ძებნის რეზულტატი:
„ტავ ჯორჯია“ თბილისის აეროპორტის გრძელვადიან გენერალური გეგმას, მთავრობას 2023 წელს გადასცემს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძესა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის „ADP Ingénierie (ADPI)“ დელეგაციას შეხვდა, რომელიც „ტავ ჯორჯიასთან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანამშრომლობს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა. „ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.
ვაშლის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიაზაცია უჭირთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მეწარმეებთან და სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს საჭიროებები და მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.„წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
თურქეთის პირველი დიპლომატი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველად ესაუბრა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს სირიელ კოლეგასთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ბელგიაში გამართულ შეხვედრაზე შედგა. იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი. „ოპოზიცია და რეჟიმი როგორღაც უნდა შევკრიბოთ შერიგების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა ძლიერი ცენტრალური ადმინისტრაციის აუცილებლობას სირიის დაშლის თავიდან ასაცილებლად და დაამატა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის უმაღლეს დიპლომატს სირიელ ოფიციალურ პირთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, როცა თურქეთი სირიაში ომის დაწყების შემდეგ მხარს უჭერს რიგ ოპოზიციურ ჯგუფებს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე, თურქულმა ძალებმა რამდენიმე სასაზღვრო ოპერაცია PKK-სა და YPG-ის წინააღდმდეგ, რომელთაც ანკარა ტერორიტსულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში ივლისში თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას განაგრძობენ, რათა სირიაში დაამარცხონ დაეში (ისლამური სახელმწიფო) და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2022 წლის პირველი მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ჯუანშერ ბურჭულაძე: დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია
დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები: დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია „როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერად აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, დიდგორის ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით 1121 წელს მოხდა. აღნიშნული თარიღი საქართველოს ისტორიაში ბრძოლისა და თავდადების სიმბოლო გახდა.
ზელენსკი ოფიციალურ პირებს სთხოვს, მედიასთან კიევის სამხედრო ტაქტიკაზე საუბარი შეწყვიტონ, ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება იწყება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის წინააღმდეგ კიევის სამხედრო ტაქტიკაზე და რომ ასეთი განცხადებები „გულწრფელად უპასუხისმგებლობაა“. „ომში ნამდვილად არ არის ხმამაღალი განცხადებების დრო. რაც უფრო ნაკლებ დეტალებს გაამჟღავნებთ ჩვენი თავდაცვის გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ხსენებული თავდაცვის გეგმების განსახორციელებლად. თუ გსურთ ხმამაღალი სათაურების მიღება, ეს ერთი საკითხია და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს უპასუხისმგებლობაა. თუ გსურთ უკრაინის გამარჯვება, ეს სხვა საქმეა და თქვენ უნდა იყოთ პასუხისმგებელნი თქვენს ყველა სიტყვაზე, რომელსაც ამბობთ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა თუ კონტრშეტევის გეგმებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა მიუთითა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც ოფიციალური პირები გაზეთებს ეკონტაქტებოდნენ. კიევი არ აკონკრეტებს, რომელ გამოცემებს გულისმხობს. „მსგავსი ინფორმაციის გაჟონვა არღვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებს, რადგან მტერი არეგულირებს თავის მოქმედებებს და ამ ინფორმაციას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს“, - ამბობს მინისტრი. შეგახსენებთ, სამშაბათს ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შემდეგ, New York Times-მა და Washington Post-მა წყაროებად ანონიმურობის პირობოთ მოიყვანეს ოფიციალური პირები, რომ აფეთქებაზე უკრაინული ძალები არიან პასუხისმგებელნი. კიევის მთავრობამ, თავის მხრივ, უარი ოფიციალურად განაცხადა, დაეზუსტებინა, იდგა თუ არა აფეთქებების უკან. ამასთან, საგულისხმოა, რომ Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეს ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ასევე ნახეთ რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში 204 ფიზიკური და იურიდიული პირი იყო დაკავებული. ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წელს წარმოდგენილ ანალოგიურ სტატისტიკაზე 2,9-ჯერ მეტია. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წილი 4%-ითაა გაზრდილი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აზერბაიჯანთან ყველაზე მეტი საერთაშორისო ავტოგადაზიდვა აქვთ. გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, აზერბაიჯანული კომპანიების წილი ამ მიმართულებით 6815 ერთეულით გაიზარდა, უცხოური გადამზიდავების მონაწილეობა კი 2234 ერთეულით შემცირდა. აზერბაიჯანული გადამზიდავების ბაზრის წილი მეზობელ ქვეყნებში 7.7%-ით გაიზარდა. მათ შორის თურქეთის მიმართულებით 10.2%-ით, საქართველოში 5.4%-ით, რუსეთსა და ირანში 7.2%-ით.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს
„რამდენიმე დღეში შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყოს. ამ გზით სარგებლობას ის ბიზნესოპერატორები შეძლებენ, რომელთაც ტვირთები სომხეთში გადააქვთ“, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა. „ახლა საბოლოო სამუშაოს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“,- განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ქერობიანმა სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დაასახელა, როცა გადაზიდვების მომსახურება გახდებოდა ხელმისაწვდომი. სომხეთის მთავრობის სხდომაზე 5 მაისს, მინისტრმა განაცხადა, რომ 15 ივნისი იყო ბოლო ვადა, როცა სომხეთი რეგულიარული საბორნე გადაზიდვებით ფოთის პორტიდან, რუსეთის პორტ „კავკაზამდე“ სარგებლობას შეძლებდა. 12 აგვისტოს, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გარკვეული სირთულეები გაჩნდა. „მოდით დაველოდოთ ერთი-ორი დღე, დაველოდოთ რამდენიმე დღე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის იოლი კითხვა, მით უმეტეს, რომ ასოცირდება ისეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან და ზეწოლებთან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბაჟო პუნქტებს არ აქვთ დრო, რომ დროულად დაამუშაონ ტვირთის ნაკადი, მიუხედავად იმისა, რომ სადღეღამისო ოპერაციაზე გადავიდნენ. ამავდროულად, საქართველოს გზა ზემო ლარსის გავლით არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ბორანი ამ გზის ალტერნატივაა.
ილია დარჩიაშვილი: ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ განახორციელა სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს დიასპორასთან და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საგრანტო პროექტის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა). ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან). რაც შეეხება საგრანტო პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული.
უკრაინამ ბრიტანეთისგან მიიღო სარაკეტო სისტემები, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია
გაერთიანებული სამეფოს მიერ გაგზავნილი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იუწყება. მინისტრმა დაამატა, რომ უკრაინაში მალე მეტი „საჩუქარი“ ჩავა. „დიდმა ბრიტანეთმა დაპირება შეასრულა! მეტი M270 MLRS ჩამოვიდა უკრაინაში. მადლობა ბენ უოლესს და ყველა ბრიტანელს! თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ რესურსს ბრძოლის ველზე", - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. მედიაში 11 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის დასახმერებლად მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების რაოდენობას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა. ამ დროისთვის დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნიდა კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ მათი ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.
Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მარაგის 1%-ზე მეტს, დღეში დაახლოებით (bpd) 1,4 მილიონ ბარელს შეადგენს. 20 წლის განმავლობაში ყაზახეთი (CPC) მილსადენით სარგებლობდა, თუმცა ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-ს (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) დახურვით დაემუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, სხვა კონტრაქტებზე ეფიქრათ. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაღალი ფასები შენარჩუნდა და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტიც იყო. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის მისივე ინფორმაციით, წელიწადში კიდევ 3,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გატარება შეიძლება, 2023 წელს დაიწყოს აზერბაიჯანის სხვა მილსადენით, საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე. აზერბაიჯანზე დაყრდნობა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. გასულ თვეს BP აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნაკადებს უფრო დიდ, BTC მილსადენზე გადაიტანდა. თუმცა, ახალი BTC მარშრუტით ყაზახეთს მოუწევს, დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, ბაქოში გადაიტანოს პორტ აქტაუდან, რომელსაც შეზღუდული სათადარიგო შესაძლებლობები აქვს, აცხადებენ წყაროები. სხვა მარშრუტები Tengizchevroil (TCO)-ს, რომელსაც მთავარი ნავთობკომპანია Chevron ხელმძღვანელობს, საკუთარი მარკეტინგული ჯგუფი ჰყავს და ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მარშრუტებსა და სარკინიგზო გზაზე, თქვა ორმა წყარომ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება, TCO-სთვისაც ვარიანტი აღმოჩნდეს, მაგრამ წყაროს თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი დატვირთვის დაწყებას შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს. TCO-მ აპრილში რკინიგზით დაიწყო ბათუმის პორტისკენ მცირე მოცულობების გადატანა, რადგან CPC-ს ტერმინალი (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) ქარიშხლის გამო დაზიანდა. ორი წყაროს ცნობით, TCO ჯავშნის უფრო მეტ სარკინიგზო გადაზიდვებს, რომლის ზრდაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი. ყაზახეთი ცალკე ახორციელებს ერთი მილიონი ტონა (დღე-ღამეში 250 000 ბარელი) Urals -ის ნავთობის გადაზიდვას რუსული მილსადენით, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის პორტებში. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან ნა მასონდოსთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პარლამენტში მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება. საგარეო კომიტეტთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სამხრეთ აფრიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნული საბჭოს სპიკერს ნა მასონდოს და მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობას სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით. სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა. სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში. „ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა. გვქონდა საინტერესო შეხვედრები სამხრეთ აფრიკელ კანონმდებლებთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი კავშირების გაძლიერების სხვადასხვა გზები. გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღება. სამხრეთ აფრიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და მომავალში ვგეგმავთ, რომ ვუმასპინძლოთ მათ თბილისში და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ასევე მივიღეთ დადასტურება იმისა რომ სამხრეთ აფრიკა ერთგული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპტაუნში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.
ოზურგეთში, ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი ქმარი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა. 72 წლის კაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებულ ავტომაქანაში მყოფი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. როგორც Europetime-ს თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე 23 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო
მედიაომბუდსმენი უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე მთლიანობაში 41 ჟურნალისტს იცავს, აქედან 23 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 ჟურნალისტის სახელით საჩივარი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტები მოსმენების მსხვერპლი სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში მუშაობის პროცესში აღმოჩნდნენ. ესენია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია“ და „რადიო თავისუფლება“, „მთის ამბები“, ონლაინგამოცემა გაზეთი „ბათუმელები/ნეტგაზეთი“, ონლაინგამოცემა „პუბლიკა“, ონლაინგამოცემა „ტაბულა“, ტელეკომპანია „კავკასია“, ტელეკომპანია „ფორმულა“, ტელეკომპანია „პირველი“, „პალიტრა NEWS“, „რადიო პალიტრა“, „On.ge“, „რადიო ფორტუნა“.
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა“, – აცხადებენ ცესკო-ში.
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. როგორც ცნობილია, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ადგილობრივი მაშველები ვერტმფრენს ითხოვენ. ამ ეტაზე დამატებითი დეტალები უცნობია.
რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა შინა პატიმრობაშია
კრემლის კრიტიკოსი, რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში იმყოფება. რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს შინაპატიმრობაში ყოფნა ოქტომბრამდე მოუწევს. მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორაციის გავრცელების ბრალდებას მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 10 აგვისტოს რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო. შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს. „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი, მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კანონპროექტების უმეტეს ნაწილს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს - სტეფანჩუკი
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კანონპროექტების უმეტესი ნაწილი 2022 წლის ბოლომდე მიიღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროცესის დაჩქარება, არამედ ხარისხი. „მოუთმენლად ველით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ შევიმუშავეთ პრიორიტეტული კანონპროექტების სია ევროინტეგრაციის სფეროში და ვაპირებთ მათი უმეტესობის დამტკიცებას ამ წლის ბოლომდე“, - თქვა სტეფანჩუკმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ევროკავშირმა ჟურნალისტების ფარული მოსმენების საქმეზე საბერძნეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა
მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ევროკომისიამ პარასკევს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა, სადაც ფარული თვალთვალის შესახებ შეკითხვებს სვამს. ევროკომისია ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ისრაელის წარმოების ჯაშუშური პროგრამების გამოყენებას თვალყურს ადევნებს. ევროკომისიის წარმომადგენელმა Anadolu-ს დაუდასტურა, რომ ევროკომისიამ იგივე პროცედურა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც გამოიყენა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს სავარაუდოდ, საბერძნეთის დაზვერვა აკონტროლებდა. საბერძნეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, პოლონეთმა და ესპანეთმა ისრაელის წარმოების ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ი გამოიყენეს. ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საბერძნეთში „ჟურნალისტებზე თავდასხმები და მუქარა გრძელდება და მედია გარემო კიდევ უფრო გაუარესდა“.