ძებნის რეზულტატი:

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნორვეგიამ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. ეს სანქციები ეხმიანება ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა 2023 წლის 25 თებერვალს მიიღო. იუწყება ნორვეგიის მთავრობა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და მის მხარდამჭერებზე. სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და ხელს უშლის საკვანძო წვლილის შეტანას რუსეთის ომის ინდუსტრიაში. ნორვეგია გაერთიანებულია დანარჩენ ევროპასთან და შეუერთდა ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სრულად ვუჭერთ მხარს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. „სანქციები მოიცავს მათ შორის იმპორტის აკრძალვას და ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრულ ფასს, რაც ძლიერ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. თებერვალში რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და ნავთობის სექტორიდან 46%-ით შემცირდა ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით. სანქციები სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდება და წარმოადგენს ძლიერ და მკაფიო ევროპულ პასუხს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე. რუსეთთან კომერციული საქმიანობის შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა და მაღალი რისკის შემცველია“, - აღნიშნა ანიკენ ჰუიტფელდტმა.  

პუტინის დაცვის თანამშრომელი რუსეთიდან გაიქცა და პრეზიდენტთან მუშაობის შესახებ ალაპარაკდა - მედია

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSO) კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ წავიდა და დაგმო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ სამშაბათს „ცენტრმა დოსიემ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ კარაკულოვთან, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი დაასახელა. კარაკულოვმა პუტინს უწოდა "ომის დამნაშავე", რომლის სამსახურში ყოფნა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. „ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც ჩავიდა მისი ცოლ-შვილიც. მივლინების ბოლო დღეს, ის და მისი ოჯახის წევრები იქიდან სამსახურებრივი პასპორტით გაფრინდნენ სტამბოლში. ინტერვიუში ოფიცერი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახური. ამ სპეციალურ სამსახურს მან უწოდა "ძალიან დამოუკიდებელი ორგანიზაცია." ვლადიმირ პუტინი, მისი თქმით, არ იყენებს არც მობილურ ტელეფონს და არც ინტერნეტს. "ყველა ინფორმაციას ის იღებს მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან უშუალოდ არიან დაახლოებულნი. ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს", - ამბობს სპეციალური კომუნიკაციების ოფიცერი. მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებსაც პუტინთან ერთად უწევთ ოთახში ყოფნა, კვლავ გადიან ორკვირიან კარანტინს. კარაკულოვის თქმით, მან არ იცის რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს FSO-ს ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 2023 წლის მარტში ბარნაულის სასამართლომ 6,5 წელი მიუსაჯა სახელმწიფო ფედერალური დაცვის სამსახურის მაიორ მიხაილ ჟილინს, რომელიც უკრაინაში ომის გამო ყაზახეთში გაიქცა. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ დეკემბერში უკან რუსეთში დააბრუნეს“, - წერს რადიო თავისუფლება.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა. „ბოლო ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებამდე“, - წერს ფინეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5461 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5461 ლარი გახდა. "­კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7801 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7734 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ხუთივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. „უამრავი მტკიცებულება იყო და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).  

პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივას პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა მათგანმა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "თავდაცვის კოდექსში" შემავალ ყველა ცვლილებას. ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კოდექსით ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით.    

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება. "კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პირველი მოსმენით კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო. მისი თქმით, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი პარლამენტმა 1996 წელს მიიღო, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კი 1999 წელს დაარსდა, შესაბამისად, მოქმედ კანონში ასახული არ არის ის ნორმები და მიდგომები, რასაც ანტიდოპინგური კოდექსი ითვალისწინებს. ამასთანავე, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობებში აისახოს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დოპინგკონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი აქვთ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იუწყება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იუწყება.  მისივე თანახმად, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს მასპინძლობს: „რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას“, - აცხადებს ადმინისტრაცია.  

ზურაბიშვილი: დაიწერა ისტორია - ეს არის ძლიერი წახალისება, საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. „ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.  

გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - მსოფლიო ლიდერები NATO-ს გაფართოებაზე

მსოფლიო ლიდერები ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხმაურებიან. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- რიში სუნაკი ისტორიულ დღეს აღნიშნავენ. ჯო ბაიდენი: სამოცდათოთხმეტი წლის წინ - როდესაც შეერთებული შტატები და 11 სხვა ქვეყანა შეიკრიბნენ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების მიზნით - პრეზიდენტმა ტრუმენმა თქვა: „თუ რაიმე იქნება გარდაუვალი მომავალში, ეს მსოფლიოს ხალხის ნება თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. დღეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანებით, ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე თქვა, რომ „მოუთმენლად“ ელოდება, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს ალიანსში.  რიში სუნაკი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NATO-ში. ეს ისტორიული დღეა თქვენთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უფრო უსაფრთხოს ხდის. NATO-ს ყველა წევრმა ახლა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები შვედეთის მისაღებად, ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და მთელ მსოფლიოში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: ეს არის კარგი ამბავი და გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა თავდაცვის ალიანსმა ძლიერი მეგობარი შეიძინა.  ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა: „ვულოცავ ფინეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება დიდი აქტივი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უნგრეთი და თურქეთი დაადასტურებენ შვედეთის გაწევრიანებას და ის ასევე მალე გახდება ალიანსის წევრი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი: ეს ისტორიული ნაბიჯი გააძლიერებს ალიანსს, გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ევროკავშირი-ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.  

NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა

ფინეთი გახდა NATO-ს უსაფრთხოების ალიანსის 31-ე წევრი, რის შედეგადაც ალიანსის საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდა. ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჰელსინკმა NATO-ს მეხუთე მუხლის დაცვა აირჩია, რომელიც ამბობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ფინეთს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი, დაახლოებით, 30 000-კაციანი აქტიური შეიარაღებული ძალა ჰყავს. მას ასევე შეუძლია, 250 000-იან რეზერვს მოუყაროს თავი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის მიზნების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს, „მიუთითებს რა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე“. სტოლტენბერგის შეფასებით, წლებია, ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალები რუსეთის მეზობლების წინააღმდმდეგ. „საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი. ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.  შედეგად, რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება: ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის $2,6 მილიარდის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

აშშ უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან (USAI) ფინანსდება. მის ფარგლებში იარაღის მწარმოებლებისგან შეკვეთა ხდება, და არა ამერიკული სამხედრო მარაგებიდან ამოღება. პაკეტის პირველი ნაწილი დააფინანსებს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS კომპლექსებისთვის, ცხრა 30 მმ დრონის საწინააღმდეგო ქვემეხს, 30 მმ და 23 მმ საზენიტო საბრძოლო მასალას, 130 მმ და 122 მმ საარტილერიო ჭურვებს, 122 მმ რაკეტებს “გრადის” სისტემებისთვის, 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალას, საჰაერო დაზვერვის სამ რადიოლოკაციურ სადგურს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, და ა.შ. დანარჩენი 500 მილიონი დოლარი, რომელთა ძირითადი ნაწილის საბრძოლო მასალაზე წავა, შეიარაღების შემცირების საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში იქნება გამოყოფილი, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში იარაღი ამერიკული მარაგებიდან გადასცეს. სამხედრო დახმარების პაკეტის მეორე ნაწილის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა Patriot და HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 120 მმ და 105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა, და ა.შ.  

ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა: ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან დააახლოებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა. მისი შეფასებით, ალიანსი უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტიანი გარანტი გახდა რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. „ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი დააახლოებს უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ძველი სტრატეგიებისა და ძველი აღქმების გადახედვის დრო დადგა, და მთლიანობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე უკრაინის საბოლოო გაწევრიანება NATO-ში.  

Forbes-ის თანახმად, ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული ბიზნეს-ჯგუფ LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო გახდა. ბიზნესმენის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა კომპანია Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი, რომლის ქონებაც 180 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე პოზიციაზე განთავსდა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი - 114 მილიარდი დოლარით.  Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მეექვსე ადგილი დაიკავა,საერთო ჯამში, რეიტინგში 2540 ადამიანი მოხვდა. Forbes-ის თანახმად, ყველაზე მდიდარი რუსი, კომპანია Eurochem-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკოა, რომლის ქონება 25 მილიარდ დოლარზე მეტს ითვლის. მეორე ადგილზეა ნორილსკის ნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი. მისი ქონება თითქმის 24 მილიარდ დოლარად შეფასდა. Nlmk-ის მფლობელი ვლადიმირ ლისინი მესამე ადგილზეა 22 მილიარდ დოლარზე მეტი ქონებით. სამივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაკავებულია, სასამართლოს მიერ ბრალის ოფიციალურად წარდგინებამდე. მედია წერს, რომ დაკავების ფარგლებში, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ნიუ-იორკის სასამართლოში მისულ ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. CNN წერს, რომ სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად, ბრალის წაყენების პროცესის დროს დაკავებულია. ტრამპი დაესწრება სასამართლო სხდომას, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებებს წაიკითხავენ. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.   ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წარუდგენენ.   უფრო ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ში გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მანჰეტენისკენ მიემართება. „ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება”, - დაწერა დონალდ ტრამპმა. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა 31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ბრალის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: საქართველო გზაჯვარედინზეა

„საქართველო გზაჯვარედინზეა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს (2023 წლის 27-29 მარტი) გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და კარგი პროგრესი მიიღწა. ამავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ფერხდება“, - აღნიშნულია გაცხადებაში. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, შესაბამისმა თანამოსაუბრეებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარს არ აკეთებენ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დავის გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, შეთანხმდნენ უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობაზე. „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.  

ბრალის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა

პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს თითქმის ერთი საათის შემდეგ ტოვებს. ამის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ. ტრამპი უკვე ფლორიდაში გაემგზავრა. დონალდ ტრამპის 34-პუნქტიანი ბრალდება მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა გამოაქვეყნა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს. პროკურორის თქმით, საუბარია 2016 წლის არჩევნების წინ, ტრამპის ადვოკატ მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხაზე, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. პროკურორის თქმითვე, მოგვიანებით, ტრამპმა ეს თანხა – 130 000 დოლარი კოენს დაუბრუნა. დონალდ ტრამპი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა თანხას, პროკურორი სიცრუეს უწოდებს. პროკურატურის ვერსიით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე პროკურატურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა ამომრჩევლებისთვის 2016 წელს ინფორმაცია დაემალა. „პროკურატურა ვერ დაუშვებს, რომ ნიუ-იორკში ბიზნეს დოკუმენტაცია გაყალბდეს დანაშაულის დაფარვის მიზნით“, - წერია განცხადევაში. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპის საქმეზე შემდეგი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.  

PACE-ს თანამომხსენებლები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმები

ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს გმობენ“. განცხადების ავტორების შეფასებით, „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, არსებითად მნიშვნელოვანია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს 12 პრიორიტეტი არ არის ახალი საქართველოსთვის. „ისინი დიდწილად ემთხვევა იმ პრიორიტეტულ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც აღნიშნულ რეზოლუციაშია ჩაწერილი, ფუნდამენტური პრიორიტეტი არის პოლიტიკურ გარემოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროში აღწევს. პოლარიზაციის აღმოფხვრა დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის, რომ შეცვალონ ქცევა და დამოკიდებულებები“. ამ კონტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების ბოროტი განზრახვით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაცია“, – აცხადებენ თანამომხსენებლები. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტს, მომხსენებლების შეფასებთ, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შეიძლება, კანონი მოწყვლადი გახადოს პოლიტიკური ძალადობის მიმართ, რაც კანონის მიზნებს ეწინააღმდეგება. თანამომხსენებლები იმეორებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის მიღებისას უარი თქვას პერსონალურ მიდგომაზე. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.  

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

4 აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მკაფიოდ კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლსა და რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კოსტა რიკისა და ლიეტუვის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე და მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია, ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს, საბჭოს მომდევნო - 53-ე და 54-ე სესიებზე, რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით, ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.