ძებნის რეზულტატი:

ლარი დოლართან მიმართებით ისევ გამყარდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6504 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.009 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1409 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 იანვრიდან შევა ძალაში.  

შარლ მიშელმა ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების საკითხზე მთავრობებს მიმართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წევრი ქვეყნის მთავრობებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იყოს გამოყენებული. ამის შესახებ Financial Times იუწყება. მიშელის თქმით, მას სურს, გაყინული ქონების მოგების მოპოვებისთვის გამოყენების შესაძლებლობა შეისწავლონ და ეს მოგება შემდგომში უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენონ. „ეს უნდა გაკეთდეს სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - ციტირებს FT მიშელს. ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები (300 მილიარდი ევრო (326,73 მილიარდი აშშ დოლარი) უკრაინაში შეჭრის გამო დაბლოკა. ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

გერმანია პოლონეთში Patriot-ის სისტემების გაგზავნას იწყებს

ბუნდესვერმა ორშაბათს, 23 იანვარს პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი ესკადრილიიდან, პირველი ორის გადატანა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია Welt-მა შესაბამისი კოლონების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.   საზენიტო სისტემები განლაგდება სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ზამოსკის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და უკრაინის ქალაქ ლვოვიდან 110 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ განლაგების ადგილის სიახლოვეს განთავსებულია სარკინიგზო გადაზიდვის სადგური, რომელიც უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო და სამხედრო ტვირთებისთვის არის განკუთვნილი. ბუნდესვერის ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა იარაღის სისტემის კომპონენტების დაყენება უზრუნველყონ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაშია

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში განგაში გამოცხადდა. განგაშია სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიროვოგრადის ოლქებში.  კრამატორსკის მერმა ალექსანდრე გონჩარენკომ ქალაქში აფეთქებების შესახებ განაცხადა, იუწყება TSN. დაზიანებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, შემთხვევის ადგილზე კვამლი ჩანს.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო. ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. საპატიო ჯილდო არის უმაღლესი რადას მიერ გადაცემული „მნიშვნელოვანი წვლილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სტოლტენბერგს ჯილდო გამორჩეული სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობის, უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს პოპულარიზაციასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანისთვისთვის გადაეცა.   „ჩემთვის პატივია, მივიღო ეს ჯილდო, რომელიც უკრაინისადმი NATO-ს დიდი ხნის მხარდაჭერის აღიარებაა, მაგრამ ნამდვილი აღიარება თქვენ გეკუთვნით. უკრაინელი ხალხის, მთავრობის, რადას და შეიარაღებული ძალების გამბედაობა და მონდომება ყველასთვის შთამაგონებელია. თქვენ გმირულად იცავთ თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას - ჩვენს საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი. ამასთან, შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.  

საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული - ზურაბიშვილი

უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - კობახიძე როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს. „მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული”,- აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტაცია განცხადებაში. ცნობისთვის, CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“. თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.  

რა საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ კოლეგასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და საერთო გამოწვევებს. „ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა.  სამხედრო დახმარების ტრანშის მოცულობა 500 მილიონი ევროა. უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად ფული ე.წ. ევროპის მშვიდობის ფონდიდან და ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამ ფონდიდან გამოყოფილი ჯამური თანხა ახლა 3,6 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარების მეშვიდე ტრანშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, უნგრეთმა გადაწყვიტა არ დაებლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მეშვიდე ტრანშის გამოყოფის შესახებ. აქამდე უნგრეთი, რომელიც თავად არ აწვდის უკრაინას იარაღს, თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარების მომდევნო ტრანშებზე, ახლა ამ ამ მხარდაჭერას არ ბლოკავს.  

უკრაინაზე შონ პენის ფილმის პრემიერა ბერლინში შედგება

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე (ბერლინალე) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინაში ომზე დოკუმენტურ ფილმს წარადგენს. აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა გერმანიის დედაქალაქში 73-ე ყოველწლიური კინოფესტივალი 16-26 თებერვალს გაიმართება. პენის ფილმი „სუპერძალა“ უკრაინის ომის შესახებ რამდენიმე სხვა ფილმთან ერთად გარე კონკურსის პროგრამის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. შონ პენი პირველად კიევს გასული წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დღეს ეწვია. მას შემდეგ მსახიობი რამდენჯერმე გაემგზავრა კიევში და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ ნოემბერში პენმა უკრაინაში ოსკარის ქანდაკება ჩამოიტანა, რომელიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ომის დასრულებამდე დარჩება. „გმადლობთ ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში“, -უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შონ პენს.   

ქუვეითის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განაცხადა

ქუვეითის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) ხელმძღვანელმა აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-საბჰმა განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინც მაშაალ ალ-აჰმედ ალ-საბას გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. წინა მინისტრთა კაბინეტი 2020 წლის 14 დეკემბერს ქუვეითში საყოველთაო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 12 იანვარს, პრემიერმა პარლამენტთან უთანხმოების გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ემირას მიმართა. 18 იანვარს სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო კაბინეტის გადადგომის განაცხადი, მაგრამ მინისტრებს დაავალა მოვალეობები საამიროს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულონ.  

ალჟირი და იტალია გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ალჟირმა და იტალიამ „გალის გაზსადენის“ (ალჟირი-სარდინია-იტალიის გაზსადენის) მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ იტალიურმა სააგენტო Nova-მ ალჟირის პრეზიდენტ აბდელმეჯიდ ტებუნზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, მილსადენით არა მხოლოდ გაზი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადი და ელექტროენერგია ტრანსპორტირება. ალჟირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული. იტალიური სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის 284 კმ წყალქვეშა მილსადენი, რომელიც დაახლოებით 2880 მეტრის სიღრმეზე განთავსდება, რომელიც ჩრდილოეთ ალჟირს სამხრეთ-დასავლეთ სარდინიაში მდებარე პორტო ბოტეს პორტთან დააკავშირებს. როგორც დაგეგმილია, გაზსადენი მთელ კუნძულზე გაივლის ოლბიაში და ქალაქ პიომბინოდან (ტოსკანის რეგიონი), იტალიის ენერგეტიკულ სისტემას დაუკავშირდება.   

ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა „მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა მიხაილ ვანინმა ქვეყანა, 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა ეს იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელებაა. მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების - რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას, რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ. ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას, საღამოს კი შესაბამისი თარიღი დაასახელა. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის ელჩმა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე უნდა დატოვოს.  

ევროკავშირი სომხეთში, ახალ სადამკვირვებლო მისიას ორი წლით გაგზავნის

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთში, ევროკავშირის ახალი საოქალაქო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.  მედია: ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ორი წლით აპირებს ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, „ახალი მისიის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას, ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს“. ამავდროულად, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ორივე ქვეყანასთან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად იმუშაოს“. მისიის ხანგრძლივობა თავდაპირველად ორი წელითაა განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ აზერბაიჯანთან, საერთაშორისო საზღვრის სომხეთის მხრიდან ევროკავშირის 40-მდე ექსპერტი-დამკვირვებლის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წლის 19 დეკემბერს სომხეთში, ევროკავშირის მისიის ამ მანდატით საქმიანობა დასრულდა.   

სტამბულში, ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი ამოქმედდა

ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი სტამბულში ამოქმედდა, რომელმაც ქალაქის ევროპული ნაწილი საერთაშორისო აეროპორტთან დააკავშირა.  ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მატარებელი ამ ხაზზე 90-120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრობას კიაგითჰანის სადგურიდან, (34-კილომეტრიანი ხაზი) სტამბულის აეროპორტამდე დაახლოებით 24 წუთი დასჭირდება. მისივე თქმით, ახალი სადგურების მიერთებით ხაზის ჯამური სიგრძე 69 კმ იქნება. „ჩვენ ვქმნით უზარმაზარ მეტროს სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე სტამბულის მთელ ევროპულ ნაწილს დაფარავს“, - განაცხადა მან ტელეკომპანია TRT-ის ეთერში. ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ მეტროპოლიტენის ახალი ხაზი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზით იქნება ინტეგრირებული. შეგახსენებთ, რომ სტამბულის ახალმა აეროპორტმა ფუნქციონირება ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ 2019 წელს დაიწყო, რომელიც ერთ დროს ევროპის სამი ყველაზე დატვირთული საჰაერო ნავსადგურიდან ერთ-ერთი იყო. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება.  

პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი  სამედიცინო ისტორია გაიხსნა. პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები. 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო  მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა  სამედიცინო ისტორიაში მოათავსა. უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება). პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, - ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ბირთვული ობიექტების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შენარჩუნება. „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე უკრაინის მთავრობის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს.  

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რუს ოლიგარქ შელკოვს აქტივები ჩამოართვა

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (VAKS) რუს მილიარდერსა და ოლიგარქ, სახელმწიფო კომპანია Rostec-ის საინვესტიციო განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს მიხაილ შელკოვს უკრაინული აქტივები ჩამოართვა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის უზენაეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სასამართლოში განაცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მედიის ცნობით, ქონების კონფისკაცია შეეხო შპს VSMPO TITAN-ის წილის 100%-ს, რომელიც რუსეთის თავდაცვისთვის მუშაობდა. ასევე რუს ოლიგარქს ჩამოართვეს ბინა და საპარკინგე ადგილი ოდესაში. უჟანგავი ფოლადის ფირის რულონების შემადგენლობა საერთო ფართობით 2411.3 კვ. მეტრი ნიკოპოლში; კომპლექსი ნიკოპოლში; ბინა საერთო ფართით 68.5 კვ. მეტრი ნიკოპოლში; ბორბლიანი ტრაქტორი; მისაბმელი; LEXUS მანქანა; ოთხი MITSUBISHI PAJER0 SPORT-ის ბრენდის მანქანა და ფული საბანკო ანგარიშებზე. როგორც VAKS-ის შეტყობინებაშია აღნიშნული, სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში.  

ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიურომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 მანქანა გადასცა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მითითებით იუწყება. 26 სასწრაფო დახმარების მანქანა ომის დროს ჯანდაცვის სფეროში პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. „6 მანქანა პაციენტების გადასაყვანად მზადყოფნაშია, ხოლო 20 რეანიმაციული მანქანა, აღჭურვილია ჟანგბადის ავზებით, დეფიბრილატორებით, ვენტილატორებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით, რომლებიც მძიმედ დაშავებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ჯანმო-მ და მისმა პარტნიორებმა უკრაინას სასწრაფო დახმარების 30-ზე მეტი მანქანა გადასცეს. „2023 წლის განმავლობაში მეტის მიწოდება იგეგმება. შემოწირულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.