ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა, 41 კი თბილისში. მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს. „დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“,-განცხადა მარინა ენდელაძემ. stopcov.ge-ის ინფორმაციით, მთლიანად ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1819-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ჯო ბაიდენმა ლუკაშენკოს „სუსტი დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი უარს ამბობს მისი ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს, საჯაროდ დააფიქსიროს აზრი ბელარუსში დემოკრატიული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ. „დღემდე დონალდ ტრამპი უარს აცხადებს, ლუკაშენკას (ალექსანდრე ლუკაშენკოს) ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს ან პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ პირადი მხარდაჭერა გამოხატოს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბელარუსს „დიქტატორი“ მართავს, რომლის მოულოდნელი ინაუგურაცია, „სამარცხვინო ცერემონია“, ოთხშაბათს გაიმართა. „პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შიშით ემალება, უარს აცხადებს ხალხის სურვილი მიიღოს, სუსტი, არალეგიტიმური ავტოკრატია და არა ძლიერი ლიდერი”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

უკრაინაში კორონავირუსის 3 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ავრცელებს. ვირუსს ქვეყანაში კიდევ 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინაში, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 195 504 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 85 133 და დაღუპულია 3 903 ადამიანი.

უცხოური ბარათებით საქართველოში გადახდები 1 მილიარდი ლარით შემცირდა

2020 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათებით 810.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 988 მილიონი ლარით, ანუ 55%-ით ნაკლებია. უცხოური ბარათებით საქართველოში შესრულებული ოპერაციების კლება პირველ რიგში ქვეყანაში ტურიზმის შემცირებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში საბარათე გადახდებმა უცხოური ბანკების საბარათე გადახდებმა 317.1 მილიონი ლარი შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლები იყო და 69 მილიონ ლარს შეადგენდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 75%-ით არის შემცირებული. უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების კლება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, წელს საქართვრლოში ადგილობრივი მოთხოვნის მოცულობა შემცირებულია. 2020 წლის 7 თვეში ეკონომიკურმა კლებამ 5.7% შეადგინა.

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგმური PCR ტესტირების შედეგად, N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. “მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს. ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება). იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

"უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს"

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. „გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

"იძულებული ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცროთ"

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის პროვინციების შესაბამის სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისა და 1-კვირიანი კარანტინის დაწესების უფლება მისცა. „იძულებულები ვართ, რეგულაციები და ზედამხედველობა გავამკაცროთ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, 25 სექტემბრის მონაცემებით, ირანში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 439 882-ს მიაღწია.

"არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის გაგებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს"

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი. მისივე თქმით, ურჩევნია სწრაფად გაიგოს, გაიმარჯვა თუ დამარცხდა არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო ბიულეტენების მოსვლას დაელოდოს. “მიყვარს ტელევიზორის ყურება და „გამარჯვებული არის...“ მოსმენა, მაგრამ ამ დომხალის გამო, ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ მოისმინოთ. ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მიზნით რამდენიმე შტატის სასამართლოში სარჩელები შეიტანა.

ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ დედაქალაქ მინსკში დღეს გამართული საპროტესტო აქციის დროს 10-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა

მთიან ყარაბაღში დღეს გახსნილი ცეცხლის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა..სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას სამშობლოს დაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. საომარი მდგომარეობა გამოაცხადა თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ არუთინიანმაც და ყველა სრულწლოვან კაცს მობილიზაციისკენ მოუწოდა. პარალელურად, სომხეთის მთავრობა აზუსტებს ცნობებს შეტაკებების შედეგად მსხვერპლის შესახებ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ფეისბუკზე წერს, რომ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია 2 დაღუპულ ადამიანზე ვრცელდება, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია და ერთი ქალი. არიან დაშავებულებიც. შუშან სტეფანიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვისას დაზიანდნენ სკოლებიც, მათ შორის სტეპანაკერტში. სომხეთი ამ მონაცემებს ყარაბაღის დე-ფაქტო ომბუდსმენზე დაყრდნობით ავრცელებს. განახლებულ სამხედრო მოქმედებებს ყარაბაღში ადასტურებს აზერბაიჯანიც, რომელიც პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 27 სექტემბერს თქვა, რომ "სომხეთი უნდა გაჩერდეს" და მას აზერბაიჯანი აუცილებლად გააჩერებს. BBC-ის რუსული სამსახური წინა დღეებში იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა და სამხედრო სწავლებები დაიწყეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთი ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე დღის წინ, 21 სექტემბერს გააკეთა. რამდენიმე თვით ადრე, 22 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა თავდასხმაში სასაზღვრო ტავუში რეგიონში. როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს. ყარაბაღში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას . ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33 306 022 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 24 637 458 - გამოჯანმრთელდა. კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია დაინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპული ასევე აშშ-შია, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი - ინდოეთი.

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე. კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე - ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. „ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება,“ - აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

"აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას"

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომლითაც პატრიარქი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ეხმაურება. „დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები. ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას“, -აცხადებს ილია მეორე.

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. შეიძლება დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებიც. ჩვენ მოვლენათა ყველა შესაძლო სცენარით განვითარებას განვიხილავთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა პარტია "გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის, დეპუტატ ედმონ მარუკიანის კითხვაზე პასუხისას. ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა „ტვიტერზეც“ დაწერა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არცახის „უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტორია“. „დღეს სომხეთი არცახის გვერდით დგას მისი სრული სახელმწიფო პოტენციალითა და მოსახლეობით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება. როგორც გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი „უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“. გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით. გაერო-ს გენერალური მდივანი მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 5552 ადამიანს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 1906, ხოლო გარდაცვლილია 28 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. მთლიანობაში, გარდაცვლილია 31 ადამიანი. გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. მთლიანობაში, გარდაცვლილია 31 ადამიანი. გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.