ძებნის რეზულტატი:
უკრაინა ნორვეგიიდან და დანიიდან 8000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
ნორვეგია და დანია უკრაინას 8000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. „უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს, როგორც შეუიძლია. როგორც ევროპის, ისე ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს მხარდაჭერას მომდევნო წლებში, ამბობს თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვები კიევს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მარაგიდან მიეწოდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ
პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, შემოდგომაზე გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა
„შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 2 მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა, ფქვილის ფასებზე ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა
პოლონეთმა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინას უკვე გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მარკინ პჟიდაჩმა განაცხადა. პჟიდაჩმა არ დააკონკრეტა რამდენი თვითმფრინავია სულ მიწოდებული. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 16 მარტს განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას პირველ ოთხ MiG-29 ტიპს გამანადგურებელს უახლოეს დღეებში გადასცემდა. „რა თქმა უნდა, იქნება საუბარი შესაძლო შემდგომ მხარდაჭერაზე", - განაცხადა პრჟიდაჩმა. უკრაინამ სლოვაკეთის მიერ დაპირებული 13 MiG-29 თვითმფრინავიდან პირველი ოთხი 23 მარტს მიიღო, ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. კიევმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს, მიეწოდებინათ მოიერიშე თვითმფრინავები, რათა მან შეძლოს თავისი საჰაერო სივრცის დაცვა და უფრო ეფექტიანი კონტრშეტევის წარმოება. ჯერჯერობით დასავლეთის წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არცერთ ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რამდენიმე პარტნიორი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, არ გამორიცხავს ასეთ ნაბიჯს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა
სახალხო დამცველმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ანგარიშის თანახმად, მკურნალობამ, რომელიც პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. „საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, 2022 წლის 12 მაისს სამოქალაქო პროფილის კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნად გაუარესებულად შეფასდა. 2022 წლის 27 აპრილის დასკვნაში სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. ექსპერტთა ჯგუფმა, სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირ მიუთითა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. დამატებით, საგულისხმოა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ერთ წელზე მეტი ხნის (14 თვე) განმავლობაში, ეპიზოდურად მნიშვნელოვნად მძიმდება, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკვეთრად არის გაუარესებული და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მართვა ვერ ხერხდება პროაქტიულ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები სხვადასხვა გართულებაზე რეაგირებით შემოიფარგლება. მართალია, პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია. მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება. ზემოაღნიშნული სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის. სახალხო დამცველის მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის მიუხედავად, 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც, სასჯელის გადავადებაზე. სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა პატიმარს დააკისრა და განმარტა, რომ ვერ დარწმუნდა, რომ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარება არაადეკვატურია. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად“,-აღნიშნულია ანგარიშში. ნიკა გვარამიას საქმე ომბუდსმენის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება. „ამას განაპირობებს არაერთი გარემოება: პირველ რიგში, კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აგრეთვე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში. ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“,-აღნიშნულია ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებითვე, ცალსახად იკვეთება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესება. „მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი ხარვეზები ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს ეფუძნება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). ეს არ არის პირველი შემთხვევა - სახალხო დამცველმა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პოლიტიკური მოტივის არსებობის საფუძვლით, აგრეთვე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გამომდინარე აქედან, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდა. 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიების პროცესში არსებობს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი 20 პირიდან მხოლოდ 6 პირი გასამართლდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოცემულ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ეს პირებიც გაამართლა.
ისრაელის მთავრობამ „ეროვნული გვარდიის“ შექმნას მხარი დაუჭირა
ისრაელის მთავრობამ ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ ულტრამემარჯვენე მინისტრის წინადადებას მხარი დაუჭირა. ბენ-გვირმა განაცხადა, რომ შენაერთი ფოკუსირებული იქნება არეულობებზე, პოლიტიკური კონკურენტები კი მას „მილიციის“ შექმნაში ადანაშაულებენ. ახალი ეროვნული გვარდიის ზუსტ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ისრაელის უშიშროების ყველა უწყებას. ეს კომიტეტი რეკომენდაციებს 90 დღის განმავლობაში წარადგენს. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ებრაული ძალის“ თავმჯდომარემ, უშიშროების მინისტრმა ბენ-გვირმა, „ეროვნული გვარდიის“ შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოს სისტემის რეფორმირების წინადადების განხილვები გადადო. ამ რეფორმის გეგმას ქვეყანაში მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით. რუსული წყაროების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია სანქ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა, რომელიც უკვე დააკავეს. აფეთქება რუსეთში: დაღუპულია სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი, არიან დაშავებულები „2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ეგრეთ წოდებულ „ანტიკორუფციულ ფონდთან“ თანამშრომლობენ, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, - ამტკიცებს უწყება. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. რუსული მედიის თანახმად, გამოძიებას საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი თათარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება 2 აპრილს, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი ემსხვერპლა. რუსული მედია წერს, რომ მას, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის ათის მდგომარეობა მძიმეა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პეტერბურგელი დარია ტრეპოვა დაახლოებით ერთი თვის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე. დმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-ზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ვლადლენ თათარსკის შესახებ მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა. ბრიტანული Telegraph-ი 2 აპრილის საღამოს წერდა, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. 3 აპრილს, პრიგოჟინის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა მისი კომენტარი, რომლის თანახმად, კაფე გადასცა „პატრიოტულ“ მოძრაობას - „კიბერ ფრონტ Z", რომელიც ტერიტორიაზე სემინარებს ატარებდა. გავრცელებული ცნობებით, 2 აპრილს, ვლადლენ თათარსკი კაფეში მკითხველებს ხვდებოდა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დადგეს - ალასანია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს. რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ „გუშინ ყველა არხს ვუსმენდი, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დადგეს, ის თქვეს, რასაც მე ყოველდღე თქვენ გიყვებით, ზუსტად ეს დაინახეს ამ ექიმებმა. მათ კლინიკა „ვივამედში“ სულ 9 ვიზიტი ჰქონდათ. ისინი საკმარისად კარგად იცნობენ პაციენტს, მისი მდგომარეობა იციან. ასევე, ის დოკუმენტები აქვთ, რომელსაც კლინიკა მათ აწვდის. მათგან ხშირად ისმოდა, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გადაყვანა. ზურაბ ჩხაიძისგან მომისმენია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგან მისი გადაყვანაა საჭირო“, - განაცხადა ალასანიამ. სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გასული თვის მონაცემებთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა, თუმცა კახექსია და სისუსტე მეტად გამოხატულია. საერთო ჯამში, კონსილიუმის წევრები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. საბოლოო დასკვნას ექიმები სხვადასხვა სახის სამედიცინო ტესტის შემდეგ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: შემსრულებელია, უნდა გაირკვეს ორგანიზატორებიც
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეაფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდება - იენს სტოლტენბერგი
ფინეთი NATO-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ეს ისტორიული კვირაა. ხვალ მივესალმებით ფინეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ფინეთი პრეზიდენტი საული ნიინისტო გაემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. 31 მარტს თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანკარას პრეტენზიები რჩება შვედეთის მიმართ, რის გამოც მისი გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება.
ბახმუტი უკრაინაა - ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 3 აპრილს მოუწოდა ყველას, რომ სიმშვიდე შიეინარჩუნონ გამოგონილ ამბავთან მიმართებით. ერმაკი სავარაუდოდ გულისხმობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს, ბახმუტი აღებულია. მსგავსი ცნობები სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. „ბახმუტი უკრაინაა“, - ამბობს ერმაკი. უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში უარყვეს რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დაიპყრეს და ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. სარდლობის სპიკერმა სერჰეი ჩერევატიმ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსებმა დროშა აღმართეს „რაღაც ტუალეტზე“ და თქვეს, რომ ქალაქი დაიპყრეს. „დაე, ეგონოთ, რომ რაღაც აიღეს“...რუსეთი ბახმუტის დაპყრობისგან ძალიან შორსაა“, - აღნიშნა ჩერევატიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები „არ წყვეტენ ბახმუტის შტურმს და ცდილობენ, მის სრულ კონტროლს დაექვემდებარონ“. გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. „დაახლოებით 6,000 ვაგნერის დაქირავებული მებრძოლი, 20-30,000 ახალწვეულთან ერთად, ახლა ბახმუტში იბრძვის“, - განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ 29 მარტს.
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის თქმით, „ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატების ინფორმაციით, ლომიძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. „ბრალდება წარედგინა იმ კვალიფიკაციით, რაც უკვე გაცხადებული იყო, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. არ აღიარებს ბრალს, გამოიყენა დუმილის უფლება. ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რადგან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, გამოკითხვა არ განხორციელდა. შენიშვნის სახით დაფიქსირდა მისი პოზიცია, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს და გამოიყენა დუმილის უფლება. უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის კაზინოში ფულის წაგებაზე. გავეცნობით საქმის მასალებს, წინასწარ რაიმეს თქმა მისი უფლებების დარღვევა იქნება“, – განაცხადა ადვოკატი პაატა გოგალაძემ. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი პირველ აპრილს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერციით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა - ცეცხლი სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. ამავე თემაზე: თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ქალი დეპუტატები პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს ცალ-ცალკე შეხვდა. ამ ინფორმაციას „ტვპირველი“ ავრცელებს. ტელეკომპანიასთან ეს ინფორმაცია რესპოდენტებმაც დაადასტურეს. „შეხვედრა ნამდვილად გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულვებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა. დანარჩენს ალბათ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ამბობს „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი. „სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე - იქნება ეს კანონმდებლობა, თუ საზოგადოებრივი პროცესები, მე მაქვს პერიოდულად პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან. მაქვს საქმიანი კომუნიკაცია, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, თავად პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც ან მე ვთვლი ან პრეზიდენტი თვილის, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა ამავე პოლიტიკური გაერთიანების წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემაც. „პრეზიდენტი აქ იყო შეხვედრაზე და მეც შევხვდი მას, მაგრამ რა თემაზე და როგორ, მე მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს თავად. ქალები სერიოზულ მოძრაობას ვეწევით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ქალები ვიაქტიურებთ მომავალშიც, აუცილებლად“.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5517 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7734 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7802 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხორვატიის მთავრობა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობას უზრუნველყოფს
ხორვატიის მთავრობამ კიევს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის წაყვანა შესთავაზა. ამის შესახებ ვეტერანთა საქმეთა მინისტრმა ტომო მედვედმა განაცხადა. „ჩვენ ველით, რომ უკრაინა მოამზადებს 20 დაჭრილი მებრძოლის პირველ ჯგუფს, რომელიც გაიგზავნება ხორვატიის საავადმყოფოებში სამკურნალოდ. და მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი ჩაერთვებიან სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩვენს ვეტერანთა ცენტრებში", - განაცხადა მედვედმა. 31 მარტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრი პლენკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო რუსი დამპყრობლებისგან ბუჩის გათავისუფლების პირველი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. მედვედი დელეგაციის წევრი იყო.
ზელენსკი სანქტ-პეტერბურგში აფეთქებაზე: რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა უნდა იფიქროს სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებაზე. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა ჩერნიგოვის რეგიონში მოგზაურობისას, სადაც რუსი დამპყრობლებისგან სოფლის გათავისუფლების ერთი წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. „მე არ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე თემაზე: რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე
ზელენსკი: რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, წავიდნენ, თორემ გავანადგურებთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ უკრაინა აუცილებლად გაათავისუფლებს თავის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, და თუ რუსები არ წავლენ, ისინი განადგურდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება ჩვენს წინსვლას ფრონტზე, ვერ გეტყვით, როდის ვიქნებით მზად ძალიან კონკრეტული რამისთვის. მაგრამ ვემზადებით ბრძოლის ველზე გაძლიერებისთვის და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის. ძნელი სათქმელია, როგორ და როდის იქნება ეს. კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს არ მივცეთ საშუალება, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. ჯერ კიდევ აქვთ დრო, წავიდნენ, თორემ გავანადგურებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვის ოლქის იაგოდნოეს დასახლებულ პუნქტში ყოფნისას.
უკრაინას ასობით მილიარდი სჭირდება სწრაფი აღდგენისთვის - ზელენსკი
უკრაინას ასობით მილიარდი სჭირდება სწრაფი აღდგენისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვის რეგიონში სტუმრობისას, მედიასთან განაცხადა. „თანხის რეალური ოდენობა არ ვიცი, რადგან ხედავთ, რომ მთელი ტერიტორია არ არის დეოკუპირებული. ამის გათვალისწინებით, მე ვერ დავასახელებ მთლიან თანხას, რომელიც გვჭირდება. რა თქმა უნდა, საუბარია ასობით მილიარდზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ფიქრი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ საკითხებზე. „სწრაფი აღდგენისთვის ფული გვჭირდება, რადგან ახლა ბრძოლის ველზე ვხარჯავთ მთელ ფულს, ვაძლევთ ჯარს, ვფარავთ ხელფასებს. ასევე ვეხმარებით ჩვენს მასწავლებლებს და ექიმებს", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის სწრაფი აღდგენისთვის სპეციალურ ანგარიშზე უკვე იყო 17 მილიარდი უკრაინული გრივნა.
ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებენ, სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ. მისივე თქმით, „ბოლო პერიოდში იყო უპასუხისმგებლო ფაქტები, თუმცა რეაგირების გარეშე არ დარჩება“. „ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია. „ბიძად მეკუთვნის. ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ“, - აცხადებს ჯულაყიძე „ტვპირველთან“ საუბრისას. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ელისაშვილის კრიტიკას არ მოერიდება. ნათია ჯულაყიძე საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანის აპარატის თანამშრომელი იყო. ის მიმართულებები მებარა, რაც სახალხო დამცველის აპარატში უნდა გადმოვიბარო“, - ამბობს ჯულაყიძე. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, 1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული. „ძალიან მინიმალური [მაქვს შეწირული], თუ არ ვცდები რამდენიმე ათეული ლარი იყო... ზუსტად არ მახსოვს“, - ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. იოსელიანმა ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. მანამდე ის ალეკო ელისაშვილთან ერთად, პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა.