ძებნის რეზულტატი:

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს - სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. „ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ „ინაუგურაცია“ საიდუმლოდ გამართა, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ,ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა Twitter-ზე. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

მინსკში სამართალდამცავებმა 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, “ვიესნას“ ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს, 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ,,ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თელ-ავივი "ელექტრო ქუჩების" პირველი ქალაქი გახდება

თელ-ავივი "ელექტრო ქუჩების" პირველი ქალაქი გახდება, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსადენო დამუხტვა. "ელექტრო ქუჩები" საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი კომპანია ElectReon-სა და Dan Bus Company-თან ერთად განავითარებს. პროექტს მთავრობა და კერძო ფონდები აფინანსებს, ამის შესახებ ElectReon-ში განაცხადეს, თუმცა, მათ სრული ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ. "ელექტრო ქუჩები" ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტის რკინიგზის სადგურიდან Klatzkin-ის ტერმინალამდე გაკეთდება, რაც ჯამში დაახლოებით 2 კმ-ის მანძილია. თავად ელექტრონული ქუჩა კი დაახლეობით 700 მეტრის სიგრძის იქნება. ელექტრონული ინფრასტრუქტურა გზაზე სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსების დამუხტვას უზრუნველყოფს. "ბოლო რამდენიმე დღეა გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მომდევნო კვირების განმავლობაში, მანამ ვიდრე რეგულარული რეისები დაიწყება, გაიტესტება ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თელავივის მთავრობის პრესსპიკერმა. თუ აღნიშნულმა საპილოტე პროექტმა გაამართლა, შემდეგ უკვე ქალაქის მუნიციპალიტეტი მსგავს გზებს სხვა ტერიტორიებზეც ააშენებს. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ქალაქის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული.

Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

გამოცემა Time-მა 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალი განსხვავებულია გასული წლების რეიტინგებისგან, რადგან წელს გამოცემამ რეიტინგში შეიყვანა ექიმები, მედდები და მეცნიერები. გამოცემა Time-ის ჩამონათვალში მოხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი და აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც. Time-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ასევე დაასახელა გერმანელი ინფექციონისტი კამილა როთი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დადგენაში, რომ COVID-19-ი უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდება. ასევე, მედდა ნიუ-იორკიდან, ემი ოსულივანი, რომელიც ნიუ-ორკში კორონავირუსით დაღუპულ პირველ პაციენტს მკურნალობდა, რის შემდეგაც თავადაც დაინფიცირდა. გარდა ამისა, Time-ის წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში არიან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანის პრეზიდენტი ცაინ ვენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. გამოცემის მთავარი რედაქტორის დენ მასაის განცხადებით, წლევანდელი წელი კორონავირუსის გამო სრულიად განსხვავებულია, რადგან გამოცემის თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისტანციურად იმუშავა ამ სიის შედგენაზე. „წლევანდელი ჩვენი ჩამონათვალი ასობით ვირტუალური შეხვედრის შედეგია. წელს გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ისინ, ვისიც გვჯერა და იმედის თვალით შევყურებთ. წლევანდელი წელი არის წარმოუდგენელი გამოწვევების წელი, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა დენ მასაიმ.

სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას გამოეხმაურა. როგორც ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა და მისი ბრძანებები ლეგიტიმური აღარ არის. „ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ფარსია. სინამდვილეში, დღეს ლუკაშენკო უბრალოდ, პენსიაზე გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი ბრძანებები ძალოვანი უწყებებისთვის აღარ არის ლეგიტიმური და არ ექვემდებარება შესრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია და დღეს ჩვენი ამოცანაა, ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“ , - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ბელარუსს რეალური დახმარება აღმოუჩინონ, მას შემდეგ, რაც დემოკრატია გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო. „გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ. ცნობისათვის,ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 243 ადამიანი დაღუპულია.

ისრაელი 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში პარასკევიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება. „ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში. გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ კარანტინი დააწესა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. შეზღუდვები მოიცავს უამრავ გამონაკლისს, მათ შორის ადამიანებს საშუალება ეძლევათ დატოვონ თავიანთი სახლები, თუკი სამუშაოდ, სავარჯიშოდ, სალოცავად და საზოგადოებრივ დემონსტრაციებში მონაწილებისთვის მისაღებად მიდიან. ახალი შეზღუდვებით კი, სავარაუდოდ, ამ გამონაკლისების უმეტესობა გაუქმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების დასაწესებლად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის თანხმობაა საჭირო. ისრაელში, ოთხშაბათს, კოვიდ-19-ის 6 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1705-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

"უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები"

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს იმ ეტაპებს, რომლითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენა დაიწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მას არ დაუზუსტებია, განიხილება თუ არა სკოლებში დაბრუნებით თარიღის ცვლილება. "განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რამეთუ, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა გახარიამ. სასკოლო პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პრემიერის თქმით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და ექნება მხოლოდ ლოკალური ხასიათი.. „როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან ერთად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.

რუსული წყაროების ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" დაზვერა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier Challenger 650 აფხაზეთის „საჰაერო სივრცეში“ იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ. რესურს PlaneRadar-ის ინფორმაციით, რუმინეთის აეროპორტიდან 22 სექტემბერს აფრენილი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი 23 სექტემბერს “მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში, არამედ აფხაზეთშიც“.

"ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს - ლუკაშენკოს მანდატი ლეგიტიმური არ არის"

ალექსანდრე ლუკაშენკოს „ფიცის დადება“ და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს. შედეგად, 23 სექტემბერს გამართულ ე.წ. ფიცის დადება და ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. „ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მშობლებს დისტანციურსა და საკლასო ოთახებში სწავლას შორის არჩევანის უფლება ეძლევათ

1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. „ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა. იქ, სადაც დისტანციურად არის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, თავად აირჩიონ დისტანციურად გააგრძელებენ თუ საკლასო ოთახებში გადავლენ.

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგძელდება

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურად განახლების შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაცნობებთ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელა. აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძლდება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დღეს გახდა ცნობილი, რომ ყველგან, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გორსა და ფოთში კი სკოლას დაუბრუნდება ყველა კლასის მოსწავლე. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

"საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ პროექტის განვითარებას აფერხებს, რაც თავის მხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის. „ქალბატონო თავმჯდომარე, მსურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი სიახლეების თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის ახალი ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას. თავად ახალი ციფრული დერეფანი არის ტელესაკომუნიკაციო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს რეგიონის ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური ინტეგრაციის ხარისხი და ამავდროულად, გაზარდოს ციფრულ სივრცეში რუსეთისა და ირანის გავლენისგან დამოუკიდებლობა. საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთისა და ირანიდან მომავალი საფრთხეების შეკავება კი თავის მხრივ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს. მართალია საქართველოს მთავრობა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მის მიერ ქვეყნის უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ინვესტორთა წინააღმდეგ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, ხელს უშლის რეგიონისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დასავლური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, დამატებით აფერხებს ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას განაგრძონ საქმიანობა საქართველოში. ვშიშობ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები აძლიერებენ ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე. როგორც NATO-ს წევრობის მსურველმა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანამ, საქართველომ უნდა განაგრძოს რუსეთისა და ირანის გავლენის სფეროდან გამოსვლა და უნდა ფოკუსირდეს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც გვერდს უვლიან რეგიონში აშშ-ისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა მოიზიდოს ახალი საერთაშორისო ინვესტიციები. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს სწრაფვას, რომ ქვეყანაში აღიარებული იყოს კარგი მმართველობის სტანდარტები და დაცული იყოს ბიზნესის კეთების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დასვას ამ საკითხების მნიშვნელობა საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვას შეიქმნას გარემო, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ პროექტები, რომლებიც განამტკიცებენ, რომ საქართველო ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროში არ მოექცეს“, – ნათქვამია წერილში. ipn.ge

"უცნობმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ოცნების სახლი გვაჩუქა"

ვანში, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა დვალიშვილების ოჯახმა, სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტის მეორე დღეს, საჩუქრად სახლი მიიღო. როგორც „ევროპათაიმს“ ანა დვალიშვილმა განუცხადა, მან არ იცის ვინ არის პირი, რომელმაც მათი დახმარების სურვილი გამოთქვა, რადგან თავად ქველმოქმედი წინააღმდეგია მისი ვინაობა გამჟავნდეს. „პოსტსფაქტუმში სიუჟეტის გასვლის მეორე დღესვე დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გვითხრა, რომ ერთ ბიზნესმენს, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა, ჩვენთვის სახლის შეძენა სურს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, მთელი ოჯახი ემოციებში ვიყავით. ძალიან გაგვიხარდა. ორშაბათს დაგვირეკეს და ოთხშაბათს უკვე სახლი გვქონდა. ქალბატონმა მითხრა რომ ეს ადამიანი ბევრს ეხმარება და არასდროს უნდა მისი სახელის და გვარის გამხელა. მისთვის მთავარია თქვენ რომ სიხარული მოგანიჭათო. თვითონ სახლი ჯერ კიდევ ივლისში შევარჩიეთ, მაშინ, როცა გამგეობა დაგვპირდა შეძენას, თუმცა დაპირება არ შეასრულა. ახლა გვაქვს სახლი, სადაც ყველაფერი გვაქვს და მადლობალი ვარ იმ უცნობი ადამიანის, რომელის ვინაობაც კი არ ვიცით“, - გვიყვება ანა. ანა ასევე გვიყვება, რომ გუშინ „ნანუკას შოუს“ გასვლის შემდეგ დახმარების სურვილით კიდევ გამოვიდა მეორე უცნობი პიროვნება, თუმცა რადგან მათ უკვე აქვთ სახლი, ის სხვა სახის დახმარებას გაუწევს საჭიროებისამებრ. „არც ამ პიროვნებამ ისურვა ვინაობის გამხელა და დაგვპირდა, რომ რადგან სახლი უკვე გვაქვს, სხვა სახით დაგვეხმარება. გარდა ამისა იყო მცირედი დახმარებებიც და სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რომელიც ახლა ჩვენს ოჯახშია, მართლა არ მეგონა ასეთი კეთილი ადამიანების არსებობა და ამ რამდენიმე დღემ, იმედი დამიბრუნა“. ანა ეკოლოგიის ფალულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ამ მიმართულებით გეგმავს სამომავლო ნაბიჯების გადადგმას. „ვსწავლობ და ძალიან მინდა საყვარელი საქმით დავკავდე სწავლის დასრულების შემდეგაც. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩენი გაჭრვება გულთან ახლოს მიიტანეს და ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით შეგვიცვალეს“. სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბინა დააყადაღეს

ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს, - ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა. „ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,“- აღნიშნა იარმიშმა. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

გალში გატაცებული ჯემალ სოსელია თავისუფალია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის თანახმად, უკვე თავისუფალია და ჩვენებას აძლევს, სექტემბრის დასაწყისში, გალში გატაცებული ჯემალ სოსელია. დე ფაქტო უწყების თანახმად, მისი სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჯემალ სოსელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებული დეტალები, დილით ვრცელდებოდა ორი არაოფიციალური ვერსია, ერთის თანახმად გატაცებული დე ფაქტო უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, მეორე ვერსიით, მან გამტაცებლებს თავი საკუთარი ძალით დააღწია. 7 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გალის მკვიდრის ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე. გამოძიებას აწარმობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. დე ფაქტო შსს-ს ცნობით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, ნიღბიანმა, შავსამოსიანმა, შეიარაღებულმა პირებმა, BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი ჯემალ სოსელია გააჩერეს, რის შემდეგაც ისინი ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყების თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალით აკავებდნენ სოსელიას, საოკუპაციო საზღვრისკენ გაემართნენ. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს. „დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ფეხით გაუყვნენ ტყისპირს სასაზღვრო მონაკვეთამდე“, - ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დე ფაქტო უწყების ცნობით, გამოძიებას გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა აწარმოებდა, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი სიტყვებით, 2015 წლის შემდეგ, ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.

"მთავრობებმა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან, შესაძლოა, ეს ევროპის ბოლო შანსი იყოს"

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია, შესაბამისად მთვარობებმა უსაფრთხოების ნორმების გატარებასთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს შესაძლოა, ევროპის ბოლო შანსი იყოს, აიცილოს ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 14 დღეში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 პროცენტით მოიმატა შემდეგ ქვეყნებში – ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. ჩეხეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში არიან, სადაც ჯანდაცვის სფერო გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ ჰყოფნით. ამავე კატეგორიაში არის შეყვანილი ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მალტა და რუმინეთი. შედარებით სტაბილურია სიტუაცია ბელგიაში, კვიპროსში, ფინეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, პოლონეთსა და შვედეთში. კირიაკიდესის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა. „შექმნილი ვითარება აჩენს მზარდ საფრთხეს რისკ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეებისთვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის“, – განაცხადა კირიაკიდესმა.