ძებნის რეზულტატი:
რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება ამოქმედდა
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და რუმინულ Romgaz S.A-ს შორის 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა. შეთანხმება აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესახებ, 3 თებერვალს, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა. ამ ხელმოწერით SOCAR-სა და Romgaz S.A-ს შორის 2022 წლის 19 ოქტომბერსა და 16 დეკემბერს შორის გაფორმებული დოკუმენტების ქმედითობა გაგრძელდა. იმჟამინდელი შეთანხმება 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა. მიწოდების დღიური მოცულობა 4,2 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.
ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს ფინეთის პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ უნდა მიიღონ ხმების სულ მცირე 2%, რათა სახაზინო დახმარებით ისარგებლონ. სკანდინავიური ქვეყნის ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა, 22 პოლიტიკური პარტიიდან სულ 2424 კანდიდატს სურს. ხმის მიცემა ფინეთის 18 და მეტი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია. შექმნილია დაახლოებით 2000 საარჩევნო უბანი, რომლებიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. ამჟამინდელ მთავრობას პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია და კიდევ ოთხი პარტია ხელმძღვანელობენ - ცენტრისტული პარტია, მწვანე ლიგა, მემარცხენე ალიანსი და შვედეთის სახალხო პარტია. სულ 19 მინისტრია. სოციალ-დემოკრატების პარტიამ 2019 წლის არჩევნების შემდეგ შვიდი მინისტრის პორტფელი მიიღო, კოალიციის მეორე უმსხვილესი პარტნიორს - ცენტრისტულ პარტიას კი, ხუთი მინისტრი ჰყავს. მისი 39 წლის ლიდერი ანნიკა საარიკო ფინანსთა მინისტრად 2021 წლის მაისიდან მუშაობს. მწვანე ლიგას, რომლის ლიდერია მარია ოჰისალო და რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა, სამი მინისტრის პოსტს იბარებს. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ლი ანდერსონი, ამავდროულად, ქვეყნის განათლების მინისტრად მუშაობს. პარტიას ჰყავს ორი მინისტრი კაბინეტში, ისევე როგორც შვედეთის სახალხო პარტიას.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლების მოხსნა - ლევან დავითაშვილი
2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას გააკეთა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“. ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“. „ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში. ლევან დავითაშვილთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.
ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“: თანამშრომლებს თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პერსონალის დასაქმებაზე. მინისტრის თქმით, პერსონალი ღირსეული ანაზღაურების გარეშე არ დარჩება. „ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“ არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. პროტესტი გრძელდება - „რესპუბლიკური ჩვენი სახლია", - ამ ლოზუნგით „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს 262 სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა - უკრაინის სპორტის მინისტრი
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს 262 სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში 363 სპორტული ობიექტი გაანადგურა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ, რადგან ისინი მხარს უჭერენ ამ ომს და ესწრებიან ამ ომის მხარდამჭერ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჰუტსაიტმა. მისივე თქმით, რუსი სპორტსმენები ატარებენ ფორმებს, რომლებზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოებია გამოსახული და ამასთან, არ გმობენ უკრაინელი სპორტსმენების მკვლელობებს. ინფორმაციისთვის, Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების რაოდენობა ან რამდენი ობიექტი განადგურდა. „2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნული დონის სპორტსმენებმა ნებაყოფლობით აიღეს იარაღი თავიანთი ქვეყნის დასაცავად. მხოლოდ წელს დაღუპულთა შორის იყვნენ მოციგურავე დმიტრო შარპარი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა ბახმუტთან, და ვოლოდიმირ ანდროშჩუკი, 22 წლის დეკატლონის ჩემპიონი და მომავალი ოლიმპიური თამაშების იმედი“, - წერს Reuters-ი.
ადვოკატის თქმით, „ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულის ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. „დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“, - განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი პირველ აპრილს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერციით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა - ცეცხლი სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. ამავე თემაზე: თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ბორელის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს“, - წერს ბორელი Twitter-ზე. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაუპირისპირდება რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების ნებისმიერ ფაქტს.
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს პუტინის დაკავების განზრახვა არ აქვს
სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა. DW-ს ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰაკობ არშაკიანმა სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, რომის წესდების რატიფიცირება არ მიაყენებს ზიანს რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს. „ბუნებრივია, მმართველ პარტიას და გუნდს ასეთი განზრახვა და სურვილი არ აქვს“, - აღნიშნა არშაკიანმა. არშაკიანის თქმით, სომხეთმა მოისმინა რუსეთის შეშფოთება, რომელიც ერევნის მიერ რომის სტატუტთან შეერთებას მოჰყვა. ვიცე-სპიკერმა უარყო მოსაზრება, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება გარდაუვალს გახდის პუტინის დაპატიმრებას სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მიერ გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ რომის სტატუტის პროცესის გაგრძელება არ დააზარალებს სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და რუსეთს შორის“, - განაცხადა არშაკიანმა საინფორმაციო სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა. ამავე თემაზე წაიკითხეთ ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს ცნობისთვის, 5 აპრილიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს თხოვნით მიმართა, 5 აპრილიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდება შეწყვიტოს. შესაბამისი განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა გაავრცელა. „აღნიშნული შუამდგომლობა უკავშირდება შემოწმების არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რომელიც ადრე იყო ცნობილი. მიწოდების აღდგენის შესაძლებლობა დამატებით განიხილება“, - აცხადებს უწყება.
ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ ტარდება
ბულგარელები ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებში მეხუთედ მონაწილეობენ. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა, კვლავ ვერ შეძლოს ფუნქციონალური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება. ექვსი თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი კონკურენტები კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“ და ასევე ექსპრემიერ კირილ პეტკოვის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ (PP) არიან. ორივე პარტია 26%-ანი მხარდაჭერით სარგებლობს. „სამი წლის წინ ბულგარეთში მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები დაიწყო, მაგრამ პოზიტიური ცვლილების ნაცვლად, დემონსტრაციებმა არჩევნების სერია გამოიწვია. 10-წლიანი ხელმძღვანელობის დასრულების შემდეგ, ბორისოვმა ძალაუფლება 2021 წელს დაკარგა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს სტაბილური კოალიციები, რამაც პოლიტიკური არეულობა და დროებითი მთავრობები გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ბულგარეთი გაყო. ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს ალიანსის წევრია, მაგრამ იზიარებს ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს რუსეთთან, რამაც გავლენა მოახდინა ბულგარეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, - წერს DW. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. ორ კოალიციას, რომლებიც კვლევის შედეგების სათავეში არიან, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უჭერენ მხარს.
ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტული უკრაინელმა პავლო კორდიაკამ მოიპოვა
უკრაინელმა სპორტსმენმა პავლო კორდიაკამ ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ინგლისში, ლიდსში გაიმართა. კორდიაკამ თავის თანამემამულე შარშანდელ ჩემპიონ ოლექსი ნოვიკოვს აჯობა. მესამე ადგილი ლატვიელმა სპორტსმენმა აივარს შმაუკსტელისმა დაიკავა.
WSJ: ევან გერშკოვიჩის საქმემ მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რუსეთში მობილიზებულმა ჯარისკაცმა სამხედროები მძევლად აიყვანა - მედია
რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში მობილიზებულმა რუსებმა შეიტყვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი ნათესავების დაღუპვის შესახებ და სამხედროები მძევლად აიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ბრიანსკის რაიონის სოფელ პლავნაში მოხდა. ცნობილია, რომ სამარის რეგიონიდან მობილიზებულმა 35 წლის კაცმა, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც მძევლები აიყვანა. ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამტაცებელი სამართალდამცველებს ჩაბარდა, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. კაცი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, ყუმბარების გამოყენებით იმუქრებოდა. მას მოთხოვნები არ ჰქონია. რუსეთის ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ცნობევი არ დაუდასტურებიათ.
ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლების 12 ნაბიჯი - რას გულისხმობს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი
უკრაინის უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა კვირას გამოაქვეყნა ნაბიჯების სერია, რომლებსაც კიევის მთავრობა გადადგამს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლს დაიბრუნებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გეგმა გამოაქვეყნა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის სამხედროები საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადებიან იმ იმედით, რომ 13 თვეზე მეტხნიანი ომის შემდეგ ახალ, გადამწყვეტ პროგრესს მიაღწევენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად. რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც 2014 წლის შემდეგ ყირიმში გადავიდა საცხოვრებლად, უნდა იყოს გაძევებული და უძრავი ქონების თაობაზე ყველა გარიგება, რომელიც რუსეთის მმართველობის დროს დაიდო, უნდა გაუქმდეს. ამასთან, თუ ქონება უკანონოდ მითვისებულია ან ნაციონალიზებულია, ის უბრუნდება მფლობელებს. იმ პროპაგანდისტების (ჟურნალისტები, მედიის პროფესიონალები და სხვადასხვა ექსპერტი) დანაშაულები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ოკუპაციაში, ბავშვთა განათლების მილიტარიზაციასა და უკრაინის, უკრაინელების, ყირიმელი თათრებისა და სხვა ეროვნების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში, უკრაინის და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული. დოკუმენტში ნახსენებია „დეტოქსიკაციის“ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ოკუპირებლი ყირიმის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი მოქმედების შედეგების გასაქარწყლებლად შემუშავდა. გარდა ამისა, სევასტოპოლს სახელი უნდა შეეცვალოს იმ გარკვეული როლის გათვალისწინებით, რომელსაც რუსულ იდეოლოგიასა და რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის პროცესში ასრულებს. დოკუმენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა. მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობა მას რუსეთის ტერიტორიად არ ცნობს. კიევი გამორიცხავს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვიდრე რუსული ჯარები არ დატოვებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ
ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ჯგუფის წევრები დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოაქვეყნებენ. წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს. „წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს. არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი „ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ, ესენი ფიქრობენ, რომ გაათავისუფლონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ მედიასთან. თავის მხრივ, კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს და სტრესი არ ეხსნება, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება. „კლინიკა „ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მე ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ და რეზულტატებიც არ აქვთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას. თუ ჩვენ გვინდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება”, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ. „დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ჩვენ დღეს სხვა ექიმებთან არ გვისაუბრია. დღეს მისი სამედიცინო ისტორია არ გვინახავს, დანიშნულება ვნახეთ. ჩვენ ბოლო ორი კვირის ისტორია არ გვინახავს. პრინციპში დიდი ცვლილებები არ იქნება. დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოვაქვეყნებთ. შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ ადგილი თვითდაზიანებას აქვს. რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში, განზრახ არ ჭამდეს საჭმელს და ისევ შიმშილს აგრძელებდეს?კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსილიუმის წევრ ექიმებს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ასე თვლიან. შედეგი ახლა არის ძალიან ცუდი, რადგან არის საშინელი კახექსია, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა. 10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მდივანმა ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა კრემლს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქე პოლ უელანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს ისეთი გარემოს შექმნის მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას მისცემს დიპლომატიურ მისიებს, განახორციელონ თავიანთი სამუშაო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. თავის მხრივ, რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. რუსული მხარის ცნობითვე, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ზელენსკი: უკვე ერთი წელია, კიევის რეგიონიდან განვდევნეთ დამპყრობლები, უკრაინის დროშას ყველა ჩვენს ქალაქს დავუბრუნებთ
ერთი წლის წინ უკრაინელმა ხალხმა შეაჩერა ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა - რუსული ტერორისტული ძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, ერთი წლის წინ კიევის რეგიონის რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებას მიუძღვნა. „პირველი შეტევები, პირველი მიღწევები, პირველი გათავისუფლებული ტერიტორიები. უკვე ერთი წელია, რაც კიევის რეგიონიდან განდევნეთ დამპყრობლები - თქვენ, უკრაინელმა ხალხმა! თქვენ შეაჩერეთ ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა. თქვენ შეაჩერეთ ძალა, რომელსაც სძულს და სურს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც ხალხისთვის ღირებულებას წარმოადგენს. და ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ მიწას. ჩვენ დავუბრუნებთ უკრაინის დროშას ყველა ჩვენს ქალაქსა და თემს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასაბრუნებლად", - განაცხადა ზელენსკიმ. 2022 წლის 2 აპრილის საღამოს განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. შემდეგ მტრის ბოლო ნაწილები განდევნეს ბუჩიდან, ჰოსტომელიდან და ბოროდიანკიდან. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ოკუპანტებმა კიევის რეგიონში 1374 უკრაინელი მოკლეს, 280 კი დაკარგულად ითვლება. დაიღუპა 38 ბავშვი, დაშავდა 34.
აფეთქება რუსეთში: დაღუპულია სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი, არიან დაშავებულები
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებისას რუსი სამხედრო ბლოგერი, პროპაგანდიტი ვლადლენ თათარსკი დაიღუპა. იუწყება რუსული მედია. BBC მასზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული. სამართალდამცველების თქმით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. ვლადლენ თათარსკის შესახებ მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა. ბრიტანული Telegraph-ი წერს, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.
ელექტრონული მუსიკის მაესტრო, იაპონელი მუსიკოსი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა
ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და პროდიუსერი, მსახიობი რიუიჩი საკამოტო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკამოტო კიბოთი იყო დავადებული. ის სამშაბათს გარდაიცვალა. საკამოტოს ოსკარი, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, გრემი და ასევე, ორი ოქროს გლობუსი კინოფილმებისთვის შექმნილი კომპოზიციებისათვის აქვს მიღებული. მან დევიდ ბოუისთან ერთად 1983 წელს ითამაშა ფილმში - Merry Christmas, Mr Lawrence. კომპოზიციის შესწავლა 10 წლის ასაკში დაიწყო და მისი შთაგონების წყაროდ იქცნენ ბითლზი და კლოდ დებიუსი. მის მიერ პოპულარულ სიმღერებში ელექტრონული მუსიკის გამოყენება აღაფრთოვანებას იწვევდა. „როდესაც პარტიტურებს ვაწყობ, ჩემი აზროვნება დასავლური კომპოზიციის ფორმებით შემოისაზღვრება, რომელიც თინეიჯერობისას ვისწავლე. მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამ საზღვრების გარღვევა“ - არსებული კედლის ან საზღვრების გარღვევა, რომლითაც შეპყრობილი ვარ. ზოგჯერ ელექტრონული მუსიკის გამოყენებამ ან მასთან შერწყმამ შესაძლოა, ამ კედლის გარღვევასაც კი შეუწყოს ხელი“, - ამბობდა მუსიკოსი.
მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის - ზელენსკი
მომავალი კვირა მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვების გზაზე, უკრაინა ემზადება დაგეგმილი ღონისძიებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის, გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის. ახლა მთავარია, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ვიზრუნოთ დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის აღნიშნა, რომ დონეცკის რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა. ავდიივკის, მარინკასა და ბახმუტის ნაწილებში კი განსაკუთრებით რთული ვითარებაა. „დადგება დღე, როცა ვიტყვით: ბოლო ოკუპანტი გაიქცა ან მოკლეს დონეცკის ოლქში, ლუგანსკის ოლქში, ხერსონის ოლქში და მთელ ჩვენს სამხრეთში. ყირიმი ისევ თავისუფალი და უსაფრთხო იქნება. უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ეწვია. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 3 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან. ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. ვიზიტი ასევე დროულია, ევროინტეგრაციულ კონტექსტშიც. „წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ, NATO-ს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, მიმდინარე წლის 11-12 მაისს გაიმართება", - აღნიშნა ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.