ძებნის რეზულტატი:
ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა "არიან დაჭრილებიც. ეს არის ოკუპანტების მორიგი დანაშაული ჩვენს მშვიდ ქალაქში", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ წარადგინა საქმიანობის ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია. საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.
შოთა ბურჯანაძე: სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია - სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება
"საქართველოში სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, სამომავლოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განხორციელდეს", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „დილის პალიტრაში“ განაცხადა. მისივე თქმით, სარესტორნო სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება. „სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამ ყველაფერზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რატომ არ შეუერთდა საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდამჭერ 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას - საგარეო უწყების განმარტება
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე“. „საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი: 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოვლინდა
2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი და 381 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინსტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 885 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 13 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 341 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“. რა ფაქტორებმა განაპირობა ევროპული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რა გავლენას მოახდენს ის პრიორიტეტების ეფექტიანად შესრულებასა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესზე, ამ საკითხების გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა შეხედა რა მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ვადა გადაეწია ოქტომბრისთვის“. „ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს უფრო მეტი დრო მიეცეს შედეგების მისაღწევად. საქართველოს შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას. იმედი მაქვს, რომ ტემპი არ შენელდება და არ ჩავთვლით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ბოლო წუთს, ცაიტნოტში მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, შოთა კაკაბაძის აზრით, „ევროკავშირის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გამოიწვია იმან, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, სერიოზულად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. Europetim-თან საუბარში შოთა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, გარკვეული საკითხები 6 თვეში ვერ გადაიჭრება, თუმცა ახლა არ იგრძნობა საქართველოში, რომ მათზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „გვესმის გარკვეულწილად, შანტაჟის ენა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ესაუბრება ევროკავშირს. ვგულისხმობ განცხადებას, რომ „ჯერ კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და მერე შეიძლება, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“. ასევე, ვხედავთ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის ელჩზე. შესაბამისად, ევროკავშირმა ვერ დაინახა იმის მზაობა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ეს ეხება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ოპოზიციას, სერიოზულად მიუდგება ამ საკითხებს. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება, შესაბამისი კომპეტენცია, სურვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირი უფრო სიღრმისეულად დააკვირდება ხელისუფლების მზაობას, (რომელიც ცოტა ბუნდოვანია) და იმას, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, სერიოზულად მოეკიდოს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე. რამდენად შეიძლება, რომ ევროკავშირის ეს მიდგომა ჩაითვალოს დადებით მოვლენად, თუ პირიქით? ვანო ჩხიკვაძის აზრით, მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. „გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აღიქმება, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ გვინდა, სიღრმისეული რეფორმები გავატაროთ, უფრო მეტი დროის მიცემა უკეთესია ამ შემთხვევაში, ვიდრე სამი თვე. მაგრამ რეალურად, ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს იმიტომ, რომ 12 პუნქტიდან დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. თუ ასეთი ნება არ იქნება, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა მოგვცეს ევროკავშირმა, რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ“. ევროკავშირის გადმოსახედიდან, არსებობდა თუ არა პრიორიტეტების ამ ვადებში ვერშესრულების საფრთხე? „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე ალბათ, დაინახეს. „იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, პროცესზე არის საუბარი და არა შედეგზე და უფრო მეტად შინაარსი აკლია ამ პროცესს, მე ვფიქრობ, ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად და სკურპულოზურად დააკვირდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულებს საქართველო იმ 12 პუნქტს და რამდენად ეფექტიანად განახორციელებს რეფორმებს. მხოლოდ მცირე ნაბიჯების გადადგმითა და უბრალოდ, იმიტირებით ევროკავშირი კმაყოფილი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის პროექტი წარადგინა, რაც თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტს უნდა დაედოს საფუძვლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
Europetime-თან კომენტარში ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ფასზე გაცვლითი კურსის მარჟა უნდა აისახოს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოშიც გააძვირებს. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები „თურქეთის მიერ უკვე დეკლარირებულია რომ მედიკამენტები გაძვირდება. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მაღალი ინფლაციის გამო მიიღო და მედიკამენტის ფასზე, გაცვლითი კურსის მარჟა აისახება. ბუნებრივია ეს იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირება, სავარაუდოდ 25-28%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. დისტრიბუტორებმა საქართველოში თავიანთი პარტნიორები უკვე გააფრთხილეს, იმის შესახებ თუ მომავალი შესყიდვები რა ფასში მოხდება“, - განუცხადა Europetime-ს ილონა კოკიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტის ფასზე გავლენას ახდენს ინფლაციის დონე, ასევე ლარის კურსი. ფასი ზრდა ამ ფაქტორების ცვლილებაზეცაა დამოკიდებული. „თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით იაფ სეგმენტში მოხვდება“, - აღნიშნავს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ეს ფარმაცევტული კომპანიის მარაგებზეა დამოკიდებული. „მარაგები ინდივიდუალურია და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირებას ერთი თვის დიაპაზონში უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოკიაშვილი. როდისაა მოსალოდნელი თურქული მედიკამენტების გაძვირება, ამ საკითხის გასარკვევად Europetime ფარმაცევტულ კომპანიბს დაუკავშირდა. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი რეგულირებისთვის, შესაბამისი განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული. როგორც თურქული მედია წერს მისი გადახედვა თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე გადაწყდა. თურქული მედიკამენტები საქართველოში 2022 წლის იანვრიდან შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკით, მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო: სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა
გამოკვლეული ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუშში, ტყვიის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათსა და წყალში აქტიურად იკვლევს მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის შემცველობას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. შედეგად, გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა. დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბმობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს. ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს, ჭარბი რაოდენობით იგი მომწამვლელია. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინმა უცხოელი აგენტების შესახებ, ახალ კანონს მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, ხელი მოაწეერა. კანონი მანამდე სახელმწიფო სათათბიროს მიერ იყო მიღებული, ხოლო შემდგომ ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. ახალი კანონი აჯამებს, განმარტავს და ავსებს ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობას, იუწყება „რია ნოვოსტი“. კანონი საშუალებას მისცემს ნებისმიერს, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან ან იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმებით“, გამოცხადდეს „უცხელ აგენტად“, იმ შემთხვევაშიც თუ არ იღებს უცხოურ დაფინანსებას. „უცხოელ აგენტებს“, კანონის მიხედვით, ეკრძალებათ საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლება, ბიუჯეტის ხარჯზე შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სახელმწიფო კონტრაქტებით შესყიდვებში მონაწილეობა და გარემოსდაცვითი შეფასებების ჩატარება. გარდა ამისა, კანონში შემოდის ცნება „უცხოელ აგენტებთან აფილირებული პირები“. ესენი იქნებიან დამფუძნებლები, მენეჯერები, მონაწილეები ან ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელიც გამოცხადებულია "უცხოელ აგენტად". „აფილირებისთვის“ შეიქმნება ცალკე რეესტრი, ხოლო ოთხი არსებული რეესტრი გაერთიანდება ერთში. კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევა. სახელმწიფო დუმამ ახალი კანონი 29 ივნისს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 8 ივლისს დაამტკიცა. 2021 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ შეისწავლიდა მოქმედი კანონის ბუნდოვან კრიტერიუმებს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რათა არ მოხდეს კანონის ბოროტად გამოყენება.
თამარ გაბუნია: 18 წელს გადაცილებულებში მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია მსოფლიოს არცერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გაუცია
„18 წლის ზევით პირებში, არც ერთ მსოფლიოს წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრებს, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. „COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი "ბუსტერ დოზის" ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.
თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრაცია გაიზარდა
2022 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრანტების რიცხვი მინიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TurkicWorld-ზე დაყრდნობით წერს. სტატისტიკის თანახმად, თურქეთიდან დასაქმების მიზნით აზერბაიჯანში 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2022 წლის ამ პერიოდში 18,6% მეტი ადამიანი ჩამოვიდა. რაც 275 მოქალაქეს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-მაისში დასაქმების მიზნით თურქეთი 8 393 ადამიანმა დატოვა, რაც 2021 წლის მონაცემზე 36%-ით მეტია.
აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა - ფარვიზ შაჰაბაზოვი
2022 წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3% გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰაბაზოვი აცხადებს. „მიმდინარე წლის 6 თვეში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 13,52 მილიარდი კილოვატ/საათით გაიზარდა“, - აღნიშნავს მინისტრი. აქედან 6,64 მილიარდი კილოვატის ექსპორტირება მოხდა. ელექტროენერგიის იმპორტმა კი 71,1 კილოვატ/საათი შეადგინა. ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჰიდროელექტროსადგურმა 205,3 მილიონი კილოვატ/საათი გამოიმუშავა. ზრდა დაახლოებით 1,163 მილიარდ კილოვატ/საათამდეა.
ევროკავშირი ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით დაინტერესდა
ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში, ტერი ჰაკალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა საუბრისას ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას გრძელვადიანი თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირებზე ყაზახეთთან, როგორც ბრიუსელის წამყვან პარტნიორთან ცენტრალური აზიის რეგიონში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სახელმწიფოს მეთაურის რეფორმების პროგრამას და აფასებს ყაზახეთის მრავალვექტორულ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. ამასთან, შეხვედრაზე პოზიციები რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გაცვალეს.
მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში
სენატში ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს უწოდებს. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. „ძალიან კარგი ამბავია, რომ აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართავს, სტრატეგია განავითაროს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ჩვენ ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში და იმ დროს ვიმედოვნებდით, რომ შეგვეძლო დავყრდნობოდით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (BSEC), რათა შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ ყველა ქვეყანას მისცემოდა თანამშრომლობის საშუალება, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთმა დაპირისპირება გადაწყვიტა. 2008 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოში შეჭრა, მოგვიანებით, 2014 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, 2022 წელს, რუსეთმა კვლავ გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა“..., - ამბობს მეთიუ ბრაიზა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის შეფასებით, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს აშშ-ის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამასთან, მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან, თურქეთის, როგორც NATO-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ განხილვა საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ თურქეთი არამხოლოდ აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, არამედ, მას NATO-ს წევრებს შორის სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს. „თურქეთი არის NATO-ს გაფართოების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი - ემხრობა რა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. და, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ჩვენ ახლაც ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება, შეასრულოს თურქეთმა მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თვალსაზრისით, თურქეთი მთავარ როლს თამაშობს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია თურქეთის როლი. ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაში“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. სენატორებმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების საკითხს Europetime-თან ინტერვიუებში ბენ ჰოჯესი აქტიურად განიხილავდა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა. წაიკითხეთ ვრცლად ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და ალექსანდრე ვინიკოვმა NATO-ს მადრიდის სამიტის შედეგები განიხილეს
14 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. „ასევე, ისაუბრეს NATO-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი NATO-საქართველოს ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა, საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
„ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას: „ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხვას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია“, - აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. „გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა
მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპა და დავიცვათ წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამ განსაკუთრებულ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2022 წლის 21 აგვისტოს აღინიშნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და მონდომებით თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ორმხრივად მომგებიანი შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროებში. 2019 წლიდან ჩვენს მრავალგანზომილებიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას ამყარებს „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგი“, რაც დღესდღეობით, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საკვანძო/ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბოლო წლებში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურება. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყანას, ევროპისთვის მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს, რის ფონზეც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის, როგორც წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარება, მათ შორის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობით, ფასდაუდებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი დინამიკა, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ მჯერა, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც 2019 წელს, თბილისში დაარსდა, წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ და პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ ხიდს. მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საყრდენს. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ დგომა, ევროკავშირისა და NATO-ს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამაგალითოა. ჩვენი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგული მხარისადმი იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა იქონია 2008 წლის ომის დროს და რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული 20%-ის არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ასრულებს. საქართველო დიდად აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნება მომეცით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მტკიცე სურვილი და მონდომება გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინა: ხერსონის რეგიონის 44 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრო ბუტრიმ განაცხადა, რომ 44 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია. მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია შეთანხმებულია გენერალურ შტაბთან. 11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ივანოვკა რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს. 2022-07-10 უკრაინული მედია: ხერსონში რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ავიაციის გამოყენებით მიიტანეს იერიში რუსეთის საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო-სამეთვალყურეო და რუსეთის ეროვნული გვარდიის საკონტროლო-სამეთაურო პუნქტებზე. მათივე ცნობით, განადგურებულია 38 რუსი სამხედრო, 4 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. 2022-07-07 უკრაინის ძალები ხერსონში რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან - ISW ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.