ძებნის რეზულტატი:
საქართველოში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესების მიზნით, 129 მილიონი ევროს შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა“ და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში. შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.
ევროკავშირმა „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხას 4 ქვეყანა დაამატა
ევროკავშირმა ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხას 4 ქვეყანა დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100,000 ადამიანზე ინფიცირების, დაახლოებით, 120 ახალი შემთხვევა მოდიოდა. გამოცემის მიხედვით, „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ნიდერლანდები, ისლანდია, დანია და უნგრეთი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების 2,921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შესაბამისად, ქვეყანამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ყველა სახის რესტორანი და ბარი საღამოს 10 საათზე იხურება. ისლანდიის შემთხვევაში, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 80 შეადგინა. როგორც ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ეს რიცხვი თავისთავად არც თუ ისე მაღალია, მაგრამ თუ ისლანდიის მოსახლოების სიმცირეს გავითავლისწინებთ, უკვე საგანგაშოდ ითვლება. რაც შეეხება დანიას და უნგრეთს, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა, შესაბამისად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 435 და 851 შეადგინა. „წითელი ზონის“ ქვეყნების სრული ჩამონათვლი კი ასე გამოიყურება: ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, დანია, უნგრეთი.
პარლამენტმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის რეფორმის ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტარი, დიმიტრი ცქიტიშვლი On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამით შრომითი უფლებების სტანდარტების ფუნდამენტური განახლება ხდება. ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტი სტაჟიორების საკითხსაც მოიცავს. "დასაქმებულის უფლებებს კანონი დაარეგულირებს, იქნება რეგლამენტირებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა. დისკრიმინაციის ამკრძალავი მკაფიო ნორმებია ჩამოყალიბებული", — განაცხადა ცქიტიშვილმა. ცვლილებით, შრომის ინსპექციას საშუალება მიეცემა, მონიტორინგი გაწიოს და რეაგირება ჰქონდეს შრომის უფლებების დარღვევაზე. შესაბამისად, გადაცდომებზე შეამოწმოს კერძო კომპანიები. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებით გათვალისწინებულია სანქციების დაწესებაც. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცვლილებებით შრომის ინსპექციის მანდატი არსებითად ძლიერდება, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს. შრომის კოდექსი 2013 წელს შეიცვალა. 2015 წელს დაარსდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი ახალი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა ცვლილებებმა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება უსაფრთხოების ნაწილში გააფართოვა.
წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში. დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარ რესურსს წამოადგენს „ტელესკოლაც“, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი სეზონით განახლდა. საეთერო ბადე მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები. რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.
მე-9 მოწვევის პარლამენტი ხვალ ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს, რითაც მუშაობას დაასრულებს
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა. მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.
საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა. 82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი”-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს. “პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”,-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" საარჩევო სიის მეოთხე ნომერია. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რათა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "რასისტი და პუტინის ლეკვი" უწოდა
სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "რასისტი და პუტინის ლეკვი" უწოდა. დებატების დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეაჩერა, რადგან ტრენინგების დროს ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა. რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა. „ამას სხვა არავინ გააკეთებდა, ის უბრალოდ რასისტია. ეს პრობლემები ქვეყანაში არსებობს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის შეურაცხმყოფელი სხვებისთვის. დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის ადამიანებს ზემოდან უყურებს“, -განაცხადა მან. ამასთან, დებატების დროს ბაიდენმა ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. „ტრამპის პრეზიდენტობისას ჩვენ უფრო სუსტი, ღარიბები და დაყოფილები გავხდით. ფაქტია, რომ პირისპირ ვხვდებოდი ვლადიმერ პუტინს და მკაფიოდ ვეუბნებოდი მას, რომ მისგან არაფერს მოვითმენთ. ტრამპი პუტინის ლეკვია. უარს ამბობს რამე უთხრას პუტინს იმაზე, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდირებაზე ჯილდო დააწესეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვის განმავლობაში 700-მდე ადამიანმა გამოთქვა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი. მათივე ინფორმაციით, პროექტით ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა. „27 აგვისტოდან 28 სექტემბრის 19:00 საათამდე პერიოდში მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 700-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52 % ეკუთვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს. პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: რუსეთი - 26% , აშშ - 19% , დიდი ბრიტანეთი - 6%, კანადა - 4%, უკრაინა - 4%. მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 300-ზე მეტი აპლიკაცია, არ დაკმაყოფილდა 70-მდე აპლიკაცია. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2-კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/ )
გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და გმობენ ძალის გამოყენებას მკაცრად გმობენ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების საგანგებო სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. „საბჭოს წევრები მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის მხარეებისადმი მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, განიმუხტოს დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს,“- აღნიშნულია განცხადებაში. საბჭოს წევრები მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. „უშიშროების საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ცენტრალური როლის მიმართ და მოუწოდებენ მხარეებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ მათთან წინაპირობების გარეშე დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3120 ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. როგორც ცნობილია, ახალი პროტოკოლით, 12 დღის შემდეგ პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.
ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
მეოთხე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ მიიტანეს საარტილერიო იერიში ქალაქ ტერტერზე. სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრილია 7 ადამიანი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 27 სექტემბრიდან განადგურებული და დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების 2300-მდე სამხედრო, განადგურებული, ან დაზიანებულია დაახლოებით 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 6 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 5 საწყობი. აზერბაიჯანი არაფერს იუწყება თავის სამხედრო ძალებში არსებული დანაკარგების შესახებ და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში, ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს ორმხრივი საარტილერიო იერიში. სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სტეპანაკერტის თავზე ჩამოგდებულია აზერბაიჯანის არმიის კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო მუდმივად ავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სომხური მხარის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეზე წარმატებულ შეტევებს ასახავს. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას. აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდ
თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სააღმზრდელო პროცესის 12 ოქტომბრამდე გადადების გამო, საკვები პროდუქტებით ბავშვების უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოხდება. „მინდა, დავავალო ილია ელოშვილს, რომ ბავშვების კვება პროდუქტების სახით, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პერიოდში და ორი კვირის წინ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს. „მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში დაიბეჭდა
მწერალთა სახლის ხელშეწყობით ქართველი პოეტი, ლია სტურუა 2020 წლის ტრანსპოეზიისფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსიდაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე.ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ. *** (რამდენი უპასუხობა) რამდენი უპასუხობა რამდენი სართული თავზე, საძირკველი გტკივა, ჯერ მიწა ხომ არა ხარ, დუმილს, მაინც, სწავლობ, გარედან ვინც გეხება, ისინიც არ დააფრთხო. ამაზე უარესია, ფანჯრიდან რომ გაიხედავ და ვერავის ეტყვი: - რა კარგი ამინდია! 30 სექტემბერს ფესტივალ ტრანსპოეზიის მეორე პოეზიის საღამო გაიმართება, რომელშიც ლიასტურუა ბასკ, ჩეხ, ფინელ, ჩრდილოეთ ირლანდიელ და ესპანელ პოეტებთან ერთად მიიღებსმონაწილეობას. ღონისძიების მოდერატორი იქნება ბელგიელი მუსიკოსი და კომპოზიტორიKriticos Mwansa. დეტალური ინფორმაცია ტრანსპოეზია 2020-ის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.transpoesie.eu/news/details/855#
"რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას"
საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ ან ამერიკამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და ის გახდა დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა. მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. რასმუსენის განმარტებით, რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. „უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიშის თანახმად, ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. ფეისბუქმა მიზანმიმართულად წაშალა რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც იყო მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, კიბერთავდასხმების კომბინაცია. ამის მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს სქემა გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრტანეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია“,- განაცხადა რასმუსენმა. მისი თქმით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ. რასმუსენის განმარტებით, ეს არის გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალური სტანდარი. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა. „იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ლიდერები და კანდიდატები არიან საერთაშორისო ჩარევის წინა ხაზზე, ჩვენმა კომისიამ მოიწვია ისინი, რათა ხელი მოაწერონ დათქმას. არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის მიზანი არის საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ. ამ დათქმით, ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან. ეს არის დათქმა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. ციფრულ დროს ეს ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიც არის „ფეიკ ვიდეოები“ და უნდა იყო გულწრფელი თუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება. საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას და ესენი არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ და „ლელო საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას, ამითი ისინი გააცხადებენ თავის პოზიციას, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიულობის დაცვაა“, - განაცხადა მან.
ლექტორის შეურაცხყოფის გამო თსუ-დან სტუდენტი გარიცხეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტიდან გარიცხეს ის სტუდენტი, რომელმაც ლექტორს ონლაინ ლექციის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. გადაწყვეტილება საბჭომ გასულ კვირას მიიღო. "ამასთან, თსუ-მ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურში. თსუ-ში სწავლა 14 სექტემბერს ონლაინრეჟიმში დაიწყო. ინციდენტი სწორედ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოხდა.
"საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გახარია განმარტავს, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში. „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.
აზერბაიჯანის 420 სკოლაში სწავლა შეწყდა
სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის 14 რეგიონის 420-მა სკოლამ მუშაობა შეზღუდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევზე დაყრდნობით იუწყება. „მტრის აგრესიისა და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სკოლის 9 შენობა და ტერიტორია დაზიანდა. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოსწავლე მტრის თავდასხმას ემსხვერპლა, ერთი პედაგოგი კი დაჭრილია,“- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. კონფლიქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
„ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს"
ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმედასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა. „ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მან თურქეთის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. „გამოვხატავ უღრმეს მადლობას ჩვენი მოძმე თურქეთის მიმართ, მისი პრეზიდენტის, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, მისი ურყევი და ძმური პოზიციის გამო. ჩემი ძვირფასი ძმის ძალიან ღია და მკაცრმა განცხადებებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანი მარტო არაა,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.