ძებნის რეზულტატი:
თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედაქალაქის საკრებულოში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის – Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიხსნა და მას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. „მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს „ევროდესკის“ ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას. ვფიქრობ, ღონისძიების თბილისში ჩატარება ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს. „ევროდესკის“ ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმოგზაურონ და ისწავლონ ევროპაში, მიიღონ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, შეიძინონ ევროპელი მეგობრები, ახალი თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. შეხვედრებზე, რომელიც 28-31 მარტს გაიმართება, ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ამ პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ასევე, დაგეგმილია დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშების განხილვა და სოციალურ-კულტურული აქტივობები. „ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ. 2020-2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით, 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს. მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ. თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა და ამ მიზნით, საქართველოში მოქმედი კომერციული საბანკო დაწესებულებების გამოყენებით მათი ეკონომიკურ ბრუნვაში განთავსება. აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა, რომელიც პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულის საკუთრებაში არსებული 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ჯამში 590 კვ. მ საცხოვრებელი ბინები, 5 ავტოსადგომი და „LEXUS“ მარკის ავტომანქანა, რითაც ბრალდებულს არ მიეცა ქონებების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბორის პისტორიუსი: გერმანია უკრაინის წინაშე თავის ვალდებულებებს ასრულებს
გერმანია ასრულებს თავის ვალდებულებებს უკრაინაში იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით და ზოგჯერ მეტსაც აკეთებს. დაპირებული ტანკები, ასევე კომპლექტი საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით უკრაინაში ჩავიდა", - დაწერა გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა Twitter-ზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველების ხელში ტექნიკის გადაცემა დროულად მოხდა. მისი თქმით, ამ ტანკებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბრძოლის ველზე.
განათლების ახალმა მინისტრმა მოადგილე წარადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. „გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი 20 მარტს წარადგინა.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება - ალასანია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება. "მე რომ მკითხო, წინა კვირაშიც უნდა შეტანილიყო სარჩელი. ვერ გეტყვით, ვერ ვიღებ პასუხს. სასწრაფო და აუცილებელია გაგზავნა. ადვოკატები არ მინახავს, არ ვიცი. დღის ბოლომდე რაღაცებს ვლაპარაკობთ, შემდეგ მთავრდება დღის ბოლო და პასუხს ვერ ვიღებ. მე მეჩქარება დიდი ხანია, ადამიანი გაქრა, ხომ ხედავთ. ადვოკატებსაც იმავეს ვეუბნები, სხვა რა უნდა ვუთხრა. არ გამიგია, რა პროცედურებია კიდევ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან - სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის, ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. „ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება - იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. „სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, სააკაშვილმა კი, შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო - მდინარაძე
უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. =„განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო. ეს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, მაინცდამაინც იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.
მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს - კობახიძე
მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დემოგრაფია არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის უარყოფითი მიგრაციული სალდო, ასევე არის რა თქმა უნდა ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 4 250 დოლარი, შარშან, წლის ბოლოს ანუ ორი წლის თავზე იყო 6 800 დოლარი, ანუ გაუმჯობესება არის სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ 6 800 დოლარია ჩვენი ეკონომიკა შარშანდელი მონაცემებით. ამ წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა გახდება დაახლოებით 8 000 დოლარი, თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ, იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
საგარეო უწყებამ ნორვეგიის ელჩი დაიბარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა. უწყებაში აღინიშნა, რომ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. „როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა. მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, - წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში. საქართველოში ნორვეგიის ელჩის, ჰელენ სანდ ანდერსენის კომენტარი ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, რომლის თანახმად, ნორვეგიის საელჩო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გაეცნენ. მისი თქმით, ჯილდოს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს. „დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, - აღნიშნული იყო ელჩის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ვარშავას "უახლოეს მომავალში" ეწვიოს, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების თარიღი გამო მოგზაურობა წინასწარ არ გამოცხადდება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადიო Wnet-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს უკრაინისა და პოლონეთის ლიდერებს შორის.
უკრაინამ პორტუგალისგან Leopard 2-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო
უკრაინამ პორტუგალიიდან Leopard 2A6-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „პორტუგალია აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
არ გვინდა, სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში შევიდეთ - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებიან და სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში არ შევლენ. „სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ",- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საფრანგეთი უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის მიწოდებას გააორმაგებს
საფრანგეთი გააორმაგებს უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების მიწოდებას, ეს რაოდენობა თვეში 2000-მდე მიაღწევს. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Figaro-ს განუცხადა. უკრაინის სამხედროები 155 მმ-იან ჭურვებს ფრანგულ თვითმავალი ჰაუბიცებისა (კეისარი) და გერმანული ჰაუბიცებისთვის (Panzerhaubitze 2000) იყენებენ. ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი „ძალიან მალე“ იტალიასთან ერთად მიაწვდის უკრაინას SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. 20 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მოიწონეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივად მიწოდებას ითვალისწინებს.
ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ოფიციალურად აღიარების შემდეგ, მოსკოვი ერევნის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული სამთავრობო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს, ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. ამასთან, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება. შეგახსენებთ, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა 28 მარტს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ტექსტი გამოაქვეყნა.
ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა
2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო. დაკისრებული კომპენსაციების მთლიანი მოცულობა $170 მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც შედის როგორც უშუალოდ კომპენსაცია, ასევე დარიცხული პროცენტი და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება. საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 22%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰაიდელბერგცემენტში”, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არის. ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია ასევე 10%-იანი წილი ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “მაგთში”. წყარო - Forbes.ge
რა წერია Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ
2022 წელს დაფიქსირდა ახალი, განახლებული და გაჭიანურებული კონფლიქტები, რამაც გამოიწვია საშინელი ტრაგედიები. ზოგიერთი მათგანი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება. მთელ მსოფლიოში, ხელისუფლებებმა განაგრძეს საყოველთაო თავისუფლებების წინააღმდეგ მძიმე რეპრესიები. ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საკვებისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა და ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ზეწოლა. Amnesty International-ის ანგარიში 2022/23 ამ საკითხებს გლობალურ და რეგიონულ დონეზე კრებს და აანალიზებს 2022 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 156 ქვეყანაში. ანგარიში მოქმედებისკენ მოუწოდებს - ეს შესავალი ახლავს უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელსაც Europetime გთავაზობთ. დოკუმენტი ორგანიზაციის ვებგვერდზე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა. ახალი კანონებით გაფართოვდა მიყურადების უფლების ფარგლები და კიდევ უფრო შეილახა სასამართლოსა და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. გრძელდებოდა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია; კვლავ ხშირი იყო მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არქონა გამოწვევად რჩებოდა როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონტექსტი პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა. ამ წუხილების ფონზე, ივნისში ევროპულმა კომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადადო და მომავალი გადაწყვეტილება 12 პრიორიტეტის შესრულებას დაუკავშირა, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, სასამართლოს რეფორმის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. რუსეთიდან საგრძნობლად გაზრდილმა გზავნილებმა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანის შემოდინებამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ასევე გაზარდა ცხოვრების ღირებულება და ეკონომიკური უთანასწორობა. შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის არსებულმა მძიმე მდგომარეობამ ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია. მარტში სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს მიერ მიღებული არასაკმარისი ზომების გამო გარემოს დაბინძურების აღმოფხვრისა და უსაფრთხო სასმელი წლის უზრუნველყოფის საკითხებში, აგრეთვე, დასაქმებულთა და მათზე ეკონომიკურად დამოკიდებულ პირთა სოციალური დაცვის არარსებობის გამო. გამოხატვის თავისუფლება კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებსა და მათ მიმართ წამოწყებულ ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მაისში გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა, რისი ნაწილობრივი საფუძველიც გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა გახდა; აღნიშნული ტენდენციები წლის ბოლომდე შენარჩუნდა. 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. ძალადობრივ თავდასხმას ერთ-ერთი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. ივლისში, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცებასა და აზერბაიჯანში გადაყვანაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სდებდა ბრალს. აფგან მუხთარლიმ ტვ პირველს უამბო, რომ მან ფოტოებით ამოიცნო ერთ- ერთი გამტაცებელი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამით, საბოლოოდ მიიღო სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი სტრუქტურების ფარული მიყურადების წარმოების უფლებამოსილები გაიზარდა. კერძოდ, ახალი კანონით გაფართოვდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და შესაძლებელი გახდა მოქალაქეების უვადოდ მოსმენა ისე, რომ მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. გრძელდებოდა ოპოზიციის, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკა. ივლისში პრო-სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის თანამშრომლები სარედაქციო საკითხებზე მსჯელობენ. სექტემბერში გავრცელდა ახალი მასალები, მათ შორის, აუდიოჩანაწერები და ფოტოები პირადი ცხოვრების შესახებ, რომლითაც გამოჩნდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების სავარაუდო მიყურადების ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საანგარიშო წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა. იანვარში სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აგრეთვე, ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი, დამნაშავეებად ცნო პოლიტიკურად მოტივირებულ თაღლითობის საქმეში და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მსჯავრდადებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საპარლამენტო მანდატი შეუწყდა ბადრი ჯაფარიძეს. სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის საქმეების შესახებ მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა „მძიმე მეტალებით [მისი შესაძლო] მოწამვლისა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკის“ შესახებ, საანგარიშო წლის ბოლოსთვის სასამართლოს სააკაშვილის სასჯელი არ გადაუვადებია. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ წარმოებაში მიიღო ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე. მაისში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 42 თვით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუსაბუთებელი ბრალდებით. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ივნისში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებების სისწრაფემ და მასშტაბმა შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი იქონიოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე“ და შექმნას აღქმა, რომ მიღებული ცვლილებები მოსამართლეთა „კონტროლსა და გაჩუმებას“ ემსახურება. აპრილში აღნიშნული კანონი ხუთმა მოსამართლემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიებზე დაყრდნობით. წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებდა, 12 იანვარს გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახური შეიქმნა. ამ ნაბიჯს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა; მათი მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეამცირებს სამსახურების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, და უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფოს უნარზე ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამების, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათი გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევები, აგრეთვე, მის უნარზე აღასრულოს სამართალი აღნიშნულ დანაშაულებზე. ქალთა და გოგონათა უფლებები მედიაში გავრცელდა ცნობები ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევის შესახებ, რამაც გააძლიერა წუხილები, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება. ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით მიღებული ზომები კვლავ არ იყო საკმარისი. საგანგაშო რჩებოდა ეკონომიკური უთანასწორობაც: მსოფლიო ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საოჯახო საქმეების გამო ქალთა 50% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, მაშინ, როცა მამაკაცებში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ქალები 16%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. წარსულ საქმეებზე დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა. წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი 31 აგვისტოს, 2020 წელს პატიმრობისას ცემისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კულაევის გარდაცვალების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. არ განხორციელებულა ინალ ჯაბიევის საქმის ეფექტური გამოძიებაც, რომელიც ასევე 2020 წელს, პატიმრობისას მასზე განხორციელებული წამების შედეგად გარდაიცვალა. 2021 წელს აფხაზეთის მცხოვრების, პატიმრობისას გარდაცვლილი ანრი ატეიბას საქმეზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებოდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5712 ლარი ეღირება, ევრო – 2.7828 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1654 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5754 ლარი ღირდა, ევრო – 2.7727 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1569 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მარტს ამოქმედდება.
ზელენსკი სუმის რეგიონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის რეგიონში ჩავიდა. ზელენსკი რეგიონის ქალაქებს, ახტირკას და ტროსტიანეც ეწვია. ახტირკაში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პატივი მიაგო მათ, ვინც ქალაქის დასაცვად იბრძოდა. მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში, საბავშვო ბაღის დაბომბვის ჩათვლით, ოხტირკამ განიცადა მძიმე დანაკარგები და „მტრის სასტიკი თავდასხმები“. „სამართლიანობა დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც უკრაინელების, უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ჩვენ ყველა მკვლელს რუსეთის ფედერაციიდან, ტერორისტებს და თავად აგრესორ სახელმწიფოს პასუხისგებაში მივცემთ", - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ აღვადგენთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც განადგურდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი ბოლო დღეების განმავლობაში, აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში ბახმუტისა და კოსტიანტინივკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონში იმყოფებოდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. „30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.