ძებნის რეზულტატი:

თავდაცვის მინისტრი: ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების რთულ ვითარებაზე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. თავდაცვის უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ხაზგასმული. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ურყევ ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გახდება ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-სთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოხატა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, საქართველომ, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი“ რუმინეთის ასპენის ინსტიტუტისა და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 69%-ით, ხოლო ფრენები 70%-ით აღდგა

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, 2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%-ი. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემებით 3 212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 997 მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6 785-ს, ხოლო ჩარტერების – 1 771-ს. 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ  8 788. 996 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა. 2021 წლის ექვს თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ, გასულ ექვს თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54 591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2022 წლის განვლილ ექვს თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია: Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი); Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი); Pegasus – 10% (164 293 მგზავრი); Belavia – 6% (108 979 მგზავრი); Fly Dubai – 5%  (85 954 მგზავრი); Israir – 5% (79 395 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი); Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი); Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი); EL AL – 3% (51 288 მგზავრი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი. „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა. „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა. ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი სანქციებისგან გათავისუფლებას სისუსტედ მიიჩნევს

სანქციების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთში მხოლოდ სისუსტის გამოვლინებად იქნება აღქმული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია  კანადის წარმომადგენლის გამოძახება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე აბსოლუტურად მიუღებელი გამონაკლისის გამო. საუბარია არ მხოლოდ Nord Stream-ის ზოგიერთ ტურბინაზე, რომელიც კანადას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა გადაცემა. ეს ეხება საერთო წესებს. თუ ტერორისტულ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი გამონაკლისით სარგებლობა, რა გამონაკლისები სურს მას ხვალ ან ზეგ? ეს კითხვა ძალიან საშიშია. ეს საშიშია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, დემოკრატიული სამყაროს ყველა ქვეყნისთვის. გადაწყვეტილება მხოლოდ სისუსტის გამოვლინებად იქნება აღქმული მოსკოვში. ეს მათი ლოგიკაა. ახლა კი, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არამხოლოდ შეზღუდოს მაქსიმალურად, არამედ, მთლიანად შეწყვიტოს ევროპისთვის გაზის მიწოდება ყველაზე მწვავე მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ახლა უნდა მოვემზადოთ, ეს არის ის, რისი პროვოცირებაც ხდება ახლა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებმა გამოხატეს ღრმა იმედგაცრუება კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს

ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო და დამატებით, მძიმე იარაღს მიაწვდის

ნიდერლანდელი პოლიტიკოსები ხერსონის რეგიონის რეკონსტრუქციაში ჩართვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის საკითხი - არა ომის შემდეგ, არამედ ახლაც - ცალკე განიხილებოდა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკებების დროს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, საგანმანათლებლო სისტემის ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებასა და სახელმწიფოს გათბობის სეზონისთვის მომზადებაზე. ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ნიდერლანდების მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციაში გააძლიერებს პარტნიორ ქვეყანას. როგორც ცნობილია, 11 ივლისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელი ივანივკა რუსული არმიისგან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო. თანხები საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება. თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც იგივესკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, უკრაინას სჭირდება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას თანამედროვე იარაღით. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დაეხმარონ უკრაინას მძიმე იარაღით. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს მძიმე იარაღს, ჯავშანტექნიკას და თვითმავალ ჰაუბიცებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შეიძლება, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამას ყველა ელოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს შეუძლია, განზე გადგეს და პასიურად დააკვირდეს რა მოხდება, ხაზგასმით აღნიშნა რუტემ. როგორც ცნობილია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. მან მოინახულა კიევის რეგიონის ქალაქები ირპენი, ბოროდიანკა და ბუჩა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს.

გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, კოვიდინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2338 ადამიანი, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. 3 310 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა სულ ჩატარდა 63 659 ტესტი, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 8,10%-ს შეადგენს. ინფორმაციისთვის, 4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. COVID19-ით გარდაცვლილია 16 847 ​ადამიანი.

რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებს. შესაძლოა ,წლიურ ჭრილში, ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ეროვნულმა ბანკმა და უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმაც გადახედონ. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა. ET: საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში ეკონომიკური ზრდა 11,6% იყო. ეკონომიკის ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11,2%-ია, ინფლაცია წლიურ ჭრილში 12,8%, ლარი, აპრილის შემდეგ განუხრელად მყარდება. რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში? ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი, მაგრამ ამასთან ერთად ინფლაციაც ძალიან მაღალია. რაც ფასების ზრდას იწვევს და მოსახლეობისთვის დამატებითი წნეხია. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები გვაქვს და საზოგადოებას ამ პროცესების აღქმა უჭირს. ET: რა იწვევს ამ ურთიერთგამომრიცხავ პროცესს? იზრდება ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული. საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე დარგზეა ჩამოკიდებული და ამ დარგების წარმატებაზეა აწყობილი. ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტა ადამიანისთვის ნიშნავს ქვეყანაში რეალურ პროგრესს. რაც ხელფასის ზრდასა და ბიზნესის წარმატებაში შეიძლება აისახოს. მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიკური ზრდის დადებით შედეგებს ვერ გრძნობს, რადგან მაღალი ინფლაცია ფასებზე ახდენს გავლენას. გვაქვს ძალიან ბევრი სირთულე, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკას უკავშირდება. ET: რამ გამოიწვია რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა? ერთ-ერთი ვერსია, რომ ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების რაოდენობაა გაზრდილი, ბიუჯეტის საგადასახადო საშემოსავლო ნაწილში მაჩვენებლები გაზრდილია. რა გავლენა აქვს ამ კომპონენტს ეკონომიკურ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკის ზრდაში თავისი წილი აქვთ უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს. რა თქმა უნდა მათ გარკვეული ბიზნეს-ოპერაციები დაიწყეს საქართველოში. შესაბამისად დაიქირავეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კადრები. იხდიან გადასახედებს ბიუჯეტში. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა უძრავი ქონებისა და გაქირავების ბაზარზე. გაიზარდა უძრავი ქონებისა და გაქირავების ფასები და რა თქმა უნდა, ეს ერთიანი ჯაჭვის ნაწილია. მაგრამ ჩვენ, რომ ავიღოთ, მხოლოდ ამ 100 ათასი ადამიანის ეფექტი, ამ ეკონომიკურ ზრდაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დომინანტური. ვფიქრობ, 11,2%-იან ეკონომიკურ ზრდაში, მაისში ამ ადამიანების მონაწილეობა 1-2%-ია. ET: რა არის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი დომინანტი და რატომ ვერ ვახერხებთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას? ვფიქრობ, ტურიზმია დომინანტი. 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი რამდენჯერმეა გაზრდილი. არის ტურისტების დიდი ნაკადი რამდენიმე ქვეყნიდან. გაზრდილია უცხოური ინვესტიციები და აქ არავითარი როლი არ უთამაშია უკრაინას, რუსეთს და ბელორუსს. თუმცა გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან და $300 მილიონს გადააჭარბა. ესეც თავის წილს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ET: საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წელის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ისევ ფეროშენადნობების, სპილენძისა და ოქროს ექსპორტის ხარჯზე. რატომ არ იცვლება საექსპორტო კალათა? ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება ბოლო ერთი წელია. მაგრამ აქ ნაკლებად ხდება საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, უფრო მეტი გამოშვებისა და ექსპორტირების ხარჯზე. დინამიკა ძირითადად უკავშირდება წიაღისეულისა და ფერადი მეტალების ექსპორტს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად მუშაობს, არამედ ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთხოვნა უფრო მეტია იმ წიაღისეულზე, რომელსაც მოვიპოვებთ. ეს არის უფრო გარედან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება და არა ჩვენი ეკონომიკის ხარისხობრივად გაუმჯობესების შედეგი. იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, ჩვენ გვჭირდება, რომ ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სპილენძი, ოქრო და მსგავსი მადანი გაგვაქვს, უფრო მეტი მოცულობით, აქედან მიღებული შემოსავლები საზოგადოების დიდ ნაწილზე არ აისახება. სარგებელს ქვეყანაში, მხოლოდ ბიზნესის მცირე ჯგუფი იღებს. ესაა ჩვენი პრობლემა. რადგან ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული, ორნიშნა ზრდა დადებითად აისახება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ჯგუფზე. ამიტომ, მოსახლეობის კითხვები ადეკვატურია, რომ თუ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე?

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ჩიხშია, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ

"ოპოზიცია ჩიხშია შესული, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ, მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როცა „ქართული ოცნება“ მუშაობდა და რადიკალური ოპოზიცია პროცესს გაემიჯნა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. ამიტომ, არც თემა, არც საკითხი იციან. რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ საკითხებზე მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. როდესაც საუბარია რიგგარეშე სესიაზე და სხდომაზე, ის რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვისვენებთ. ჩვენ ვხედავთ კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, არსებობს 3 პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ის 3 პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი გუნდია. ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.  

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამსართულიან კორპუსში ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ხანძარია. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, რამდენიმე მცხოვრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის ექსპორტს განაახლებს. რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული. 5 ივლისს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება 30 დღით შეაჩერა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 7 ივლისს, თოყაევმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.  ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

მეუფე იაკობი: ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა

ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოექცა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თემას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა. „ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ? ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში მაიმუნის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, პორტუგალიიდან რუსეთში დაბრუნებული ახალგაზრდა ავად გახდა და დამახასიათებელი გამონაყარით საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტის ბიომასალის შესწავლამ დაადასტურა, რომ ის მაიმუნის ყვავილით იყო დაინფიცირებული. პაციენტი იზოლირებულია, დაავადება მსუბუქია. მაიმუნის ყვავილი სანკტ-პეტერბურგელ კაცს დაუდგინდა, იტყობინება ჟურნალი Dog ქალაქის სამედიცინო წრეების წყაროებზე დაყრდნობით. „როსპოტრებნადზორის“ ცნობით, ყველა საკონტაქტო პირი იდენტიფიცირებულია და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. „ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დროული დაწყებიდან გამომდინარე, შეჩერდა ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში. 2022 წლის მაისში მაიმუნის ჩუტყვავილას ინფექციის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 27 ივნისის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან 50 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაავადების 3413 შემთხვევა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევების 86% დაფიქსირდა ევროპაში, ხოლო აფრიკაში, სადაც ეს დაავადება ჩვეულებრივ გავრცელებულია, შემთხვევების მხოლოდ 2% გამოვლინდა.  

კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაზე ატომური დარტყმის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ, მან 11 ივლისს "Фейгин Live" ეთერში განაცხადა. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა - BBC აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა, ამ დროისთვის ასეთ ნაბიჯს სიგიჟედ მიიჩნევს. „მე ვხედავ ზოგიერთ რუსულ დოკუმენტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ საუბარი უკრაინაზე ატომურ დარტყმას შეეხება და ყველა თანხმდება, რომ ეს სიგიჟეა და ამის გაკეთება დაუშვებელია . ეს დისკუსია რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში იმართება, - თქვა არსეტოვიჩმა.  რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს. რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა გაორმაგდება. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაციები: მზად ვართ, ჩავერთოთ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში. „მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს  ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან, და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს. ევროკომისიის რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტურ ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე. ჩვენს მიერ ჩატარებული თემატური კვლევები, მომზადებული ანგარიშები, დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის. ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მონაწილეობის მზაობას და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს: შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოაწყოს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების პროცესებში ჩართულობის ფორმატსა და შემდგომი მუშაობის პროცედურებზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „მედიაომბუდსმენი“.  

ვლადიმერ პუტინი ირანში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა. სადაც ასევე ირანის და თურქეთის პრეზიდენტებს ებრაჰიმ რაისსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსული მედიის ცნობით, 12 ივლისს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.  მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა „დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს. მართლაც მზადდება პრეზიდენტის ვიზიტი თეირანში, სადაც „ასტანას პროცესის“ გარანტორი სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრაა დაგეგმილი, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. ამასთან, პესკოვმა დააზუსტა, რომ თეირანში ვიზიტი 19 ივლისსა დაგეგმილი.  თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება

ევროკავშირმა ჯამში $13,83 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს, სხვა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჯამში, $13,83 მილიარდის აქტივები გაუყინა. ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული ფაქტი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლო 5-ში მოხდა და დანარჩენ სახელმწიფოებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა ამ დროისთვის 98 კომპანიას და 1 160-მდე პირს დაუწესა სანქციები.  „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა. შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა

ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა. კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.  

უკრაინა NATO-ს მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამას უერთდება

უკრაინა ხდება მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის (MIP) ასოცირებული წევრი, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარებს შორის თანამშრომლობას მოიცავს. შესაბამისი გადაწყვეტილება MIP-ის მმართველი ჯგუფის ყოველწლიურ სხდომაზე კენჭისყრით მიიღეს, იუწყება უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „უკრაინას IT ინდუსტრიაში ძლიერი პოტენციალი აქვს და ის არის NATO-ს ღირსეული პარტნიორი. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. მისი თქმით, უკრაინისთვის მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამის წევრის სტატუსის მინიჭება საეტაპო გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების. ახლა უკრაინას შეუძლია, გააძლიეროს თანამშრომლობა ალიანსთან და NATO-ს არაწევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა თავის მხრივ, თავდაცვის ტექნოლოგიების ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, მარატ უტიუშევმა. მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა (MIP) არის NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამა.    

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში მედიაზე ძალადობას გმობს.   „დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს ვუმასპინძლე, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მომესმინა. ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა. დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს.     პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად.   შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის. 5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას. დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან - მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.