ძებნის რეზულტატი:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5299 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5299 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5299 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5330 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7655 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ფონიჭალაში მამის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივი ქმედებების განხორციელების პროცესზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს.  მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება.  მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. კანონი ასევე მოთხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვროს ასეთი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი

საქართველო მყარად გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებებით, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბუიარ ოსმანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის,როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანების უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები. გვქონდა ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. სულ ახლახან ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან განმარტა, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას. ამისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია. შევეხეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ კუთხით ყურადღება გავამახვილე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეუთოს ყველა მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. „ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეუთოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია,როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ჩვენთვის ეუთო-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - დარჩიაშვილი

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზეც გვქონდა შესაძლებლობა, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი „მინისტრ ოსმანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რაც თავადაც კარგად მოეხსენება, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ და ასევე ცალსახად აღვნიშნე, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. ძალიან გვახარებს, რომ ორ სამინისტროს შორის დავიწყეთ ინტენსიური დიალოგი, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-ს მიმართულებით, ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მადლობელი ვარ და დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა, რომ ცოდნის და გამოცდილების ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, რომ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ მეტად გაძლიერდეს და გაღრმავდეს. ეუთო-ს თავმჯდომარეს აღვუთქვი, რომ საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია, როგორც მანამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი იქნება მხარდაჭერილი. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად იმუშაოს აქტიურად ძირითადი პრიორიტეტების შესრულების და განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილი.  

აშშ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს

11 აპრილს შეერთებულმა შტატები სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიურ სწავლებას დაიწყებს. GT23-ის მიზანია, გააძლიეროს ბირთვული მზადყოფნა და უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალა. აშშ განმარტავს, რომ ეს ყოველწლიური წვრთნაა და არ არის პასუხი რომელიმე ერის ან სხვა აქტორების ქმედებებზე. აშშ-ის პერსონალის გარდა, GT23-ში ძირითადი მოკავშირე პერსონალისა და პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება გაერთიანებული სამეფოს ჯგუფი.  

9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი ბელგოროდის შემდეგ, კურსკშიც გაუქმდა

რუსეთის ქალაქ კურსკში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაუქმდა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. 9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას ბრიანსკის რეგიონშიც გაუქმდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით, მტრის პროვოცირება არ სურდა.  

ტყვეთა გაცვლის შედეგად 100 უკრაინელი გაათავისუფლეს

10 აპრილს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ 100 უკრაინელი სამხედრო ტყვე სახლში დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. შტაბის ცნობით, გათავისუფლებულ ტყვეთა თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, დაავადებულია ან აწამეს. გათავისუფლებულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა. ჯარისკაცები, საზღვაო ძალების პერსონალი, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიელები - მათგან 80 კაცია, 20 კი ქალი. შტაბის ცნობით, ყოფილმა ტყვეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და კიევის ოლქებში. ზოგიერთმა მათგანმა მონაწილეობა მიიღო მარიუპოლის, ბახმუტის, ჰოსტომელის, გველების კუნძულისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაში, სხვა მნიშვნელოვან ბრძოლებთან ერთად. სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა მოუწოდა რუსულ მხარეს, გაათავისუფლოს ყველა მძიმედ დაჭრილი უკრაინელი პატიმარი, რომლებიც ამჟამად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.  

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მზადაა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია.  ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან  

ბაიდენი ამბობს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 აპრილს განუცხადა NBC-ის წამყვან ალ როკერს, რომ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას. ბაიდენმა განაცხადა, რომ გეგმავს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში. „ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა Today-სთან ინტერვიუში.

NATO ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს

NATO გერმანიაში, ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს ზაფხულის განმავლობაში ალიანსი გამართავს მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება საველე სწავლებაზე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. სწავლება 12-23 ივნისს, ძირითადად, გერმანიაში გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის ცნობით, აქტივობები ასევე იქნება ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში. წვრთნებში 23 სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 220 თვითმფრინავი იქნება ჩართული. ეს იქნება ყველაზე დიდი საჰაერო ძალების განლაგების წვრთნები მას შემდეგ, რაც NATO დაარსდა 1949 წელს. გერმანიისა და შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 22 მოკავშირე ქვეყანა. გერმანიის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნების მიზანია „მოკავშირეთა მტკიცე საჰაერო ძალების ჩვენება“. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს  

ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს ისევ მიმართავენ, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა, მაგრამ საკითხის ჩავარდნას, ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება, ამიტომ, მივმართავთ კვლავ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები. 10 აპრილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართა.

ახლა დრო გადამწყვეტია უკრაინისთვის - რეზნიკოვი

რუსეთის „მცოცავი“ შეტევა სულ უფრო და უფრო რთულდება, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ხელში ჩაგდების გეგმები განწირულია დამარცხებისთვის, კოლოსალური დანაკარგები კი ამცირებს რუსული არმიის პოტენციალს. ამავდროულად, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, მოემზადოს კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ლიეტუვის საინფორმაციო სააგენტო ELTA-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსები ნახევარ წელზე მეტია, იქ [ბახმუტის მახლობლად] „მცოცავი“ თავდასხმის ტაქტიკას იყენებენ და უზარმაზარ ზარალს განიცდიან. ეს ნიშნავს, რომ ეს დანაკარგები რომ არა, მათ შეეძლოთ, გამოეყენებინათ მთელი პოტენციალი ჩვენ წინააღმდეგ. ახლა კი მათ ყოველდღიურად ვაყენებთ უზარმაზარ ზარალს... კრემლის ოცნებები და გეგმები, მიაღწიოს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებს რაც შეიძლება მალე, იშლება“, - განაცხადა რეზნიკოვმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსები ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას არაერთხელ გამოცხადებული თარიღებისას, ნიშნავს, რომ კარგავენ არამხოლოდ ადამიანურ ძალას, არამედ, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას". რეზნიკოვმა თქვა, რომ ახლა დრო გადამწყვეტია უკრაინისთვის, რადგან ის ემზადება კონტრშეტევისთვის.  

უკრაინა: ოკუპანტებმა 179 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 179 320-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 644 ტანკს, 7 038 ჯავშანტექნიკას, 2 765 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 620 ავტომობილსა და საწვავის ავზს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ყაზახეთმა საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტი 6 თვით აკრძალა

ყაზახეთმა ექვსი თვით აკრძალა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი საავტომობილო გზით, იუწყება ადგილობრივი მედია. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკეევმა. აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 10 აპრილს შევიდა. გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმააციაში მითითებული არ არის.  

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურილის კუნძულები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

კურილის კუნძულები (ჩრდილოეთ ტერიტორიები) იაპონიის ტერიტორიაა, მაგრამ ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხი იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი შეშფოთების საგანია. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მომავალში არ შეიცვლება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.  იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა „დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.  დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, კანადაში ვიზიტი გადადო - მედია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გადაიდო, იუწყება ფრანგული მედია. Le Figaro-ს ცნობით, ბორნიკვებეკში 19 აპრილს უნდა გამგზავრებულიყო. ასევე იგეგმებოდა ვიზიტი ოტავაში, სადაც ბორნი თავის კოლეგას, ჯასტინ ტრუდოს უნდა შეხვედროდა. მთავრობის ხელმძღვანელმა საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინა, საპენსიო რეფორმის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე. საკონსტიტუციო საბჭომ ამ თემაზე დასკვნები პარასკევს უნდა გამოაქვეყნოს, მოსალოდნელია გადამწყვეტი სხდომა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ელოდება. როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმას საფრანგეთში პროტესტი მოჰყვა.  

ალიევი: ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია ყაზახეთის წარმატება

„ყაზახეთი დღეს დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო საქმეებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასტანაში ჰეიდარ ალიევის ქუჩის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასწრებისას, იუწყება აზერბაიჯანული მედია. „ყაზახეთის მიერ წამოყენებული და განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებას, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მშვიდობას ევრაზიაში. ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია თქვენი წარმატება“, - აღნიშნა ალიევმა.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისს ნიშნავს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება: 13 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -14:30 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -14:30 საათზე. 17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -16:30 საათზე. 14 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -10:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 12:10 საათზე. 15 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 9:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 11:30 საათზე; 18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე; 22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე; 15 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა-13:30, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 15:20 საათზე;22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე; შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. სამ წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო სამიდან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე – ticket.vanillasky.ge.  

„ტერორისტული თავდასხმის“ ფონზე, ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს. 10 აპრილს, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა. „ჩვენი ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. წინა ხელისუფლების პირობებში ტერაქტების რაოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გალანტმა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა ეს რეფორმა.