ძებნის რეზულტატი:
Tav Airports-ის აქციები ფრანგულმა კომპანიამ იყიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით. ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს. ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.
Bloomberg: ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთს ომში ეხმარებიან
Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობას წარუდგინა მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა, უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარება. გამოცემის წყარო, კონკრეტულად არ ასახელებს, რა მიმართულებით ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ქმედება მიზანმიმართულია. „პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებდა რუსეთის კრიტიკას ომის გამო, მაგრამ გამოთქვა სურვილი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს და კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა. თუ აღმოჩნდება, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მართლაც დაუჭირეს მხარი უკრაინაში შეჭრას, ეს შემაშფოთებელ გავლენას მოახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ, - წერს Bloomberg. აშშ-ის სტრატეგია უკრაინის მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობის იზოლაციასა და მისი ეკონომიკის „დახრჩობას“ ისახავს მიზნად. „რუსეთთან მიმართებით ჩინეთის, როგორც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მხარდაჭერის ზრდამ შესაძლოა, აშშ-ის ეს სტრატეგია მნიშვნელოვნად შეარყიოს“, - წერს Bloomberg.
სოჭის პორტის დირექტორი: „აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“
სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ [მგზავრების გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში შესაძლებელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, განზრახულია ამ გაზაფხულ სატვირთო გადაზიდვების დაწყება“, - განაცხადა ვლადიმეროვმა და აღნიშნა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება. „ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებით შეძლებისდაგვარად განვვითარდეთ“, - დასძინა ვლადიმიროვმა. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ასევე ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უკრაინის ხუთ ოლქში გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ
უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უკრაინის ხუთი ოლქის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაეთანხმა. თანამდებობას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ტოვებენ. უფრო ადრე ცნობილი გახდა თავდაცვის მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6499 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8789 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8889 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1409 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 იანვრიდან შევა ძალაში.
აკადემიკოსი, ზაზა ალექსიძე გარდაიცვალა
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ზაზა ალექსიძე 1935 წლის 18 ოქტომბერს თელავში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1979 წლებში – ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1979-2006 წლებში კი, თსუ-ს არმენოლოგიის კათედრის გამგე. 1989-2006 წლებში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორად. 2006 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ-ს სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 2002-2004 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ეპისტოლეთა წიგნი“, 1984 წელს სადოქტორო დისერტაცია – „ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“. 2002 წელს ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
უკრაინული მედია ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს განიხილავს
კიევის რეგიონში, ბროვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო. ეს ავიაკატასტროფის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, წერს CTRANA.ua შსს-ს წყაროებზე დაყრდნობით. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე CTRANA.ua-ს თანამოსაუბრეების თქმით, „ვერტმფრენის პილოტი შეზღუდული ხილვადობის პირობებში ძალიან დაბლა დაფრინავდა - იმ დღეს ძლიერი ნისლი იყო და მაღლივი შენობა ძალიან გვიან შენიშნა“. შსს-ში გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პილოტმა ეს მარშრუტი ბელორუსის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო აირჩია. „ჩვენი REP (რადიო ელექტრონული ჩახშობა - რედ.) მუშაობდა. ამან იმოქმედა ნავიგაციაზე. პილოტმა გადაწყვიტა ბროვარის გავლით გაფრენა. ნისლი იყო და შუქი არ იყო, ამიტომ მაღლივ შენობებზე წითელი შუქები გამორთული იყო. მას აღარ ჰქონდა კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლო ვარიანტები. პილოტმა მოულოდნელად შეცვალა მიმართულება და ვერტმფრენი უახლოეს საბავშვო ბაღს დაეცა", - თქვა CTRANA.ua-ს წყარომ. შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი იყო. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შსს სახელმწიფო მდივანი. მანამდე, SBU-მ ბროვარში მომხდარი ავარიის სამი ძირითადი ვერსია განიხილა. მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზანმიმართული ქმედებები.
ბრალდებულმა ვაზისუბანში, მარკეტის მოლარეს რამდენჯერმე ესროლა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს. შემთხვევა 23 იანვარს ვაზისუბანში მოხდა. უწყების ცნობით, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, ბრალდებული და სუპერმარკეტის, მოლარე-ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ ბრალდებული 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაული 16-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლუკაშენკოს თქმით, კიევმა ბელორუსს თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მიმოხილვისას განაცხადა, რომ კიევმა ბელორუსს სავარაუდოდ, თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა. რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მცდელობების შესახებ, ომში ჩართოს ბელორუსი „მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან და ჩვენი ჯარები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადავიდნენ. მეორეს მხრივ კი გვთავაზობენ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სიტყვებზე კომენტარი უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. „არ მჯერა, რომ ასეთი წინადადება არსებობდეს. თუნდაც წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი, ფორმალიზებული და საჯარო პროცესია. უფრო მეტიც, ასეთი შეთანხმება ხშირად პარლამენტის მიერ რატიფიცირებას მოითხოვს“.
მიხეილ სააკაშვილს COVID19 დაუდასტურდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "ფორმულას" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ტელეგრამაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. „მივესალმები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს უკრაინაში. უკრაინა აფასებს ფინეთისა და ფინელი ხალხის მხარდაჭერას. მადლობა ამ ვიზიტისთვის!" დაწერა ზელენსკიმ. ფინური მაუწყებლის Yle-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნიინისტოს ვიზიტზე ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. ნიინისტო ზელენსკის კიევში შეხვდა. პრეზიდენტებმა განიხილეს ფინეთის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ნიინისტოს თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი კვლავ ღიაა. „ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა NATO-ს ბლოკის გარეთ, რომელსაც აქვს Leopard-ის ტიპის ტანკები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს გრძელი საზღვარი რუსეთთან და ეს გასათვალისწინებელია", - განაცხადა ნიინისტიომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, დღემდე ფინეთმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.
ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდის ზიანი მიაყენა - ექსპერტები
ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდის ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტები აცხადებენ. მთლიანი ზარალის ყველაზე დიდი წილი დაზიანებულ, ან დანგრეული საცხოვრებელ სახლებზე მოდის. „ომის დროს სულ დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლი, 17,5 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი." აცხადებენ კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტები. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს
თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნო, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ABC News უკრაინელ მხარეზე დაყრდნობით წერს. ABC News-ის ცნობით, შეთანხმებები რამშტაინის სამიტზე გაფორმდა. 20 იანვარს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდნენ. მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს. ეს რამშტეინის რიგით მერვე სამიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო
უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg
Bloomberg-ი იუწყება, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. გამოცემასთან საუბრისას, წყაროები აცხადებენ, რომ ბერლინს მოკავშირეებს შორის მზარდი იმედგაცრუების ჩასახშობად, ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სურს. მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. უფრო ადრე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-ს, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აშშ მოწოდებულია, უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს - WSJ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინება Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
25 იანვრის 23:00სთ-დან 26 იანვრის 06:00სთ-მდე გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოეს ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00სთ-დან 26 იანვრის 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ბურიჩის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია, ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, - განააცხადა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 2014 წელს დაიწყო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციის მიღებით აღიარა, რომ რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო. შესაბამის რეზოლუციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ზამთრის სესიაზე სამშაბათს, სტრასბურგში დაუჭირეს მხარი. „2014 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან ხელახლა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში მასიური შეჭრით“, - ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქმეების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურად არის დაფიქსირებული, რუსეთის ფედერაციის დანაშაულთა მასშტაბებს სრულად არ ასახავს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ კონკრეტული საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სპეციალური (ad hoc) საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას შეუწყობს ხელს.
„საშიში სათამაშოები“ რეალიზაციიდან ამოიღეს, კომპანიებს კი, გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება დაევალათ
საზედამხედველო პროცედურების ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ბაზარზე განთავსებული 20 სათამაშო ლაბორატორიულად შეამოწმა. 6 სათამაშოს შემთხვევაში დადგინდა, რომ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, ა4 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა სტანდარტებთან შეუსაბამობა ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით და შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოიცა პროდუქტის გამოთხოვის დადგენილებები, რომელთა მიხედვით, შესაბამის კომპანიებს, საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ. კომპანიებს ასევე დაევალათ მოხმარებლებზე რეალიზებული პროდუქტების უკან დაბრუნება და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მაღაზიაში გამოკრული საინფორმაციო ბანერების, კომპანიის სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მეშვეობით. ხოლო 2 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა მცირე ნაწილების გამოყოფის რისკები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რესპირატორული გართულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის კომპანიებს დაევალათ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება. თითოეული სათამაშოს შემთხვევაში შეუსაბამობები იყო შემდეგი სახის: 1. სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრების (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოში ტყვიის მიგრაცია არის 191.8 მგ/კგ, რაც 95.9-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 2.0 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ტყვია წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. სტანდარტით გათვალისწინებული მსგავსი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის დროს, იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. შესაბამისად, გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 2. სათამაშოს ქსილოფონის (სერია/მარკა: frog insects knock xylophone მწარმოებელი - Mut) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება საღებავი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტებს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით. 3. სათამაშო ტყლარწის - crystal mud, მწარმოებელი - უცნობი, სხვადასხვა ფერი) ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 2116 მგ/კგ, რაც 7.053-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. სტანდარტის მოთხოვნებთან მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაში, იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. აღნიშნულ სათამაშოზეც გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 4. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა - N002) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 891.8 მგ/კგ, რაც 2.97-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 5. სათამაშო ტყლარწის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 838 მგ/კგ, მაშინ როდესაც დასაშვები მიგრაციის ზღვარი „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტის მიხედვით 300 მგ/კგ-ია. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოს ხშირი და ხანგრძლივი მოხმარება ასევე უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების გაზრდილ რისკებს. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 6. სათამაშო იარაღის (სერია/მარკა - 320-3, მწარმოებელი - უცნობი) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.