ძებნის რეზულტატი:

პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა. ცვლილებები მიზნად ისახავს ქართულ კანონმდებლობაში ანტიდოპინგური რეგულაციების ასახვას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო. „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში.  

NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალიანსის იმ პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროებაზე, რომლებიც რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის მეტი ომისთვის ემზადება. როგორც გუშინ განვიხილავდით მინისტრ კულებასთან, მოკავშირეები ერთიანნი არიან ჩვენს ვალდებულებაში, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ერს სჭირდება ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის. NATO ასევე გააგრძელებს სხვა პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია- ჰერცეგოვინის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ალიანსის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ შორის სამხრეთიდან წამოსულს, და როგორ გავუმკლავდეთ მზარდ სტრატეგიულ კონკურენციას, მათ შორის ჩინეთის მზარდ კავშირს რუსეთთან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

ბევრი საუბრობს ქალაქში საცობებზე, თბილისი რაც არის ვიცით ყველამ, ამ ქალაქს ვერ გაბერავ - კალაძე

თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი - კალაძე მისივე თქმით, დღეის მონაცემებით დედაქალაქში დაახლოებით 580 ათასიდან 600 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება. „ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კონკრეტულად კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში. თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდი დისკომფორტი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება პრობლემა, ვთქვათ დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება, ხვალ და ზეგ, როდესაც ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და აუცილებლად გაიზრდება, მერე რას ვშვრებით? რას ვუშვებით უკვე ამ გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა. მერე რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? რა უნდა გავაკეთოთ? ამაზე თუ უფიქრია საერთოდ ვინმეს? ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ევროპაში მოსახლეობის 70%-ს ავტომობილი ჰყავს და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილების მფლობელების მხოლოდ 12%-ი. 70%-ს ავტომობილი ჰყავს და მხოლოდ 12%-ი 5 დღის განმავლობაში კერძო ავტომობილს იყენებს. თბილისში, მოსახლეობის მხოლოდ 45%-ი კერძო ავტომობილს ფლობს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ გაიზრდება. მოსახლეობის 45%-დან 97%-ი იყენებს კერძო ავტომობილს 5 დღის განმავლობაში, ნახეთ რამხელა სხვაობაა და რამხელა მაჩვენებლებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.  

ჯო ბაიდენი ირლანდიაში ვიზიტით ჩადის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხდღიან მოგზაურობას ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში 11 აპრილს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. პრეზიდენტი ბაიდენი ბელფასტით დაიწყებს მოგზაურობას „დიდი პარასკევის შეთანხმების“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად. პრეზიდენტი დუბლინშიც ჩავა და ასევე შეხვდება ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გაემგზავრება გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში 11-14 აპრილს და რომ ეს მოგზაურობა აღნიშნავს უზარმაზარ პროგრესს 25 წლის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ". ინფორმაციისთვის, დიდი პარასკევის ან ბელფასტის შეთანხმება (Good Friday Agreement) იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. შეთანხმებას ხელი მოეწერა ბელფასტში 1998 წლის 10 აპრილს (დიდ პარასკევს) ბრიტანელ და ირლანდიელ (ირლანდიის რესპუბლიკა) მთავრობებს შორის და მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობამ. ის ასევე მხარდაჭერილია ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის ამომრჩეველთა მიერ 1998 წლის 23 მაისს გამართულ რეფერენდუმებში. დემოკრატიული იუნიონისტური (გაერთიანების) პარტია იყო ერთადერთი მსხვილი პარტია, რომელიც შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.   

თბილისის აეროპორტსა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 185 200 აშშ დოლარი და 311 698 ლარი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 476 836,35 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 13 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ჯარიმა, 30 904.8 ლარი (თანხის 10%- ის ოდენობა) შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა, ბირთვული იარაღის ფლობაზე უარი ეთქვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე. მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუ კიევს ბირთვული იარაღი კვლავ ექნებოდა. „მე ვგრძნობ პირად წილს, რადგან მე დავითანხმე ისინი, უარი ეთქვათ მათ ბირთვულ იარაღზე. და არცერთ მათგანს არ სჯერა, რომ რუსეთი ამ ტრიუკს მოიმოქმედებდა, თუკი უკრაინას ექნებოდა მისი იარაღი". ინფორმაციისთვის, 1994 წლის იანვარში, კლინტონმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს. 2014 წელს რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის ანექსია, სხვა შეთანხმებებთან ერთად ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევით მოახდინა.  

დუდამ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 5 აპრილს ვარშავაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო. მისივე თანახმად, ზელენსკიმ ჯილდო მიიღო პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ადამიანის უფლებებისადმი ურყევი ერთგულების ნიშნად. ინფორმაციისთვის, თეთრი არწივის ორდენი (პოლ. Order Orła Białego) არის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ერთ–ერთი უძველესი პოლონური ორდენი. დაარსებულია 1705 წელს.  

იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია - ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. „დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.  ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული - TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (TI) 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია. იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, რაც ასევე აძვირებს ელექტროენერგიას. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული. ანგარიშში ვკითხულობთ: ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 68%-ით, რამაც იმპორტის მატება განაპირობა - 2011-2022 წლებში იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. 2010 წელს იმპორტის წილი ელექტროენერგიის მოხმარებაში 2.6% იყო. 2021 წელს მოხმარებაში იმპორტის წილმა 7.4%-ს მიაღწია, რისი მთავარი მიზეზი „ენგურჰესის“ ნაწილობრივ გაჩერება იყო. 2022 წელს იმპორტის წილი მოხმარებაში 4.5%-მდე შემცირდა.   მაისი-სექტემბრის პერიოდში, როდესაც ჰეს-ები მაღალი დატვირთვით მუშაობენ, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს (თურქეთში და სომხეთში). მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2011-2022 წლებში 36%-ით არის შემცირებული.   2021 წელს საქართველოში მოხმარებული ყოველი 1 კვტ საათით 1.73 აშშ დოლარის საქონელი და მომსახურება შეიქმნა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე იყო. ეს კი ელექტროენერგიის საკმაოდ არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს.   2022 წელს საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 1,067 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ“ მოიხმარა, შემდეგ მოდის „რუსთავის აზოტი“ (260 მლნ კვტ სთ) და „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ (213 მლნ კვტ სთ).   2021-2022 წლებში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიის „ბი ეფ დი სის“ წილი ელექტროენეგიის შიდა მოხმარებაში 2.2% იყო. ეს კომპანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.   საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 75%-მდე ჰეს-ებზე მოდის, 24% - თბოელექტრო სადგურებზე (თეს) და 1%-მდე ქარის სადგურებზე. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% „ენგურჰესზე“ მოდის.   საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 61% მოდის, 13%-ს ჩეხური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰეს-ები გამოიმუშავებენ, 7%-ს - უკრაინის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ჰეს-ები. რუსეთზე დამოკიდებულება საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება. 2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს 2.6%. რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰეს-ებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი.

სასამართლომ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია - ესებუა „გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

ჩავუშოღლუ: შვედეთის ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებისთვის საკმარისი არ არის

შვედეთის ნაბიჯები NATO-ს წევრობისთვის საკმარისი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შვედეთმა უნდა გააგრძელოს საჭირო ნაბიჯების გადადგმა: „გუშინ ველაპარაკე ჩემს შვედ კოლეგას და მივუთითე ამის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია მიზანმიმართული თანამშრომლობა“. 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.  

პიტერ ფიშერი: ჩვენ გვსურს, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ

„ჩვენ გვსურს, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება. პიტერ ფიშერმა ახსნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული. გერმანიის ელჩის შეფასებით, ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად, პოლარიზაციის გამოწვევის გადაჭრა მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

უკრაინელი სამხედროები მალე დაიწყებენ წვრთნებს ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე - CNN

უკრაინელებისთვის წვრთნა ამერიკულ M1A1 Abrams ტანკებზე ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „შედარებით მალე" დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მაღალჩინოსანმა განუცხადა. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ აღჭურვილობის შესყიდვაზე, ასე რომ, ჯერ არ დაგვიწყია სწავლება, მაგრამ მოველი, რომ ეს შედარებით მალე მოხდება“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა  მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  როგორც ცნობილია, აშშ უკრაინაში 31 M1A1 ტიპის ტანკის გაგზავნას გეგმავს  

რუსეთმა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის მიწოდება დაიწყო - მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობები. კერძოდ, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ. „ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, - განაცხადა ლაბახუამ რადიო თავისუფლების ცნობით. ლაბახუას თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება. „აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, როგორც იტყვიან, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება", - განაცხადა ლაბახუამ. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა. ოკუპირებული სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian-ი გამოიყენეს, იტყობინებოდა გამოცემა sova.news-ი. რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა და მისი გვერდის ავლის გზებს ეძებს. ამის ნაწილია მის მიერ, 2022 წლის მაისში „პარალელური იმპორტის” დაკანონება, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე, მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს. ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე, საქართველოში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5420 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5420 ლარი გახდა. "ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5420 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5461 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7817 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლარი 0.0016 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ NATO-სგან უსაფრთხოების მეტი გარანტია მიიღოს - დუდა

პოლონეთი მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მისაღებად NATO-ს მომდევნო სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. დუდა ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს. „ჩვენ ვცდილობთ NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მივიღოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - განაცხადა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

NATO უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობას იწყებს - სტოლტენბერგი

NATO უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა. შეთანხმებას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიაღწიეს.  „ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ ალიანსის მხარდაჭერა გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, შეაკავოს რუსეთი და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. „მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და  ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და  ღონისძიებებსუკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

საქართველოს შს მინისტრი უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უწყების ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გამახვილდა, რომელიც მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. „უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა ვახტანგ გომელაურს უნგრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, შანდორ პინტერის ოფიციალური მიწვევა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას ხელს შეუწყობს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩს უნგრეთის მხარის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა მიეცემა, თავისი უნგრელი კოლეგის მიწვევის საპასუხოდ, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის რესპუბლიკას ეწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბახმუტში ძალიან რთული ვითარებაა - ზელენსკი

„სიტუაცია ბახმუტში რთული რჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. რაც შეეხება სამხედროების ბახმუტიდან გაყვანის შესაძლებლობას, უკრაინის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის დროს. „და რა თქმა უნდა, თუ იქნება კიდევ უფრო ინტენსიური მოვლენები და საშიშროება, რომ პერსონალი დავკარგოთ...გენერლის მიერ მიიღება შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ ამაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. აქვე დაამატა, რომ უკრაინის მოკავშირეებისგან საბრძოლო მასალის მიწოდება გააძლიერებს თავდაცვას. იქ ყველაზე მეტი იარაღი და არტილერია გამოიყენება. იქ ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობაა. და ყოველდღიურად არის დეფიციტი. ჩვენ გვაქვს არტილერია, შემდეგ გვაქვს საკმარისი ჭურვები ჩვენს მხარეს, შემდეგ გვაქვს ნაკლები. ეს ხდება ყოველ ჯერზე. დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებები ბახმუტის ზოგიერთ რაიონში, წინ მივდივართ, ან არა და ისევ უკან ვიხევთ ჩვენს პოზიციებზე. თუმცა, ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ასეთი სიტუაციაა დღეს“. - განაცხადა ზელენსკიმ.  

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ - ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, - არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 4 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას. საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა. დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია. 5 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. „უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.