ძებნის რეზულტატი:

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, განკარგულება დღეს გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. „ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge    ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ"-,,ვ" ქვეპუნქტებისა  და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.   

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა) საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე კონცეტრირდნენ. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოსთვის დროა, რომ ქვეყანაში გადაილახოს უთანხმოება და ყველა პოლიტიკური ძალა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე კონცეტრირდეს. პეტრას აუსტრევიჩიუსი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია დადებით როლს შეასრულებს და გამოიჩენს ინიციატივას იმისთვის, რომ ხსენებულ პროცესში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკური პარტია მოიწვიოს, რადგან „საქმე საქართველოს მომავალს ეხება“. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს „საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვას დიდ დროს ვუთმობთ, მაგრამ საშუალოდ, ეს დრო გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებით, რატომ არის ასე?! ალბათ, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც არ გვაძლევს ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და მართლაც, გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს არის მკაფიო და მარტივი გზავნილი“, - აღნიშნავს პეტრას აუსტრევიჩიუსი.  

ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს

„საქართველო ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ჩვენ უნდა ვეძიოთ გზები, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გადაჭრას პრობლემები, რომლებზეც ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მირებულ დოკუმენტებში მიუთითეს“, - შესაბამისი განცხადებით, ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა. „მე ვფიქრობ, რომ სვენ მიქსერის მოხსენება გარკვეულწილად დახმარება იქნება, რადგან ისე ჩანს, რომ განსაკუთრებით, მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან თავს გვაჩვენებენ, რომ არ ესმით, რას ნიშნავს ეს პუნქტები. მაგალითად, პირველი ნაწილი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს. თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის შეთანხმებას, ჩანს, რომ მთავრობა საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პარლამენტში შექმნეს კომისია დეპოლარიზაციისთვის, თუმცა თუ მათ გასმოსვლებს მოუსმენთ, ეს პოლარიზაციის გაზრდას უფრო ჰგავს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და ომში ჩათრევაზე მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა. „ადანაშაულებენ ყველას - არამარტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, რაც სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე. ახლა, საქართველოს მთავრობა ამბობს იგივეს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ხსენებული ანგარიში, რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს ჩამოთვლილი რეკომენდაციები. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, არ ესმით. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ოლიგარქი არის ადამინი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია, დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონაა საქართველში - ბიძინა ივანიშვილი. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ ხელისუფლებას, რა არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, სიტყვიერი დაპირისპირების დროს, გ.ლ.-მ დაზარალებულის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა გ.ლ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ​ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებში.  

დიმიტრი გვრიტიშვილი: კანონში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება სავალდებულოა, დაუშვებელია

კანონმდებლობაში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კანონმდებლობაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, ასე ხისტად არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პრეცედენტულ სამართალს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი ვალდებულების დაკისრება მიზანშეუწონელია,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. ცნობისათვის, დიმიტრი გვრიტიშვილი პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.  

ევროკომისიის წარმომადგენელი: არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მის მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა (DG NEAR) მიხაილ რუპმა ევროპარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს. ეს ანგარიშის ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად. პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი „რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ 17 ივნისს დაამტკიცა დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. ამიტომ, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მის ძალისხმევაში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ეს საკმარის დროს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე, თუმცა მუშაობა არ შეჩერდება და როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ფართო ინსტუმენტი გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან კუმუნიკაციას და მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყანას ყველა დონეზე, შეასრულოს ეს პრიორიტეტები“, - აღნიშნა მიხაილ რუპმა. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

მეუფე შიო: უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ

ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში,- ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, მეუფე შიომ წმინდა მოციქულების ხსნების დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. „დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვართ მონაწილენი, სამოციქულო მემკვიდრეობის წევრნი ვართ, მემკვიდრენი ვართ ამ დიდი სამოციქულო მემკვიდრეობისა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, - „ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, ვართ რჩეული მოდგმა და სამეფო მღვდლობა“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი. ყველა ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი - მამაკაცებიც, ქალებიც, ბავშვები და სულიწმიდა გამოარჩევს ამ სამეფო მღვდლობიდან ადამიანებს, ზოგს - საეკლესიო, სამღვდელო მსახურებისთვის, რომ აღასრულოს წმინდა საიდუმლოებები, ზოგს, ერისკაცებს - სხვადასხვა მსახურებისთვის, მაგრამ ჩვენ, ყველა, ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი და რჩეული მოდგმა, როგორც ამბობს მოციქული. მთავარია, რომ ყოველ ჩვენგანში ენთოს ეს სიყვარულის ცეცხლი, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ყველა საიდუმლო ვიცოდე, თუ სიყვარული არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწველად მივცე, თუ ამ დროს სიყვარული არ მაქვს, არაფერს მარგებს ეს ყველაფერი“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი და დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ გაგვიძლიეროს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა ჩვენ სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს. მრავალს დაესწარით, ღმერთმა დაგლოცოთ. მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე, ვინაიდან იგი ჭეშმარიტად გახლავთ სამოციქულო ღვაწლის დიდი გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანასა და ქრისტიანულ სამყაროში; ერთ-ერთი გამოვლინება მისი ამ საოცარი სამოციქულო ღვაწლისა, მრავალ სხვა დიდ ღვაწლთან და დამსახურებასთან ერთად, გახლავთ ის, რომ აი, ამ წმინდა ტაძარში მის მიერ ხელდასხმულია უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც დღეს წმინდა სინოდში მოღვაწეობენ. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, სულიერი და ფიზიკური ძალების განახლება და გაძლიერება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წმინდა მოციქულთა ლოცვით, წმინდა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ! დღეს ჩვენ ვლოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის გზაზე მომლოცველ მორწმუნეებს, სასულიერო პირებსა და მრევლს: არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), დეკანოზი დავით კონჯარია, ბერი სპირიდონი (ლაზარია), ბერი დამიანე (დოლიძე), ბერი ისიდორე (კარტოზია), ბერი გიორგი (გერლიანი), მორჩილი ამბროსი, ამირან გურჩიანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!“ - ნათქვამია ქადაგებაში.

თავდაცვის მინისტრმა დუშეთში, ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. უსახელო მწვერვალს სამხედრო მფრინავის ზურაბ იარაჯულის სახელი თავდაცვის უწყების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე მიენიჭა. მწვერვალი ზურაბ იარაჯული მდებარეობს თიანეთის ქედზე (ქართლის ქედის ჩრდ.-აღმ. დაბოლოება, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით), მდინარეების ფშავის არაგვისა და ალაზნის წყალგამყოფზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ზღვის დონიდან 3254,0 მეტრ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატები: x – 518493, y – 4693900. სამხედრო მფრინავი ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.  

კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნა. სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დედაქალაქის მერმა ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ და სხვადასხვა ურბანულ საკითხზე, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ბერნი ულამაზესი ქალაქია, ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ძალიან მწვანე. ზოგადად, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა თავისი ქალაქებით. ბერნთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული, სატრანსპორტო მიმართულება, კულტურა, სპორტი და განათლება, ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით ბერნს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვქონდა შესაძლებლობა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩთან და ბერნის მერთან ერთად, გაგვეხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. 1918 წელს შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა და 1918-1920 წლებში ბერნში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენმა საელჩომ მოიძია ის შენობა-ნაგებობა, იყო კომუნიკაცია მის მფლობელთან, რომელმაც მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ბერნში ვინც მოხვდებით, იცოდეთ, რომ არსებობს ქუჩა, სადაც საქართველოს პირველი საელჩო იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე ვიდეოჩართვაში ბერნის მიწისქვეშა სადგურის მშენებლობის პროექტს შეეხო და ის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტად დაასახელა. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის განვითარებისთვის ბერნისა და სხვა ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება და ის ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს. „ძალიან შთამბეჭდავი იყო მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ცენტრშია. ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაოების პარალელურად, მიწის ზემოთ ეს სადგური ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და მგზავრებს ემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დავათვალიერეთ, არის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. გავეცანით, თუ რა სისტემით ხდება ბერნში ნარჩენების მართვა და მერთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამ სფეროში ექპერტებითა და სპეციალისტებით დაგვეხმარებიან. ჩვენ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება და ეს საუკეთესო მაგალითები ევროპული ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არაფერს დავიზარებ, რომ ულამაზეს თბილისში ყველაფერი საუკეთესო გაკეთდეს, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გვქონდეს ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული გამზირები, ქუჩები. ცხადია, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გვაქვს იმის, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.  

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ორი წევრი ტოვებს

"ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები,’’ წერს სოციალურ ქსელში ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილი და დაკავებულ თანამდებობას და პარტია ტოვებს. როგორც ჭელიშვილი წერს, ტოვებს თანამდებობას, რადგან თავისუფლად საუბარი შეძლოს. „ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები.იყო ნაც მოძრაობის მფარველი და ეხმარებოდა მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაც მოძრაობა. ეს იყო - დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ.ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას.ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო პარტია „ქართული ოცნება“ და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი,“ - წერს გია ჭელიშვილი. ასევე, დაკავებული თანამდებობა დატოვა თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან კოჭლოშვილმა. როგორც ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, იმისთვის, რომ შეძლოს თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადაწყვიტა, შეუერთდეს იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს, იბრძოლოს სიმართლისთვის. „ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპრის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს სჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალ განსაცდელ გამოვლილი რწმენით. დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალას, რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს. მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი იყო. არ მივცემ შესაძლებლობას არავის, ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს „ნაცმოძრაობას“, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე, დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს ლევან კოჭლოშვილი.  

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას მარეგულირებელი 14 ივლისს გეგმავს. SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს ცნობისთვის, Starlink ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მომწყობილობა. შედეგად, დედამიწის  ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა. შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა."SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 ივნისს, SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრის  შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა. წყარო - Bm.ge

საელჩო: ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იუწყება.  „საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩვენ ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ელჩი დეგნანი ბანკის ხელმძღვანელობას გუშინ შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია და განეხილა გზები, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენს პარტნიორობას უფრო გააღრმავებს“, - აღნიშნული ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ხსენებული შეხვედრის შესახებ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია.  

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ კაპანაძე რამდენიმე დღის წინ მთაში წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.  

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ბაიდენი ისრაელში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის ტური მოიცავს დასავლეთ სანაპიროს, საუდის არაბეთს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თვითმფრინავი ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში დაეშვა. გაზეთ The Times of Israel-ის ცნობით, ბაიდენს აეროპორტში დახვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. აშშ-ის პრეზიდენტი ხუთშაბათს პირდაპირ ისრაელიდან საუდის არაბეთში გაფრინდება. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

ისრაელი და საბერძნეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ისრაელისა და საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. თურქული მედია წერს, რომ საჰაერო წვრთნები ხელს უწყობს ბრძოლებისთვის მზადყოფნის გაზრდას სხვადასხვა სცენარში, ასევე, აძლიერებს ურთიერთობას ისრაელისა და საბერძნეთის საჰაერო ძალებს შორის. სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ისრაელის სახელმწიფოსა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში. სწავლება ასევე ხელს უწყობს სამხედროების სხვადასხვა საბრძოლო შესაძლებლობის და მათი კომპეტენციის განვითარებას შესაძლო საბრძოლო სცენარებში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.  

„მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, სტამბოლში ოთხმხრივი შეხვედრა დასრულდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციებმა უსაფრთხო გადაზიდვის საზღვაო გზები განიხილეს. თურქეთის, უკრაინის, რუსეთის სამხედრო დელეგაციებისა და გაეროს დელეგაციის მონაწილეობით შეხვედრა 12 ივლისს დაანონსდა. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და  კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.  ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.  

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცინიკურად იყენებს შიმშილს, როგორც ომის ინსტრუმენტს, როცა ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან“, - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე რეაგირების საკითხში. უნგრელი ჟურნალისტის შეკითხვას, ახანგრძლივებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში ომს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიული პასუხი გასცა, რომ „არა“. ალექსანდრ შალენბერგის თქმით, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევა მიუღებელია. ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სანქციებმა უნდა შეასუსტოს რუსეთი და არა ევროპული ეკონომიკა. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.  

პრეზიდენტი ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმცია პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსდა. შეხვედროს სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა და შესაბამისად, უცნობია, რა თემები განიხილეს კელი დეგნანმა და სალომე ზურაბიშვილმა.