძალიან აუცილებელია. სხვა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ. ნაწილი კი სამკურნალოდაა გადაყვანილი. მას შემდეგ რაც საბერიო და ჩეღალი დაიკეტა, ჩეღალის საავადმყოფოში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყო. ხალხი მოტივირებულია თავი დაიზღვიოს და ტესტირებაზე ზოგჯერ რიგიც კი დგას. საავადმყოფო როგორც ჩანს ქართული მხრის მიერ კარგადაა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი. რადგან ადგილობრივ „მთავრობას“ რესურსი საკუთარი თავისთვისაც არ აქვს. მეტიც, ვხედავთ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არა მარტო ქართველები, არამედ აფხაზებიც გადაჰყავთ“. რ.ს.-ს თქმით, სასწავლო პროცესი, საბერიოში მდებარე ორი სკოლიდან, ერთში, კერძოდ, ნომერ პირველ სკოლაში განახლდა, მეორე სკოლის მოსწავლეები კი დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული. „ნომერ პირველ სკლაში გაკვეთილების და შესვენების ხანგრძლივობა შემცირებულია. სწავლის დაწყებამდე ყველა მოსწავლეს და პედაგოგს უტარდება თერმოსკრინინგი, სკოლას აქვს სადეზიფექციო საშუალებები“. რ.ს. როგორც სხვა დანარჩენი, ადგილობრივი მაცხოვრებელია და კონფლიქტის ზონაში ჩაკეტილი მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემად, „ჩაკეტილ საზღვარს“ ასახელებს. „ყველაზე დიდი პრობლემა ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია და მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნის. აქაურ ხალხს, არავის დახმარება არ სჭირდება, იმდენად ბრძოლისუნარიანები არიან, ისინი თავის თავს ძალიან კარგად მიხედავენ და არც არავის სთხოვენ დახმარებას, მთავარია გზა გაიხსნას. მხოლოდ ამას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. მოგეხსენებათ, აქაურები საკვებ პროდუქტებსა და სხვა საჭირო/აუცილებელ ინვენტარს, ძირითადად ზუგდიდის ბაზარში ყიდულობდნენ. ახლა მთელი მასა გალის ბაზარს მიაწყდა, რადგა სხვა გზა არ არსებობს. მაშინ, როცა გალის ბაზარიც კი ზუგდიდიდან მარაგდებოდა, ბევრი პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა. ამას ემატება კატასტროფული სიძვირე. მოგეხსენებათ აქ რუსული რუბლია ბრუნვაში. შედარებისთვის მაგ:. კარტოფილი სამ-ოთხ ლარი ღირს, ყველი 20-25 ლარი. არანაკლები პრობლემაა მედიკამენტები. ერთადერთი ავტომანქანა, რომელიც კვეთს ენგურის ხიდს, ამ ჩაკეტილობის პერიოდში, ენგურჰესის მომსახურე ავტობუსია, რომელსაც ცვლა გაყავს და გამოყავს. უნდა ნახოთ, რამდენი ადამიანის ნუგეში არის ეს ავტობუსი, რომელსაც აქაურებისთვის საკვები პროდუქტები, აუცილებელი მედიკამენტები თუ სხვა პირველადი მოხმარების საგნები შემოაქვს. ამ ეტაპზე, კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, ეს ავტობუსები არ მოძრაობენ. აქვე მინდა გამოვიყენო ეს პლათფორმა და დიდი მადლობა ვუთხრა ,ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან მებონიას, იმ დიდი თანადგომისთვის, რასაც გრძნობს საბერიოს მოსახლეობა მისგან. აგრეთვე მადლობა აქ მომუშავე ექიმებს, სამედიცინო დებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, ენგურჰესის კუთვნილი ავტობუსების მძღოლებს“. მოსახლეობის პრობლემების ჩამონათვალშია სოციალური დახმარებების საკითხი, რაც მათი ძირითადი საარსებო წყაროა. „მოგეხსენებათ აქაური მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმულია, ამიტომ ძირითადი შემოსავლის წყარო სოციალური შემწეობებია. გალის მოსახლეობისთვის ძალიან რთული თემაა კუთვნილი პენსიის მიღება. როგორც ამბობენ, გალში მათ ბანკში შეუძლიათ პენსიის აღება, მაგრამ პროცენტი არის მაღალი. ბევრი ამასაც ვერ ახერხებს, ამიტომ უწევთ მინდობილობით, დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ნათესავებს ააღებინონ კუთვნილი პენსიები და რაღაც მანქანებით მოაწოდონ გალში, რომელიც უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული“.სეზონური პრობლემების ჩამონათვალში მოხვდა თხილის მოსავლის აღებისა და გაყიდვის საკითხი. „თუ ზუგდიდში მუშახელი 35 ლარი ღირს, აქ 45 ლარზე ნაკლებ ვერ იშოვი თხილის მოსაგროვებლად დამხმარეს. თუ ზუგდიდში 8 ლარი ღირს თხილი, აქ 2,5 ლარით ნაკლებია. გადატანის შანსი დღეს საერთოდ არ არის, ადრე კი ალბათ ემახსოვრება ხალხს, გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ, ზოგს კი საერთოდ არ უღირდა გადატანა. ახლა ადგილზე თხილის ძირითადი ბაზარი რუსეთია. ხალხი იძლებულია იმ ფასში გაყიდოს, რა ფასიც ადგილობრივ ბაზარზე დაწესდება, რადგან სხვა შემოსავალი აქაურებს არ აქვთ“. რ.ს. თვლის რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მმართველი მთავრობისგან მეტი ხმამაღალი მხარდაჭერა სჭირდება. „ცნობილია რომ აფხაზურმა მხარემ ამ ჩაკეტილობის პერიოდში, რამდენჯერმე გახსნა ცალმხრივად ენგურის ხიდი და დანარჩენ საქართველოში მყოფ, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მიეცათ საშუალება, უკან სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოვიდა. ახლა როცა უკან, ოჯახებში უნდათ, დაბრუნება სახიფათო გზებით უწევთ, რომელიც ხშირად სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება. გვესმის სიტუაციის სირთულე, მაგრამ აქაურმა ქართველმა, თავი მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს! უფრო ხმამაღალი და თვალშესახები უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქაური ქართველობისთვის! ვფიქრობ, დროა დიალოგი განახლდეს, რომელიც ფაქტიურად 2008 წლის შემდეგ შეწყვეტილია. საჭიროა დიალოგი, მითუმეტეს, როდესაც დღეს აფხაზეთის მმართველი ელიტაც, გამოტქვამს ამის სურვილს. არის ბევრი თემა, რომელზეც საჭიროა დიალოგი. მაგალითად, ეკონომიკური და განათლების თემები. გალის მოსახლეობის უფლებებზე დეკლარირების დონეზე გვესმის აქაური მმართველებებისგან. მაგალითად, რომ გალის რაიონის მოსახლეობა, არ უნდა იხდიდეს უფრო მეტ მიწის გადასახადს, ვიდრე დანარჩენი აფხაზეთის მოსახლეობა, რომ ვერ დაუშლიან ქართველ ბავშვებს სასწავლებლად დანარჩენ საქართველოში წასვლას, რომ გალში აპირებენ გახსნან აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტის საზოგადოებრივი მისაღები და.ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ვფიქრობ დროა განახლდეს დიალოგი. დამერწმუნეთ ეს დროის მოთხოვნაა“. ცნობისთვის, დღეს გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ორი სახის საბუთი მოქმედებს. ესაა ე.წ. ბინადრობის მოწმობა და ე.წ. ფორმა 9, რომელიც ყოველთვიურად უნდა ცვალო. „ძირითადად ეს ორი საბუთია. არის კიდევ ენგურჰესის სპეც საშვი, თუმცა ეს მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა. ბინადრობის უფლებით სარგებლობისთვის, აუცილებელია საქართველოს პირადი მოწმობის წარდგენა. საუბარია შეცვლაზეც, მაგრამ რითი შეიცვლება, ჯერ არავინ იცის. აქ მუდმივად მიდის საუბარი საბუთების ცვლილებებზე და პროგნოზირება, როდის რითი შეიცვლება, არავინ იცის. საუბარი იყო აფხაზური პასპორტების გაცემაზე, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა არ აქვთ, შესაბამისად, საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, ამიტომ არ ვიცი ეს რა ფომით მოხერხდება. ფორმა 9 ყოველ თვეში უნდა შეცვალო. სხვათაშორის, როცა ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნა, ვადაგასული საბუთით შემოუშვეს ხალხი, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურად შეცვლას ვერ მოახერხებდნენ. ასეთი შეღავათებიც კეთდება, ამიტომ არაფერი არ უნდა დავკარგოთ და მაქიმალურად გამოვიყენოთ. ვიმეორებ, მთავარია აქაურმა ქართველმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს, თორემ სხვა მხრივ აქაური ქართველობა ძალიან შრომისმოყვარე, ამტანი და გამტანია!“ სპეციალურად "ევროპეთაიმისთვის"

თურქეთი: "სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს - აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთო გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა. „არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და ის აზერბაიჯანის გვერდით დგას. „ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.