ძებნის რეზულტატი:

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიევ-პეჩერის ლავრის ახალი ვიკარი დანიშნა

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი ავრაამი (ლოტიში) კიევ-პეჩერის ლავრის ვიკარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ დააკმაყოფილა არქიმანდრიტის თხოვნა და დალოცა მამა ავრაამი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ეპიფანემ მიმართა მთავრობას, დაუშვას ლავრის შენობების გამოყენება რელიგიური მსახურების, ბერების განსახლებისა და სამონასტრო საქმიანობისთვის. მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერების შესაძლო პროვოკაციებისგან ვიკარისა და მონასტრის დაცვას ხელს შეუწყობს. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ, ბერები კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ. მისივე თქმით, ბერებმა თავად იციან, რა ვარიანტები აქვთ ლავრაში ცხოვრების გასაგრძელებლად. თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მღვდლების გამოსახლება მოხდება უკრაინის კანონების შესაბამისად და რომ კიევ-პეჩერის ლავრა უმასპინძლებს რელიგიურ მსახურებას უკრაინის კანონების შესაბამისად და არა იმ სუბიექტების ჩართულობით, რომლებიც ოდესღაც აქ დიდი რაოდენობით შეიქმნა გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს არაერთი ეპარქია, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი მტრის ძალების მხარეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ. 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.

რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოშია. ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ რომის პაპი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. თუმცა ზოგიერთი იტალიური მედიასაშუალება წერს, რომ პაპს სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემები აწუხებს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავის მხრივ, Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ვატიკანის განცხადებას ეყრდნობა, პაპს რესპირატორული ინფექცია აქვს და მკურნალობისთვის საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება დასჭირდება. ვატიკანის განცხადებითვე, 86 წლის პაპი ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ მას COVID-19 არ ჰქონდა.  

შსს აცხადებს, რომ დაკავებულია პირია, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

შსს-ს განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებისას "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომელთაც პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები განახორციელეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. 7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კანონპროექტი საერთშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე გაიწვის, მეორე ვარიანტი კი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული, ჩააგდეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტირანიასთან გასამარჯვებლად უფრო დიდი ერთიანობაა საჭირო

ტირანიასთან გასამარჯვებლად უფრო დიდი ერთიანობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ სამყაროს ამის მიღწევა შეუძლია. მას შეუძლია გაიმარჯვოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება! რაც შეიძლება მალე. და ჩვენ ყველანი ერთად: უკრაინელები, ყველა ევროპელი, ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები ყველა კონტინენტზე - აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიაში - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოახლოვდეს. უკრაინის გამარჯვება. თავისუფლების გამარჯვება. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გამარჯვება“. „უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს სრულმასშტაბიანი ომის დროს - ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს, ნდობას გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში

 „დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკი სავარაუდოდ, კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გულისხმობდა. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიევ-პეჩერის ლავრის ახალი ვიკარი დანიშნა „დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ, ჩვენი საზოგადოების დაცვისკენ ძველი და მოსკოვის ცინიკური მანიპულაციებისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასეა 1991 წლიდან. ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ. თუმცა ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ ლავრიდან გასვლას არ აპირებენ. 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.  

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

ჩვენმა ჯარისკაცებმა 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტერი ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს. ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საქართველოს მომავალი მტკიცედაა დაკავშირებული ევროკავშირის ოჯახთან - ჩარლი ფლენეგანი

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლენეგანი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ინფორმაციული განახლება და დისკუსიები საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესა და დავით სონღულაშვილთან. ფართო სპექტრის რეფორმების პროგრამა კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირის ოჯახთან“, – წერს ჩარლი ფლენეგანი „ტვიტერზე“.  

აშშ-ში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა

ამერიკის კენტუკის შტატში კატასტროფა განიცადა 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ვერტმფრენმა (HH60 Blackhawks). კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა BBC წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 10-მდე ადამიანი. კენტუკის შტატში დისლოცირებული ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის ინფორმაციით, ვერტმფრენები სასწავლო მისიას ასრულებდნენ.  კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა, მსუბუქი ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით იმოძრავებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე). როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.  

2022 წელს, საქართველოში 42 319 ადამიანი დაიბადა, ხოლო 49 118 გარდაიცვალა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით7.9 პროცენტითაა შემცირებული. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი). „ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 26.6 პროცენტი. 2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

27 აპრილს, შესაძლოა, პუტინი თურქეთში ჩავიდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. "შესაძლოა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბატონი პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად, 27 აპრილს მიანიჭებს ცნობისთვის, კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. შეგახსენებთ, თურქეთი არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომელიც ამ წესდების მონაწილე მხარეებს ავალდებულებს, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი მათ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში. როგორც ცნობილია, პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ 17 მარტს გასცა. რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს  

სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული პირი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც თურქული მხარე ამბობს, კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა. მესაზღვრეებმა კაცზე ეჭვი ქურთუკის გამო მიიტანეს, რომელიც შებერილი იყო. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც კუები იყვნენ.  

რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი იწყება - WSJ

უკრაინაში წარმოებული ხანგრძლივი ომისა და აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა თანდათან კოლაფსს განიცდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. გამოცემის თანახმად, რუსეთის მთავრობის შემოსავალი იკუმშება და მისი ეკონომიკა უფრო დაბალი ზრდის ტრაექტორიაზე გადავიდა, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში. რუსეთულმა გაზმა და ნავთობმა ძირითადი მომხმარებლები დაკარგა. ნოემბრის შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით 20%-ით დაეცა. გარდა ამისა, სამუშაო ძალა შემცირდა, რადგან ახალგაზრდებს ფრონტზე აგზავნიან ან ქვეყანას გაწვევის შიშით ტოვებენ. გაურკვევლობამ შეზღუდა ბიზნეს ინვესტიციები. „რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან რეგრესში შედის“, - აცხადებს ალექსანდრა პროკოპენკო, რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვა. რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ რუსეთს ნაღდი ფული ეწურება. „მომავალ წელს ფული აღარ იქნება, უცხოელი ინვესტორები გვჭირდება“, - განაცხადა ნედლეულის მაგნატმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, შეიძლება, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, იტყობინებოდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო RIA Novost-ი 29 მარტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს. „ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის სამი თვით გადავადების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ბაზრის ოპერატორების მოსმენა, რომელიც გაიმართა გასულ კვირას. მოვუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კომერციული ბაზრის ოპერატორს, მოვუსმინეთ ბირჟას. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული დავალებების აბსოლუტური უმეტესობა არის შესრულებული, გარდა ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირება და სისტემების სინქრონიზაციისა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.  

რუსეთმა უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის ფედერაციამ უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში დაამატა, რადგან ის შეუერთდა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უნგრეთში რუსეთის ელჩმა ევგენ სტანისლავოვმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია. ამავდროულად, ელჩმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი თითქოს „პრაგმატულ“ პოზიციას ავლენს და „არ არის მზად, თავი შორს დაიჭიროს NATO-ს და ევროკავშირის ზეწოლისგან“. „უნგრეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის ყველა ანტირუსულ სანქციას და იძულებულია, მკაცრად განახორციელოს ისინი. სწორედ ამიტომ შედის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაში, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი საპასუხო ზომები“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.  

არასამთავრობი: იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების ნაწილში დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღმოჩნდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია - ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

უკრაინამ აშშ-სგან $1,25 მილიარდის საბიუჯეტო დახმარება მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა აშშ-დან 1,25 მილიარდი დოლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო, რომელიც ძირითადად სოციალურ გადასახადებს მოხმარდება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაფინანსება მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას, კერძოდ საპენსიო გადახდებს, სახელმწიფო სოციალური დახმარების გარკვეული პროგრამების მხარდაჭერას (დევნილთა დახმარება) და საჯარო დასაქმებულთა, სახელმწიფო თანამშრომლების ხელფასების გადახდას. ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახურისა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების დაფინანსებას. შეერთებულმა შტატებმა ეს თანხები მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდის მეშვეობით უზრუნველყო. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 15,5 მილიარდი დოლარის გრანტი უკვე მიიღო. PEACE უკრაინის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) ერთობლივი პროექტია, რომლის ღირებულებაა 14,9 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტი IBRDპ-სა და IDA-ს სესხებს, ასევე სხვადაასხვა დონორის გრანტებს მოიცავს.  

მდინარაძე ზურაბიშვილზე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების დროს ეხმარებოდნენ, რაც სწორი არ იყო. რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ ამ შეკითხვას უპასუხა. „ქალბატონი სალომეს მაგივრად წინასწარ როგორ ვილაპარაკო, როდესაც ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, საბოლოო ჯამში, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა. სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს. უფრო ადრე, ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იზიარებს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. თუმცა განცხადებაში საწარმოს სახელწოდება მითითებული არ არის. „რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) აღძრა“, - აცხადებს უწყება. რუსეთმა ცენზურის კანონები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც გასული წლის 24 თებერვალს ათიათასობით ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჟურნალისტი სამხედრო დაჯგუფენა „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას. Wall Street Journal-მა მომხდარის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. სხვა უცხოელმა ჟურნალისტებმა, გერშკოვიჩს მხარდაჭერა ინტერნეტ სივრცეში გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და არა ჯაშუში. აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩს ბრალად ედება დანაშაული, რომელიც 20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.